საქმე №ას-1332-2024
05 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ.მ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მისთვის მხარეთა შორის 28.04.2022წ. დადებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს - 9 400 ლარისა და ერთჯერადი პირგასამტეხლოს 1000 ლარის, სულ 10 400 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28.04.2022წ. სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 10 400 ლარის გადახდა, საიდანაც დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 9 400 ლარს, ხოლო ერთჯერადი პირგასამტეხლო 1000 ლარს.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მხარეთა შორის 28.04.2022 წელს დაიდო სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული 2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა მოპასუხეს 30 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით, სადაც არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში უნდა მოეწყო არანაკლებ 20 კოტეჯი, მოსასვენებელი სივრცე და საფეხმავლო ბილიკები, მოსარჩელესთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად და ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, განეხორციელებინა არანაკლებ 400 000 ლარის ინვესტიცია (ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 პუნქტები);
6.2. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.3 და 3.1.5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, აღნაგობის უფლების მქონე პირს (მოპასუხე) ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
6.3. ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, აღნაგობის უფლების მქონე პირს ეკისრება პირგასამტეხლო ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით;
6.4. ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 პუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში აღნაგობის უფლების მქონე პირს უნდა წარედგინა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (400 000 ლარის) 10%-ის ოდენობით, რომელიც მოპასუხეს არ წარუდგენია (იხ. ს.ფ. 20-30);
6.5. მოპასუხემ 28.04.2022წ. სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტის თანახმად, არ უზრუნველყო ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება;
6.6. ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის (საბანკო გარანტიის წარდგენა) შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ 20.07.2022წ. წერილობით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, რომ მას ხელშეკრულების 5.3 პუნქტის შესაბამისად, ერიცხებოდა პირგასამტეხლო დარღვევის დღიდან (28 ივნისიდან) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა წერილის მიღებიდან არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში (იხ. ს.ფ. 32-33);
6.7. მოსარჩელემ 30.09.2022 წელს მიიღო N256-0-4-202209301530 ბრძანება მოპასუხესთან 28.04.2022 წელს გაფორმებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (იხ. ს.ფ. 42-43).
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ ხდის როგორც პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებას, ასევე, მიუთითებს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და ითხოვს მის შემცირებას.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1 მუხლებით, ამასთან, დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების (პირობების) დარღვევის ფაქტი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ მოპასუხემ შეთანხმებულ დროს არ წარადგინა საბანკო გარანტია და არ მოამზადა ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტი და განმარტა, რომ ვინაიდან მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობაზე, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება.
9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ საბანკო გარანტიის წარდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რადგან ,,ვ.ბ.ჯ–ია“ მოექცა საერთაშორისო სანქციების ქვეშ და განმარტა, რომ საბანკო გარანტია, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი, ითვლება დამოუკიდებელ გარიგებად, რომელსაც არ აქვს აქცესორული ბმა იმ ძირითად გარიგებასთან, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ის, შესაბამისად, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული რაიმე უთანხმოება გავლენას არ უნდა ახდენდეს ძირითად ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი დაიდო. ამასთან, მოპასუხეს არ უცდია მოეძიებინა ალტერნატიული გზები, რათა მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული საბანკო გარანტია წარედგინა, ან/და, მაგალითად, მიემართა მისთვის და საბანკო გარანტიის წარსადგენად დამატებითი ვადა ეთხოვა.
10. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მხარეებმა საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის ათვლის წერტილად აირჩიეს აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების/აღნაგობის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დრო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან (ხელმოწერის თარიღად ითვლება ხელშეკრულების ზედა მარჯვენა კუთხეში აღნიშნული თარიღი), ხოლო ხელშეკრულების ზედა მარჯვენა კუთხეში აღნიშნული თარიღი არის 2022 წლის 28 აპრილი. სწორედ, ამ თარიღიდან 2 თვის ვადაში უნდა ყოფილიყო წარდგენილი საბანკო გარანტია, რაც არ შესრულებულა (იხ. ს.ფ. 20, 29). მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ვადაგადაცილებამ შეადგინა 94 დღე (2022 წლის 28 ივნისიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით), ხოლო პირგასამტეხლოს სახით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე შეთანხმებული იყო 100 ლარის დარიცხვის პირობა (94x100=9400), ასევე, ერთჯერადი პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დარიცხვის პირობა.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე მოპასუხე, გარდა იმისა, რომ მეწარმე სუბიექტია, წარმოდგენილია ადვოკატით და ა.შ. სახელშეკრულებო ურთიერთობაში გამოდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს და რომელსაც, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი პრობლემების წინაშე დააყენოს, შესაბამისად, ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის შესრულებისა თუ შეუსრულებლობის მიმართ ყოველთვის აქვს მაღალი ინტერესი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რატომ იყო შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლები.
12. აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ მოსარჩელის 30.09.2022წ. N256-0-4- 202209301530 ბრძანების (მოპასუხესთან 28.04.2022წ. გაფორმებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე) ბათილად ცნობის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე აღარ დაუყენებია შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ისევე როგორც, სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს შუამდგომლობით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
14.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე;
14.2. მოპასუხის მხრიდან ყველა საინვესტიციო ვალდებულება, ფაქტობრივად, გადაჭარბებით სრულდება, შესაბამისად, იმაზე მითითება რომ საბანკო გარანტია არ არის წარდგენილი, სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საკმარისი საფუძველი ვერ იქნება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სასამართლოში მიმდინარეობს დავა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების დადგენის მიზნით. მოსარჩელემ სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე შეწყვიტა ხელშეკრულება;
14.3. მოსარჩელემ 2022 წლის 20 ივლისს N3053 წერილით მიმართა მოპასუხეს და განუცხადა, რომ მათი მხრიდან ირღვეოდა საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არ სურდა მესაკუთრესთან უთანხმოება, მას წერილობით აცნობა, რომ მოპასუხე კომპანია ინვესტიციას ახორციელებდა შეთანხმებულ ვადებზე უფრო სწრაფად და ინვესტიციის მოცულობა იყო შეთანხმებულზე მეტი, ხოლო უშუალოდ საბანკო გარანტიის თაობაზე აცნობა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა საბანკო გარანტიის წარდგენაზე. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე წარმოადგენდა „ვ.ბ–ის“ მომხმარებელს, ფაქტობრივად, ყველა არსებითი თუ არაარსებითი რესურსი აღნიშნულ ბანკთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, სხვა ბანკიდან საბანკო გარანტიის წარდგენა მოპასუხეს გაურთულდებოდა. ამასთან, უშუალოდ „ვ.ბ–ი“ ვერ აძლევდა მოპასუხეს საბანკო გარანტიას, რადგან საერთაშორისო სანქციების გამო, მისი ფუნქციონირება იყო შეჩერებული. ამრიგად, ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხდებოდა საბანკო გარანტიის წარდგენა;
14.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასყიდლიანი აღნაგობის უფლების რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 20.07.2022 წელი, შესაბამისად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის, ხელშეკრულების გაფორმების ვადად განხილული უნდა იყოს სწორედ 20.07.2022 წელი. სამოქალაქო კოდექსის 233-ე, 234-ე, 183-ე მუხლებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მსგავსად, აღნაგობის შემთხვევაშიც აღნაგობის ხელშეკრულება ძალაში შედის და მოქმედებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ. ამასთან, კასატორმა მიუთითა აღნაგობის ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2, 3.1.3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის მიხედვით, 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადის გამოთვლისას მოპასუხე იყენებს ტერმინს „ხელშეკრულების ხელმოწერიდან“, ხოლო ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის მიხედვით კი, საბანკო გარანტიის წარდგენა უნდა მომხდარიყო „ხელშეკრულების გაფორმებიდან“ 2 თვის ვადაში. ბუნებრივია, აღნიშნული ტერმინოლოგიური სხვაობები შემთხვევითი არ არის. აღნიშნული კონკრეტული გარემოებებით იყო გამოწვეული და კონკრეტულ მიზნებთან იყო დაკავშირებული. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ეს საკითხი დაზუსტებული იყო საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის გამოსათვლელად;
14.5. საკუთრების უფლების მსგავსად, აღნაგობის უფლებაც საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, მხარეებმა საბანკო გარანტიის წარდგენის ვადის ათვლის წერტილად აირჩიეს აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების/აღნაგობის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღი, რაც გულისხმობს, რომ მხარეთა შორის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება უნდა წარმოშობილიყო აღნაგობის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, თუმცა მოსარჩელის მიერ 20.07.2022წ. კორესპონდენციით განისაზღვრა, რომ მოპასუხის მიერ ჯერ კიდევ 28.06.2022წ. მდგომარეობით უნდა წარდგენილიყო საბანკო გარანტია;
14.6. მოსარჩელის პოზიცია, რომ 28.06.2022 წლამდე უნდა წარდგენილიყო საბანკო გარანტია, არ ეფუძნება რაიმე სამართლებრივ საფუძველს. მოსარჩელეს, არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, მსგავსი მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მას აღნიშნულ საფუძველზე ასევე არ გააჩნდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება;
14.7. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოსთვის მხარეთა შორის სხვა დავის (სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე) მიმდინარეობის გამო საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობით არ მიუმართავს. როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხის ერთ-ერთი ძირითადი პოზიცია იყო სწორედ საქმის წარმოების შეჩერება. ის გარემოება, რომ მოპასუხე აღნიშნულს ითხოვდა, დასტურდება როგორც წერილობითი დოკუმენტებით, ისე სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერებით;
14.8. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობით, თუმცა მისი დარიცხვის კანონიერება არ შეაფასა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერება.
22. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრება, რომლის გადახდა, მოვალეს შესაძლოა დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (სსკ-ის 417-ე მუხლი). შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მხარეთა შორის 28.04.2022წ. დადებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება. კასატორის მითითებით, აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების დადგენის მიზნით მხარეთა შორის სასამართლოში სხვა დავა მიმდინარეობს.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 07 ივლისი, 2022 წელი; Nას-939-2024, 30 ოქტომბერი, 2024 წელი).
25. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
26. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია მხარეთა შორის 28.04.2022 წელს დადებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოსარჩელისათვის არ წარუდგენია უპირო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია მთლიანი საინვესტიციო თანხის (400 000 ლარი) 10%-ის ოდენობით, ასევე, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ვერ უზრუნველყო ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება; ამასთან, დადგენილია, რომ ხელშეკრულების 5.3 და 5.5 პუნქტებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 3.1.3 და 3.1.4 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
27. პირგასამტეხლოს დარიცხვასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კასატორის მითითებას, რომ მის მიერ ჯეროვნად და გადაჭარბებით სრულდებოდა საინვესტიციო ვალდებულებები, ასევე, იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ საბანკო გარანტიის წარდგენა მისი პარტნიორი ბანკის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის გამო ვერ შეძლო.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება, რაც დამოუკიდებელია მის მიერ ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტით ნაკისრ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებისაგან. მხარეები საბანკო გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებით სხვა პირობებზე არ შეთანხმებულან. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე ჯეროვნად და გადაჭარბებით ასრულებდა საინვესტიციო ვალდებულებას, ასევე, საბანკო გარანტიის წარუდგენლობის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი მიზეზი - მოპასუხის პარტნიორი ბანკის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევა, არ გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დადგენილი წესით შესრულებას.
29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ საბანკო გარანტია მოპასუხეს აღნაგობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში უნდა წარედგინა. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ აღნაგობის ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა წარედგინა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (400 000 ლარის) 10%-ის ოდენობით; იმავე ხელშეკრულების 10.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვლებოდა მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან - ხელმოწერის თარიღად კი, ითვლება ხელშეკრულების ზედა მარჯვენა კუთხეში აღნიშნული თარიღი; საქმეში წარდგენილი აღნაგობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული თარიღია 2022 წლის 28 აპრილი (იხ. ს.ფ. 20-29). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს სწორედ მითითებული თარიღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარედგინა საბანკო გარანტია, რაც, სადავო არ არის, რომ არ განუხორციელებია. შესაბამისად, საბანკო გარანტიის წარდგენის ვადაგადაცილების პერიოდი შეადგენს 94 დღეს (ხელშეკრულების გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე პერიოდი) და სწორედ ვადაგადაცილების აღნიშნული პერიოდის შესაბამისად უნდა მოხდეს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები. იმავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამდენად, სანივთო სამართლებრივი გარიგებიდან წარმოშობილი უფლება ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. პირი ვერ ჩაითვლება ქონების მესაკუთრედ, თუ აღნიშნული უფლება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში. სანივთო სამართლებრივი უფლების მოპოვების ასახვა საჯარო რეესტრში საკანონმდებლო დანაწესია და, პირველ რიგში, მესამე პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას ემსახურება. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ წერილობითი ფორმის დაცვით დადებული სანივთო სამართლებრივი გარიგება რეგისტრაციის გარეშე (რეგისტრაციამდე) არ წარმოშობს უფლება-მოვალეობებს უშუალოდ გარიგების მონაწილეებისათვის (იხ. სუსგ საქმე Nას-534-507-2014, 29 ივნისი, 2015 წელი). უფლების რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულება მოიცავს როგორც ვალდებულებითი შინაარსის, ასევე, სანივთო (განკარგვით) პირობას. რეგისტრაციამდე ხელშეკრულება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ფორმით) დადებისთანავე (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, გვ. 619).
31. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ იგი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ითხოვდა წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მოპასუხე სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განსახილველი საქმის წარმოების შეჩერებას, თუმცა შემდგომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე უარი თქვა აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებაზე (იხ. 18.01.2024წ. სხდომის ოქმი), რის გამოც სასამართლო მასზე ვეღარ იმსჯელებდა. ამასთან, მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერება არ მოუთხოვია.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
34. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 520 ლარის 70% – 364 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ვ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ვ.მ–ს“ (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს №7031 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 520 ლარის 70% – 364 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე