Facebook Twitter

საქმე №ას-1273-2024 31 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ძე, ვ.ძ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ძ–ძისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და ნ.ხ–ძის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, პირველ მოპასუხეს დაეკისროს, 2022 წლის 29 ივლისის №1710273-12132156 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემდეგი თანხის ანაზღაურება: ძირითადი დავალიანება - 8 446.77 ლარი; პროცენტი - 967.14 ლარი; ჯარიმა - 214.80 ლარი და დაზღვევისათვის - 20.14 ლარი; ზიანის - მიუღებელი შემოსავალის სახით სესხის ძირითადი თანხის - 8 446.77 ლარის წლიური 19.0% 2023 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 604.89 ლარისა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ძირითადი სესხის - 8 446.77 ლარის 0.1% ყოველდღიურად, 2023 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 629.88 ლარისა; 2021 წლის 13 მარტის №1710273-11332166 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი დავალიანება - 10 651.06 ლარი; პროცენტი - 1 306.37 ლარი; ჯარიმა - 433.18 ლარი და დაზღვევისათვის - 24.97 ლარი; ზიანის - მიუღებელი შემოსავლის სახით ძირითადი სესხის - 10 651.06 ლარის წლიური 20.0% 2023 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 130.21 ლარი; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ძირითადი სესხის - 10 651.06 ლარის 0.1% ყოველდღიურად, 2023 წლის 13 აპრილიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 631.93 ლარი; ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2022 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ.თბილისში, .... ქუჩა №16-ში, პირველ სართულზე მდებარე №2 ბინაზე, ს/კ ......, აღდგეს პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, პირველ მოპასუხესთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, თუმცა მსესხებელმა შეთანხმებული პირობები დაარღვია და, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის გადახდა შეწყვიტა.

3. 2022 წლის 10 აგვისტოს მოპასუხეებს შორის დაიდო სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული ქონებიდან წილი, სრულად აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მსესხებელსა და მის ოჯახის წევრს (ნათესავს) შორის მას შემდეგ, რაც მან მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, კერძოდ, №1710273-12132156 სესხზე პირველი გადახდა გრაფიკით გადაიხადა 5 სექტემბერს, რის შემდეგ ოქტომბერში თანხა აღარ გადაუხდია. ამდენად, მსესხებელმა წინასწარ განსაზღვრულად გაასხვისა ქონება, რადგან ცხადი იყო მისი განზრახვა აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან მიმართებით. გასათვალისწინებელია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის ფასი - 5000 ლარი აღნიშნული ქონების ფაქტობრივად არსებულ ფასთან სრულებით შეუსაბამოა. ქონების გასხვისების შემდეგ მსესხებელს გადახდა არ განუხორციელებია და ასევე ინფორმირებული იყო სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით. პირველი მოპასუხის მიერ №1710273-11332166 სესხზე გადახდა ხორციელდებოდა გრაფიკის შესაბამისად, ხოლო №1710273-12132156 სესხზე თანხის მიღების შემდგომ მხარემ შეწყვიტა აღნიშნული ვალდებულების შესრულებაც. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ წინასწარი განსაზღვრით მის სახელზე რიცხული ქონების ოჯახის წევრზე - რძალზე გადაფორმება, ცხადად მიუთითებს გარიგების მოჩვენებით დადების შესახებ.

მოპასუხეების პოზიცია:

4. პირველ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების ნაწილში სრულად ცნო.

5. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისათვის სესხის გაცემის ფაქტი მისთვის ცნობილი არ ყოფილა, არც ხელშეკრულების პირობებისა და სესხის დაფარვის გრაფიკის შესახებ არ ჰქონია რაიმე ინფორმაცია. მოპასუხეთა ბინები არის მომიჯნავე და ორივე, ფაქტობრივად, გაერთიანებულია, სადაც ცხოვრობდა ორივე ოჯახი. ასეთ ბინას სხვა, გარეშე პირი ვერ შეიძენდა. ამდენად, მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია.

6. პირველი მოპასუხის მეუღლეს აქვს სიმსივნე და არის მძიმე ავადმყოფი. მას ესაჭიროებოდა სამკურნალო თანხა, რის გამოც იძულებული გახდა, სესხი აეღო სს „ს.ბ–ში“ და სადავო უძრავი ქონება იპოთეკით დაეტვირთა. მითითებული სესხისა და იპოთეკის შესახებ მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო. ნასყიდობის ფასზე შეთანხმებისას გათვალისწინებულ იქნა დავალიანება, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მეორე მოპასუხე იხდის, ხოლო ნასყიდობის თანხა - 5 000.00 ლარი გადაუხადა პირველ მოპასუხეს, რომელმაც ქონების გასხვისების შემდეგ, ოჯახთან ერთად, დატოვა საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა, ხოლო მეორე მოპასუხემ, ოჯახთან ერთად, შესყიდულ ბინაში გააგრძელა ცხოვრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მეორე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის მსესხებლისათვის დაკისრება, ასევე, მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების მსესხებლის საკუთრებაში დაბრუნება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კრედიტორის სასარგებლოდ პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. მართალია, სააპელაციო საჩივარში აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას სადავოდ ხდიდა ასევე მსესხებლის მიერ თანხის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა გადაწყვეტილება სადავოდ გახადა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხეთა შორის 2022 წლის 10 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისა და ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხის ცნობის ნაწილში.

10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე (კრედიტორი) აცხადებს, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას, მოპასუხე მხარეებს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება არ ჰქონდათ. მოპასუხეთა შორის, რომლებსაც ახლო ნათესაური კავშირი აკავშირებთ, სადავო გარიგების დადება განპირობებული იყო „კრედიტორის“ მიმართ მოსალოდნელი ფინანსური ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით, რაც დროში ემთხვევა მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ გადახდების შეწყვეტას და, ვინაიდან პირველმა მოპასუხემ ბათილი გარიგებით ქონება შესაძლო იძულებით აღსრულებას მიზანმიმართულად განარიდა, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო მეორე მოპასუხე, აღნიშნული განაპირობებს სადავო გარიგების მოჩვენებითობას. რადგან აპელანტის (კრედიტორის) მოთხოვნა სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნების არანამდვილობას ეფუძნება და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებითობაზე მიუთითებს, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელია სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სადავო ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ გამოვლენილ ნება და არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეთა მიზანი ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგის დადგომა არ იყო.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 56-ე მუხლებით და განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება. ამდენად, მტკიცების ტვირთის, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი განაწილების პრინციპის მიხედვით, ნების გამოვლენის ნაკლი უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეელახა უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში - მოსარჩელე მხარემ (გამსესხებელმა).

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ბუნების დასადასტურებლად საკმარისი არ არის მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელის პირად მოვალეს საკუთრებაში აღარ გააჩნია რაიმე ქონება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება; მეორე მოპასუხემ, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, იცოდა, რომ სადავო უძრავი ქონებით შესაძლებელი გახდებოდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება; სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მსესხებლის მიერ სესხებზე, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, თანხის გადახდის შეწყვეტა; ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მსესხებელმა დატოვა ქვეყანა, ასევე - ნასყიდობის საგნის ფასის შეუსაბამო ოდენობაზე (5000 ლარი) აპელირება.

13. სააპელაციო პალატამ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილა აპელანტი (მოპასუხე) მხარის იმ განმარტებებზე (იხ. მეორე მოპასუხის შესაგებელი, 19.06.24წ. სასამართლო სხდომის ოქმი), რომელიც შეეხება სადავო უძრავი ქონების მახასიათებლებს და მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ, აპელანტმა სასამართლოს განუმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება 37 კვ.მ-ია და მდებარეობს ე.წ. „იტალიური ეზოს“ ტიპის საცხოვრებელ სახლში, მეორე მოპასუხის კუთვნილი ბინის მომიჯნავედ, ერთ სართულზე, ორივე ბინას ერთი შესასვლელი აქვს, საერთო კომუნალური მრიცხველები, უბრალოდ სადავო უძრავი ქონება გამოყოფილია განცალკევებული ოთახის სახით. უძრავი ქონება პირველმა მოპასუხემ და მისმა ძმამ მიიღეს ბებიისაგან მემკვიდრეობით, სწორედ ამან განაპირობა სადავო ფართის შეძენის სურვილი (იხ. 19.06.2024წ. სხდომის ოქმი 19:31:11: სთ.-დან).

14. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის პირველი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის 13 მარტს, მეორე - 2022 წლის 29 ივლისს. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2022 წლის 10 აგვისტოს. მსესხებელმა მოსარჩელესთან დადებული კრედიტის დაფარვა შეწყვიტა გაცილებით გვიან - 2022 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებათა ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც კვალიფიციურ ფინანსურ ინსტიტუტს - კრედიტორს (ბანკს) კრედიტის გაცემის დროს არ უზრუნია საბანკო კრედიტის უზრუნველყოფაზე - დადგენილია რომ მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა ორი სესხი სანივთო და პიროვნული უზრუნველყოფის გარეშე, მსესხებელს კი, თავის მხრივ, არ ეზღუდებოდა გარიგების დადების თავისუფლება მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ სადავო გარიგების დადებით მოპასუხეთა მიერ, ფაქტობრივად, უძრავ ქონებაზე არიდებულ იქნა კრედიტორის მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა, ვერ იქნება წონადი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არგუმენტი იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმდა მხარეთა შესაბამისი შინაგანი ნების გარეშე და რეალურად მხარეებს არ სურდათ, ნასყიდობის ხელშეკრულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შედეგის დადგომა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ სამართლებრივი რისკი, რომელიც, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების რისკს უკავშირდება, მოცემულ შემთხვევაში სხვა მესამე პირის პასუხისმგებლობის საგანი ვერ გახდება და ვერც დაუსაბუთებლად შეზღუდავს მოვალე მესაკუთრის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას - ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს კუთვნილი უძრავი ქონება.

15. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგების მოჩვენებითობის დასასაბუთებლად მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარის მიერ მოპასუხეთა შორის არსებულ მჭიდრო ნათესაურ კავშირზე აპელირება (მყიდველი გამყიდველის ძმის მეუღლეა) პალატის შეფასებით, ასევე ვერ მიიჩნევა, იმგვარ გარემოებად, რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ სადავო ხელშეკრულების შედეგის მიმართ მხარეთა მოჩვენებითი დამოკიდებულების არსებობას ცალსახად და უტყუარად დაადასტურებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს დადებული ნასყიდობის საფასური - 5 000 ლარი მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი გამყიდველისათვის, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მყიდველი ინფორმირებული იყო იმის თაობაზეც, რომ შეძენილი ქონებით უზრუნველყოფილი იყო სს „ს.ბ–ის“ წინაშე პირველი მოპასუხის სასესხო ვალდებულებები, რომელზე გადახდებიც იპოთეკის საგნის შეძენის შემდეგ გააგრძელა სწორედ აპელანტმა. მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 21 ივნისის სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად მეორე მოპასუხეს პირველი მოპასუხის სასესხო ანგარიშზე 2022 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში ყოველთვიურად 1035 ლარი აქვს გადახდილი.

16. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება და აპელანტის იმ განმარტებათა ჭრილში, რომელიც უკავშირდება სადავო, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების გასხვისებისა და შეძენის მოტივებს, სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებისა და დასკვნის მართებულობას, გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმის კვალიფიკაციისა და მისი გამოყენებისათვის აუცილებელი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურება, აპელანტმა (მოპასუხე) მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობა შესთავაზა სასამართლოს, ახლო ნათესავებს შორის დადებული გარიგების მოჩვენებითობის თაობაზე პრეზუმფციის გასაქარწყლებლად, რის გამოც მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში, როგორც დაუსაბუთებული, უნდა გაუქმდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რასაც საფუძვლად მხოლოდ ის გარემოება დაედო, რომ მოსარჩელე ძლიერი მხარეა. შედეგად მოსარჩელეს დაევალა ისეთი გარემოების მტკიცება, რაზეც მოპასუხე აპელირებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ სადავო ნასყიდობა დაიდო ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით. აღნიშნულზე მეტყველებს მოვალის მხრიდან თანხის გადახდის შეწყვეტა, ნასყიდობის მხარეებს შორის ნათესაური კავშირი და ნასყიდობის შეუსაბამოდ დაბალი ფასი.

19. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საკრედიტო დაწესებულების მიერ არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემის რისკებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლით გარანტირებულია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება. აღნიშნულის მიზანი სწორედ ისაა, რომ მოსარჩელეს შეუძლია, სათანადო წინაპირობების არსებობისას, სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვოს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით დამკვიდრდება სახიფათო პრაქტიკა, რომლის შესაბამისად მოსარჩელე არაუზრუნველყოფილ სესხს ვეღარ დაიბრუნებს.

20. კასატორმა მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხემ, საკასაციო სასამართლოს მიერ №ას-1585-2022 საქმეზე მიღებულ განჩინებაში ასახული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ სადავო ნასყიდობის ნამდვილობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეორე მოპასუხის განმარტება რამდენადმე წონად მტკიცებულებას არ ეფუძნება. მას არ დაუდასტურებია, იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადავო უძრავ ნივთზე დიდი ოდენობით თანხის გადახდა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

24. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო ორი საკრედიტო ხელშეკრულება. პირველი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 13 მარტს, მეორე კი - 2022 წლის 29 ივლისს.

25. 2022 წლის 10 აგვისტოს პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება მიჰყიდა მეორე მოპასუხეს.

26. 2022 წლის ოქტომბერში მსესხებელმა მოსარჩელესთან დადებული კრედიტის დაფარვა შეწყვიტა.

27. 2022 წლის 10 აგვისტოს დადებული ნასყიდობის საფასური - 5000 ლარი მყიდველმა გამყიდველს აუნაზღაურა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მყიდველი ინფორმირებული იყო იმის თაობაზეც, რომ შეძენილი ქონებით უზრუნველყოფილი იყო სს „ს.ბ–ის“ წინაშე პირველი მოპასუხის სასესხო ვალდებულებები, რომელზე გადახდებიც იპოთეკის საგნის შეძენის შემდეგ გააგრძელა მეორე მოპასუხემ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 21 ივნისის სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობით, რომლის თანახმად მეორე მოპასუხეს პირველი მოპასუხის სასესხო ანგარიშზე 2022 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში ყოველთვიურად 1035 ლარი აქვს გადახდილი.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სადავო განკარგვითი ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება.

30. საკასაციო პალატა, მოცემული საქმის ანალოგიურ დავებზე არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას არა გარიგების მონაწილე მხარე, არამედ მესამე პირი (გამსესხებელი) ითხოვს, რომელიც გარიგების მონაწილეთა ნების არანამდვილობაზე, მოჩვენებითობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ გარიგება გაფორმდა არა საკუთრების უფლების გადაცემის/მოპოვების მიზნით, არამედ იმ განზრახვით, რომ ქონება გამყიდველის (მსესხებლის) ვალდებულების შესრულების საგანი არ გამხდარიყო.

31. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის, მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).

32. მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).

33. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-976-908-2017, 22 იანვარი, 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი, 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების მიმართ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, მოქმედებს გარიგების კანონშესაბამისობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის პირობებში, აღნიშნული მოთხოვნის მქონემ უნდა ადასტუროს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა. პირი, რომელიც სადავოდ ხდის გარიგების ნამდვილობას მოჩვენებითობის თვალსაზრისით ვალდებულია, მიუთითოს იმგვარ ფაქტებზე, რომელთა ერთობლიობა გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას შეარყევს და შექმნის შინაგან რწმენას, რომ ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებდნენ მოჩვენებითად. სწორედ ამის შემდგომ წარმოეშობათ გარიგების მხარეებს მტკიცების ვალდებულება, რომ მათ ნამდვილი ნება გამოავლინეს და გარიგების იურიდიული შედეგები წარმოიშვა.

35. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი/მოსარჩელე კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზებისა და სადავო განკარგვითი ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევის მიზნებისათვის, მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მყიდველი - მეორე მოპასუხე გამყიდველის - პირველი მოპასუხის რძალია. შეუსაბამოა ნასყიდობის ღირებულებაც - 5000 ლარი.

36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის/მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მოვლენათა განვითარების იმგვარ ჯაჭვს, რომელთა ერთობლივი ანალიზი სადავო გარიგების ნამდვილობას საეჭვოს გახდიდა და სასამართლოს მისცემდა იმ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას, რომ საკუთრების განკარგვისას, მხარეთა ნება არ იყო მიმართული საკუთრების უფლების რეალურად გადაცემისაკენ.

37. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის მხარეებმა გარიგების ნამდვილობისათვის სსკ-ის 327.1, 477-ე და 183-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, 2020 წლის 29 სექტემბერს გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი - მეორე მოპასუხეს წარმოეშვა დავის საგანზე საკუთრების უფლება.

38. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დადასტურების მიზნებისათვის, დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ ფაქტზე აპელირება, რომ გამყიდველი და მყიდველი წარმოადგენენ ახლო ნათესავებს (მამა-შვილს) და გაიზიარა სააპელაციო პალატის მითითება, რომ მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის საკმარისი იმ პრეზუმფციის უარსაყოფად, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მათ ნამდვილ ნებას. მოცემულ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინებაშია განმარტებული, რომ ნათესაური კავშირი ერთ-ერთი ელემენტია სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, თუმცა - არასაკმარისი (იხ. სუსგ.საქმეებზე: Nას-366-2023, 25.05.2023წ.; №ას-965-2023, 20/10/2023 წ.).

39. მოცემულ შემთხვევაში გამყიდველსა და მყიდველს შორის არსებული ნათესაური კავშირის პარალელურად, საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სესხის გაცემისას, სადავო უძრავი ქონება გამსხვისებელს/მსესხებელს ეკუთვნოდა, თუმცა, კრედიტორს (გამსესხებელს) მსესხებლისათვის სესხის გაცემის დროს მსესხებლის უძრავი ქონება მხედველობაში არ მიუღია, არ „უზრუნია“ მოვალის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების სანივთო უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც სესხის გაცემა არ იყო დამოკიდებული მის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობაზე და მოსარჩელემ სესხი სანივთო უზრუნველყოფის გარეშე გასცა, მსესხებელს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა კუთვნილი ქონება. ის სამართლებრივი რისკი კი, რომელიც, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების რისკს უკავშირდება, სადავო უძრავი ქონების შემძენის პასუხისმგებლობის საგანი ვერ გახდება, გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას ვერ შეარყევს და ვერ შექმნის შინაგან რწმენას იმისას, რომ ხელშემკვრელი მხარეები, თუნდაც ნათესაური კავშირის მქონენი, მოქმედებდნენ მოჩვენებითად (იხ. სუსგ №ას-117-2024, 14 ნოემბერი, 2024 წ).

40. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემის პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ბათილად ცნობის თაობაზე, ფაქტობრივად, განაპირობებს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველყოფილ მოთხოვნად „გადაქცევას“, რაც „სუსტ“ მხარეს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს „ძლიერ“ მხარესთან შედარებით. მოპასუხესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების სახით, სახეზეა მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება. მომხმარებელთა უფლებების სფეროში, ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მომხმარებლის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებების შეფასებისას არსებობს პრეზუმფცია, რომ მომხმარებელი სუსტი მხარეა და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც ევროპის კავშირის დირექტივითაა რეგლამენტირებული, ემყარება იდეას, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-237-2019; 17/05/2019 წ.).

41. ზემოაღნიშნულ აბზაცებში განვითარებული მსჯელობა, სადავო გარიგების მოჩვენებით გარიგებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, არარელევანტურად აქცევს საკრედიტო დაწესებულების დამატებით არგუმენტს, რომ უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ მსესხებელმა მალევე შეწყვიტა თანხის გადახდა.

42. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მოახდინა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კრედიტორის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი, სანივთო უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შედეგად მოვალის მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების თანმდევ რისკზე, რაზეც საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა, არამედ მიმართულია სარჩელის უზრუნველყოფისაკენ იმ ეტაპიდან, როდესაც მხარეთა შორის დავა უკვე დაიწყო.

43. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სწორად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ საკუთრების განკარვისას, ნების გამომვლენი და მისი მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე, სადავო გარიგების მოჩვენებითი მოტივით დადების პრეზუმფცია არ იქმნება.

44. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი, რომ მეორე მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო უძრავი ნივთის პირველი მოპასუხის მიერ სხვა საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა და აღნიშნულისათვის მეორე მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის შემდეგ თანხის გადახდის ფაქტი. როგორც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღინიშნა, საქმის მასალებში წარმოდგენილია სს „ს.ბ–ის“ 2023 წლის 21 ივნისის ცნობა. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ მეორე მოპასუხე თვეების მანძილზე სისტემატურად იხდიდა პირველი მოპასუხის დავალიანებას (იხ. ს.ფ 148).

45. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05/07/2024წ. №297434 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „თ.ბ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05/07/2024წ. №297434 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი