№ას-448-2025 01 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ-ა'' (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ჰ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,მ-ას'' სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ძირითადი სარჩელის დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღააურება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „მ-ა“-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს „ნ.ჰ–ი“-ს მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების, შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების, ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხე - შპს ,,ნ.ჰ–ი“-მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
აღნიშნულ სარჩელზე შეგებებული სარჩელი აღძრა შპს ,,ნ.ჰ–ი“-ს წარმომადგენელმა გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხე - შპს „მ-ა“-მ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ა“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ნ.ჰ–ი“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „მ - ა“-ს დაეკისრა შპს „ნ.ჰ–ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 11 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო გამოწვეული ზიანის 96 329, 67 ლარის და პირგასამტეხლოს 9656, 96 ლარის გადახდა. შპს „მ ა“-ს დაეკისრა შპს „ნ.ჰ–ის“ სასარგებლოდ უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე ნასყიდობის ღირებულების 20%-ის, 18072 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ-ა“-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „მ-ა“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ-ა“-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ,,მ-ას'' სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში, არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2025 წლის 17 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მხარეები აპელანტი - შპს ,,მ-ა''-ს წარმომადგენელი რ.შ–ძე და შპს ,,ნ.ჰ–ის'' დირექტორი ა.კ–ძე და მისი წარმომადგენელი ა.გ–ი. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2025 წლის 24 იანვარს (იხ. ტომი 6, ს.ფ. 385-400).
საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 2025 წლის 24 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც გამოცხადებულ იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მხარეები არ გამოცხადნენ. მიუხედავად აღნიშნულისა საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები;
შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2025 წლის 13 (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) თებერვლიდან არაუგვიანეს 24 თებერვლის (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე 22-23 თებერვალი ემთხვევა დასვენების დღეებს შაბათ-კვირას) გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2025 წლის 25 თებერვალი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2025 წლის 17 მარტი.
საქმის მასალების თანახმად ზ.ბ–ძემ 2025 წლის 06 მარტს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 46-ე დღეს) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა განჩინების ასლის ჩაბარება.
ასევე დადგენილია, რომ შპს ,,მ-ა''-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2025 წლის 20 მარტს (ფოსტაში წარდგენილია 2025 წლის 19 მარტს), გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს შპს ,,მ-ა''-ს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-ა''-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,მ-ა''-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე