¹ბს-1068-1021(კ-07) 14 თებერვალი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 7 ივნისს მოსარჩელეებმა _ რ. ყ-მა, ი. ხ-მა და ზ. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახელფასო (სადეპუტატო) დავალიანებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიალური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელები _ რ. ყ-ი, ი. ხ-ი და ზ. ღ-ი იყვნენ საქართველოს პარლამენტის ...... წლების მოწვევის მაჟორიტარი წევრები (დეპუტატები). საქართველოს პარლამენტს მათთვის არ გადაუხდია სახელფასო და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხები. კერძოდ, რ. ყ-თვის უნდა აენაზღაურებინათ სულ _ 1888.00 ლარი, ი. ხ-თვის _ 2415.00 ლარი, ხოლო ზ. ღ-თვის _ 1888.00 ლარი. აღნიშნული დავალიანებების დაფარვის მოთხოვნით მოსარჩელეებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დავალიანების დაფარვა საქართველოს პარლამენტმა ვერ მოახერხა (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს პარლამენტს ი. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება 2415.00 ლარის ოდენობით დაქვითვის გათვალისწინებით, ხოლო რ. ყ-ისა და ზ. ღ-ის სასარგებლოდ _ თითოეულისათვის 1888.00 ლარის ანაზღაურება დაქვითვის გათვალისწინებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო თანამდებობრივი სარგო საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურებისათვის დაწესებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებით. ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის თანახმად, ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდება ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებას. მოცემული კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად (ს.ფ. 40-41).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტმა განმარტა, რომ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: ,,წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები”. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაგროვება, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა, გამოწვეული იყო საბიუჯეტო დეფიციტით და შესაბამისი თანხების მიუღებლობით. როგორც სასარჩელო განცხადებაზე თანდართული პარლამენტის ბუღალტერიის მიერ გაცემულ ცნობაშია დაფიქსირებული, მოსარჩელეებზე გასაცემი თანხები მათ მიერ აღიარებულია, მაგრამ აღნიშნული თანხის გადახდა პირდაპირ და უშუალო კავშირშია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პარლამენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვასთან, რაც ჯერ არ მომხდარა, მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მრავალგზისი მოთხოვნისა (ს.ფ. 53-55).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს პარლამენტს დაეკისრა ი. ხ-ის სასარგებლოდ არსებული სადეპუტატო და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიელურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხის დავალიანების _ 2415.00 ლარის, ხოლო რ. ყ-ისა და ზ. ღ-ის სასარგებლოდ _ თითოეულისათვის 1888.00 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაემყარა:
სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სახელზე ირიცხება და გასაცემია გასული წლების დავალიანებები. ი. ხ-თვის უნდა აენაზღაურებინათ _ 1999 წლის IX-X-XI თვის სადეპუტატო _ 600.00 ლარი, 2003 წლის X-XI-XII თვის სადეპუტატო _ 765.00 ლარი, 2000 წლის IX-X-XI-XII და 2003 წლის X-XI-XII თვის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხა _ 1050.00 ლარი, სულ _ 2415.00 ლარი. რ. ყ-თვის უნდა აენაზღაურებინათ 1999 წლის ნოემბრის თვის 10 დღის სადეპუტატო _ 73.00 ლარი, 2003 წლის X-XI-XII თვის სადეპუტატო _ 765.00 ლარი, 2000 წლის IX-X-XI-XII და 2003 წლის X-XI-XII თვის მაჟორიტარი დეპუტატის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხა _ 1050.00 ლარი, სულ _ 1888.00 ლარი.
ზ. ღ-თვის უნდა აენაზღაურებინათ 1999 წლის ნოემბრის თვის 10 დღის სადეპუტატო _ 73.00 ლარი, 2003 წლის X-XI-XII თვის სადეპუტატო _ 765.00 ლარი, 2000 წლის IX-X-XI-XII და 2003 წლის X-XI-XII თვის მაჟორიტარი დეპუტატის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხა _ 1050.00 ლარი, სულ _ 1888.00 ლარი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობა წარმოადგენს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობას. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს პარლამენტი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, ხოლო ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. მოსარჩელეები, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში წარმოადგენდნენ სახელმწიფო მოსამსახურეებს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო (ხელფასი).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს პარლამენტს გააჩნია სადეპუტატო და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხის დავალიანება და არ გააჩნია სახელფასო დავალიანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად ექვემდებარება გაუქმებას (ს.ფ. 81-85).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაგროვება, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა, გამოწვეული იყო საბიუჯეტო დეფიციტით და შესაბამისი თანხების მიუღებლობით, ამდენად, როგორც სასარჩელო განცხადებაზე თანდართული პარლამენტის ბუღალტერიის მიერ გაცემულ ცნობაში იყო დაფიქსირებული, მოსარჩელეებზე გასაცემი თანხები მათ მიერ აღიარებულია, მაგრამ აღნიშნული თანხის გადახდა პირდაპირ და უშუალო კავშირშია ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პარლამენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვასთან, რაც ჯერ არ მომხდარა, მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მრავალგზისი მოთხოვნისა. 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების შესაბამისად, 2007 წლის პირველი დეკემბრისათვის საქართველოს პარლამენტს (კიდევ ერთხელ) მიეწოდებინა ფინანსთა სამინისტროსათვის კრედიტორული დავალიანებების ნუსხა, რაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან შესრულდა, საქართველოს პარლამენტი აქტიურად ცდილობდა, დროულად განხორციელებულიყო ზემოაღნიშნული დავალიანებების გასტუმრება. კასატორმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა მოითხოვა. მისი მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არგუმენტების მოსმენა და გაზიარება ხელს შეუწყობდა აღნიშნულ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას (ს.ფ. 95-98).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.