Facebook Twitter

ბს-106-88-კ-04 30 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) _ ლ. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სამოქალაქო რეესტრის ისანი-სამგორის ტერიტორიული სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ბინიდან გამოსახლება, შეგებებული სარჩელის საგანი _ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. ნ-მა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – ლ. და ე. ს-ების მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეების ქ. თბილისში, .... ქ. ¹9-ში მდებარე 28კვ.მ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება /იხ.ს.ფ. 3/.

საქმის გარემოებები:

1992 წელს მოსარჩელემ იყიდა ქ. თბილისში, ..... ქ. ¹9-ში მდებარე სახლი, რომლის ერთ-ერთ ოთახში დამქირავებლებად ცხოვრობდნენ მოპასუხეები ლ. და ე. ს-ები. საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის შემდეგ, მოპასუხეებმა საცხოვრებელი ოთახი დაკეტილი დატოვეს და ბინის ქირაც არ გადაიხადეს. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელე გ. ნ-მა მიმართა პოლიციის განყოფილებას, რომლის მიერაც გაუქმდა ლ. და ე. ს-ების აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაცია.

მოპასუხე ლ. ს-ამ შეგებებული სარჩელი აღძრა რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა შს სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2000 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მათი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით რეგისტრაციის აღდგენა, შემდეგი საფუძვლით:

მათი რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე, 79-ე, 96-ე, 97-ე და 83-ე მუხლები, ვინაიდან საპასპორტო-სავიზო სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ხოლო მითითებულ აქტს არ გააჩნია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით ადმინისტრაციული აქტისთვის დამახასიათებელი რეკვიზიტები, იგი გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. და ე. ს-ები გამოსახლებულ იქნენ .... ქ. ¹4-ში მდებარე ბინიდან და აღნიშნული ბინა თავისუფალი სახით ჩაჰბარდა გ. ნ-ს; შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ლ. და ე. ს-ებს უარი ეთქვათ ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს საპასპორტო სამსახურის ადმინისტრაციული აქტის, .... ქ. ¹4 ბინაში მათი რეგისტრაციის მოხსნის გაუქმებისა და რეგისტრაციის აღდგენის შესახებ, უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ქ. თბილისში, .... ქ. ¹4-ში მდებარე სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე გ. ნ-ის სახელზე, მოპასუხეები ლ. და ე. ს-ები იყვნენ მისი მდგმურები, რომლებსაც ეკავათ ერთი საცხოვრებელი ოთახი. მოპასუხეები მათ მიერ დაქირავებულ ბინაში, ფაქტობრივად, არ ცხოვრობდნენ და არც ათავისუფლებდნენ დაქირავებულ ფართს, ამასთან, არც ბინის ქირას იხდიდნენ, მოსარჩელის თანხმობის გარეშე სხვა პირები შეუშვეს ოთახში დამქირავებლებად და მათგან თვითონ იღებდნენ ბინის ქირას. ის ფაქტი, რომ მოპასუხეები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ მათ მიერ დაქირავებულ ოთახში, სასამართლოს დასკვნით, დასტურდებოდა ასევე მეზობლების განმარტებებითაც. ე. ს-ა სადავო ბინაში ჩაწერილი იყო 1935 წლიდან, ხოლო ლ. ს-ა _ 1951 წლიდან. ბინის მესაკუთრის განცხადების სამსახურებრივად გადამოწმების შედეგად ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საპასპორტო სამსახურის 2000 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების შესახებ» საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის შესაბამისად, მოპასუხეების რეგისტრაცია გაუქმდა, ვინაიდან ისინი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ გ. ნ-ის სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, შესაბამისად, მოპასუხეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა /იხ. ს.ფ. 144-146/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ე. ს-ებმა, რომლითაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო უკანონოდ, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე; გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებულია, კერძოდ, მასში მითითებული არ არის, სახლის რა ნაწილია აღრიცხული გ. ნ-ის სახელზე. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა, თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნია მოპასუხეები მოსარჩელის მდგმურებად მაშინ, როცა ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის სარეგისტრაციო განყოფილებიდან წარმოდგენილი მასალები ადასტურებს, რომ ლ. და ე. ს-ები აღნიშნულ მისამართზე ჩაწერილები არიან როგორც ადგილობრივი და მუდმივი მცხოვრებლები. აპელანტის განმარტებით, გ. ნ-სა და მათ შორის არ ყოფილა გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რასაც საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიც ადასტურებს /იხ. ს.ფ. 150-162/.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ. და ე. ს-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტები:

ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში 1935 წლის 18 დეკემბრიდან მუდმივად ჩაწერილი იყო ლ. ს-ა, ხოლო 1951 წლის 21 ნოემბრიდან _ ე. ს-ა. სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» 1998 წლის 25 ივნისის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, მოწესრიგებულია მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილი ურთიერთობები. ამავე კანონის 2.2. მუხლის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა, მაშინ ამგვარი გარიგება წესრიგდება კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა გარიგება, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დადასტურებულია სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით. ამასთან, სასამართლოს მითითებით, საქართველოს შსს საპასპორტო-სავიზო მუშაობის მთავარი სამმართველოს საინფორმაციო სამისამართო განყოფილების ფორმა ¹...-ით ლ. და ე. ს-ები 2000 წლის 17 ნოემბრიდან მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან.

სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გამოცემის დროს დაირღვა ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 87-ე, 96-ე, 97-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც სასამართლოს მიიჩნია, რომ ლ. და ე. ს-ების რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას /იხ. ს.ფ. 70-80/.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა, რომლითაც საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა /იხ. ს.ფ. 85-89/.

კასაციის მოტივი:

მოპასუხეები ლ. და ე. ს-ები წარმოადგენდნენ მოსარჩელის მდგმურებს, რომლებსაც სახლის ყოფილი მესაკუთრისაგან დაქირავებული ჰქონდათ ... ქ. ¹4-ში მდებარე საკუთარი სახლის ერთი საცხოვრებელი ოთახი, რაც დადასტურებულია საქმეზე დართულ დეპოზიტში შეტანილი 1970-1974-1975-1976წლების ქვითრებით. 1975 წლიდან აღნიშნული ბინის ნახევარი ირიცხება მოსარჩელის სახელზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები ბინის ქირას არ იხდიდნენ და ქირავნობის ხელშეკრულების დადებაზეც უარი განაცხადეს, ვინაიდან ისინი მოსარჩელეს ბინის მესაკუთრედ არ მიიჩნევდნენ. ამასთან, მოპასუხეები წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ დაქირავებულ ბინაში, მესაკუთრის თანხმობის გარეშე აქირავებდნენ ფართს. აღნიშნულის გამო, მოპასუხეები ლ. და ე. ს-ები მოხსნილ იქნენ რეგისტრაციიდან, ხოლო რაც შეეხება მათი რეგისტრაციიდან მოხსნის გაუქმებას, სრულიად უკანონოა.

საკასაციო სასამართლოს 2004 წლის 13 მაისის განჩინებით გ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება შემდეგი მოტივით:

«საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონს, 2003 წლის 5 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაემატა მე-81 მუხლი, რომლის თანახმად, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ» საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უნდა იქნეს ამ კანონში შესატანი ცვლილებები. ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოებს დაევალათ, შეეჩერებინათ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავები /იხ. ს.ფ. 163-168/.

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის განჩინებით გ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ 2005 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი «საცხოვებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე /იხ. ს.ფ. 175-176/.

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სსსკ-ის 279-ე მუხლის «ა» პუნქტის საფუძველზე, გ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა მოწინააღმდეგე მხარის – ე. ს-ას გარდაცვალების გამო, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე /იხ. ს.ფ. 233-234/.

2007 წლის 7 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კასატორ გ. ნ-ის რწმუნებულმა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2006 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციაში გაატარა ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე უძრავი ქონება გ. და ს. ნ-ების სახელზე, რის გამოც აღარ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი /იხ. ს.ფ. 242-243/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინებით გ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებულია, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ქ. თბილისში, .... ქ. ¹4-ში 1935 წლის 18 დეკემბრიდან მუდმივად ჩაწერილი იყო ლ. ს-ა, ხოლო 1951 წლის 21 ნოემბრიდან _ ე. ს-ა. საქართველოს შსს საპასპორტო-სავიზო მუშაობის მთავარი სამმართველოს საინფორმაციო სამისამართო განყოფილების ფორმა ¹...-ით ლ. და ე. ს-ები 2000 წლის 17 ნოემბრიდან მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან.

საკასაციო სასამართლო «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» 1998 წლის 25 ივნისის კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილი ურთიერთობები. ამავე კანონის 2.2. მუხლის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა, მაშინ ამგვარი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა გარიგება, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დადასტურებულია სადავო საცხოვრებელ სადგომში მოპასუხეთა რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. და ე. ს-ები რეგისტრირებულნი იყვნენ რა მუდმივად ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში, ისინი წარმოადგენდნენ საცხოვრებელი ფართის მოსარგებლეებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ე. და ლ. ს-ების რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, წერილობით დასაბუთებას, იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ან შესაბამის ნორმას, რომლის საფუძველზეც გამოიცა იგი, რის გამოც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე მუხლებით დადგენილ ადმინისტრაციული აქტისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შს საპასპორტო სავიზო მუშაობის მთავარი სამმართველოს სამისამართო განყოფილების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ლ. და ე. ს-ების რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის /კოდექსის 2000 წლის რედაქცია/ საფუძველზე ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რამდენადაც «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორცილეების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, ანუ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის საფუძველზე ხდება საქართველოს მოქალაქეთა შესახებ მონაცემების დადგენა, აგრეთვე რეგისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ საფუძველს რათა რეგისტრირებულმა პირმა შეუზღუდავად განახორციელოს უფლებები და მოვალეობები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც მოხდა აქტის გამოცემა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, გ. ნ-მა მითითებულ სამსახურს ლ. და ე. ს-ების რეგისტრაციიდან მოხსნის განცხადებით მიმართა 2000 წლის 15 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 49/, ადმინისტრაციულმა ორგანომ რეგისტრაციიდან მოპასუხეები მოხსნა 2000 წლის 17 ნოემბერს, 2 დღის შემდეგ, ისე, რომ არ გამოიკვლია, წარმოადგენდა თუ არა გ. ნ-ი სადავო ფართის ერთადერთ მესაკუთრეს და როგორც სადავო ფართის მოსარგებლეებს ე. და ლ. ს-ებს ჰქონდათ თუ არა სურვილი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, მეტიც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რეალურად ცხოვრობდნენ თუ არა მოპასუხეები რეგისტრირებულ მისამართზე და ა.შ, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, რაც მართებულად იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია საკუთრების ცნება და საკუთრების უფლების შინაარსი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენდა უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი განსაზღვრავს მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლებას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 172.1. მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გ. ნ-ის ვინდიკაციური სარჩელი მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» 1998 წლის 25 ივნისის კანონის საფუძველზე მოპასუხე ლ. და ე. ს-ები წარმოადგენდნენ სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეებს, შესაბამისად მათ გააჩნდათ სადავო ფართის ფლობის უფლება. ამდენად, გ. ნ-ის სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 172.1. მუხლის საფუძველზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, 2005 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დადასტურდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად თუ მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოპოვებული აქვს ქირავნობის საფუძველზე, ის არ ჩაითვლება ამ კანონის 11 მუხლის «ა» ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2005 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებელს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, ხოლო სსსკ-ის 218-ე მუხლის თანახმად სასამართლომ ხელი უნდა შეუწყოს და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ შესთავაზე მხარეებს მორიგება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/, თუმცა მხარეთა მიერ უარის გაცხადების გამო, არ განხორციელდა კონფლიქტის მორიგებით დასრულება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2005 წლის 30 ივნისს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები განსახილველ შემთხვევაში დავის საგანზე ვერ გავრცელდება, რამდენადაც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოქმედი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონი სხვაგვარად აწესრიგებდა სადავო სამართალურთიერთობას, ამასთან, კანონმდებელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გავრცელების შესაძლებლობა არსებულ სამართალურთიერთობებზე კანონში გაკეთებული სპეციალური დათქმის საფუძველზე არ მოუხდია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1. «გ» და 53.1 მუხლების თანახმად გ. ნ-ს საკასაციო სამართალწარმოებაზე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება; გ. ნ-ს დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოებაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.