Facebook Twitter

საქმე Nას-543-2022

26 ივნისი 2023 წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ზ-ის“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 30 ივლისის N148 ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% - შემცირდეს ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-მდე.

1.2 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ზ-ის“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2020 წლის 4 მარტის N45 ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% - შემცირდეს ხელშეკრულების ღირებულების 0.01%-მდე.

1.3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ზ-ას“ სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 30 ივლისის N148 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 76 399.20 ლარის გადახდა.

1.4 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ზ-ას“ სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2020 წლის 4 მარტის N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 13 693.04 ლარის გადახდა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1 მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 30 ივლისს, შპს „ზ-სა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ …… გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

2.2 ხელშეკრულების ღირებულება დამატებითი შეთანხმებების გათვალისწინებით განისაზღვრა 196001.60 ლარით, ხოლო მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 119 კალენდარული დღით - 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

2.3 ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.

2.4 2020 წლის 4 მარტს, შპს „ზ-სა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N45 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის …… ადმინისტრაციულ ერთეულში ...... უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

2.5 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 165 365.78 ლარით, ხოლო მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 91 კალენდარული დღით - 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.

2.6 მოსარჩელის განმარტებით, ფარული სამუშაოების დამოწმების აქტებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, კონტროლის ჯგუფის დასკვნებით, სამუშაოთა წარმოების ჟურნალით, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების ანგარიშებითა და სხვა წერილობითი მასალებით დასტურდებოდა, რომ შპს „ზ–ამ“ შეასრულა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, მოპასუხე მხარემ კი არ აანაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება და უკანონოდ დაარიცხა პირგასამტეხლო.

2.7 მოსარჩელე ითხოვს, ორივე ხელშეკრულებაზე უკანონოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებების ღირებულების 0.1%-ის შემცირებას ხელშეკრულებების ღირებულების 0.01%-მდე და მათი გამოკლებით, უკანონოდ დაკავებული თანხების მოპასუხისთვის დაკისრებას კერძოდ: 2019 წლის 30 ივლისის N148 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 84 868 ლარის, ხოლო 2020 წლის 04 მარტის N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15 214.04 ლარის ანაზღაურებას.

2.8 მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და 2019 წლის 30 ივლისის N148 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა მოპასუხისთვის 76 399.20 ლარის, ხოლო 2020 წლის 04 მარტის N45 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 13 693.04 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სამუშაოების გრაფიკის მიხედვით განხორციელება შეაფერხა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა კერძოდ, 2020 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 169 დღის განმავლობაში, დაბა ხარაგაულის ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებით აღინიშნებოდა ნალექი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ზ–ას“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს შემცირებაზე იმ მოტივით, რომ არ შექმნილიყო დისკრიმინაციული მიდგომა სხვა შემსრულებლების მიმართ. ამასთან, მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრება მართლზომიერია ვინაიდან, შპს „ზ–ამ“ დაარღვია სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებულ მიზეზს-რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოების შეფერხების თაობაზე არ იზიარებენ ვინაიდან, სამუშაოთა წარმოების ჟურნალში აღრიცხული აქვთ სამუშაოები იმ დღეებში, რომლებიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობაში დასახელებულია ნალექიან დღეებად. ასევე, არ ემთხვევა აღნიშნულ ცნობაში მითითებული ნალექიანი დღეები N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ჟურნალში მითითებულ ნალექიან დღეებს. ძირითადად, სამუშაოების შეჩერების მიზეზად ჟურნალში მითითებულია, რომ გაწვიმდა, რაც მოპასუხის განმარტებით არ წარმოადგენს ხელშემშლელ გარემოებას. მათ შეეძლოთ ემუშავათ გაწვიმებამდე და დრო გამოეყენებინათ მაქსიმალურად ეფექტურად.

3.2 გარდა ამისა, მოპასუხემ განმარტა, რომ N148 ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის 30 ივლისს, სამუშაოები კი დაიწყო 2019 წლის 29 ოქტომბერს. მუშაობის დაწყებიდან მოკლე დროში გაუარესდა ამინდი, რამაც საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო სამუშაოების შესრულების გრაფიკის დარღვევას. ვინაიდან, ყოველივე აღნიშნულში ბრალეულია მოსარჩელე, რომელიც ვერ ადასტურებს პირგასამტეხლოს შემცირების სხვა საფუძვლის არსებობას, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

4.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ზ–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე შპს „ზ–ას“ სასარგებლოდ, 2019 წლის 30 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 67 894 (სამოცდაშვიდი ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა, ხოლო 2020 წლის 04 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N45 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 12 171 (თორმეტი ათას ას სამოცდათერთმეტი) ლარისა და 24 (ოცდაოთხი) თეთრის გადახდა; ჯამში, მოპასუხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს „ზ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 80 065 (ოთხმოცი ათას სამოცდახუთი) ლარისა და 64 (სამოცდაოთხი) თეთრის გადახდა; მოსარჩელე შპს „ზ–ას“ მოთხოვნა მოპასუხისთვის 10 026 (ათი ათას ოცდაექვსი) ლარისა და 60 (სამოცი) თეთრის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 30 ივლისს, შპს „ზ–სა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ...... გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება დამატებითი შეთანხმებების გათვალისწინებით განისაზღვრა 196001.60 ლარით; მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 119 კალენდარული დღით-2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით; ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 29-37).

5.3 2019 წლის 24 ოქტომბერს, შპს „ზ–ამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა N148 ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2020 წლის თებერვლის ბოლომდე გაზრდის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 28 თებერვალი (ტომი I, ს.ფ. 40).

5.4 შესრულებული სამუშაოების შუალედური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 30 ივლისიდან-2019 წლის 15 დეკემბრამდე, შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდა პროექტს და ამ პერიოდში შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 71 766.43 ლარი (ტომი I, ს.ფ. 51, 52-59). აღნიშნული თანხიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ დააკავა: 1) ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5% - 3588.32 ლარი, 2) ავანსად აღებული თანხის ნაწილი - 18 000 ლარი, 3) პირგასამტეხლო, ხელშეკრულების 12.3 პუნქტის დარღვევისთვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-დღეში 169 ლარი სულ, 2019 წლის 30 აგვისტოდან-2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით (120 ვადაგადაცილებული დღე), ჯამში 20 280 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, დაკავებული თანხების გამოკლებით, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 29 898.11 ლარით.

5.5 2019 წლის 27 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ–გან“ ჩაიბარა N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ..... გზის მოწყობის ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები (ტომი I, ს.ფ. 38).

5.6 შპს „ზ–ას“ მიმართვის საფუძველზე, ამინდის გაუარესების გამო, რამდენჯერმე გაუგრძელდა N148 ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რაც საბოლოოდ განისაზღვრა 2020 წლის 20 დეკემბერი (ტომი I, ს.ფ. 48).

5.7 შუალედური შემოწმების შემდეგ ჩატარებული მეორე შემოწმების შედეგადაც დადგინდა, რომ 2020 წლის 20 მაისიდან-2020 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესრულდა დარჩენილი სამუშაოები, რითაც მთლიანად დასრულდა N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შესრულება შეესაბამებოდა პროექტს, კანონსა და მოქმედ რეგულაციებს. 2020 წლის 20 მაისიდან-2020 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 109 194.13 ლარით, ხოლო N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 180 960.55 ლარი (ტომი I, ს.ფ. 59-68).

5.8 2020 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ზ–გან“ ჩაიბარა N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზ–ის გზის რეაბილიტაციის მიზნით შესრულებული სამუშაოები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულებიდან, შპს „ზ–ას“ პირგასამტეხლოს სახით დაუკავა 84 868 ლარი (ტომი I, ს.ფ. 51).

5.9 2020 წლის 4 მარტს, შპს „ზ–სა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N45 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში კვადოურის უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 165 365.78 ლარით. მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 91 კალენდარული დღით 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით; ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით (ტომი I, ს. ფ. 23- 29).

5.10 2020 წლის 4 ივნისს, შპს „ზ–ამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა N45 ხელშეკრულების სამუშაოთა შესრულების ვადის გაზრდის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 8 ივლისის ჩათვლით (ტომი I, ს. ფ. 90).

5.11 2020 წლის 6 ივლისს, შპს „ზ–ამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ საჭირო აღმოჩნდა დამატებითი სამუშაოების შესრულება კერძოდ, ორი 5 მეტრიანი ცხაურის გაკეთება და გზის 10 მეტრით დაგრძელება, რისთვისაც საჭირო იქნებოდა გაუთვალისწინებელი ხარჯი 3460.36 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე მერიამ განაცხადა თანხმობა (ტომი I, ს. ფ. 93).

5.12 2020 წლის 24 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ–გან“ ჩაიბარა N45 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ....... უბნის გზის რეაბილიტაციის მიზნით შესრულებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივნისიდან-2020 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 161 955.49 ლარი, საიდანაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ–ას“ დაუკავა ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%, დღეში 165.37 ლარი, 2020 წლის 20 მაისიდან- 2020 წლის 20 აგვისტოს ჩათლით (92 ვადაგადაცილებული დღე), ჯამში 15 214.04 ლარის ოდენობით. დაკავებული თანხების გამოკლებით, საბოლოოდ ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 146 741.45 ლარი, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაუხადა შპს „ზ–ას“ (ტომი I, ს. ფ. 99-108, 110).

5.13 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, პირგასამტეხლოს ფუნქციის, მიზნის/ დანიშნულების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად განმარტა, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც შპს „ზ–ას“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ ხელშეკრულებების ფარგლებში პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე N148 და N45 ხელშეკრულებების ღირებულების 0,02 %, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შპს „ზ–თვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, ამ თანხაზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება საკასაციო წესით, გაასაჩივრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2 კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, თუ რა კონკრეტულ გარემოებებს დაეფუძნა კონტრაჰენტისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად ცნობა, რის გამოც კასატორი მიჩნევს, რომ პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შემცირდა.

6.3 კასატორი განმარტავს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მხოლოდ შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით იხელმძღვანელეს, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას არ ატარებს. ამასთან, კასატორის აზრით, არ მომხდარა პირგასამტეხლოს ოდენობის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგება, კერძოდ, სასამართლოებს მხედველობაში არ მიუღიათ ის გარემოება, რომ კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო თითქმის ერთი წლით დააგვიანა გზის მშენებლობამ, რითაც დამკვეთმა მიიღო რეპუტაციული ზიანი.

6.4 კასატორის მტკიცებით, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ გადაუხდელი პირგასამტეხლო, განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს სადავოდ გამხდარი თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა შემკვეთისთვის, რომლის სასამართლოს მიერ შემცირებაც, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის დანაწესს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

7.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება, რომლითაც შემცირდა მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

12. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

13. 2019 წლის 30 ივლისს შპს „ზ–სა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზ–ის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 169 001.60 ლარით. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით. მიმწოდებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

14. 2019 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება N1-ით N148 ხელშეკრულებაში შევიდა შესწორება, კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 196 001.60 ლარი, სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

15. 2019 წლის 24 ოქტომბერს, შპს „ზ–ამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა N148 ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2020 წლის თებერვლის ბოლომდე გაზრდის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 28 თებერვალი.

16. შესრულებული სამუშაოების შუალედური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 30 ივლისიდან - 2019 წლის 15 დეკემბრამდე შესრულებული სამუშაოები შეესაბამება პროექტს და ამ პერიოდში შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 71 766.43 ლარი.

17. აღნიშნული თანხიდან დაკავდა ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5% - 3588.32 ლარი, ასევე ავანსად აღებული თანხის ნაწილი - 18 000 ლარი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების 12.3 პუნქტის დარღვევისთვის - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%, დღეში 169 ლარი, 2019 წლის 30 აგვისტოდან 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით (120 ვადაგადაცილებული დღე), ჯამში 20 280 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, ასანაზღაურებელი თანხა, დაკავებული თანხების გამოკლებით, განისაზღვრა 29 898.11 ლარით.

18. 2019 წლის 27 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ–გან“ ჩაიბარა N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზ–ის გზის მოწყობის ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები.

19. შპს „ზ–ას“ მიმართვის საფუძველზე, ამინდის გაუარესების გამო, რამდენჯერმე გაუგრძელდა N148 ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რაც საბოლოოდ განისაზღვრა 2020 წლის 20 დეკემბერი.

20. შუალედური შემოწმების შემდეგ ჩატარებული მეორე შემოწმების შედეგადაც დადგინდა, რომ 2020 წლის 20 მაისიდან-2020 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესრულდა დარჩენილი სამუშაოები, რითაც მთლიანად დასრულდა N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შესრულება შეესაბამებოდა პროექტს, კანონსა და მოქმედ რეგულაციებს. 2020 წლის 20 მაისიდან-2020 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 109 194.13 ლარით, ხოლო N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 180 960.55 ლარი.

22. 2020 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ზ–გან“ ჩაიბარა N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ზ–ის გზის რეაბილიტაციის მიზნით შესრულებული სამუშაოები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულებიდან, შპს „ზ–ას“ პირგასამტეხლოს სახით დაუკავა 84 868 ლარი.

23. 2020 წლის 4 მარტს, შპს „ზ–სა“ და ხარაგაული მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N45 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში კვადოურის უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 165 365.78 ლარით. მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა 91 კალენდარული დღით - 2020 წლის 3 ივნისის ჩათვლით; ხელშეკრულების 12.2 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.

24. 2020 წლის 4 ივნისს, შპს „ზ–ამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა N45 ხელშეკრულების სამუშაოთა შესრულების ვადის გაზრდის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 8 ივლისის ჩათვლით.

25. 2020 წლის 6 ივლისს, შპს „ზ–ამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ საჭირო აღმოჩნდა დამატებითი სამუშაოების შესრულება კერძოდ, ორი 5 მეტრიანი ცხაურის გაკეთება და გზის 10 მეტრით დაგრძელება, რისთვისაც საჭირო იქნებოდა გაუთვალისწინებელი ხარჯი 3460.36 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე მერიამ განაცხადა თანხმობა.

26. 2020 წლის 24 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ–გან“ ჩაიბარა N45 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღ–ის ადმინისტრაციულ ერთეულში კ–ის უბნის გზის რეაბილიტაციის მიზნით შესრულებული სამუშაოები.

27. შესრულებული სამუშაოების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივნისიდან -2020 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 161 955.49 ლარი, საიდანაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ–ას“ დაუკავა ხელშეკრულების 12.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%, დღეში 165.37 ლარი, 2020 წლის 20 მაისიდან - 2020 წლის 20 აგვისტოს ჩათლით (92 ვადაგადაცილებული დღე), ჯამში 15 214.04 ლარის ოდენობით. დაკავებული თანხების გამოკლებით, საბოლოოდ ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 146 741.45 ლარი, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაუხადა შპს „ზ–ას“.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; №ას-848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან პირგასამტეხლოს ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას.

30. საკასაციო სასამართლო, აქვე განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

31. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება“ (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017წ; №ას-1928-2018 31.10.2019წ.).

32. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დასთანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი (იხ. სუსგ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.).

33. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

35. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს შპს ,,ზ–ას“ მიერ, 2019 წლის 30 ივლისის N148 და 2020 წლის 04 მარტის N45 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის ფაქტი. მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესი და დაგვიანებული დღეების რაოდენობა. საკასაციო პალატა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შეაფასებს მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს მართებულობას.

36. როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდა ორ ეტაპად, კერძოდ პირველი ეტაპი მოიცავს 2019 წლის 30 ივლისიდან 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, ხოლო მეორე - 2020 წლის 20 მაისიდან 2020 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. შესრულება შეესაბამება პროექტს, კანონსა და მოქმედ რეგულაციებს. შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 180 960.55 ლარი. შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულებიდან 84 868 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ზ–ას“ დაუკავა პირგასამტეხლოს სახით.(იხ. ს.ფ. 110, 213 , 236 ტომი 1)

37. საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას გაამახვილებს კასატორის წინააღმდეგობრივ პოზიციაზე. კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე, აპელანტმა მიუთითა რომ 84 868 ლარიდან 73 177 ლარი იყო პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე(ვადაგადაცილებული 433 დღე), ხოლო 11 691ლარი ავანსის თანხად მიუთითა, თუმცა იგივე გარემოებებზე საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. საქმეზე დადგენილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწინააღმდეგე მხარეს სწორედ პირგასამტეხლოს სახით დაუკავა 84 868 ლარი.

37. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით არაგონივრულია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-მდე. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დასაკავებელი პირგასამტეხლოს თანხა განისაზღვრება 16 973.60 ლარით (ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ნამრავლი ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაზე). შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N148 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს თავდაპირველად განსაზღვრული პირგასამტეხლოსა და 0.02%-მდე შემცირების შემდეგ განსაზღვრული დასაკავებელი პირგასამტეხლოს სხვაობა 67 894.40 (84 868-16 973.60) ლარის ოდენობით.

38. საკასაციო პალატა, 2020 წლის 4 მარტის N45 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 7 ივლისს, მხარეები შეთანხმდნენ დამატებითი სამუშაოების შესრულებაზე. (იხ ს.ფ. 93 ტომი 1 2020 წლის #45 ხელშეკრულების #2 შეთანხმება). სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2020 წლის 25 სექტემბერს, რომლის მიხედვითაც სამუშაოთა შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 2020 წლის 20 მაისიდან 2020 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით, დაანგარიშებულია 92 დღე.

39. საკასაციო პალატა, მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან შედავების არარსებობის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება.

40. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რომ 2020 წლის 4 მარტის N45 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0.1%-ის შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-მდე, გონივრულია. აღნიშნულის საფუძველზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დასაკავებელი პირგასამტეხლოს თანხა მართებულად განისაზღვრა 3042.80 ლარით (ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ნამრავლი ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაზე), შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორად დაეკისრა თავდაპირველად განსაზღვრული პირგასამტეხლოსა და 0.02%-მდე შემცირების შემდეგ მიღებული დასაკავებელი პირგასამტეხლოს სხვაობა 12 171.24 (15 214.04-3 042.80) ლარის გადახდა.

41. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის საპირწონეა, ამასთან, წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ადეკვატურ და სამართლიან მოცულობას წარმოადგენს. საქმის მასალებით, დადგენილია, რომ ორივე შემთხვევაში, სამუშაოთა შესრულება მიღებული იქნა კრედიტორის მხრიდან და დასტურდება მხოლოდ შესრულების ვადაგადაცილება.

42. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ გადაუხდელი პირგასამტეხლო, საპასუხოდ განმარტავს, იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია. სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ განხორციელდა პირგასამტეხლოს დაკავება, რაც ნიშნავს იმას, რომ შპს „ზ–ას“ მიერ არ მომხდარა პირგასამტეხლოს გადახდა. ამ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია - შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ გადაუხდელი პირგასამტეხლო - საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობასთან მიმართებით მოვალის ბრალეულობის ხარისხის, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, ვადაგადაცილების ხანგრძლივობის და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით.

44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

45. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

47. პროცესის ხარჯები:

კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე