Facebook Twitter

საქმე №ას-568-2023 25 მარტი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სამინისტრო“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მინისტრი“) 23.06.2020 წლის MES 0 20 0000504211 წარდგინება სსიპ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სკოლა“) სამეურვეო საბჭოს სახელზე და 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანება სკოლის დირექტორ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სკოლის დირექტორის თანამდებობის ტოლფას, ამავე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მან შესაბამისი უფლებამოსილება განახორციელოს მანამდე, ვიდრე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 42.2 მუხლის საფუძველზე, სკოლის სამეურვეო საბჭო სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატებიდან არ აირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე;

1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი სახელფასო განაცდურის ანაზღაურება 24.07.2020 წლიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე ყოველთვიურად 520 ლარი (ხელზე ასაღები თანხა, დარიცხულ 650 ლარზე საშემოსავლო გადასახადის – 20%-ის, 130 ლარის გამოკლებით);

1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 23.06.2020 წლის MES 0 20 0000504211 წარდგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე და 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანება სკოლის დირექტორ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 4 თვისა და 3 დღის ვადით; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული თანხის ნაწილის - 50 ლარისა და საადვოკატო ხარჯის, 1000 ლარის, ანაზღაურება.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მინისტრის 06.09.2011 წლის ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 26.11.2014 წლის №1.2/3759 ბრძანებით იგი გატარდა სკოლის დირექტორად რეგისტრაციაში. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მოსარჩელეს შორის დაიდო 27.11.2014წ. №5/36 შრომითი ხელშეკრულება, რომლის 8.1. მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა სკოლასა და სკოლის დირექტორს შორის წარმოიშობა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, სკოლის დირექტორად რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს 6 წლის ვადით. ამავე შრომითი ხელშეკრულების 5.1. მუხლით, დასაქმებულს მიეცემა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით, სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად. მოსარჩელის, როგორც სკოლის დირექტორის, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (ხელფასი) სამუშაოდან გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 650 ლარს.

2.2. სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ გაცემული დახასიათებით მოსარჩელე ხასიათდება დადებითად.

2.3. მინისტრის 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორ მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს გაეცნო 30.07.2020 წელს.

2.4. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 27.07.2020 წლის №1.2/138 ბრძანებით რეგისტრაციაში გატარდა სკოლის დირექტორის - მოსარჩელის უფლებამოსილების შეწყვეტა. მინისტრის 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გ.ქ–ის 20.07.2020 წლის №613937 მოხსენებითი ბარათი სკოლის საქმიანობაში დადგენილ მძიმე ხასიათის სისტემატურ, განმეორებადი სახის დარღვევაზე, სკოლის დირექტორის მიერ წლების განმავლობაში ჯეროვანი რეაგირების განუხორციელებლობის შესახებ, რასაც შედეგად მოჰყვა მოსწავლის უსაფუძვლოდ კლასიდან კლასში გადაყვანა.

2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვევები, რომლებიც აისახა დასკვნაში, თავისი ხასიათით არ არის იმ სიმძიმის, რომ გამოყენებული ყოფილიყო უკიდურესი ღონისძიება, შრომითი უთიერთობის შეწყვეტა, რადგან დაფიქსირებული დარღვევებით გამოწვეულ მძიმე სამართლებრივ შედეგებზე არ არის განვითარებული მსჯელობა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გ.ქ–ის 20.07.2020 წლის №613937 მოხსენებით ბარათში. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არ არის მიღებული საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე, სათანადოდ არ არის შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გადაწყვეტილების მიმღებს უფლება არ გამოუყენებია მართლზომიერად, შესაბამისად, იგი ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია კანონით გათვალისწინებულ სამსახურებრივ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. განსახილველ შემთხვევაში, რადგან ბათილია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, დამსაქმებელი ვალდებულია, აღადგინოს დასაქმებული პირვანდელ სამუშაო ადგილზე (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი).

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. დასაქმებულმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. დამსაქმებელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის გადაწყვეტილებით - დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.2022 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: ა) ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 23.06.2020 წლის MES 0 20 0000504211 წარდგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე; ბ) ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანება სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; გ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული თანხის ნაწილის - 50 ლარისა და საადვოკატო ხარჯის სახით 1000 ლარის ანაზღაურება; დასაქმებულის მოთხოვნები ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სხვა ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.2022 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მინისტრის 06.09.2011 წლის ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად.

4.2. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 26.11.2014 წლის №1.2/3759 ბრძანებით მოსარჩელე გატარდა რეგისტრაციაში სკოლის დირექტორად.

4.3. 27.11.2014 წელს სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მოსარჩელეს შორის დაიდო №5/36 შრომითი ხელშეკრულება, რომლის 8.1 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა სკოლასა და სკოლის დირექტორს შორის წარმოიშობოდა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, სკოლის დირექტორად რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებდა 6 (ექვსი) წლის ვადით. ამავე შრომითი ხელშეკრულების 5.1 მუხლით, დასაქმებულს მიეცემოდა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით, სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად. მოსარჩელის, როგორც სკოლის დირექტორის, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (ხელფასი) სამუშაოდან გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 650 ლარს.

4.4. მინისტრის 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორ მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

4.5. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, გ. ქ–ის, 20.07.2020 წლის №613937 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოცემული მინისტრის 24.07.2020 წლის MES 720 0000631253 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს გაეცნო 30.07.2020 წელს.

4.6. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2020 წლის №1806201500 დასკვნის საფუძველზე მომზადებული ამავე დეპარტამენტის უფროსის გ. ქ–ის 20.07.2020 წლის №613937 მოხსენებითი ბარათით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სკოლის შემოწმების შედეგად დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, კერძოდ: მოსწავლე ნ. ღ–ია, რამდენიმე წლის (2017-2019წწ.) განმავლობაში, პერიოდულად კვეთდა საქართველოს საზღვარს, შესაბამისად, იგი გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, საკლასო ჟურნალში მოსწავლეს „არა“ არ უფიქსირდებოდა. საკლასო ჟურნალებზე პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდებოდა მათი მონიტორინგი. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ სასწავლო პროცესის მონიტორინგისას დადგინდა, რომ სკოლის რამდენიმე მასწავლებელი მოსწავლის გაკვეთილზე არყოფნისას სასწავლო ჟურნალში „არას“ არ აფიქსირებდა. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენდა დირექტორის მხრიდან უხეშ დარღვევას, რომელიც მოიცავდა ორ სასწავლო წელს, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს. ამდენად, საჯარო სკოლის საქმიანობაში დადგინდა მძიმე ხასიათის სისტემატური, განმეორებადი სახის დარღვევა, რაზეც სკოლის დირექტორი წლების განმავლობაში არ ახდენდა ჯეროვან რეაგირებას, რის შედეგადაც მოხდა მოსწავლის უსაფუძვლოდ კლასიდან კლასში გადაყვანა. ამ გარემოებების გამო, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საფუძვლიანად მიიჩნია სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

4.7. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2020 წლის №1806201500 დასკვნის საფუძველზე, ხონის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სკოლაში პედაგოგების მიერ 2015-2019 წწ. სასკოლო ჟურნალებში მონაცემების გაყალბებაზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 362.1 მუხლით.

4.8. მინისტრის 01.10.2021 წლის №MES2210001011227 ბრძანებით, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ი. ტ–ძე.

4.9. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის პრეტენზია მიმართულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენდა საკმარისს ისეთი სახის დისციპლინური სახდელის დადებისათვის, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება. დასაქმებულის პრეტენზია მიმართულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ არ არსებობდა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, მისი მითითებით, გაუმართლებელია ყველა გამოვლენილი დარღვევისათვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან მათზე პასუხისმგებელი იყვნენ კონკრეტული მასწავლებლები, რომელთა მიმართაც უკვე გამოიყენეს შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები.

4.10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

4.11. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტი (სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად).

4.12. სააპელაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, არსებობდეს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსწავლეები არ ცხადდებოდნენ გაკვეთილებზე, თუმცა, საკლასო ჟურნალში მასწავლებლების მიერ „არა“ არ ეწერებოდათ. მოსწავლე ნ. ღ–ია, რამდენიმე წლის (2017-2019წწ.) განმავლობაში, პერიოდულად კვეთდა საქართველოს საზღვარს, შესაბამისად, იგი გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა. მიუხედავად ამისა, საკლასო ჟურნალში მოსწავლეს „არა“ არ ეწერებოდა, გადადიოდა კლასიდან კლასში. საკლასო ჟურნალებზე პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდებოდა მონიტორინგი.

4.13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები პირდაპირ კავშირშია მოსარჩელის მიერ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, რადგან სკოლაში ყველა სახის საქმიანობის სწორად წარმართვისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე ზედამხედველობის ტვირთი და პასუხისმგებლობა, სწორედ დირექტორს ეკისრება.

4.14. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.09.2005 წლის №448 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე... „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

4.15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.08.2010 წლის №80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით, სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება.

4.16. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.08.2013 წლის №114/ნ ბრძანებით გათვალისწინებულია ჟურნალის წარმოების წესი, რომლის მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის თანახმად, გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა ხდება გაკვეთილის დაწყებისთანავე და გაკვეთილზე მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ჟურნალში ფიქსირდება „არა“.

4.17. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან მოსარჩელე მუშაობდა სკოლის დირექტორად, მის უშუალო ვალდებულებასა და ფუნქციას წარმოადგენდა სკოლის კვალიფიციურად მართვა, ნებისმიერ მიმდინარე პროცესზე გონივრული მენეჯერული ზედამხედველობა. მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება, რომ სკოლის საქმიანობაში იყო მძიმე ხასიათის სისტემატური, განმეორებადი დარღვევები, რაზეც სკოლის დირექტორი წლების განმავლობაში არ ახდენდა ჯეროვან რეაგირებას.

4.18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გათავისუფლების საფუძვლად დაფიქსირებული ფაქტები ერთობლივად დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების „უხეშ“ დარღვევას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო.

4.19. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 4 თვისა და 3 დღის ვადით და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დასაქმებულმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. დამტკიცებულად არის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ:

8.1. მინისტრის 06.09.2011 წლის ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლად (ტ.1, ს.ფ.20);

8.2. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 26.11.2014 წლის №1.2/3759 ბრძანებით მოსარჩელე გატარდა რეგისტრაციაში სკოლის დირექტორად (ტ.1, ს.ფ. 21);

8.3. 27.11.2014 წელს სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მოსარჩელეს შორის დაიდო №5/36 შრომითი ხელშეკრულება(ტ.1, ს.ფ. 22-25), რომლის:

8.3.1. 8.1 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა სკოლასა და სკოლის დირექტორს შორის წარმოიშობოდა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სკოლის დირექტორად რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებდა 6 (ექვსი) წლის ვადით;

8.3.2. 5.1 მუხლით, დასაქმებულს მიეცემოდა ყოველთვიურად შრომის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით, სკოლის საშტატო განრიგის/ნუსხის შესაბამისად. მოსარჩელის, როგორც სკოლის დირექტორის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება (ხელფასი) სამუშაოდან გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა 650 ლარს (ტ.1, ს.ფ. 26);

8.4. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2020 წლის დასკვნის თანახმად, სკოლაში, სადაც მოსარჩელე იყო დირექტორი, გამოვლინდა მოსწავლე ნ. ღ–ას მიერ რამდენიმე წლის (2017-2019წწ.) განმავლობაში საქართველოს საზღვრის პერიოდულად კვეთა და, შესაბამისად, საგანმანათლებლო პროცესის გაცდენა, რაც ჟურნალში არ ასახულა. სკოლის რამდენიმე მასწავლებელი მოსწავლის გაკვეთილზე არყოფნისას სასწავლო ჟურნალში „არას“ არ აფიქსირებდა, რაზეც სკოლის დირექტორი არ ახდენდა ჯეროვან რეაგირებას. მოსწავლე დაუბრკოლებლად გადადიოდა კლასიდან კლასში (ტ.1, ს.ფ. 51-69). „არების“ დაუფიქსირებლობა არ იყო ერთეული შემთხვევა და დღეის მდგომარეობითაც მასწავლებლები მოსწავლეთა დასწრებას სრულყოფილად არ აღრიცხავენ, ხოლო დირექტორის მიერ არ ხდება აღნიშნული საკითხის სათანადო კონტროლი და შესაბამისი რეაგირება დარღვევის აღმოფხვრის კუთხით (ტ.1, ს.ფ.62);

8.5. 23.06.2020 წელს მინისტრმა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართა წარდგინებით, რათა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე განეხილა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (ტ.1, ს.ფ.70-71);

8.6. სკოლის სამეურვეო საბჭოს 02.07.2020 წლის სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს არ შეუწყდა უფლებამოსილება (იხ. ოქმი №-10, ტ.1, ს.ფ.72-85);

8.7. მინისტრის 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანებით (ტ.1, ს.ფ.39), სშკ-ის (წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორ მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შეწყვეტის საფუძველი - სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, გ. ქ–ის, 20.07.2020 წლის №613937 მოხსენებითი ბარათი, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგებზე (ტ.1, ს.ფ. 43-48).

9. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.2022 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 23.06.2020 წლის წარდგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე, 24.07.2020 წლის ბრძანება ამავე სკოლის დირექტორ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და დადგინდა მისი აღდგენა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 4 თვისა და 3 დღის ვადით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 23.06.2020 წლის წარდგინებისა და 24.07.2020 წლის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 4 თვისა და 3 დღის ვადით აღდგენის ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დირექტორის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე დამსაქმებელს/სამინისტროს არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

11. შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, შეფასების საგანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

12. საკასაციო პალატა მოიხმობს სშკ-ის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამდენად, ის ურთიერთობები, რომლებიც განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონით, ექცევა სშკ-ის მოქმედების სფეროში (ლეონიდე ადეიშვილი, დავით კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა 6/2003-1, გვ.10; ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.25,26). „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსთან ერთად წესრიგდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

13. შრომის სამართლის ბუნებიდან გამომდინარე, სშკ ადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველთა ამომწურავ ჩამონათვალს (სშკ-ის 37-ე მუხლი), რათა განისაზღვროს ზუსტი ჩარჩოები და არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. ამასთან, დასაქმებულისათვის მაქსიმალურად განჭვრეტადი უნდა იყოს ის საფუძვლები, რომლებიც შესაძლებელია, ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა გახდეს (სუსგ №ას-1213-2020, 07.06.2022წ.).

14. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ.).

15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ; №ას-415-395-2015, 10.06.2015წ.).

16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

17. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტი (სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ; №ას-724-2019, 26.07.2019წ; №ას-658-2020, 04.12.2020წ.).

19. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო საჯარო სკოლის დირექტორად, რაც მას განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებით, კანონისა და დირექტორის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვით ავალდებულებდა სკოლის მართვას (სუსგ №ას-514-2019, 04.10.2019წ., 26; №ას-641-2020, 18.09.2020წ., 24). ხსენებული პოზიცია მოიცავს დირექტორის მენეჯერული უნარების ქონასაც, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობასაც გულისხმობს (სუსგ №ას-1219-2018, 22.11.2019წ., 1.4). პალატა მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე (სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას; ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს) და ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სკოლაში ყველა სახის საქმიანობის სწორად წარმართვისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე ზედამხედველობის ტვირთი დირექტორს ეკისრება. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დარღვევის გამოვლენა მისი სიმძიმის, მნიშვნელობისა და შედეგების გათვალისწინების გარეშე, ვერ განაპირობებს შრომითი ხელშეკრულების მოშლის კანონიერად მიჩნევას. დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან გონივრულ და პროპორციულ ღონისძიებას უნდა წარმოადგენდეს.

20. უხეში დარღვევის კვალიფიკაციისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპზე, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის... თვალსაზრისით (სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ., 19; №ას-1981-2018, 17.05.2019წ., 23). როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მასწავლებლების მიერ სასწავლო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.08.2013 წლის №114/ნ ბრძანებით განსაზღვრული ჟურნალის წარმოების წესის (V-XII კლასებისათვის) 1.2. პუნქტის თანახმად, ჟურნალის წარმოებაზე (მიმდინარე ნიშნების შეტანასა და მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვაზე, მიმდინარე ნიშნებისა და გაცდენების რაოდენობის დაჯამებაზე) პასუხისმგებელია მასწავლებელი, ხოლო მოსწავლის, საგანთა, მასწავლებელთა და საგნის კვირეული საათების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის შეტანაზე - კლასის დამრიგებელი. სკოლის დირექტორი ვალდებულია განსაზღვროს უფლებამოსილი პირი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კლასის დამრიგებლის მიერ ინფორმაციის შეტანას და მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოებას (მათ შორის, მიმდინარე ნიშნების ყოველდღიურ შეტანას, შეფასებების/გაცდენების რაოდენობის შეჯამებას). ასეთი უფლებამოსილი პირი შესაძლოა იყოს სკოლის დირექტორის მოადგილე. ჟურნალის წარმოების წესის 1.3. პუნქტის თანახმად, ჟურნალის არასწორი წარმოება, მისი დაკარგვა/დაზიანება, ფურცლის ამოხევა და ა.შ. წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს; ხოლო 2.3. პუნქტის მიხედვით, გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა ხდება გაკვეთილის დაწყებისთანავე და გაკვეთილზე მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ჟურნალში ფიქსირდება „არა“.

21. ამრიგად, მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი, რომელმაც გაკვეთილზე მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ჟურნალში უნდა დააფიქსიროს „არა“, ხოლო სკოლის დირექტორმა ჟურნალის წარმოების მონიტორინგისთვის უნდა განსაზღვროს უფლებამოსილი პირი. ამასთან, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, დირექტორმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ჟურნალის დადგენილი წესით წარმოებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დირექტორმა დაარღვია ვალდებულება - ვერ უზრუნველყო ჟურნალების წარმოებაზე იმგვარი ზედამხედველობა, რომ მასწავლებლების მხრიდან დარღვევები თავიდან ყოფილიყო აცილებული. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოვლენილი დარღვევები თავისი შინაარსის, სიმძიმისა და გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით არ წარმოადგენდა ისეთი მძიმე ხარისხის „უხეშ“ დარღვევას, რაც უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა. საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2020 წლის დასკვნაში (რომელზეც უთითებს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 20.07.2020 წლის მოხსენებითი ბარათი) ასახულ მასწავლებლების, ყოფილი სასწავლო ნაწილისა და ჟურნალის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირის, ასევე ნ. ღ–ას დამრიგებლის ახსნა-განმარტებებს, საიდანაც ირკვევა, რომ ნ. ღ–ას სკოლაში გამოუცხადებლობის თაობაზე ზეპირსიტყვიერად და არც წერილობით არ მიუწვდიათ ინფორმაცია დირექტორის, დირექტორის მოადგილის ან/და კლასის დამრიგებლისთვის; ასევე, განმარტავენ, რომ დირექტორს არასდროს მიუთითებია და არ უთხოვია, რომ მოსწავლე ნ. ღ–ასთვის, მიუხედავად სკოლაში გამოუცხადებლობისა, არ დაეწერათ „არა“ და დაეწერათ შეფასებები საკლასო ჟურნალში. ამავე დასკვნაში მითითებული ნანული კოსტავას (ყოფილი სასწავლო ნაწილი და ჟურნალის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი (სკოლაში აღარ მუშაობს, გასულია პენსიაზე)) ახსნა-განმარტების თანახმად, სადავო პერიოდში ევალებოდა საკლასო ჟურნალების მონიტორინგი, თუმცა, ვინაიდან თავად ითვალისწინებდა ნ. ღ–ას ოჯახურ მდგომარეობას და არ უწერდა „არას“, სხვა პედაგოგებისთვისაც არასდროს არანაირი სახის შენიშვნა არ მიუცია. როგორც მის მიერ, ასევე სხვა მასწავლებლების მიერ საკლასო ჟურნალების არასწორად წარმოების თაობაზე არასდროს უსაუბრია და ინფორმაცია არ მიუწოდებია დირექტორისთვის (ტ.1, ს.ფ. 59-60). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სკოლის დირექტორის, როგორც მენეჯერის, პასუხისმგებლობის შემსუბუქების საფუძველი ვერ გახდება მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკლასო ჟურნალებში მასწავლებლების მიერ „არების“ დაუფიქსირებლობის შესახებ სკოლის დირექტორისათვის ინფორმაციის არქონა.

22. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო სკოლის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა დასაქმებულის მიერ მოვალეობების დარღვევის ფაქტი, თუმცა არ დგინდებოდა, რომ გამოვლენილი დარღვევების არსებობა მხოლოდ დირექტორის მიერ მისი ვალდებულებების სათანადო შეუსრულებლობამ გამოიწვია. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის, დამსაქმებლის მიერ პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრება, როდესაც ამ გადაცდომის ჩადენა ერთობლიობაში გამოწვეული არ იყო მხოლოდ დასაქმებულის ბრალეული ქმედებით, ვერ იქნებოდა პროპორციული და ვერ დაიცავდა ზომიერ ბალანსს დარღვევასა და გათავისუფლებას შორის (შდრ. სუსგ №ას-1636-2022, 06.07.2023წ., 19).

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია დაკისრებულ ვალდებულებათა იმგვარი „უხეში“ დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის მიცემას ან უფრო მსუბუქი ხარისხის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და ქმნიდა აუცილებლობას იმისა, რომ არაერთი სიგელისა თუ სერტიფიკატის მფლობელ მოსარჩელეს (ტ.1, ს.ფ. 28-38) ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის ამოწურვამდე ოთხი თვითა და სამი დღით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება. დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, დასაქმებულის მიერ ჩადენილ დარღვევებთან მიმართებით მისი აუცილებლობა და პროპორციულობა, ანუ ვერ დაადასტურა იმ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის კანონიერება, რომელიც მიუთითა სადავო ბრძანებაში. შესაბამისად, არსებობს სადავო წარდგინებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობა.

24. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სკოლის დირექტორის თანამდებობის ტოლფას, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

25. მოსარჩელესთან, როგორც სკოლის დირექტორთან, არსებულ შრომით ურთიერთობაზე ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე, 42-ე მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის/დანიშვნის წესს, პირობებსა და ვადას. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა (შდრ. სუსგ №ას-247-2020, 19.03.2021წ; №ას-1636-2022, 06.07.2023წ.), კერძოდ, 27.11.2014 წლის შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელე დირექტორად დაინიშნა ექვსი წლის ვადით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე 4 თვისა და 3 დღის ვადით (გათავისუფლებიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდით). დამსაქმებლის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობის პირობებში ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. არ არსებობს შემდგომ პერიოდში მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვადიანი ხელშეკრულების არსებობის პირობებში პირს აღადგენენ არა უვადოდ, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადით და თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გასულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, მისი აღდგენა დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1636-2022, 06.07.2023წ., 22).

26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი 23.06.2020 წლის წარდგინებისა და 24.07.2020 წლის ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე - იურიდიული მომსახურების ხარჯის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი მინისტრის 23.06.2020 წლის წარდგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე და მინისტრის 24.07.2020 წლის ბრძანება სკოლის დირექტორ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

27. ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ.11; განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, ტ.6, ს.ფ.29-30) იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; სუსგ №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (იხ. საბანკო ქვითარი, ტ.1, ს.ფ. 247, მინდობილობა ტ.5, ს.ფ. 228-230) ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.გ–ძის სარჩელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 23.06.2020 წლის MES 0 20 0000504211 წარდგინებისა და 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 23.06.2020 წლის MES 0 20 0000504211 წარდგინება სსიპ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 24.07.2020 წლის MES 7 20 0000631253 ბრძანება სსიპ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის დირექტორ ნ.გ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნ.გ–ძის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2023 წლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია