Facebook Twitter

საქმე№ას-1234-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ.დ.ლ–ი, ნ.ი.ლ–ი, გ.კ.ლ–ი, ს-ე.ლ–ი, ქ.ლ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ნ–ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილა ვ.ნ–ის სარჩელი მოპასუხეების: პ.მ–ძისა და თ.ფ–ას უფლებამონაცვლეების: ნ-დ. ლ–ის, ნ - ი. ლ–ის, გ - კ. ლ–ის, ქ.ლ–ის და ს - ე.ლ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 000 აშშ დოლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 356.3 ლარისა და ადვოკატის მომსახურების საფასურის 900 ლარის გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, ხოლო 2024 წლის 16 მაისის განჩინებით გაგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის პირველ ივლისს წარდგენი. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც აპელანტ პ.მ–ძესთან ერთად აპელანტებად მითითებული არიან ნ.დ.ლ–ი, ნ.ი.ლ–ი, გ.კ.ლ–ი, ს-ე.ლ–ი, ქ.ლ–ი, ხოლო 2023 წლის 28 დეკემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი მხოლოდ პ.მ–ძეა.

3.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეში არსებული აქტის თანახმად ელექტრონულ პროგრამაში ატვირთულია 2024 წლის 15 მარტს, თუმცა, დადგენილია, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

3.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ნმბერს სასამართლოს მთავარ სხდომას, ესწრებოდა მოპასუხეთა წარმომადგენელი და ერთ-ერთი მოპასუხე - პ.მ–ძე (ტ.1, ს.ფ. 291-300), აღნიშნულ სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 19 დეკემბერი 16:50 საათი, გამოცხადებულმა მხარეებმა, ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მათთვის ცნობი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დრო და თარიღი, თუმცა არ გამოცხადებულან 2023 წლის 19 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე.

3.5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 18 იანვარს. აღსანიშნავია, რომ ამ ვადის განმავლობაში აპელანტს სასამართლოსთვის არ მიუმართავს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, შესაბამისად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2024 წლის 19 იანვარს და ამოიწურა 2024 წლის 1 თებერვალს.

3.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო 2023 წლის 28 დეკემბერს, თუმცა, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით დანარჩენი აპელანტების სახელით 2024 წლის პირველ ივლისამდე არც სააპელაციო საჩივარი და არც განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე სასამართლოში არ წარდგენილა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

5. კერძო საჩივრის პრეტენზიების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივარი წარდგენი. მხოლოდ პ.მ–ძის სახელით, ხარვეზის შევსების ეტაპზე წარდგენილ ახალ სააპელაციო საჩივარში მოხსენიებულია ასევე კერძო საჩივრის ავტორებიც ვინაიდან მათ უარი არ უთქვამთ გასაჩივრებაზე, ამდენად, თავდაპირველ სააპელაციო საჩივარში მხოლოდ ტექნიკური და მექანიკური სახის მიზეზით არ ყოფილან მითითებულნი.

6. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, საქმეში არსებული, სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მომზადებულია 2024 წლის 15 მარტს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ამდენად, თუ გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული მხარე სადავოდ ვერ გახდიდა გადაწყვეტილებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის საფუძვლით.

10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

12. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:

12.1. გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი;

12.2. ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

13. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება ან უკიდურეს შემთხვევაში სათანადო შინაარსის განცხადების (მოთხოვნის) წარდგენის გზით მკაფიოდ გამოხატოს მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სურვილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ამასთან, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

14. დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენი. მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორები არ წარმოადგენენ დასახელებული ნორმით გათვალისწინებულ სუბიექტებს, რომელთაც კანონით დადგენილი წესით უგზავნის სასამართლო გადაწყვეტილებას.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანი. 2023 წლის 19 დეკემბერს. საქმის მასალებით დადგენი., რომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო 2023 წლის 28 ნმბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი (იხ. საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები - ტ.1,ს.ფ. 212-225 სხდომის ოქმი - ტ.1,ს.ფ. 291 და სასამართლო უწყება ხელმოწერილი წარმომადგენლის მიერ - ტ.1,ს.ფ. 300). კერძო საჩივრების ავტორებს (ნ.დ.ლ–ს, ნ.ი.ლ–ს, გ.კ.ლ–ს, ს-ე.ლ–ს, ქ.ლ–ს) და მათ წარმომადგენელს - შ.ქ–ძეს, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად. სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, დასახელებული გარემოებები კერძო საჩივრით არაა გაქარწყლებული, შესაბამისად საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა. საკასაციო სასამართლოსთვის ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა შ.ქ–ძემ, რომელიც იმავდროულად ერთ-ერთი მოპასუხის - პ.მ–ძის წარმომადგენელია, ამ უკანასკნელის სახელით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, ცხრა დღეში წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

16. საგულისხმოა, რომ პ.მ–ძის სახელით, მისი წარმომადგენლის შ.ქ–ძის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, და საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა კანონით დადგენილი წესის დაცვით შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად (ტ.2,ს.ფ. 3-7). ხარვეზის შესახებ დასახელებული განჩინება გაეგზავნა პ.მ–ძის წარმომადგენელს შ.ქ–ძეს, და ჩაბარდა ამ უკანასკნელის მეუღლეს (ტ.2,ს.ფ. 9). აპელანტის წარმომადგენელმა, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოითხოვა ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება (ტ.2,ს.ფ. 10-11). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა. აპელანტისა და კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2024 წლის პირველ ივლისს, პ.მ–ძისა და კერძო საჩივრის ავტორების სახელით.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენი. ფაქტობრივი გარემოება, რომ საჩივრის ავტორებს (ნ.დ.ლ–ს, ნ.ი.ლ–ს, გ.კ.ლ–ს, ს-ე.ლ–ს, ქ.ლ–ს) და მათ წარმომადგენელს - შ.ქ–ძეს, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, ამგვარად, მხარის უფლება გასაჩივრებაზე რეალიზებული იქნა მხოლოდ ერთი მოპასუხის მიერ (მისი წარმომადგენლის შ.ქ–ძის მეშვეობით).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

19. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანი. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. იხ. სუსგ: №ას-790-757-2016, 18.10.2016; №ას-221-208-2015, 29.05.2015).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის „სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“ საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია სრულად ესადაგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი აპელანტის სახელით სააპელაციო საჩივრის წარდგენა, მხარეთა შორის არსებული სავალდებულო თანამონაწილეობის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორების მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენასაც გულისხმობდა.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში ვ.ნ–ი თ.ფ–ასა და პ.მ–ძისგან სოლიდარულად ითხოვდა 2019 წლის 27 აგვისტოს წილის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გადახდილი ფულადი თანხის 30 000 აშშ დოლარის გადახდას, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის 14 000 აშშ დოლარის გადახდას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს (პ.მ–ძესა და თ.ფ–ას უფლებამონაცვლეებს: ნ.დ.ლ–ი, ნ.ი.ლ–ი, ქ.ლ–ი, გ.კ.ლ–ი და ს ე.ლ–ი.) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 000 აშშ დოლარის გადახდა.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. ამასთან, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული საპროცესო თანამონაწილეობის საფუძველი (სავალდებულო თანამონაწილეობა) არ შეიძლება, განიმარტოს თანამონაწილეობის მატერიალური წინაპირობების გაუთვალისწინებელად.

24. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით რეგულირებულია საპროცესო თანამონაწილეობის ინსტიტუტი და ნორმის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენი., რომ სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება (სავალდებულო თანამონაწილეობა). თავის მხრივ, საერთო უფლებიდან გამომდინარე ამხანაგობის წევრების [სოლიდარული მოვალეების] სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე მუხლების დანაწესები.(იხ. სუსგ №ას-195-183-2014, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).

25. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თანამონაწილეობის შემდეგ საპროცესო საკითხზე: განსახილველ შემთხვევაში, დადგენი., რომ ვ.ნ–ი თ.ფ–ასა და პ.მ–ძისგან 2019 წლის 27 აგვისტოს წილის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად ითხოვდა თანხის გადახდას. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც პირველმა, ისე _ მეორე მოპასუხემ. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით თ.ფ–ას უფლებამონაცვლეების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო. თუმცა, ხსენებული გარემოება, პასუხისმგებლობის ფარგლებზე გავლენას ვერ იქონიებს, თუკი მეორე (პ.მ–ძის) სოლიდარული მოვალის საჩივარი საფუძვლიანი/ნაწილობრივ საფუძვლიანი აღმოჩნდება. (შდ. სუსგ ას-600-2019 14.11.2019)

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე, 396.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.დ.ლ–ის, ნ.ი.ლ–ის, გ.კ.ლ–ის, ს-ე.ლ–ის და ქ.ლ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე