საქმე №ას-507-2023 25 ოქტომბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ი“, „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ–ია (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – ვ.მ–ძე, ნ.მ–ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – თ.მ–ძე, გ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის და 2023 წლის 06 აპრილის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ჭ–იამ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ნ.მ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე), შპს ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ქ.თბილისის №2 ს.მ.ც–ისა (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე) წინააღმდეგ პარტნიორთა კრების ოქმის, პარტნიორის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ელი თებერვლის გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელე ნ.ჭ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. ბათილად იქნა ცნობილი: შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის" 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის” 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის" დირექტორად აღდგენილ იქნა ნ.ჭ–ია; 3. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის" 2021 წლის 10 აგვისტოს პარტნიორის გადაწყვეტილება დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს და შპს „ქ.თბილისის N? ს.მ.ც–ის" დირექტორად აღდგენილ იქნა გ.გ–ი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება 21080455/8; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება B21081549/4.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ლი თებერვლის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 31 მარტს ნ.ჭ–იამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა. განცხადებით მოთხოვნილია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე: აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საზოგადოების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონების მართვა და განკარგვა; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საზოგადოების სახელით გარიგების დადება, რომლის ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საქართველოს საერთო სასამართლოებში სარჩელის შეტანა ან/და წარმომადგენლის დანიშვნა; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე საზოგადოების საბანკო ანგარიშებიდან თანხის განაღდება ან/და გადარიცხვა თუ გასანაღდებელი ან/და გადასარიცხი თანხა აღემატება დღიურად 5000 ლარს; აეკრძალოს შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“, როგორც შპს „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორის სახელით გადაწყვეტილების მიღება; შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ პარტნიორთა კრებაზე ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს პარტნიორთა 100%-ის თანხმობით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ნ.ჭ–იას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს აეკრძალა კომპანიის 50% წილის მფლობელ პარტნიორ ნ.ჭ–იას თანხმობის გარეშე საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, დაზუსტებული ფართობი: 2410.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ......) განკარგვა; 1.2. შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს აეკრძალა კომპანიის 50% წილის მფლობელი პარტნიორის - ნ.ჭ–იას თანხმობის გარეშე საზოგადოების სახელით გარიგების დადება, რომლის ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს; 1.3. შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ დირექტორ ნ.მ–ძეს აეკრძალა კომპანიის 50% წილის მფლობელი პარტნიორის - ნ.ჭ–იას თანხმობის გარეშე საზოგადოების საბანკო ანგარიშებიდან თანხის განაღდება ან/და გადარიცხვა თუ გასანაღდებელი ან/და გადასარიცხი თანხა აღემატება დღიურად 5000 ლარს, გარდა კომუნალური გადასახადების, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი გადასახადებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასის სახით გასაცემი გადასახადებისა;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.ჭ–იას შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე და დამატებით გატარდა შემდეგი სახის უზრუნველყოფის ღონისძიებები: (1) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .....) დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია; (2) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა შპს „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......) დირექტორის ცვლილების რეგისტრაცია.
7. 2023 წლის 10 აპრილს, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრებით მიმართა შპს “ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის” და ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის წარმომადგენელმა გიგა კვერენჩხილაძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 და 6 აპრილის განჩინებების გაუქმება.
8. 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილისა და 6 აპრილის განჩინებებზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო, მოწინააღმდეგე მხარის ქმედებები ქმნიდა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის, ასევე აღსრულების დაბრკოლების რისკებს და მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით 2023 წლის 4 და 6 აპრილის განჩინებებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კერძოდ, საზოგადოებას აკრძალული ქმედებების განხორციელების უფლება შეუნარჩუნდა კომპანიის 50% წილის მფლობელი პარტნიორის - ნ.ჭ–იას თანხმობის შემთხვევაში, ამასთან საზოგადოების სახსრების განკარგვის აკრძალვა (ყოველდღიურად 5000 ლარს ზევით) არ გაავრცელა კომუნალურ გადასახადებზე, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი გადასახადებსა და კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასის სახით გასაცემ გადასახადებზე.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისისა და ამავე წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქრტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებების კანონშესაბამისობა, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა გაადწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
14. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
15. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020წ.).
16. მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, აქვს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.52). საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, თუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).
18. საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები კომპანიის მდგრადობას და გამართულ მუშაობას უქმნიან საფრთხეს და შეიცავენ საწარმოს გაკოტრების ან სამედიცინო დაწესებულებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის რისკებს. გარდა ამისა, ეს განჩინებები არ ემსახურება გადაწყვეტილების არცერთი პუნქტის აღსრულების უზრუნველყოფას და პირიქით, ხელს უშლის სამეწარმეო საზოგადოების ფუნქციონირებას. შპს “ჯ.ჭ.ს.ს.ც–ი” და ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ი სამედიცინო დაწესებულებებია, რომლებიც უამრავ ადამიანს უწევენ სამედიცინო მომსახურებას. თუ დირექტორის მიერ იმ გარიგებების დადება და იმ გადარიცხვების განხორციელება, რაზედაც გასაჩივრებულ განჩინებაშია საუბარი, მხოლოდ ნ.ჭ–იას კეთილ ნებაზე იქნა დამოკიდებული, შეიძლება კომპანია გაკოტრდეს. ვინაიდან არსებობს რისკი, რომ დირექტორთან და პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ნ.ჭ–იას მიერ უსაფუძვლო უარებმა შეაფერხოს სამედიცინო დაწესებულების მიერ პრეპარატების თუ სხვა ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი ქონების თუ მომსახურების შესყიდვა. ამასთან, თუ მოქმედი დირექტორები სამსახურიდან წავლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები ქმედუუნარონი გახდებიან, რადგან არ ეყოლებათ ხელმძღვანელი, შესაბამისად, პრეპარატების შესყიდვა, მომსახურების გაწევა, აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ხელფასების გადარიცხვა, ვერ მოხდება. საფრთხე ექმნება სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებას, რის გამოც მათ შეიძლება შეუჩერდეთ საქმიანობის ლიცენზია. შპს “ჯ.ჭ.ს.ს.ც–ი” ჩართულია ნარკომანიით დაავედებულ პირთა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამაში, ხოლო „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ი“ ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე ც ჰეპატატის ელიმინაციის პროგრამაში, შესაბამისად არსებობს საშიშროება უამრავმა დაავადებულმა პირმა ვერ მიიღოს გათვალისწინებული მომსახურება, რითაც კიდევ უფრო გაუუარესდეთ ჯანმრთელობა, დადგეს ფატალური შედეგი და ა.შ.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის პოზიციას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი მიზანი დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული არ არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 191.1 მუხლის დანაწესი მოიცავს ასევე - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას და გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, ანუ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება შეილახოს მხარის ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, საჩივარი დაუსაბუთებელია, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილისა და 6 აპრილის განჩინებების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსი 191-ე მუხლი (შემდგომ - სსსკ), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ისა“ და „ქ. თბილისის №2 ს.მ.ც–ის“ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2023 წლის და ამავე სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.04.2023 წლის განჩინებები.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი