Facebook Twitter

საქმე №ას-507-2023 25 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ი“, „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ–ია (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ვ.მ–ძე, ნ.მ–ძე, ს.რ.ე.ს–ო.

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – თ.მ–ძე, გ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ჭ–იამ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ნ.მ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე), შპს ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ქ.თბილისის N? ს.მ.ც–ისა (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე) და ს.რ.ე.ს–ოს (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე), წინააღმდეგ პარტნიორთა კრების ოქმის, პარტნიორის გადაწყვეტილების, ს.რ.ე.ს–ოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და დირექტორის პოზიცაზე აღდგენის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელე ნ.ჭ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. ბათილად იქნა ცნობილი: შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის" 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის” 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის" დირექტორის პოზიციაზე აღდგენილ იქნა ნ.ჭ–ია; 3. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის" 2021 წლის 10 აგვისტოს პარტნიორის გადაწყვეტილება და შპს „ქ.თბილისის N? ს.მ.ც–ის" დირექტორად აღდგენილ იქნა გ.გ–ი; ბათილად იქნა ცნობილი ს.რ.ე.ს–ოს 2021 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება 21080455/8; ბათილად იქნა ცნობილი ს.რ.ე.ს–ოს 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება B21081549/4.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა ნ.ჭ–იამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე და მოითხოვა: 1. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ წესდების, სადამფუძნებლო შეთანხმების და სხვა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდეს მხოლოდ ნ.ჭ–იას თანხმობით. 2. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის“ წესდების, სადამფუძნებლო შეთანხმების და სხვა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდეს მხოლოდ ნ.ჭ–იას თანხმობით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ.ჭ–იას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა: 1.1 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ წესდების, სადამფუძნებლო შეთანხმების და სხვა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდეს მხოლოდ ნ.ჭ–იას თანხმობით. 1.2. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ქ. თბილისის #2 ს.მ.ც–ის“ წესდების, სადამფუძნებლო შეთანხმების და სხვა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდეს მხოლოდ ნ.ჭ–იას თანხმობით.

6. 2023 წლის 13 აპრილს, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრებით მიმართა შპს “ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის” და ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის წარმომადგენელმა გ.კ–ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება. 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით, შპს “ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის” და ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: მოწინააღმდეგე მხარის ქმედებები ქმნიდა გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების რისკებს და მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს 16.02.2023 წლის განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისისა და ამავე წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქრტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.

12. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

13. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საჩივრის ავტორი იმ გარემოებებზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ კომპანიის მდგრადობას და გამართულ მუშაობას უქმნის საფრთხეს და შეიცავს საწარმოს გაკოტრების ან სამედიცინო დაწესებულებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის რისკებს. გარდა ამისა, ეს განჩინება არ ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას და პირიქით, ხელს უშლის სამეწარმეო საზოგადოების ფუნქციონირებას. ისეთ პირობებში, როდესაც ნ.ჭ–იას სხვა სამოქალაქო საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით შეჩერებული აქვს დირექტორის თანამდებობის დაკავება და ხმის მიცემის უფლება, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შესატანად მისი თანხმობის გამოთხოვა, არის უკანონო პირობა. ასევე, მიღებული განჩინება უკანონოა იმ საფუძლითაც, რომ 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით სასამართლომ ერთხელ უკვე უთხრა უარი მოსარჩელე მხარეს პრაქტიკულად ამავე შინაარსის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, განმეორებით მიმართვისას კი, მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

15. საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის პოზიციას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი მიზანი დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული არ არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 191.1 მუხლის დანაწესი მოიცავს ასევე - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას და გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, ანუ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება შეილახოს მხარის ინტერესი.

16. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონდებელი, ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26.10.2017წ.; №ას-538-2022, 16.06.2022წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ.ჭ–იას სარჩელი - შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის" (ს/ნ .....) 2021 წლის 6 და 9 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობისა და დირექტორის პოზიციაზე აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა.

18. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვინაიდან, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების შელახვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ მიიღო განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომლის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

19. პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამარლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორც დროებითი ხასიათის ღონისძიება დაიცავს მესაკუთრის უფლებებს, რომელიც უზრუნველყოფილია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ამასთან, აღნიშნული არც მოპასუხის ინტერესებს არ შეზღუდავს გაუმართლებლად, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარის ქმედებები ქმნიდა გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების რისკებს და მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. რაც შეხება საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და უარი უთხრა მოსარჩელეს ანალოგიური შინაარსის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, პალატა პირველ რიგში აღნიშნვს, რომ ადრე განხილულ შუამდგომლობას საფუძლად ედო სხვა გარემოებები და მოთხოვნილი იყო სხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიებები

20. პალატის მითითებით, საჩივრის ავტორის მითითებები, რომელიც არ შეიცავს არგუმენტირებულ შედავებას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლების დანაწესის ფარგლებში, სწორად გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ისა“ და „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის“ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.04.2023 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი