Facebook Twitter

საქმე №ას-507-2023 25 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ.ჭ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ი“, „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ი“, ვ.მ–ძე, ნ.მ–ძე (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – თ.მ–ძე, გ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ჭ–იამ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ნ.მ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე), შპს ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ქ.თბილისის N? ს.მ.ც–ისა (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე) წინააღმდეგ პარტნიორთა კრების ოქმის, პარტნიორის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელე ნ.ჭ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. ბათილად იქნა ცნობილი: შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის" 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის” 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის" დირექტორის პოზიციაზე აღდგენილ იქნა ნ.ჭ–ია; 3. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის" 2021 წლის 10 აგვისტოს პარტნიორის გადაწყვეტილება და შპს „ქ.თბილისის N2 ს.მ.ც–ის" დირექტორად აღდგენილ იქნა გ.გ–ი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება 21080455/8; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება B21081549/4.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ლი თებერვლის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 31 მარტს ნ.ჭ–იამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა. განცხადებით მოთხოვნილია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე: აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საზოგადოების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონების მართვა და განკარგვა; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საზოგადოების სახელით გარიგების დადება, რომლის ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საქართველოს საერთო სასამართლოებში სარჩელის შეტანა ან/და წარმომადგენლის დანიშვნა; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საზოგადოების საბანკო ანგარიშებიდან თანხის განაღდება ან/და გადარიცხვა თუ გასანაღდებელი ან/და გადასარიცხი თანხა აღემატება დღიურად 5000 ლარს; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“, როგორც შპს „ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორის სახელით გადაწყვეტილების მიღება; შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ პარტნიორთა კრებაზე ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს პარტნიორთა 100%-ის თანხმობით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ნ.ჭ–იას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს აეკრძალა კომპანიის 50% წილის მფლობელ პარტნიორ ნ.ჭ–იას თანხმობის გარეშე საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ....., N3, დაზუსტებული ფართობი: 2410.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ..) განკარგვა; 1.2. შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს აეკრძალა კომპანიის 50% წილის მფლობელი პარტნიორის - ნ.ჭ–იას თანხმობის გარეშე საზოგადოების სახელით გარიგების დადება, რომლის ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს; 1.3. შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს აეკრძალა კომპანიის 50% წილის მფლობელი პარტნიორის - ნ.ჭ–იას თანხმობის გარეშე საზოგადოების საბანკო ანგარიშებიდან თანხის განაღდება ან/და გადარიცხვა თუ გასანაღდებელი ან/და გადასარიცხი თანხა აღემატება დღიურად 5000 ლარს, გარდა კომუნალური გადასახადების, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი გადასახადებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასის სახით გასაცემი გადასახადებისა;

6. 2023 წლის 6 აპრილს, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ნ.ჭ–იამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება - დაუკმაყოფილებელ ნაწილში. 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, ნ.ჭ–იას საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სასამართლოსთვის არც განცხადების და არც საჩივრის წარდგენის ეტაპზე არ წარუდგენია მტკიცებულებები ან ფაქტები, რომ მოწვეულია პარტნიორთა კრება კონკრეტული დღის წესრიგით (ახალი დირექტორის დანიშვნა), რომ პარტნიორთა კრების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება დირექტორის შეცვლის შესახებ ან რომ მიმართული აქვთ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების სრულად დაკმაყოფილების საფუძვლები.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისისა და ამავე წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქრტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა გაადწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სრულად არ დაკმაყოფილდა.

12. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

13. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.

14. მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, აქვს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.52). საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, თუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საჩივრის ავტორი იმ გარემოებებზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინებით ნ.ჭ–იას შეუჩერდა პარტნიორის ხმის უფლება და აეკრძალა შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ დირექტორის თანამდებობის დაკავებაც. მისი განმარტებით, წარმოდგენილი განჩინების ერთადერთი მიზანი არის, ხმების 50%-ის მეშვეობით (ნ.ჭ–იას მონაწილეობის გარეშე) ახალი კრების ოქმის საფუძველზე შეცვალონ და დაარეგისტრირონ შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ის“ და შპს „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის“ ახალი დირექტორები. შესაბამისად, იმ დროისათვის, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში და მას წარადგენენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შპს „ჯ.ჭ–იას ს.ს.ც–ს“ და შპს „ქ. თბილისის №2 ს.მ.ც–ს“ ეყოლება სხვა დირექტორები და მათი რეგისტრაციის საფუძველიც იქნება ახალი/სხვა კრების ოქმები. შესაბამისად, მოცემულ დავაზე გადაწყვეტილებით დადგენილი კრების ოქმებისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს ვერანაირ იურიდიულ შედეგს და ვერ მოხდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - ნ.ჭ–ია ვერ აღდგება დირექტორად, შესაბამისად, გადაწყვეტილება გახდება აღუსრულებელი.

16. საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის პოზიციას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი მიზანი დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული არ არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 191.1 მუხლის დანაწესი მოიცავს ასევე - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას და გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, ანუ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება შეილახოს მხარის ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, საჩივარი დაუსაბუთებელია, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არ არსებობს თბილისის სააპელაციო საასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზნიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსი 191-ე მუხლი (შემდგომ - სსსკ), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების სრულად გამოყენების აუცილებლობის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდი.

17. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა არ გამოიწვევეს მოსარჩელის ინტერესების შელახვას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საკასაციო სასამართლო აქვე ითვალისწინებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1-ელი თებერვლის გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორის მითითებები, რომელიც არ შეიცავს არგუმენტირებულ შედავებას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლების დანაწესის ფარგლებში, მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიების გამოყენებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო. წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჭ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2023 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი