საქმე №ას-1-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ის უფლებამონაცვლე თ.ტ–ი, მ.მ–ი, მ.ბ–ძე, ქ.შ–ძე, თ.კ–ია, ნ.კ–ია, ლ.კ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დოკუმენტაციის გადაცემის დავალდებულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2021 წლის გადაწყვეტილებით გ.ტ–ის (უფლებამონაცვლე თ.ტ–ი), მ.მ–ის, მ.ბ–ძის, ქ.შ–ძის, თ.კ–იას, ნ.კ–იასა და ლ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი სს „ს.კ.თ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სამეწარმეო საზოგადოება“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეებს გადასცეს ინფორმაცია (დოკუმენტები) მათი აქციათა წილობრივი მონაცემებისა და რაოდენობის შესახებ, აქციათა საკუთრების დამადასტურებელი გამართული დოკუმენტი, მოთხოვნის დაყენებიდან 10 დღის ვადაში; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეებს გადასცეს ინფორმაცია 2016-2020 წლებში საზოგადოებაში დივიდენდის გაცემა/მიღების, მოგების განაწილების თაობაზე, სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საზოგადოების მოქმედი წესდება, მოთხოვნის დაყენებიდან 10 დღის განმავლობაში. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოპასუხე (ს/კ: .......) 28.09.1995 წელს დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებაა. დაფუძნებისას მის წევრებს წარმოადგენდნენ შრომითი კოლექტივის წევრები 144 კაცის შემადგენლობით. სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 69600 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით, დაყოფილი 6960 ჩვეულებრივ სახელობით აქციად, სადაც თითოეულის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 10 აშშ დოლარით. სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალი და დამფუძნებელ აქციონერთა რაოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა.
1.2. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, დავის განხილვის დროისთვის სამეწარმეო საზოგადოების დირექტორია გიორგი ქველიაშვილი.
1.3. სამეწარმეო საზოგადოების აქციათა რეესტრს 09.07.2012 წლიდან 31.03.2016 წლის ჩათვლით, მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, აწარმოებდა სს „კ–ი“.
1.4. 19.02.2020 წლის მდგომარეობით, არსებულ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერში არ არის აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების აქციონერთა ვინაობა და კუთვნილი წილები.
1.5. მოსარჩელეებმა ერთობლივი განცხადებით, 2019 წელს, წერილობით მიმართეს სამეწარმეო საზოგადოებას მათთვის სარჩელით მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის თაობაზე.
1.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის სასამართლოში განხილვის დროისთვის ყველა მოსარჩელე წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების აქციონერს/პარტნიორს.
1.7. მოსარჩელეები თავიანთ პოზიციას ამყარებენ სს „კ–ის“ მიერ მომზადებულ სამეწარმეო საზოგადოების აქციათა რეესტრს, რაც 31.03.2016 წლის მდგომარეობით მონაცემებს ასახავს. აღნიშნული რეესტრის თანახმად: 1) მ.ბ–ძე არის 50,150 ცალი ფასიანი ქაღალდისა და, შესაბამისად, 1,67167%-ის მფლობელი; 2) თ.კ–ია - 85,000 ცალი ფასიანი ქაღალდისა და, შესაბამისად, 2,83333%-ის; 3) ნ.კ–ია - 85,000 ცალი ფასიანი ქაღალდისა და, შესაბამისად, 2,83333%-ის; 4) ლ.კ–ძე - 85,000 ცალი ფასიანი ქაღალდისა და, შესაბამისად, 2,83333%-ის; 5) მ.მ–ი - 57,600 ცალი ფასიანი ქაღალდისა და, შესაბამისად, 1,92000 %-ის; 6) გ.ტ–ი - 94,500 ცალი ფასიანი ქაღალდისა და, შესაბამისად, 3,15000%-ის; 7) ქ.შ–ძე - 50,150 ცალი ფასიანი ქაღალდისა და, შესაბამისად, 1,67167%-ის მფლობელი აქციონერი.
1.8. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე განმარტავს, რომ 2015 წელს სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი გახდა გ.ს–ი, რომელმაც გარკვეულ აქციონერებთან ერთად მიითვისა თანხა, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამავე პერიოდში გ.ს–ძემ, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა სამეწარმეო საზოგადოების დირექტორს, აქციონერებს შესთავაზა აქციების შესყიდვა. აღნიშნულის საფუძველზე გაჩნდა ათასობით ნასყიდობის ხელშეკრულება, ზოგი კანონიერი წესით დადებული, ზოგიც მხოლოდ ასლის სახით და ხელშეკრულების თითოეული მფლობელი აცხადებდა პრეტენზიას აქციებსა და წილებზე. დღემდე რამდენიმე პირი ერთდროულად ითხოვს საწარმოს 100%-ის საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული ხელშეკრულებები არის სადავო, რის გამოც ვერ ხერხდება რეალურად სამეწარმეო საზოგადოების აქციათა კანონიერ მფლობელთა ვინაობის დადგენა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ სს „კ–ის“ მიერ გაცემული აქციათა რეესტრის საფუძველზე მოსარჩელეებს ვერ ექნებოდათ პრეტენზია სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორობაზე (აქციონერობაზე). აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით მოპასუხე განმარტავს, რომ სანამ მოსარჩელეები აქციათა კუთვნილების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარადგენენ, სამეწარმეო საზოგადოება ვერ გასცემს მათზე რაიმე ინფორმაციას.
1.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი თავის პოზიციას ამყარებს მხოლოდ ზეპირ განმარტებაზე და რაიმე არსებითი შედავება, რაც სს „კ–ის მიერ 31.03.2016 წლის მდგომარეობით მომზადებულ მონაცემებს გააბათილებდა, არ წარმოუდგენია. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილია სამეწარმეო საზოგადოების 2011 წლის წესდება. აღნიშნული პერიოდიდან დავის განხილვამდე პერიოდში განხორციელდა თუ არა სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში რაიმე სახის ცვლილება, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულს მოსარჩელეები ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან მიმდინარე დავის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არსებობს კომუნიკაციის პრობლემა და გარკვეულ ეტაპებზე აქციონერებს სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ან დივიდენდის მიღების შესაძლებლობა სასამართლო გადაწყვეტილებების გზით ჰქონდათ.
1.10. წესდების თანახმად: სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებელი ამ წესდების მიღების მომენტისთვის არის 55 აქციონერი (3.1. მუხლი); საზოგადოების აქციონერთა წილი საწესდებო კაპიტალში დასტურდება დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ წარმოებული აქციონერთა რეესტრით, რომელსაც რეესტრში შეაქვს აქციონერების ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი (3.2. მუხლი); აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი (2.3. მუხლი); ამდენად, საზოგადოების აქციათა რეესტრს აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი.
1.11. მოპასუხე ადასტურებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სს „კ–თან“, რომელსაც ევალებოდა სამეწარმეო საზოგადოების აქციათა რეესტრის წარმოება. სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 09.07.2012 წლიდან 31.03.2016 წლამდე და შეწყდა მოპასუხის ინიციატივით, ვინაიდან მას სურდა თავად ეწარმოებინა სამეწარმეო საზოგადოების აქციათა რეესტრი, რადგან აქციონერთა რაოდენობა შეადგენდა 50-ზე ნაკლებს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ არ უარყოფდა იმ გარემოებებს, რასაც სს „კ–ი“ უთითებდა, თუმცა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებსა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე დაყრდნობით გამორიცხავდა სამეწარმეო საზოგადოების აქციებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების არსებობას. მოპასუხე ასევე ადასტურებს, რომ 2016 წლიდან აიღო ვალდებულება თავად, დამოუკიდებელი რეგისტრატორის მონაწილეობის გარეშე, ეწარმოებინა აქციათა რეესტრი, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომ სს „კ–ის“ 31.03.2016 წლის მონაცემები არ არის სწორი ან შეიცვალა შემდგომში, მას არ წარმოუდგენია. მართალია, 2020 წლის მდგომარეობით არსებულ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერში არ არის აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების აქციონერთა ვინაობა და კუთვნილი წილები, თუმცა აქციათა კუთვნილების შესახებ რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის მოსარჩელეებისთვის დავალდებულება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან 2016 წლიდან თავად მოპასუხე წარმოადგენს მსგავსი რეესტრის მწარმოებელ ორგანოს. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას წილებზე ერთდროულად რამდენიმე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ, აღნიშნულიც ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ განმარტებას და რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად მოსარჩელეთა წილებზე (აქციებზე) ნასყიდობის არსებობის შესახებ მას არ წარმოუდგენია.
1.12. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე და განმარტა, რომ კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს მისი უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები, რომლებიც არიან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები/აქციონერები, უფლებამოსილი არიან მოითხოვონ და მიიღონ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან დადგინდა, რომ მოსარჩელეები სამეწარმეო საზოგადოების აქციონერები/პარტნიორები არიან, მათი მოთხოვნა სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
4.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეები ამჟამად არიან მოპასუხის აქციონერები. მოსარჩელეების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო მას შემდეგ, რაც ისინი წარმოადგენდნენ აქციათა კუთვნილების დამადასტურებელ მტკიცებულებას;
4.2. მოპასუხის მოვალეობას არ წარმოადგენდა ემტკიცებინა ის, რომ მოსარჩელეები არ არიან აქციათა მესაკუთრეები. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი სასამართლომ არასწორად გაანაწილა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია სამეწარმეო საზოგადოებისთვის მოსარჩელეთათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადაცემის დავალება.
9. სარჩელის აღძვრისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით) აღიარებულია აქციონერის/პარტნიორის უფლება, ინფორმირებული იყოს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის თაობაზე. ამავე კანონის 53-ე მუხლის 35 პუნქტი (ნებისმიერი კლასის აქციათა 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, სააქციო საზოგადოების შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ ამ საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და დასადები გარიგებების შესახებ ინფორმაცია ან/და გარიგებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ასლები) განსაზღვრავს აქციათა 5%-ის მფლობელი აქციონერების დამატებით უფლებამოსილებებს.
10. მსგავს რეგულაციას შეიცავს ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 172-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი (აქციონერს უფლება აქვს კანონითა და წესდებით დადგენილი წესით გაეცნოს სააქციო საზოგადოების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები ბეჭდური ფორმით ან ელექტრონულად, თუ აქციონერს წინასწარ აქვს განცხადებული თანხმობა ინფორმაციის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებაზე, აგრეთვე სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია ამ კანონის 202-ე მუხლითა და წესდებით დადგენილი წესით) და 173-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ხმათა 5 პროცენტის მფლობელ აქციონერებს, ამ კანონის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის ან წესდების შესაბამისად, უფლება აქვთ სააქციო საზოგადოების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოს მოსთხოვონ სააქციო საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები. სააქციო საზოგადოების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, სააქციო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს ამ ასლების/ინფორმაციის გაცემაზე).
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამეწარმეო საზოგადოების აქციონერი/პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად იძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეწარმეო საზოგადოების აქციონერებს/პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული აქციონერის/პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე აქციონერთა/პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ აქციონერის/პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს მისი უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (შდრ. სუსგ №ას-1571-2018, 02.08.2019წ; №ას-54-2022, 28.09.2022წ; №ას-719-2022, 20.04.2023წ; №ას-205-2023, 16.11.2023წ.).
12. ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა აქციონერის ცალკეულ უფლებათა ეფექტიანი განხორციელების წინაპირობაა (მაგალითად, ხმის მიცემის უფლება, დერივაციული ან კლასობრივი სარჩელის აღძვრის უფლება, აუდიტის დანიშვნის, სხვა) (იხ. სარჩელის აღძვრისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 32 პუნქტი (აქციების 5%-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს) და ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 174-ე მუხლის პირველი პუნქტი (სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების მიმართვისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. ამისთვის იგი ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს)). დაუშვებელია ინფორმაციაზე წვდომის უფლების წესდებით ჩამორთმევა. ამგვარი უფლება ყველა აქციონერს, განურჩევლად მისი აქციის კლასისა, აქვს მინიჭებული. მათ შორის, ხმის უფლების არმქონე კლასის აქციასაც (იხ: ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 2022წ., გვ. 574). მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის, კანონი საგანგებოდ ადგენს ხმის უფლების სულ მცირე 5%-ის მქონე აქციონერის ან აქციონერთა ჯგუფის უფლებას საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლების გამოთხოვის თაობაზე (იქვე, გვ. 576).
13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელეების სამეწარმეო საზოგადოების აქციონერებად ყოფნის ფაქტი და უსაფუძვლოდ მისცა მათ აქციონერის უფლებებით სარგებლობის საშუალება.
14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. აქცია ქონების ცნების კატეგორიაში მოიაზრება (ბურდული ი., სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010წ., გვ.264). სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები) (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 191; Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის №8588/79, 8589/79), 1982). აქცია ერთდროულად აღნიშნავს საზოგადოების კაპიტალის წილს, გამოხატავს წევრთა უფლებამოსილებათა და მოვალეობათა ერთობლიობას და ფასიანი ქაღალდია (ბურდული ი., სააქციო სამართლის საფუძვლები, I ტომი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010წ., გვ.259). წილზე ვრცელდება საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი რეჟიმი. წილი საკუთრების უფლების ობიექტს წარმოადგენს კერძო პირის თუ სახელმწიფოს მხრიდან მასზე უკანონო ჩარევის შემთხვევაში (ბურდული ი., სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2019, გვ.28).
15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც ამჟამად (162-ე მუხლის პირველი პუნქტი), ისე - სარჩელის აღძვრისას მოქმედი რედაქციით (51-ე მუხლის მე-2 პუნქტი) განსაზღვრულია, რომ აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით და აქციონერს უნდა მიეცეს შესაბამისი ამონაწერი.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აქციონერს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი კლასობრივი უფლებებისა და თანაპარტნიორთა ვინაობის შესახებ. აქციონერთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის დადგენა აქციათა რეესტრის, ხოლო საჯარო სს-ში დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით ხორციელდება (ბურდული ი., მახარობლიშვილი გ., თოხაძე ა., ზუბიტაშვილი ნ., ალადაშვილი გ., მაღრაძე გ., ეგნატაშვილი დ., საკორპორაციო სამართალი, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, მეორე გადამუშავებული გამოცემა, 2022წ., გვ. 575).
17. დადგენილია, რომ მოპასუხის აქციათა რეესტრს 09.07.2012 წლიდან 31.03.2016 წლის ჩათვლით, მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, აწარმოებდა სს „კ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „რეგისტრატორი“) (ტ.1, ს.ფ. 260). საქმის მასალებში წარმოდგენილი სამეწარმეო საზოგადოების 2011 წლის წესდებაშიც მითითებულია, რომ მოპასუხის აქციონერთა წილი საწესდებო კაპიტალში დასტურდება რეგისტრატორის მიერ წარმოებული აქციონერთა რეესტრით, რომელსაც რეესტრში შეაქვს აქციონერების ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი (3.2. მუხლი) (ტ.1, ს.ფ. 114-123). რეგისტრატორის მიერ მომზადებული აქციათა რეესტრის თანახმად, 31.03.2016 წლის მდგომარეობით, მოსარჩელეები არიან მოპასუხის აქციონერები (იხ. წინამდებარე განჩინების 1.7. პუნქტი, იხ. ტ.1, ს.ფ. 139-142). დადგენილია, რომ მოპასუხესა და რეგისტრატორს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა მოპასუხის ინიციატივით 2016 წლიდან, ვინაიდან მას სურდა თავად ეწარმოებინა სამეწარმეო საზოგადოების აქციათა რეესტრი.
18. ამრიგად, მოსარჩელეებმა დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ სამეწარმეო საზოგადოების აქციონერები 2016 წლის მდგომარეობით, ვიდრე თავად მოპასუხე დაიწყებდა აქციათა რეესტრის წარმოებას, ხოლო იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ რეგისტრატორის მონაცემები არ იყო სწორი ან შემდგომში შეიცვალა, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება ვერ შეძლო.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
20. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელეები არიან სამეწარმეო საზოგადოების აქციონერები, უფლება აქვთ სამეწარმეო საზოგადოებიდან მიიღონ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელეები ერთობლივად ფლობენ სამეწარმეო საზოგადოების აქციათა 5%-ზე მეტს (იხ. წინამდებარე განჩინების 1.7. პუნქტი) (შდრ. სუსგ №ას-1101-1037-2015, 27.09.2016წ., პუნ. 66-68).
21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.).
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.კ.თ–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს შოთა ქველიაშვილის (პ/ნ: 01508064380) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №1, გადახდის თარიღი 07.03.2022წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. გ.ტ–ის უფლებამონაცვლე თ.ტ–ს, მ.მ–ს, მ.ბ–ძეს, ქ.შ–ძეს, თ.კ–იას, ნ.კ–იას, ლ.კ–ძეს დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ.2, ს.ფ. 174-182).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია