Facebook Twitter

საქმე №ას-249-2024 11 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.ს.უ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – მ.ფ–ი, ნ.წ–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ს.გ.ს.უ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „სამეწარმეო საზოგადოება“ ან „კასატორი“), მ.ფ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) და ნ.წ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“, პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 3643.75 ლარის, დარიცხული პირგასამტეხლოს - 1481.23 ლარის, დარიცხული საურავის - 2400 ლარისა და გამარტივებული საქმისწარმოების საფასურის - 100 ლარის, ჯამურად - 7624.98 ლარის, გადახდის სოლიდარულად დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 26.08.2019 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა №HEAD.0002490.006 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 40000 ლარი, 4593.82 ლარის საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სესხად აღებული თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაებრუნებინა 184 დღის ვადაში, საგადახდო გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგადახდო გრაფიკის დარღვევისათვის მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ხოლო დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის საურავი სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით.

2.2. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს მეორე და მესამე მოპასუხეებმა.

2.3. პირველმა მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, საგადახდო გრაფიკის პირობების დარღვევით სესხზე გადაიხადა 41350.05 ლარი, საიდანაც 399.98 ლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, 4593.82 ლარი ჩაითვალა საპროცენტო სარგებელში, ხოლო 36356.25 ლარი დააკლდა სესხის ძირითად თანხას. მსესხებელს დამატებით არაერთხელ განესაზღვრა ვადა დავალიანების დასაფარად; გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და გაფრთხილებულ იქნა ხელშეკრულების შეწყვეტისა და სესხის ძირითადი თანხის 12%-ის - 4800 ლარის ოდენობით საურავის დარიცხვის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. მსესხებელს დაერიცხა საურავი მხოლოდ 2400 ლარი.

2.4. სარჩელის აღძვრის დღისათვის სასესხო დავალიანება გამსესხებლის წინაშე შეადგენს 7624.98 ლარს, საიდანაც 3643.75 ლარი არის სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა, 1481.23 ლარი - ვადაგადაცილებულ დღეებზე დარიცხული პირგასამტეხლო, 2400 ლარი - დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის საურავი, ხოლო 100 ლარი - დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული საქმისწარმოების საფასური.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის - 3643.75 ლარის, დარიცხული პირგასამტეხლოს - 1481.23 ლარისა და დარიცხული საურავის - 2400 ლარის, ჯამურად 7524.98 ლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ გამარტივებული საქმისწარმოების საფასურის - 100 ლარის ანაზღაურებაც. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2321 მუხლი).

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საჩივრით. მათი განმარტებით, შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაჰბარებიათ. ამასთან, მიუთითეს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2022 წლის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 30.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

7.1. 05.03.2021 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მოპასუხეების მიმართ. მოპასუხეებს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარების დღიდან.

7.2. №03163 საფოსტო უკუგზავნილით (შეტყობინებით) დასტურდება, სასამართლო გზავნილი სამეწარმეო საზოგადოებას გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის შესახებ მითითებით, გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე - ქობულეთი, .......... შესახვევი, №2; საფოსტო დაწესებულების კურიერის წერილობითი განმარტებით, ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე 05.04.2021 წელს.

7.3. ამავე საფოსტო დაწესებულების №03164 უკუგზავნილით (შეტყობინებით) დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი ფიზიკურ პირს მეორე მოპასუხეს გაეგზავნა საცხოვრებელ მისამართზე (რაც იმავდროულად წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების იურიდიულ მისამართს) - ქობულეთი, ჩაქვი, ........; საფოსტო დაწესებულების კურიერის წერილობითი განმარტებით, ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე 05.04.2021 წელს. რაც შეეხება მესამე მოპასუხეს, მის სახელზე გზავნილი ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს 12.04.2021 წელს.

7.4. მოპასუხეებს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენიათ, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 30.04.2021 წელს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

7.5. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარი არ განუცხადებიათ, მოპასუხეების მხარეს იყო, რაც სათანადოდ ვერ განახორციელეს. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეაფასა საფოსტო რეესტრის რეგისტრაციის ნომრით გაცემული საფოსტო უკუგზავნილები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ისინი შეიცავენ დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის: გამგზავნის დასახელებასა და მისამართს, ადრესატების ვინაობასა და მისამართს (ფიზიკური პირის შემთხვევაში მითითებას პირად ნომერზე, იურიდიული პირის შემთხვევაში მითითებას საიდენტიფიკაციო ნომერსა და ხელმძღვანელ პირზე), დოკუმენტების გაგზავნის თარიღს, კურიერის ადრესატებთან ვიზიტის თარიღს, მითითებას ჩაუბარებლობის მიზეზზე. უკუგზავნილები დადასტურებულია კურიერის ხელმოწერებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია სრულად გასაზიარებელია, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის გაქარწყლებული არ არის საპირისპირო მტკიცებულებებით. მოპასუხეებს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამდენად, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ №03163 და №03164 საფოსტო გზავნილებში დაფიქსირებული ჩანაწერი - „უარი განაცხადა ჩაბარებაზე“ - არასწორია, გაზიარებული ვერ იქნება.

7.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ და მათი დავალიანება სარჩელის წარმოდგენის დროისათვის შეადგენდა 7524.98 ლარს, სესხის ძირითადი დავალიანების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და საურავის სახით თანხის დაკისრების მოთხოვნა, გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-418-ე, 623-625-ე მუხლებიდან.

7.7. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება იურიდიულად გამართლებულია, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მხარეს არ მიუთითებია სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა ისეთ გარემოებებზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხეთა საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით მეორე და მესამე მოპასუხეების საკასაციო საჩივარი ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად, ხოლო პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინება.

12. სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

13. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

14. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წლის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

15. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

16. კასატორის საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი ისაა, რომ მას სასამართლოს გზავნილი არ ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით.

17. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის (გზავნილის გაგზავნის პერიოდში მოქმედი კანონის) 4.4. მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად). გასაჩივრებული განჩინებით საფოსტო უკუგზავნილის საფუძველზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები სამეწარმეო საზოგადოებას, გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის (მეორე მოპასუხე) შესახებ მითითებით, 15.03.2021 წელს გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე ((ქობულეთი, ........) იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ.25), რომელიც იმავდროულად მისი დირექტორის მისამართიცაა (ს.ფ.21). ადრესატმა - სამეწარმეო საზოგადოების დირექტორმა 05.04.2021 წელს უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე; უკუგზავნილი დადასტურებულია კურიერის ხელმოწერით (ს.ფ.42).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კურიერის მიერ შედგენილი აქტის მიმართ მოქმედებს მისი ნამდვილობის პრეზუმფცია, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს ამ აქტის ადრესატს (სუსგ №ას-1545-2022, 28.04.2023წ., პუნ.26). მოცემულ შემთხვევაში, პირველმა მოპასუხემ ზემოაღნიშნული საფოსტო უკუგზავნილის ნამდვილობის პრეზუმფციის გაქარწყლება ვერ შეძლო.

19. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ რადგან სამეწარმეო საზოგადოების დირექტორმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე), სარჩელი და თანდართული მასალები მისთვის ჩაბარებულად ითვლება 05.04.2021 წელს. დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მართებულად დარჩა უცვლელად.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წლის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637).

22. მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის 623-ე, 625-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას.

23. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ას-624-2023, 27.07.2023წ; №ას-1491-2020, 25.03.2021წ; №ას-554-2019, 31.03.2021წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 376.20 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 263.34 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ნ–ს“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს კ.ფ–ის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 376.20 ლარის (საგადასახადო დავალება №6115, წარდგენის თარიღი 25.04.2024წ., მიღების თარიღი 26.04.2024წ.) 70% – 263.34 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია