საქმე №ას-5-2025
12 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოპასუხეები - შპს „ი.“, ვ.ჩ–ვა, დ.ს. (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (ძირითად სარჩელში), იპოთეკის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დ.მ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), შპს „ი–ის“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), ვ.ჩ–ვას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და დ.ს.ის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხოლო, მეოთხე მოპასუხის შეგებებული სარჩელი იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით; ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
2. პირველმა მოპასუხემ 2024 წლის 07 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა: წინამდებარე საქმეზე მეოთხე მოპასუხის ყველა არასწორი და არასრული დოკუმენტის მიმართ აღსრულდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლები და დაუყოვნებლივ წაიშალოს, განადგურდეს საქმეში არსებული ყველა უკანონო დოკუმენტი.
3. განმცხადებლის განმარტებით, წინამდებარე საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მეოთხე მოპასუხის არასრული და არასწორი პირადი მონაცემებით წარიმართა. საქმეში არსებულ ყველა დოკუმენტში არასწორად არის მითითებული მეოთხე მოპასუხის პირადი ნომერი. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილების მიღებისას ასეთი დოკუმენტები გამოეყენებინა. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ 108-ე კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-23-ე მუხლების შესაბამისად, დაუშვებელია არსებობდეს არასრული და არასწორი პერსონალური მონაცემების საფუძველზე შემდგარი დოკუმენტი და შეიძლება მათი მხოლოდ იმგვარი დამუშავება, რომელიც განადგურებასა და წაშლაზე მიუთითებს. ასეთი დოკუმენტები საქმიდან უნდა იქნეს ამოღებული და აღსრულდეს ზემოთ დასახელებული კანონის მოთხოვნები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველად (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).
5. სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ პირველი მოპასუხის მიერ 2024 წლის 07 თებერვალს წარდგენილი განცხადება შინაარსობრივად მიმართულია მეოთხე მოპასუხის უფლებაზე, თუმცა იმის მხედველობაში მიღებით, რომ განცხადების დაკმაყოფილების პირობებში, მისი მასშტაბების გათვალისწინებით, აღნიშნული გარკვეულწილად გავლენას მოახდენდა განმცხადებლის უფლებებზეც, მიუხედავად უშუალო ადრესატის მხრიდან მისი წარუდგენლობისა, სასამართლო შუამდგომლობის საფუძვლიანობას შეაფასებდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც არის მოთხოვნა წარდგენილი, არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე). საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების წესი დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. N466 ბრძანებულებით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, საქმისწარმოება სასამართლოში ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. კანონმდებლობით მოწესრიგებულია სასამართლოში ნაწარმოები საქმის შენახვის, სათანადო მოვლის, დაცვის უზრუნველყოფის და სხვა საკითხები. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოს მიერ ნაწარმოებ დოკუმენტში, როგორიც არის გადაწყვეტილება, განჩინება, სააღსრულებო ფურცელი, დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას, აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გასწორდა იმავე სასამართლოს მიერ 2019 წლის 19 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მეოთხე მოპასუხის პირად ნომერთან დაკავშირებული უსწორობა. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით, შესაბამისად, ამ კუთხით სასამართლო დამატებით ვერ იმსჯელებდა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო პირველი მოპასუხის მიერ 2024 წლის 07 თებერვალს წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა.
9. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
9.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. ცხადია, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოებს უფლება აქვთ, დაამუშაონ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემები. შესაძლოა, მითითებული საკანონმდებლო დათქმა სასამართლოებს არ ბოჭავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი ცალკეული პროცედურებითა თუ დათქმებით, თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაარღვიოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფუძემდებლური პრინციპები და საფუძვლები;
9.2. კერძო საჩივრის ავტორმა მოიხმო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 6.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, მე-16 მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ საქმეში არის მრავალი დოკუმენტი, რომლებიც დამუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფუნდამენტური პრინციპებისა და საფუძვლების უხეში დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ უარი თქვა აღნიშნული დოკუმენტების განადგურებაზე;
9.3. კერძოდ, 02.09.2020 წელს მოპასუხე ბანკმა სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში არსებული მონაცემების შეცვლილ გარემოებებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააღსრულებო ფურცელში მეოთხე მოპასუხის პირად ნომრად მითითებული იყო: 81041835009. აღნიშნულ განცხადებას ბანკმა დაურთო რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის, პასპორტის ასლი და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
9.4. პასპორტის ასლის დამუშავება/გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პასპორტის მფლობელი პირის/მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით. ბანკს 02.09.2020 წლის განცხადებასთან ერთად (არც მანამდე, არც შემდგომში) არ წარუდგენია მონაცემთა სუბიექტის (პასპორტის მფლობელის) წერილობითი თანხმობა. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ უმნიშვნელოვანეს დარღვევას ყურადღება არ მიაქცია, რითაც უხეშად დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ფუძემდებლური პრინციპები და საფუძვლები, ხოლო სააპელაციო სასამართლოც ავტომატურად ამ უხეში დარღვევის გამზიარებელი გახდა;
9.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბანკმა პასპორტის ასლი წარადგინა არაქართულ ენაზე (არ ერთვის ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი), რითაც უხეშად არის დარღვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 9.4 მუხლის პირველი წინადადებით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვით: სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე;
9.6. როგორც აღინიშნა, ბანკის 02.09.2020 წლის განცხადებას ასევე ერთვის ორი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: ა) მომზადებული 27.05.2016 წელს და ბ) მომზადებული 24.07.2020 წელს. 27.05.2016 წელს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში მეოთხე მოპასუხის პირად ნომრად მითითებულია: ....... (11 ციფრის კომბინაცია), ხოლო პასპორტის ნომრად: .......; 24.07.2020 წელს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში კი, მის პირად ნომრად მითითებულია: ...... (12 ციფრის კომბინაცია), ხოლო პასპორტის ნომრად: .....; ამასთან, პასპორტის ასლში მეოთხე მოპასუხის პირად ნომრად მითითებულია: ...... (12 ციფრის კომბინაცია), ხოლო პასპორტის ნომრად: ..........;
9.7. ამრიგად, 27.05.2016 წელს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული მეოთხე მოპასუხის პირადი და პასპორტის ნომერი განსხვავდება პასპორტის ასლში მითითებული პირადი ნომრისა და პასპორტის ნომრისაგან. ხოლო, 24.07.2020 წელს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული მისი პასპორტის ნომერი განსხვავდება პასპორტის ასლში მითითებული პასპორტის ნომრისაგან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის) იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე. იმავე დათქმას შეიცავს 2024 წლის 01 მარტამდე მოქმედი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი (კანონის 3.3 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესი დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. N466 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება: ა) განსაზღვრავს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს; ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან დაცვას საერთო სასამართლოების მიერ; გ) განსაზღვრავს საერთო სასამართლოთა თავმჯდომარეების, აპარატის კომპეტენციასა და საქმიანობის ფორმებს, სასამართლო არქივის საქმიანობას, მოქალაქეთა მიღების, ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვის, საქმის გაცნობისა და სამართალწარმოების წესს; დებულების მე-2 მუხლის მიხედვით, საქმისწარმოება სასამართლოში ხორციელდება ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
14. წინამდებარე საქმეში სასამართლოს მიერ მეოთხე მოპასუხის პერსონალური ინფორმაციის - საიდენტიფიკაციო ნომრის დამუშავება სწორედ სამართალწარმოების მიზნით განხორციელდა, შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებისა და საქმეში არსებული დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებით.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებულია სასამართლოს მიერ ნაწარმოებ დოკუმენტში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების წესი. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
16. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, უსწორობის გასწორების ობიექტი არის მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე. მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ საქმე Nას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წელი; Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 19 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მეოთხე მოპასუხის საიდენტიფიკაციო (პირად) ნომერთან დაკავშირებული უსწორობა. ზემოაღნიშნული განჩინება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლისა და 2023 წლის 12 ივნისის განჩინებებით. ამდენად, ვინაიდან მეოთხე მოპასუხის საიდენტიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებული საკითხი სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით შესწავლილი და შეფასებულია, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ამ კუთხით სასამართლო დამატებით ვეღარ იმსჯელებდა.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
19. კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განხილვის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად.
20. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის საკითხს სასამართლო წყვეტს საქმის სირთულის გათვალისწინებით, რაც შესაფასებელი გარემოებებიდან გამომდინარეობს. ზემოთ განხილული საკითხების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ წინამდებარე დავა არ მიიჩნია იმ ხარისხის სამართლებრივი სირთულის მატარებლად, რაც ზეპირი მოსმენის დანიშვნას განაპირობებდა. ამასთან, არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია დასაბუთებული შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე