საქმე Nას-1484-2024
28 თებერვალი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი, ნ.ა–ძის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხე, ნ.ა–ძეს, მოსარჩელე, შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის 23 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 196.56 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 4 999.91 ლარი, პროცენტი - 3 196.65 ლარი; მოპასუხე, ნ.ა–ძეს, მოსარჩელე, შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N2694422-9632226 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 161.38 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 3 362.78 ლარი, პროცენტი - 1 798.6 ლარი; მოპასუხე, ნ.ა–ძეს, მოსარჩელე, შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - 100.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ; მოპასუხე, ნ.ა–ძეს, მოსარჩელე, შპს ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საფოსტო ხარჯის - 12.00 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ნ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აღნიშნულის შესახებ აპელანტი გაფრთხილებული იყო თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ვადის უშედეგოდ გასვლა გახდა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
5. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ა–ძემ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.
6. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს. მისი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებაზე, რომ მან ასაკიდან გამომდინარე, (არის პენსიონერი) ვერ შეძლო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება.
7. კერძო საჩივრის ავტორი, ბაჟის გადასახდელად დამატებით ითხოვს 2 თვის ვადას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
12. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 7 დღიანი ვადა.
15. განჩინება აპელანტს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა. სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს, სრულწლოვან შვილს, ა. ა–ძეს (პ/ნ .......) 2024 წლის 03 ოქტომბერს (იხ. ფოსტის უკუგზავნილები, ს.ფ. 177-178), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2024 წლის 04 ოქტომბერს და ამოიწურა 2024 წლის 10 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს, განჩინებით დადგენილ ვადაში, ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს მითითებას, კონკრეტულად რა საპროცესო დარღვევებით დარჩა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი და რა საფუძვლით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება. წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორი მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ იგი პენსიონერია და მას არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის სახსრები. ამასთან, მხარე ითხოვს საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 2 თვის ვადის განსაზღვრას.
18. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია(იხ. სუსგ. №ას-1177-2023 16 ნოემბერი, 2023 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, სადაც არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების გრაფაში (ს.ფ. 164) მონიშნული არ არის და არც ცალკე შუამდგომლობების გრაფაში, დაყენებული არ არის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. ამასთან, არც სააპელაციო წესით განხილვისა და არც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ გარემოებას.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში.
21. სამართალწარმოების განხორციელების დროს, სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე (საქმე Chatellier v. France). სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
22. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018, საქმე №ას-545-2019, 24 მაისი, 2019 წელი).მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტს არც შუამდგომლობა დაუყენებია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და არც სხვა რაიმე მტკიცებულებაზე მიუთითებია, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გადავადების საკითხზე.
25. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საკასაციო განხილვის საგანია წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, თუმცა საქმეს ასევე ერთვის ხელწერილი(ს.ფ.130), რომელიც ადასტურებს რომ მხარეებმა უარი განაცხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვეს სსსკ 250-ე მუხლის შესაბამისად, შემოფარგვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით დასაბუტების გარეშე.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ.ა–ძის კერძო საჩივარ არ დაკმაყოფილდეს;2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი