საქმე №ას-37-2025 27 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ე.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.დ–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ........, ს/კ №........., და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მოსარჩელეს.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., ს/კ №........ - რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;
2.2. მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე.
3. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 183-ე და 311-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს შეადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. მოპასუხე უთითებდა, რომ ს.კ–ძე (მოპასუხის მამა) და სადავო ბინის ყოფილი მესაკუთრე, აწ გარდაცვლილი გ.ფ–ია, ახლო მეგობრები იყვნენ და მადლიერების ნიშნად, მათ შორის შედგა ზეპირი შეთანხმება უძრავი ქონების ს.კ–ძის ოჯახისთვის გადაცემის შესახებ, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ყოფილ მესაკუთრესა და მოპასუხის აწ გარდაცვლილ მამას შორის თხოვების სახელშეკრულებო ურთერთობის არსებობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოპასუხე ვერ იქნებოდა სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი, ვინაიდან მხარეთა შეთანხმება თხოვების შესახებ ბინის მართლზომიერ მფლობელობას წარმოშობს იმ დრომდე, ვიდრე მესაკუთრე (მოცემულ შემთხვევაში, ყოფილი მესაკუთრის უფლებამონაცვლე) არ გამოავლენდა ნებას მფლობელობის შეწყვეტის შესახებ. სარჩელის აღძვრით მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე კი, შეწყდა მხარეთა შორის წარმოშობილი ის სამართლებრივი ურთიერთობა (თხოვება), რაც განაპირობებდა მოპასუხის მხრიდან სადავო ბინის მფლობელობის მართლზომიერებას (სსკ-ის 621-ე მუხლი: 1. მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. 2. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება. 3. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან).
5. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ჰქონდა რაიმე უფლება, რითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის საფუძველი. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი.
6. რაც შეეხება მოპასუხის შედავებას არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლით, სსკ-ის 1198-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ბავშვის ინტერესის უპირატესობის პრინციპით, თუმცა, ამავდროულად, უნდა შეფასდეს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოშობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს. არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ და არასრულწლოვნის უფლებაზე მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, სსკ-ის 172.1 მუხლის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, მაგრამ სასამართლოს არ გაურკვევია საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი;
9.2. მოპასუხის აწ გარდაცვლილი მამა ს.კ–ძე და აწ გარდაცვლილი გ.ფ–ია წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთ ბინაში და, როცა აწ გარდაცვლილი გ.ფ–იას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა (ის ეტლს იყო მიჯაჭვული), მოპასუხის მამა წლების განმავლობაში უვლიდა და პატრონობდა მას, რა დროსაც ისინი ზეპირად შეთანხმდნენ მის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხის ოჯახისთვის გადაცემის თაობაზე. სწორედ ამის საფუძველზე შესახლდა სადავო ბინაში მოპასუხის ოჯახი;
9.3. ამა თუ იმ პირთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა გულისხმობს მის მიმართ ნდობის მაღალი ხარისხით არსებობას. შესაბამისად, არსებობდა აწ გარდაცვლილ გ.ფ–იასგან ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების მოლოდინი. მაგრამ მოპასუხის მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელე ფიქტიურად განქორწინდა თავის მეუღლესთან და ფიქტიურად დაქორწინდა შეზღუდულქმედუნარიან გ.ფ–იაზე, რომლის მიზანს მხოლოდ და მხოლოდ სადავო ქონების არაკეთილსინდისიერად ხელში ჩაგდება წარმოადგენდა;
9.4. სასამართლომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა ორი არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესები. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვი არის 18 წლამდე არასრულწლოვანი პირი. განსახილველ შემთხვევაში სადავო ქონების მაცხოვრებელია ორი არასრულწლოვანი და მათი გასახლებით არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების ინტერესი, ღირსება, ნორმალური მატერიალური კეთილდღეობა, უსაფრთხოება, პირადი ცხოვრების განვითარება და სხვა ღირებულებები. სასამართლო ხელისუფლება არის სწორედ ის ერთადერთი ხელისუფლების შტო, რომელმაც უნდა განიხილოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების განხორციელების საკითხი. საკასაციო საჩივრის არდაკმაყოფილების შემთხვევაში დაირღვევა ბავშვების საუკეთესო ინტერესები.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
15. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ს/კ №....... - რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.2 ქვეპუნქტები).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
17. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
18. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 70), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
20. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური და სათანადო მტკიცებულება.
21. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი მის აწ გარდაცვლილ მამასა და სადავო ბინის ყოფილ მესაკუთრეს შორის არსებული ზეპირი თხოვების სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ნივთს.
22. ზემოაღნიშნული გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც კი, კასატორის შედავება უსაფუძვლოა. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართლზომიერი მფლობელია პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე უთითებს, რომ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს სადავო ნივთს და, შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ ნივთის დაბრუნება მოითხოვა, მოპასუხე ვალდებული იყო, დაებრუნებინა სადავო ნივთი [სსკ-ის 621-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები: მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება]. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ უთითებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე, ვინდიკაციური სარჩელის აღძვრით კი მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე მოპასუხე აღარ წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-731-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).
23. რაც შეეხება არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაში მოპასუხესთან ერთად ბავშვების ცხოვრების ფაქტი ვერ გახდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა, უპირველესად, მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ [ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27.2 მუხლი: მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სსკ-ის 1198.1 მუხლი: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით] (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1191-2021, 14 თებერვალი, 2022 წელი).
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-23).
26. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის არასრულწლოვნების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1282-2021, 15.06.2022წ). შესაბამისად, არასრულწლოვნების უფლებაზე კასატორის მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველს არ წარმოადგენს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე