საქმე №ას-531-2023 31 მარტი 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობა, საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მ–სმა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარება, განაღდებული საბანკო გარანტიის დაბრუნება და გაწეული მომსახურების საფასურის 34397.72 ლარის (შემცირებული მოთხოვნა) ანაზღაურება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. შპს „მ–სსა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს (შემდგომში მოპასუხე) შორის 2021 წლის 16 თებერვალს, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, დაიდო №02/43 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბალანსზე რიცხული 140 ერთეული მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქ.თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში მიმდინარე შეკეთება, მომსახურების შესყიდვა, მათ შორის, სათადარიგო ნაწილებისა და საპოხი საშუალებების შეცვლა/შეკეთების მომსახურების გაწევა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა მომსახურების გაწევა დანართი №2–ის შესაბამისად, რაც წარმოადგენს პრეისკურანტს კონკრეტული მოდელების მიხედვით.
2.2. სარჩელის თანახმად, 2021 წლის 14 აპრილის №8699/01 წერილით მოპასუხემ უკანონოდ განახორციელა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს დარიცხვა სამ ავტომანქანაზე დაგვიანებით გაწეული მომსახურების გამო და აღნიშნული აცნობა მოსარჩელეს.
2.3. 2021 წლის 14 მაისის №111141/01 წერილის თანახმად, მოსარჩელეს არასწორად დაეკისრა პირგასამტეხლო, ერთ მანქანაზე ავტომომსახურების გაუწევლობის ხოლო, ერთ მანქანაზე დაგვიანებით გაწეული მომსახურების მოტივით, რაც ასევე ეცნობა მოსარჩელეს.
2.4. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ 2021 წლის 14 მაისის №111266/01 წერილის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოდ შეწყვიტა ხელშეკრულება ჯამში 5 ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით დაგვიანებული მომსახურების გამო. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა არამართლზომიერად, ვინაიდან მითითებულ ხუთ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით მას ხელშეკრულება არ დაურღვევია და დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც ხელშეკრულების დარღვევა იმდენად მცირე იყო, რომ კონტრაჰენტს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა.
2.5. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ არამართლზომიერად გამოითხოვა საბანკო გარანტია 7 000 ლარის ოდენობით. გარანტიის გახმობის სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა საბანკო გარანტიის თანხა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის აზრით, მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ ან/არ შეასრულა საკუთარი ბრალით, არ არსებობდა სადავო დარღვევების გამართლების საფუძვლები რის გამოც, დაეკისრა პირგასამტეხლო და გამოთხოვილ იქნა საბანკო გარანტია.
3.3. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 34 397 ლარს, რომლითაც შესაძლებელია მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლოების გაქვითვა, რაც შეამცირებს მოსარჩელის მიერ გადასახდელ პირგასამტეხლოს ოდენობას.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხის მიერ 2021 წლის 16 თებერვლის №02/43 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობისა და განაღდებული საბანკო გარანტიის თანხის - 7 000 ლარის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელე შპს „მ–სის“ სასარგებლოდ დაეკისრა 34 397.72 ლარის გადახდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შეჩერდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 22 ივლისის №2306 განკარგულების მოქმედება საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მოდავე მხარემ. შპს „მ–სმა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ხოლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 34 397.72 ლარის დაკისრებული პირგასამტეხლოს ანგარიშში ურთიერთგაქვითვა და შესაბამისად, სარჩელის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას. ერთ შემთხვევაში გასაწევი მომსახურება შეასრულა 29 დღიანი ვადაგადაცილებით (სახელმწიფო ნორმით „......“), მეორე შემთხვევაში - 9 დღიანი ვადაგადაცილებით (სახელმწიფო ნორმით - „.....“), მესამე ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით გასაწევი მომსახურება შეასრულა 17 დღიანი ვადაგადაცილებით (სახელმწიფო ნომრით - „.....“), ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - მარკა/მოდელი - „ტოიოტა ჰაილუქსი“, სახელმწიფო ნომრით - „.....“ - გასაწევი მომსახურება შეასრულა 39 დღიანი ვადაგადაცილებით. ასევე დადგინდა, რომ მიმწოდებელმა (მოსარჩელე) ვერ უზრუნველყო სერვისცენტრში 2021 წლის 22 მარტს წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი „მიცუბიში ლ-200“, სახელმწიფო ნომერი - „.....“ შეკეთება, რის გამოც იგი სერვისცენტრიდან ევაკუატორის მეშვეობით გამოყვანილ იქნა 2021 წლის 13 მაისს.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომლის თანახმადაც, პალატის შეფასებით, კონკრეტულ დარღვევებთან მიმართებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო მოპასუხესთან დამატებით შეთანხმებაზე. მითითებული სახელშეკრულებო შეთანხმების პირობებში, მოსარჩელის არგუმენტი იმის შესახებ, რომ შემსყიდველის პრეტენზია იყო სრულიად უსაფუძვლო, არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რის გამოც ვერ იქნებოდა გაზიარებული.
5.4. სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-359-ე მუხლები და განმარტა, რომ ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა შპს „მ–სის“ (მიმწოდებელი) მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რის გამოც არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის საფუძველი.
5.5. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, 2021 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხის მიერ სს „პ.ბ–გან“ საბანკო გარანტიის გამოთხოვის მართლზომიერებაზე და განმარტა, რომ ვინაიდან დავის განხილვისას მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების ფაქტი ვერ დადასტურდა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.
5.6. სააპელაციო პალატამ საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი საფუძვლებისა და მხარეთა მიერ აღიარებული დავალიანებების ფონზე, აღნიშნა, რომ არ არსებობდა მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის საფუძველი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლით იხელმძღვანელა და დასძინა, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში გაზიარებულია მიდგომა იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნების გაქვითვა სადავო გახდება, მაშინ ვალდებულების არსებობის ფაქტი სასამართლოს წესით უნდა დადასტურდეს. შესაბამისად, პალატის აზრით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გასაქვით მოთხოვნად მიიჩნევდა, სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 159 600 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს ოდენობა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შედავებად კატეგორიას წარმოადგენს, იგი დადასტურებულ ვალდებულებად ვერ იქნებოდა განხილული, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილებისა და მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის წინაპირობები.
5.7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურმა სამსახურმა, რომლითაც ითხოვს, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლს, რადგან დაუსაბუთებელია იმგვარი დასკვნის გაკეთება, თითქოს ვერ იქნებოდა გამოყენებული სამართლებრივად მბოჭავი ურთიერთმოთხოვნის გაქვითვის უფლება.
6.2. კასატორის მტკიცებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ის გარემოებები, რომლებიც მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას ადასტურებდა, რაც თავის მხრივ, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოშობს.
6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ მოდავე მხარეები ერთმანეთის მიმართ ერთდროულად კრედიტორიც არიან და მოვალეებიც და მათ შორის არსებული მოთხოვნების ვადა დამდგარია, რაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით არსებული დავალიანების შემცირების წინაპირობა უნდა გამხდარიყო (სამინისტროს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო მეტად აღემატება მენარდის მიერ შესრულებული მომსახურების ღირებულებას).
6.4. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომლითაც სამინისტროს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ნაწილისა და ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო საჩივრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანია, თუ რამდენად არსებობდა მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებების ურთიერთგაქვითვისა და შესაბამისად, სარჩელის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ, შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 648 (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხემ დაუპირისპირა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, კერძოდ, მიუთითა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე სამოქალაქო კოდექსის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლის საფუძველზე. საკასაციო საჩივარში მხარე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ შესრულების ვადა დაარღვია, მოპასუხემ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო. ამასთანვე, არსებობდა კანონით მინიჭებული გაქვითვის შესაძლებლობა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გაქვითულიყო პირგასამტეხლოს შესაბამის ოდენობაში.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს მხარის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას და რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები შემდეგია: ორ პირს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთმოთხოვნები და დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მოთხოვნის ვადა არ დამდგარა, ურთიერთმოთხოვნათა გასაქვითად სახეზე უნდა იყოს ორმხრივი თანხმობა, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით ვადამოსულ მოთხოვნაში შეიძლება გაიქვითოს ის მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც არ არის დამდგარი, თუმცა ამ მოთხოვნის უფლების მქონე პირი მხარს უჭერს გაქვითვას. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნათა გაქვითვის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (იხ. სუსგ Nას-1632-2019, 12.02.2021წ).
14. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს (მიმწოდებელი) და მოპასუხეს (შემსყიდველი) შორის 2021 წლის 16 თებერვალს, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დაიდო №02/43 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბალანსზე რიცხული 140 ერთეული მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში მიმდინარე შეკეთება, მომსახურების შესყიდვა, მათ შორის, სათადარიგო ნაწილებისა და საპოხი საშუალებების შეცვლა/შეკეთების მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა არაუმეტეს 350 000 ლარით. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულებაზე ორმხრივად ხელის მოწერის დღიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას. ერთ შემთხვევაში გასაწევი მომსახურება შეასრულა 29 დღიანი ვადაგადაცილებით (სახელმწიფო ნორმით „......“), მეორე შემთხვევაში - 9 დღიანი ვადაგადაცილებით (სახელმწიფო ნორმით - „.....“), მესამე ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით გასაწევი მომსახურება შეასრულა 17 დღიანი ვადაგადაცილებით (სახელმწიფო ნომრით - „......“), ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - მარკა/მოდელი - „ტოიოტა ჰაილუქსი“, სახელმწიფო ნომრით - „......“ - გასაწევი მომსახურება შეასრულა 39 დღიანი ვადაგადაცილებით. ასევე დადგინდა, რომ მიმწოდებელმა (მოსარჩელე) ვერ უზრუნველყო სერვისცენტრში 2021 წლის 22 მარტს წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი „მიცუბიში ლ-200“, სახელმწიფო ნომერი - „.....“ შეკეთება, რის გამოც იგი სერვისცენტრიდან ევაკუატორის მეშვეობით გამოყვანილ იქნა 2021 წლის 13 მაისს. ხსენებული ვალდებულებების დარღვევის გამო მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 166 600 ლარის ოდენობით, რომლის დასაფარადაც შემკვეთმა გამოითხოვა საბანკო გარანტია 7000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 159 600 ლარით განისაზღვრა. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინებით დადასტურდა შპს „მ–სის“ მიერ სამინისტროსთვის 34 397,72 ლარის ღირებულების გაწევის ფაქტი, რომლის ანაზღაურებაც დაეკისრა კასატორ მხარეს.
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის შედავება, რომ 34 397,72 ლარის ნაწილში არსებობდა ვალდებულებათა გაქვითვის საფუძველი და სააპელაციო სასამართლომ იგი სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის საფუძველზე უსაფუძვლოდ არ გაქვითა, არ არის გასაზიარებელი. პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა. (იხ. სუსგ №ას-753-721-2016, 17.05.2019 წ.). ამდენად, ვინაიდან საქმის განხილვისას არ დადასტურებულა კასატორის მიერ წარმოშობილი ვალდებულებების გაქვითვის თაობაზე შეტყობინების მოვალისთვის გაგზავნის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ სულ მცირე, კრედიტორს შესრულებული არ აქვს ნორმატიული დანაწესის ერთ-ერთი კუმულატიური ელემენტი, რაც 422-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
16. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება. მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების უდავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვითვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა. ამასთანავე, იმისათვის, რომ განხორციელდეს გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (შდრ: სუსგ №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017წ.). მოხმობილი პრაქტიკის შესაბამისად, ცალსახაა, რომ ვინაიდან მენარდე სარჩელით დავობდა, როგორც ვალდებულების დარღვევაში მისი არაბრალეულობის ასევე, კასატორის მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტისა და საბანკო გარანტიის უკანონოდ გამოთხოვის შესახებ, ნათელია, რომ პირგასამტეხლო, როგორც აქცესორული ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაც სადავოა (დარღვეულია ნორმატიული მოთხოვნის ერთ-ერთი კუმულატიური ელემენტი). გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ბუნებიდან გამომდინარე იგი შედავებად კატეგორიას წარმოადგენს, რომელიც ასეთი შედავების არსებობის პირობებში სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში სასამართლოს მიხედულებით შემცირებასაც კი ექვემდებარება. აგრეთვე მხედველობაშია მისაღები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკაც პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოთვლასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი), რომელიც მოცემული დავის ფარგლებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ვერ იქნებოდა შეფასებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გასაზიარებელია ის მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნების გაქვითვა სადავო გახდება, მაშინ ვალდებულების არსებობის ფაქტი სასამართლოს წესით უნდა დადასტურდეს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი www.civilcode.tsu.ge). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტებს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არცერთი კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა.
17. საკასაციო სასამართლო ასევე, არ იზიარებს კასატორის არგუმენტს შპს „მ–ის“ მიმართ სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების დაკისრების უმართებულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და „ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებების მხოლოდ სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება, რაც, რა თქმა უნდა, ვერ გავრცელდება მათ მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წარმოებულ დავებზე, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
18. რაც შეეხება, კასატორისთვის მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ოდენობით დაკისრებას, ამ ნაწილშიც პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მართებულია, ვინაიდან გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57). მოცემულ შემთხვევაში კასატორისთვის წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ოდენობით დაკისრება სრულად ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში და მართლზომიერია.
19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი, თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი