საქმე №ა-2574-შ-65-2024 14 მარტი, 2025 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ო“
წარმომადგენელი – ა.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს–ი“, ბ.ს–ძე, ე.მ–ძე, ნ.ლ–ძე
წარმომადგენელი – ნ.მ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს–ს“, ბ.ს–ძეს, ე.მ–ძეს და ნ.ლ–ძეს საჯარო სააქციო საზოგადოება „პ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების - 1 235 587.27 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლის ანაზღაურება, გადახდის დღეს არსებული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსის მიხედვით. ასევე, თითოეულს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკომპენსაციოდ 15 000 რუსული რუბლის გადახდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 28 ოქტომბერს, რაც დასტურდება სასამართლოს მიერ დასმული ბეჭდითა და შესაბამისი მოხელის ხელმოწერით.
3. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი ეცნობა, პროცესზე არ გამოცხადებულა, ხოლო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე.
4. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა - ერთ-ერთი მოპასუხის სახელი - „ე.“ გასწორდა სახელით „ე.“, ხოლო არასწორად მითითებული აბრევიატურა - „БЦ“ გასწორდა შემდეგი სახით - „ЦБ“ (ცენტრალური ბანკი). მითითებული განჩინებაც შევიდა კანონიერ ძალაში.
5. ამავე სასამართლოს 2020 წლის 23 ნოემბრის განჩინებით სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ოს“ განცხადება საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესახებ დაკმაყოფილდა, გადახდილი სადაზღვევო კომპენსაციის - 1 070 877.82 აშშ დოლარის (რაც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გადახდის დღის - 2020 წლის 31 მარტის კურსით იყო 83 242 010,14 რუბლის ეკვივალენტი) მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში №2-2210/2019 სამოქალაქო საქმეში, მოსარჩელის ნაცვლად, ჩაება სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ო“.
6. 2021 წლის 28 იანვარს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს მიერ თითოეული მოვალის მიმართ გაიცა სააღსრულებო ფურცლები. ბ.ს–ძისა და ე.მ–ძის მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცლები შუამდგომლობის ავტორის მიერ წარდგენილ იქნა იძულებით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულების პროცესში მოძიებულ და დაყადაღებულ იქნა ე.მ–ძისა და ბ.ს–ძის საკუთრებაში არსებული ხუთი უძრავი ქონება (ჯამური ღირებულება - 596 250.00 რუბლი), რომელთა იძულებითი რეალიზაცია ვერ განხორციელდა, რის გამოც სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს მოსკოვის ოლქის ტალდომის აღმასრულებლების სამსახურის რაიონული განყოფილების მიერ 2023 წლის 22 მარტს მიღებულ იქნა ორი დადგენილება მოვალის არარეალიზებული ქონების აღმასრულებლისათვის გადაცემის თაობაზე.
7. სასამართლო აღმასრულებლების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს მოსკოვის ოლქის ტალდომის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლების განყოფილების მიერ 2023 წლის 23 ოქტომბრის სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ აქტების, ასევე, ამავე განყოფილების 2023 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებების თანახმად, სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალეებისაგან ამოღებულ იქნა მხოლოდ 596 250.00 რუსული რუბლი. დანარჩენ ნაწილში აღსრულება ვერ განხორციელდა, მოვალეთა ადგილსამყოფლის, მათი ქონების დადგენის ანდა მათი კუთვნილი თანხისა და სხვა ფასეულობების მოძიების შეუძლებლობის გამო. ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება ბ.ს–ძისა და ე.მ–ძის მიმართ შეწყდა და სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა კრედიტორს. ამდენად, სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში ამოღებულ იქნა 596 250.00 რუსული რუბლი, რაც შეადგენს 7 759.9 აშშ დოლარს.
8. რაც შეეხება სს „ს–ისა“ და ნ.ლ–ძის მიმართ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებს, მათი წარდგენა შესაბამის ორგანოებში იძულებითი აღსრულების მიზნით, არ განხორციელებულა.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულდა მხოლოდ 596 250.00 რუსული რუბლის ფარგლებში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
10. სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ოს“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და მოპასუხეთათვის 1 063 117,92 აშშ დოლარის ნაწილში მისი აღსრულება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტა, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე ჰქონდა მოსაზრების გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება.
12. სს „ს–მა“, ბ.ს–ძემ, ე.მ–ძემ და ნ.ლ–ძემ წარმოადგინეს წერილობითი პოზიცია და მოითხოვეს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. მათ მიიჩნიეს, რომ სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ოს“ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმის არსებითად განმხილველმა ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ დაარღვია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ: 2019 წლის 30 აპრილს მოპასუხეებმა მიიღეს 2019 წლის 18 აპრილს შედგენილი შეტყობინება, რომლითაც ეცნობათ, რომ 2019 წლის 29 აპრილს, 17:30 საათზე შედგებოდა მოსამზადებელი სხდომა საჯარო სააქციო საზოგადოება „პ–ის“ სარჩელის გამო, მიმდინარე №2-2210/2019 სამოქალაქო საქმეზე. მოპასუხეებს მეორე სასამართლო უწყებით ეცნობათ, რომ იმავე დავაზე მთავარი სასამართლო სხდომა ჩატარდებოდა 2019 წლის 17 მაისს, 14:30 საათზე. შეტყობინება მოსამზადებელი სხდომის ჩატარების შესახებ მოპასუხეებმა ჩაიბარეს დაგვიანებით - 2019 წლის 30 აპრილს, როდესაც 29 აპრილის მოსამზადებელი სხდომა უკვე ჩატარებული იყო, ამავე წლის 3 მაისს მოპასუხეებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მოსამზადებელი სხდომის ხელახლა დანიშვნის თაობაზე, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებდნენ სრულყოფილად საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვას. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს 2019 წლის 6 მაისს ჩაბარდა, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა ხელახლა არ ჩაუტარებია, არამედ საქმის განხილვა 17 მაისიდან 3 ივნისისათვის ისე გადადო, რომ მოპასუხეებს მითითებულის შესახებ არ აცნობა.
13. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული შუამდგომლობის ზეპირი ფორმით განხილვისას შუამდგომლობის ავტორმა სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შემაფერხებელ წინაპირობად დამატებით „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევაზეც მიუთითა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო პალატამ №ა-592-შ-16-2020 სამოქალაქო საქმეზე განმარტა: უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
17. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ.ლ. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ. 2009).
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ა-5646-შ-168-2019).
20. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს.
21. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.
23. გასათვალისწინებელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
24. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს–ს“, ბ.ს–ძეს, ე.მ–ძეს და ნ.ლ–ძეს საჯარო სააქციო საზოგადოება „პ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების - 1 235 587.27 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლის ანაზღაურება, გადახდის დღეს არსებული რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსის მიხედვით. ასევე, თითოეულს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკომპენსაციოდ 15 000 რუსული რუბლის გადახდა.
25. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 28 ოქტომბერს, რაც დასტურდება სასამართლოს მიერ დასმული ბეჭდითა და შესაბამისი მოხელის ხელმოწერით.
26. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა - ერთ-ერთი მოპასუხის სახელი - „ე.“ გასწორდა სახელით „ე.“, ხოლო არასწორად მითითებული აბრევიატურა - „БЦ“ გასწორდა შემდეგი სახით - „ЦБ“ (ცენტრალური ბანკი). მითითებული განჩინებაც შევიდა კანონიერ ძალაში.
27. ამავე სასამართლოს 2020 წლის 23 ნოემბრის განჩინებით სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ოს“ განცხადება საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესახებ დაკმაყოფილდა, გადახდილი სადაზღვევო კომპენსაციის - 1 070 877.82 აშშ დოლარის (რაც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გადახდის დღის - 2020 წლის 31 მარტის კურსით იყო 83 242 010,14 რუბლის ეკვივალენტი) მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში №2-2210/2019 სამოქალაქო საქმეში, მოსარჩელის ნაცვლად, ჩაება სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ო“.
28. სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ომ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
29. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
31. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის (შუამდგომლობის ავტორის) იურიდიული ინტერესი (სუსგ 3.05.2018წ. საქმე #ა-1848-შ-44-2018).
33. ამდენად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
34. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.
35. ასეთ ვითარებაში შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი სახით განცხადების დაკმაყოფილების მიმართ გაურკვეველია, რადგან მისი მოთხოვნა შეეხება მხოლოდ უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის №2-2210/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებისა და მხარის უფლებამონაცლის საქმეში ჩაბმის თაობაზე განჩინებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დისპოზიციური ნება შუამდგომლობის ავტორს არ გამოუვლენია. უცხო ქვეყნის სასამართლო განჩინებას, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურის გავლის გარეშე, სათანადო იურიდიული ძალა არ გააჩნია.
36. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულებულია, იმოქმედოს მხარის მოთხოვნის ფარგლებში, კერძოდ: დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ 3.1), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სსსკ-ის 248-ე მუხლი (შდრ: სუსგ №ას-395-374-2013, 23 სექტემბერი, 2013 წელი; №ას-1851-2018, 2 მაისი, 2019, საქმე №ას-131-2023, 17 იანვარი, 2025 წელი).
37. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შუამდგომლობის ავტორმა კანონით დადგენილი წესით საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ იურიდიული ინტერესის არსებობა ვერ დაასაბუთა, რადგან მარტოოდენ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის №2-2210/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის პირობებში აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, მასში დაშვებული უსწორობისა და ზემოხსენებული საპროცესო უფლებამონაცვლეობის გამო. მითითებული კი, წარმოადგენს წინამდებარე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
38. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემული შუამდგომლობის წარმოებაში მიღების მიუხედავად, გამოკვეთილია მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობა, რის გამოც მხარის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტით, სსსკ-ის 180-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.კ. და ი.დ.რ.ა.კ–ოს“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის №2-2210/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. განემარტოს მხარეს, რომ არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი