საქმე №ას-783-2023 28 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – პ.ს–ძე, რ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
კერძო საჩივრის დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პ.ს–ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის პირველი ავტორი) და რ.მ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან კერძო საჩივრის მეორე ავტორი) წინააღმდეგ სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში - მოსარჩელე) სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც უძრავი ნივთის (ს/კ ......) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირება, ავტომანქანის („NISSAN SKYLINE“, შასი V35303724) გადაცემის შესახებ მოპასუხეთა ერთობლივი განცხადების ბათილად ცნობა და შსს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მესაკუთრედ პირველი მოპასუხის დარეგისტრირება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის მიერ აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე (საქმე მოსარჩელის სარჩელისა გამო პირველი მოპასუხის, ე.ხ–ის, შპს „ე–ისა“ და შპს „რ–ას“ მიმართ მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
- წინამდებარე საქმეზე აღძრული სარჩელი პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობას შეეხება, რაც პირველი მოპასუხის წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის წარმოების პერიოდში ქონების გასხვისების ფაქტიდან გამომდინარეობს, ადმინისტრაციულ საქმეზე აღძრული სარჩელი კი, იგივე ფაქტობრივ საფუძველს არ ემყარება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
ზემომითითებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძლება მიეცეს. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (შდრ. იხ. სუსგ. Nას-551-519-2012, 11.06.2012წ.).
8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნულ ორ საქმეს შორის მჭიდრო ხასიათის ურთიერთკავშირის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საკითხის სრულყოფილად გაანალიზების მიზნით ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით გამოკვეთილ შემდეგ გარემოებებს:
წინამდებარე საქმეზე სარჩელი იმ ფაქტობრივ საფუძველზე მითითებითაა აღძრული, რომ პირველმა მოპასუხემ, როგორც შპს „ე-ის" დამფუძნებელმა და დირექტორმა, იცოდა 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით ვადამოსული საგადასახადო ვალდებულების თაობაზე, რის გამოც გადასახადების გადახდისგან თავის ასარიდებლად შპს „ე-ის" საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონება შპს „რ–ას“ (რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და პარტნიორი პირველი მოპასუხის მეუღლის მამა, ე.ხ–ი იყო) სახელზე გადააფორმა.
ამასთან, გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ, ხსენებული საქმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის ასარიდებლად, კუთვნილი უძრავი ნივთი (ს/კ ........) და ავტომანქანა („NISSAN SKYLINE“, შასი V35303724) პირველმა მოპასუხემ 2018 წლის 10 სექტემბერს ერთდროულად გაასხვისა;
ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი სარჩელი შპს „ე-ის", შპს „რ–ის", ე.ხ–ისა და პირველი მოპასუხის წინააღმდეგაა აღძრული, რომლითაც მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობაა მოთხოვნილი, მაშინ, როდესაც განსახილველი სარჩელი წარდგენილია მხოლოდ პირველ და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ.
ამდენად, წინამდებარე სამოქალაქო საქმესა და ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ საქმეს შორის არ იკვეთება ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოყენების გარეშე მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვას ობიექტურად შეუძლებელს გახდის. საკასაციო პალატა ძირითადად ყუარადღებას ამახვილებს, რომ დასახელებული საქმის მოპასუხეთა წრე ადმინისტრაციული საქმის მოპასუხეთა წრისგან განსხვავებულია. განსახილველ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ პ.ს–ძე და რ.მ–ი ხოლო დავის საგანია ამავე მოპასუხეებს შორის გაფორმებული გარიგებების კანონიერება, რაც #3/6527-17 ადმინისტრაციულ საქმეზე განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმესთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღების გადაულახავ დაბრკოლებას არ წარმოქმნის.
უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა შეეხება რამდენიმე მოპასუხის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხს, განსახილველ საქმეში კი სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის გარიგების ბათილობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეაფასოს სხვა მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებების კანონიერების საკითხი. ამდენად, ამ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ურთიერთ პრეიუდიციული მნიშვნელობა უცილობლად ვერ მიენიჭება და მათ შორის საქმის განხილვის შეჩერებისთვის აუცილებელი ურთიერთკავშირი არაა გამოკვეთილი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დაკმაყოფილებას, ხოლო გასაჩივრებულ განჩინება გაუქმებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ს–ძისა და რ.მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. საქმისწარმოების შეჩერების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება გაუქმდეს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე