Facebook Twitter

საქმე №ას-507-2023 25 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ.ჭ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ი“, „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ი“, ვ.მ–ძე, ნ.მ–ძე (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – თ.მ–ძე, გ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ჭ–იამ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ნ.მ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე), შპს ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ქ.თბილისის N? ს.მ.ც–ისა (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე), წინააღმდეგ პარტნიორთა კრების ოქმის, პარტნიორის გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ელი თებერვლის გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელე ნ.ჭ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. ბათილად იქნა ცნობილი: შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის" 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის” 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი; შპს „ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის" დირექტორად აღდგენილ იქნეს ნ.ჭ–ია; 3. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის" 2021 წლის 10 აგვისტოს პარტნიორის გადაწყვეტილება და შპს „ქ.თბილისის N? ს.მ.ც–ის" დირექტორად აღდგენილ იქნა გ.გ–ი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება 21080455/8; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება B21081549/4.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ელი თებერვლის გადაწყვეტილება.

4. 2023 წლის 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ.ჭ–იამ, რომელმაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოითხოვა შპს ,,ჯ.ჭ.ს.ს.ც–ის’’ თანადირექტორად ნ.ჭ–იას დანიშვნა და საზოგადოების სახელით გადაწყვეტილების მიღება, მართვა და წარმომადგენლობა მხოლოდ ერთობლივად ორი დირექტორის (ნ.მ–ძე და ნ.ჭ–ია) მეშვეობით; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს ,,ქ. თბილისის N? ს.მ.ც–ის’’ თანადირექტორად დაინიშნოს გ.გ–ი და საზოგადოების სახელით გადაწყვეტილების მიღება, მართვა და წარმომადგენლობა მხოლოდ ერთობლივად ორი დირექტორის (თ.მ–ძე და გ.გ–ი) მეშვეობით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა. 2023 წლის 31 მარტს, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ნ.ჭ–იამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება. 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, ნ.ჭ–იას საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაუსაბუთებელია, კერძოდ, არ არის მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით შესაძლო ზიანის ფაქტს. საჩივრის წარდგენის ეტაპზე არ წარუდგენია მტკიცებულებები ან ფაქტები, რომლებიც მოქმედი დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველი გახდებოდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისისა და ამავე წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

11. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

12. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.

13. მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, აქვს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.52). საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, თუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საჩივრის ავტორი იმ გარემოებებზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ ვლინდება ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არ იკევეთება ის გარემოებებიც, რომლებიც დაასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით შესაძლო ზიანის ფაქტს, რისი გათვალისწინებითაც, უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს.

15. საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის პოზიციას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი მიზანი დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული არ არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 191.1 მუხლის დანაწესი მოიცავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებასაც და გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, ანუ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება შეილახოს მხარის ინტერესი.

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა მოპასუხე მხარის მიერ სააპელაციო წესით მისი გასაჩივრების შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაუსაბუთებელია, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არ არსებობს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზნიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსი 191-ე მუხლი (შემდგომ - სსსკ), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების არარსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.

17. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა არ გამოიწვევს მოსარჩელის ინტერესების შელახვას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე,

18. საკასაციო სასამართლო აქვე ითვალისწინებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1-ელი თებერვლის გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორის მითითებები, რომელიც არ შეიცავს არგუმენტირებულ შედავებას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლების დანაწესის ფარგლებში, მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიების გამოყენებაზე.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაუსაბუთებლობის გამო. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ მიიღო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რომლის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჭ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2023 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი