Facebook Twitter

საქმე №ას-674-2023 11 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ტ.პ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.11.2022 წლის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „ტ.პ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7812 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო ბათუმში, .......... მდებარე 1024 კვ.მ (ს/კ: ......) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მიწის ნაკვეთი“), რომელიც 06.12.2021 წელს საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. მოსარჩელე ითხოვს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეობის პერიოდში მოპასუხის მიერ მართლზომიერი ფლობის საფუძვლის გარეშე მისი უსასყიდლოდ სარგებლობით დაზოგილ თანხას.

3.2. 02.08.2021 წლიდან მოპასუხე (მისი საფირმო სახელწოდება იმ პერიოდში იყო სს „მეტრო მოლ ოფ აჭარა“) მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სარგებლობდა მიწის ნაკვეთით; უნებართვოდ განათავსა ღობე, რაზეც ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ 02.08.2021 წელს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აპN000448, ხოლო 11.10.2021 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით მოპასუხე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. ამ უკანასკნელმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა.

3.3. მოპასუხემ არაერთხელ მიმართა როგორც მოსარჩელეს, ასევე შემდგომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რათა პირდაპირი მიყიდვის გზით მისთვის საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთი. მოპასუხის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ბათუმში, ...... ქუჩა №11 ბ-ში (ს/კ: ......).

3.4. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი 25.11.2021 წლის წერილით მოპასუხეს ეცნობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის საფასურის ოდენობა (მისი გამოთვლის წესი და საფუძვლები) და განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის გათავისუფლებამდე ვალდებული იქნებოდა ყოველდღიურად გადაეხადა 62 ლარი ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. წერილი მოპასუხეს ჩაჰბარდა.

3.5. მოპასუხე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, სააქციო საზოგადოებას, რომლის საქმიანობის მიზანია მოგების მიღება.

3.6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 09.11.2021 წლის №007829321 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 452025 ლარს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წლიური სარგებლობის საფასური შეადგენს საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ს, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში წელიწადში შეადგენს 22602 ლარს, ხოლო ყოველდღიური სარგებლობის საფასური არის 62 ლარი. მოპასუხის მიერ თვითნებურად დაკავებული პერიოდისათვის (126 დღე) სარგებლობის საფასური შეადგენს 7812 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მას გადასახდელად.

3.7. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთს) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მიწის სარგებლობისთვის საზღაურის გაღების გარეშე ფლობს და სარგებლობს მოპასუხე, რითაც მოსარჩელის ხარჯზე დაზოგა მატერიალური რესურსი, რომლის გაცემაც მას მოუწევდა ჩვეულებრივ ამ მიწით სარგებლობისთვის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დანაზოგით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამ ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელე ეყრდნობა ამონაწერებს საჯარო რეესტრიდან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აპN000448 ოქმს, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილ წერილებს.

3.8. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით დასტურდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მოპასუხე არ შედავებია მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობის ფაქტის უარსაყოფად მოპასუხე მიუთითებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ ბათუმის მერიისთვის წარდგენილ წერილებზე, რომლებითაც არაერთხელ მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში გადაცემა. აპელანტი (მოპასუხე) მიუთითებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26.11.2021 წელს მიღებულ №გ-15.15213305 განკარგულებაზეც, რომლითაც რეგულირებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ბათუმში, ........ მდებარე 1024,0 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: .....) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის პირობები.

3.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ მოსარჩელისადმი მიმართვა ამ უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. სწორედ აღნიშნული წერილები ადასტურებს მოპასუხის (როგორც სამეწარმეო სუბიექტის) საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფლობის სურვილსა და კომერციულ ინტერესს (რაც, უპირველეს ყოვლისა, მოგების მიღების მოლოდინითაა მოტივირებული) და რაც ნათლადაა მითითებული 13.09.2021 წლისა და 14.12.2021 წლის წერილებში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით უტყუარად დასტურდება მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, რომელსაც თავად მოპასუხეც არ უარყოფს. მხარეთა შორის სადავოა ფლობის მართლზომიერებისა და სარგებლობის ფაქტი, იმ პერიოდისთვის, რომლისთვისაც მოთხოვნილია გადასახადი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობისთვის. პალატამ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ფლობით მოპასუხე საკუთარი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობებს ქმნიდა, ახორციელებდა საკუთარი ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისე, რომ არ იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და არ იხდიდა მისი სარგებლობის საფასურს.

3.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითებები, რომ დავალიანების გადახდის შესახებ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი წერილები არ შეიცავდა მითითებებს დაკავებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი 25.11.2021 წლის წერილით მოპასუხეს ეცნობა ქონების სარგებლობის საფასურის ოდენობა (მისი გამოთვლის წესი და საფუძვლები) და განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის გათავისუფლებამდე ვალდებული იქნებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ ყოველდღიურად გადაეხადა 62 ლარი.

3.11. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ადგილი უნდა ჰქონდეს ერთი პირის გამდიდრებას მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ.

3.12. მოპასუხე წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს. მისივე მითითებით, მოპასუხის საქმიანობის სფეროა სამშენებლო ბიზნესი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, ტრანსპორტირება და მგზავრთა გადაყვანა, ტურიზმი, სავაჭრო ცენტრების მართვა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სამშენებლო მასალების წარმოება და რეალიზაცია, სამედიცინო ტურიზმი, ფინანსური ინსტიტუტების ოპერირება და სხვა. მოპასუხეს დაკავებული აქვს მითითებული მიწის ნაკვეთი, რასაც არც თავად უარყოფს, თუმცა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მიწის ნაკვეთით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების (გამდიდრების გათანაბრების) მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 982-ე მუხლის პირველი ნაწილი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი).

9. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013წ; №ას-275-2020, 16.11.2021წ.). სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ., 17).

10. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით დაადგინა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს; მოსარჩელე ითხოვს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეობის პერიოდში მოპასუხის მიერ მართლზომიერი ფლობის საფუძვლის გარეშე მისი უსასყიდლოდ სარგებლობით დაზოგილ თანხას. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მითითებულ პერიოდში სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების მოპოვების შესაძლებლობას დღეში 62 ლარზე ნაკლებ თანხად.

12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 391 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 273.7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ტ.პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სს „ტ.პ.ბ–ს“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს შპს „ჯ. რ.ე. ე. მ–ის“ (ს/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 391 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N5414152), გადახდის თარიღი 05.06.2023წ.) 70% – 273.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია