საქმე №ას-1061-2023 31 მარტი 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ბ.თ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა.ბ.თ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჰ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა 145 103 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების (N015/19) შესაბამისად, მოსარჩელე ცალკეულ პარტიებად ყიდდა, ხოლო მოპასუხე კი ყიდულობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქციას შეთანხმებული ფასით და შეთანხმებული გადახდის პირობით. მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან ჯამურად შესყიდულმა პროდუქციის ღირებულების საფასურმა შეადგინა 375978.72 ლარი, ხოლო, მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილმა თანხამ კი - 230875.72 ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 145103.00 ლარს.
2.2. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელის მიერ შეწყდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის დაცვით. კერძოდ, დანართი N1-ით წარმოდგენილი ხელშეკრულების 7.2 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება. მოსარჩელემ აღნიშნული პუნქტის შესაბამისად მოპასუხეს წერილობით აცნობა 2019 წლის 21 მაისს, რომელიც ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს. ამავე წერილით გათვალისწინებულ იქნა ე.წ. „Divorce bonus“ („ბონუსი გაყრისთვის“), რომელსაც მოპასუხე მიიღებდა პოსტსახელშეკრულებო ურთიერთობების ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული წესითა და კეთილსინდისიერი შესრულების შემთხვევაში, აღნიშნული ბონუსი წარმოადგენდა ბოლო პარტიით შეძენილი პროდუქციის ღირებულების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებით, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 13000–მდე ლარს, თუმცა მოსარჩელის მიერ გამოჩენილ აღნიშნულ კეთილ ნებას მოპასუხე მხარემ ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევით უპასუხა.
2.3. არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილება ჯერ კიდევ 2019 წლის 2 ივლისს, რომელიც რეაგირების გარეშე დატოვა მოპასუხემ. ხელშეკრულების დანართი N3-ით წარმოდგენილ ჩარიცხვებში ნათლად ჩანს, რომ გაფრთხილების წერილის მიღების შემდგომ რაიმე თანხის გადახდას მოსარჩელის სასარგებლოდ ადგილი არ ჰქონია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელისგან ჯამურად შეძენილმა პროდუქციის ღირებულების საფასურმა შეადგინა 375978.87 ლარი. აქედან, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 230875.72 ლარი. დარჩენილი 145103.00 ლარიდან მოსარჩელემ 51142.08 ლარის ღირებულების პროდუქცია მოპასუხეს გადასცა უსასყიდლოდ, საჩუქრის სახით, რის გამოც დავალიანების ოდენობა შეადგენს 93960.92 ლარს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა.ბ.თ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ჰ–ს“ შპს „ა.ბ.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 93360.92 ლარის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელეს უარი ეთქვა 51142.08 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დავალიანების დაფარვა განხორციელდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი გორი, ქუჩა ........, ყოფილი ......., მიწის საკადასტრო კოდი ......; აუქციონზე რეალიზაციის გზით.
4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა.ბ.თ–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ 51142.08 ლარის ნაწილში არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამ მიმართებით პალატამ ყურადღება მიაპყრო მხარეთა შორის 2019 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების (N015/19) 7.2 პუნქტს, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 21 მაისს მოპასუხისადმი გაგზავნილ კორესპონდენციას, ასევე საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 9 ივლისის დადასტურებულ ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურას, და აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვით პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში ბოლო მიწოდება განხორციელდა საჩუქრის სახით, რაც უსაფუძვლოს ხდიდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ა.ბ.თ–მა“, რომლითაც ითხოვს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მოიხმობს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი ამავე კოდექსის 327-ე მუხლთან მიმართებით და არ იმსჯელა რამდენად ჰქონდა სამართლებრივი ძალა ჩუქების აქტს. კერძოდ კასატორი დავის განხილვის პროცესში ამტკიცებდა, რომ მხარეთა შორის არ განსაზღვრულა როდის, რა გზით (ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საკითხი), რამდენი და რა ფორმით უნდა მომხდარიყო საჩუქრის გადაცემა. ხოლო საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება არ დადებულა პოსტსახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ არასწორია სასამართლოს დასკვნა თითქოს ბოლოს დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა ასახავდა ბოლო პარტიით მიწოდებულ პროდუქციის ღირებულებას, რადგან ამ დოკუმენტში მითითებული თანხა ასახავდა ბოლო თვის განმავლობაში განხორციელებული ყველა მიწოდების ჯამურ ღირებულებას. კასატორი უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება რომელიც ასახავს ბოლო თვის განმავლობაში მოსარჩელის მიერ განხორციელებული მიწოდების რაოდენობებს, ამიტომ სააპელაციო პალატას არ უნდა დაედგინა, თითქოს შესაბამის თვეში განხორციელებული ყველა მიწოდება იყო ბოლო და უსასყიდლო.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 24 იანვარს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება (N015/19), რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ცალკეულ პარტიებად ყიდდა, ხოლო მოპასუხე კი ყიდულობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქციას შეთანხმებული ფასით და შეთანხმებული გადახდის პირობით;
- მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან ჯამურად შესყიდულმა პროდუქციის ღირებულების საფასურმა შეადგინა 375978.72 ლარი, ხოლო მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილმა თანხამ კი - 230875.72 ლარი;
- 2019 წლის 21 მაისს შპს „ა.ბ.თ–მა“ გაუგზავნა წერილი შპს „ჰ–ს“ შემდეგი შინაარსით: „როგორც თქვენთვის ცნობილია, შპს „ჰ–სა“ და შპს „ა.ბ.თ–ს“ შორის გაფორმებული და მოქმედებს 2019 წლის 24 იანვრის N-015/19 მიწოდების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, უზრუნველყოფთ მინერალური და მტკნარი წყლის სეგმენტის კომპანია „ბ–ის“ სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის მიწოდებას შემდგომში მისი ქ. გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში გავრცელების მიზნით. მოგახსენებთ, რომ შპს „ა.ბ.თ–ის“ სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში დასახული გრძელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე, განზრახული გვაქვს ქ.გორში კომპანია „ბ–ის“ პროდუქციის პირდაპირი, რეგიონული წარმომადგენლის სახით შუამავალი რგოლის მონაწილეობის გარეშე დისტრიბუციის დაწყება, რისი გათვალისწინებითაც ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტის საფუძველზე მოგმართავთ ოფიციალური შეტყობინებით ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადაზე ადრე 2019 წლის 21 იანვრიდან შეწყვეტის შესახებ. გვსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის, რის ნიშნადაც გამოვხატავთ მზაობას ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ბოლო მიწოდების საჩუქრის სახით, უსასყიდლოდ გადმოცემის შესახებ. იმედს ვიტოვებთ, რომ ასევე წარმატებულად შევძლებთ პოსტ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას ჩვენი კუთვნილი მაცივრების გადმობარების და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხების დარეგულირების ფარგლებში“;
- 2019 წლის 9 ივლისს დადასტურებული ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით მოპასუხეს მიეწოდა 51142.08 ლარის ღირებულების საქონელი;
- 2019 წლის 2 ივლისს შპს „ა.ბ.თ–მა“ გაუგზავნა შპს „ჰ–ს“ გაფრთხილების წერილი შემდეგი შინაარსით: „როგორც თქვენთვის ცნობილია, შპს „ჰ–სა“ და შპს „ა.ბ.თ–ს“ შორის გაფორმებულია და მოქმედებს 2019 წლის 24 იანვრის N-015/19 მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოგეწოდებოდათ პროდუქცია შემდგომი გადახდის პირობით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის „3.1.“ პუნქტის თანახმად, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანგარიშსწორების ვადა განსაზღვრულია პროდუქციის მიღებიდან 30 კალენდარული დღით, რისი გათვალისიწინებითაც, წინამდებარე წერილის მომზადების თარიღისათვის, შპს „ჰ–ს“ ვადაგადაცილებული დავალიანება შპს „ა.ბ.თ–ის“ წინაშე შეადგენს 93 960.92 ლარს. პოსტსახელშეკრულებო ურთიერთობის ჯეროვნად დასრულების მიზნით, მოგმართავთ წინამდებარე წერილით უზრუნველყოთ ვადამოსული ვალდებულებებით გათვალისწინებული დავალიანების ანგარიშსწორება დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შევიქმნებით იძულებულები და დავიტოვებთ უფლებას, განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“;
- გაფრთხილების წერილის მიღების შემდგომ მოპასუხის მიერ, რაიმე თანხის გადახდას მოსარჩელის სასარგებლოდ ადგილი არ ჰქონია;
- 2019 წლის 24 იანვარს მოსარჩელე შპს „ა.ბ.თ–სა“ და მოპასუხე „ჰ–ს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც მესაკუთრე იპოთეკარის სასარგებლოდ მოვალის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონება მდებარე, ქალაქი გორი, ქუჩა ......., ყოფილი .........., სართული 1, მიწის საკადასტრო კოდი ....., იპოთეკარის მიმართ, მოვალესა და იპოთეკარს შორის 2019 წლის 24 იანვარს გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უზრუნველ-ყოფილი მოთხოვნის ოდენობა განისაზღვრება 300000 ლარით;
11. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, შპს „ა.ბ.თ–ის“ მიერ განხორციელებული 51142.08 ლარის ღირებულების პროდუქციის საფასურის მოპასუხე მხარისთვის დაკისრებაზე ურის თქმის მართლზომიერება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: Nას-15-29-1443-2012; Nას-973-1208-04; Nას-664-635-2016).
13. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მიკუთვნებითი ხასიათისაა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 51142.08 ლარის ღირებულების პროდუქციის საფასურის დაკისრება გამართლებულია ვინაიდან მოპასუხემ კეთილსინდისიერად არ შეასრულა პოსტსახელშეკრულებო ვალდებულებები, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასრულებისთვის იყო საჭირო, ხოლო მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო მიწოდება მის მიმართ განხორციელდა საჩუქრად/უსასყიდლოდ, რის გამოც არ არსებობდა ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.
14. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 21 მაისით დათარიღებული შპს „ა.ბ.თ–ის“ წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან საქმიან ურთიერთობას წყვეტდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან იგეგმებოდა ქ.გორში კომპანია „ბ–ის“ პროდუქციის პირდაპირი, რეგიონული წარმომადგენლის სახით შუამავალი რგოლის მონაწილეობის გარეშე დისტრიბუციის დაწყება. ამავე წერილით, მიმწოდებელი მოპასუხის მიმართ გამოხატავს მადლიერებას განვლილი წარმატებული საქმიანობისთვის, რის ნიშნადაც გამოხატავს მზაობას ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ბოლო მიწოდება მოპასუხის მიმართ განახორციელოს საჩუქრის სახით, უსასყიდლოდ. აქვე მიმწოდებელი იმედს იტოვებს, რომ ასევე წარმატებულად მოხდებოდა პოსტსახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება კასატორის კუთვნილი მაცივრების გადაბარებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხების დარეგულირების ფარგლებში. საკასაციო პალატის განსჯით, წერილის ბოლო წინადადება არ არის ბუნდოვანი ან ორაზროვანი, მისი როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე გონივრული განსჯა, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ კასატორის მიერ განხორციელებული ბოლო მიწოდება მოპასუხის მიმართ უსასყიდლოდ მოხდა მხოლოდ პოსტსახელშეკრულებო ურთიერთობის წარმატებულად გავლის მოლოდინით, არამედ წერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ ბოლო უსასყიდლო მიწოდება წარმოადგენდა პრაქტიკაში კარგად ცნობილ ე.წ. „Divorce bonus“ („ბონუსი გაყრისთვის“). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა სამართლებრივი სიკეთის მოძრაობა (მინერალური წყლის გადაცემა), რაც ობიექტური კატეგორიაა, თუმცა ვერ დაადასტურა გადაცემული სამართლებრივი სიკეთის მიზნობრიობა, რომლის მტკიცების ვალდებულებაც მის განმგებლობის სფეროში იყო.
15. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს, კასატორის იმ პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოკვლეული არ არის ჩუქების ხელშეკრულების პირობები (524-ე მუხლი) ამავე კოდექსის 327-ე მუხლთან მიმართებით, კერძოდ კასატორი დავის განხილვის პროცესში ამტკიცებდა, რომ მხარეთა შორის არ განსაზღვრულა როდის, რა გზით (ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საკითხი), რამდენი და რა ფორმით უნდა მომხდარიყო საჩუქრის გადაცემა. ხოლო საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება არ დადებულა პოსტსახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლის ნამდვილობისთვის საკმარისია დასაჩუქრებულის მზაობა, მიიღოს შეძენილი ქონება. ჩუქების ხელშეკრულებას მბოჭავი ძალა მხოლოდ მჩუქებლის მიმართ აქვს, მჩუქებლის ვალდებულებას, გადასცეს ნივთი დასაჩუქრებულს, უპირისპირდება დასაჩუქრებულის უფლება, მიიღოს ან უარი თქვას საჩუქარზე (სხვა მრავალთა შორის შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე Nას13-2021, 15 ოქტომბერი, 2021 წელი, 1048-968-2017, 31 ოქტომბერი, 2017 წელი). საკასაციო პალატა ყურადღება მიაპყრობს იმ უდავო გარემოებას, რომ მოდავე მხარეები 2019 წლიდან იმყოფებოდნენ წარმატებულ სახელშეკრულებო სამეწარმეო ურთიერთობებში, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის ფარგლებში პირისაგან, რომელთანაც მოსარჩელე იმყოფებოდა საქმიან კავშირში დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (კონკლუდენტური თანხმობა), ამასთან საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ 2019 წლის 9 ივლისის ანგარიშფაქტურას, რომელიც დადასტურებულია მოპასუხის მიერ, რაც თავის მხრივ, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე ადასტურებს დასაჩუქრებულის მზაობას მიეღო საჩუქარი, რაც სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის გამოყენების ყველა სამართლებრივ წინამძღვარს აკმაყოფილებდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივარში სადავოდაა გახდილი ბოლო მიწოდებისა და დადასტურებული ანგარიშფაქტურის საერთო ღირებულების საკითხი, ვერც ეს არგუმენტი იქნება გაზიარებული შესაგებლის უარსაყოფად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში სადავო წერილის გაგზავნის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოხდა საქონლის მიწოდება და მასში ჯამურ ღირებულებად სწორედ 51142,08 ლარია მითითებული, საჩუქრის განსხვავებული ოდენობით გადაცემის რეალური ფაქტი სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რაც ვერ განახორციელა.
16. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 385-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა.ბ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ა.ბ.თ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 26.09.2023წ. №780 საგადახდო დავალებით გადახდილი 2557,17 ლარის 70% - 1789,99 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი