Facebook Twitter

საქმე №ას-500-2024

23 იანვარი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.გ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „ე.გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ე.გ–ს“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 8972.76 ლარის ოდენობით. შპს „ე.გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 269.18 ლარის ანაზღაურება.

3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ე.გ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 20 181.735 ლარის გადახდა.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 2021 წლის 9 ივნისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „ე.გ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N127 ხელშეკრულება, საქონლის (საშემოდგომო შარვალი) მიწოდების თაობაზე.

4.2.2 ხელშეკრულებით მიმწოდებელმა შპს „ე.გ–მა“ აიღო ვალდებულება შემსყიდველს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის მიეწოდებინა ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2021 წლის 9 ივნისს, შესაბამისად საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო 2021 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

4.2.3 ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ღირებულებაა 356 300 ლარი.

4.2.4 2021 წლის 16 დეკემბერს ცვლილება შევიდა 2021 წლის 9 ივნისის N127 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით.

4.2.5 2021 წლის 3 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ და მოსარჩელეს გადასცა 2282 ერთეული საშემოდგომო შარვალი, რომლის ღირებულებაა სულ - 116 153.80 ლარი. ვადაგადაცილება - 87 კალენდარული დღე. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 116.15 ლარს, რაც 87 დღეზე განისაზღვრება 10 105.05 ლარით.

4.2.6 2022 წლის 11 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით, მოსარჩელეს გადაეცა 4718 საშემოდგომო შარვალი, ჯამში 240 146.20 ლარის ღირებულების. ვადაგადაცილებაა 126 კალენდარული დღე. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 240.15 ლარს, რაც 126 დღეზე განისაზღვრება 30 258.42 ლარით.

4.2.7 მოპასუხემ ვალდებულება ორ ეტაპად შეასრულა და ორივე შემთხვევაში დაგვიანებით. პირველ ჯერზე 87 კალენდარული დღით, მეორე ჯერზე 126 კალენდარული დღით, პირგასამტეხლოს რაოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 40 363.47 ლარს (30 258.45+10 105.05)

4.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ვადაგადაცილებით მიწოდების გამო არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა უნდა შემცირდეს როგორც შეუსაბამოდ მაღალი, გონივრულ ოდენობამდე. სააპელაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო 40363,47 ლარი უნდა შემცირდეს ორჯერ და მოაპსუხეს დაეკისროს 20 181,735 ლარის გადახდა. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს და დანიშნულებას, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადას, ასევე ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, მოპასუხემ დროულად არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

5.3 კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დადასტურებული ჰქონდა თანხმობა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისად.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ 2021 წლის 9 ივნისს მხარებს შორის გაფორმებული, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებდა კონკრეტულ ვალდებულებებს.

11. 2021 წლის 9 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N127 ხელშეკრულების თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა საშემოდგომო შარვლების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 356 300 ლარს, ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

12. უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაარღვია მასსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2021 წლის 9 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N127 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა. 2021 წლის 3 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ და მოსარჩელეს გადასცა 2282 ერთეული საშემოდგომო შარვალი, რომლის ღირებულებაა სულ - 116 153.80 ლარი. ვადაგადაცილება - 87 კალენდარული დღე. 2022 წლის 11 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით, მოსარჩელეს გადაეცა 4718 საშემოდგომო შარვალი, ჯამში 240 146.20 ლარის ღირებულების. ვადაგადაცილებაა 126 კალენდარული დღე. ამგვარად, დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება ორ ეტაპად შეასრულა და ორივე შემთხვევაში დაგვიანებით. პირველ ჯერზე 87 კალენდარული დღით, მეორე ჯერზე 126 კალენდარული დღით, პირგასამტეხლოს რაოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 40 363.47 ლარს.

13. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირების მართლზომიერება.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ-ებს: N ას-1079-2019, 30.09.2019წ.; N ას-672-2021 23.09.2021წ.; Nას-1194.2022, 8.06.2023წ.; N ას-480-2023 20.09.2023წ.; N ას-328-2023, 20.06.2023წ.; N ას-553-2023 28.09.2023წ.).

15. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103; სუსგ Nას-405-2021; 29.06.2021წ.).

16. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ (სუსგ N ას-237-2019, 17.05.2019წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობა. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამცირა 0.02%-მდე, რამაც შეადგინა 8972.76 ლარი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეამცირა 0,05%-მდე, რამაც შეადგინა 20 181.735 ლარი.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

20. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

21. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

23. ამგვარად, საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.

24. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ძირითად აქცენტს აკეთებს მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დადასტურებული ჰქონდა თანხმობა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელისთვის საშემოდგომო შარვლების მიწოდება, რაც ვადაგადაცილებით განხოციელდა. აღნიშნული გარმოების გამო, კრედიტორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას.

25. კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო პალატა განმარტავს - მიუხედავად იმისა, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია და პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი წარმოიშვა, პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს (0,05%მდე) შემცირების შედეგად განსაზღვრული ოდენობა 20 181.735 ლარი, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და საპირწონეა. კასატორი ვერ ასაბუთებს ხელშეკრულების საგნის დაგვიანებით გამოწვეულ შესაძლო ზიანს. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა და მიწოდების შესრულების ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდეა შემცირებული.

26. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია, როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრული ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

27. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

28. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. პროცესის ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი