10 მარტი, 2025 წელი
№ას-447-2024 სტეფანოვი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ს–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ფ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება, უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კ.ს–ვის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ო.ფ–ვას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ......... მდებარე, ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე 2020 წლის 23 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება; დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ....... მდებარე, ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებად; დადგინდა, რომ მხარეთა შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...... მდებარე, ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე 2020 წლის 23 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება აღიარებულ იქნეს მხარეთა შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებად; მოსარჩელის სარჩელი სესხის არსებითი პირობების (თანხის ოდენობა, ვადა, სარგებლის ოდენობა და სხვა პირობები), ასევე იპოთეკის ხელშეკრულების დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2020 წლის 29 დეკემბრამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრებად, 2020 წლის 29 დეკემბრიდან კი მასზე მოპასუხის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2020 წლის 23 დეკემბრის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-29, 39-40);
2.2. სადავო არაა, რომ ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე, №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში, რომელიც სადავო გარიგების საგანია, ცხოვრობს მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად (მხარეთა განმარტებები);
2.3. სს „კ.ბ–ის“ ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 2020 წელს მოსარჩელეს სს „კ.ბ–ში“ სესხი ჰქონდა, რომლის დასაფარად ბანკში პერიოდულად შეჰქონდა შენატანები. ამონაწერის გრაფაში - „დანიშნულება“ უმრავლეს ადგილას მითითებულია ვადაგადაცილებულ სესხზე ჯარიმის დარიცხვის შესახებ. ამავე ამონაწერით დადგენილია, რომ 2020 წლის 24 დეკემბერს, სადავო გარიგების დადებიდან მეორე დღეს, მოსარჩელემ სესხის დასაფარად შეიტანა 17 943 ლარი კ.ლ–ას მეშვეობით (იხ. ს.ფ. 32-37);
2.4. 2020 წლის 23 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში მოსარჩელე უშუალოდ არ მონაწილეობდა. მას წარმოადგენდა კ.ლ–ა (ს.ფ. 26-29);
2.5. აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო გარიგების საგნის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 44 498 აშშ დოლარი (ს.ფ. 120-129);
2.6. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მოპასუხეს, სადავო გარიგების ჩათვლით, 2019-2020 წლებში დადებული აქვს რამდენიმე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-48).
3. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, 2020 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელს - კ.ლ–ასა და მოპასუხეს შორის დადებული გარიგება (გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება) იყო თუ არა ნამდვილი გარიგება ანუ შეესაბამებოდა თუ არა ხელშემკვრელ მხარეთა ნამდვილ ნებას თუ სახეზე იყო ბათილი, სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება თვალთმაქცურია, რადგან მხარეებს სურდათ დაედოთ არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ - სესხის ხელშეკრულება, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის წარმომადგენელსა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით გაფორმებული 2020 წლის 23 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველის წარმომადგენელმა მოპასუხეს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი 1500.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი 124.53, საკადასტრო კოდით .......... უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა განისაზღვრა 14 600 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 47 718.64 ლარს. გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 06 თვე, 2021 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 623-ე, 625-ე, 56-ე, 52-ე მუხლებით და საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მხარეები გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი და უძრავი ნივთის გასხვისებას მიზნად არ ისახავდნენ. პალატამ ამ მსჯელობის დასაბუთებისათვის ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
5.1. მყიდველი - მოპასუხე არ დაუფლებია სადავო გარიგების საგანს - ხელვაჩაურში, სოფ. ......... მდებარე N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებას;
5.2. სადავო უძრავ ქონებაში დღემდე ცხოვრობენ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები;
5.3. გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოკლე - ექვსი თვის ვადით.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის დასკვნით, 2020 წლის 23 დეკემბერს დადებული გარიგებით არ დგინდება, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო, ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების დათმობისა და, მეორე მხრივ, ამ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. შესაბამისად, გონივრული იყო მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ სინამდვილეში მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება; ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა - 14 600 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხად აღებულ თანხას და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხის ხელშეკრულება.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ გარიგების ბათილად მიჩნევისათვის სხვა ფაქტებთან ერთად, გასათვალისწინებელი იყო ხელშეკრულების საგნის ღირებულებაც. მართალია, სსკ-ის 319.1 მუხლის მიხედვით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გარიგებით განსაზღვრული ფასი - 14 600 აშშ დოლარი ძალზე შეუსაბამო და არაგონივრული იყო ნივთის საბაზრო ფასთან (აუდიტის დასკვნის თანახმად, უძრავი ნივთის ფასი 44 498 აშშ დოლარია) შედარებით, აღნიშნული კი დამატებით ადასტურებდა, რომ გარიგებაში მითითებული ფასი იყო არა ნასყიდობის საზღაური, არამედ - უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა სესხის ხელშეკრულება, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 300.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა, რადგანაც მოპასუხეს სადავო ნივთზე ფაქტობრივად არ გააჩნდა საკუთრების უფლება. შესაბამისად, პალატამ სასარჩელო მოთხოვნა, რომ გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება, საფუძვლიანად მიიჩნია.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე არ მონაწილეობდა 23.12.2020 წლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში და მას წარმოადგენდა კ.ლ–ა ანუ პირი, რომელმაც 24.12.2020 წელს მოსარჩელის საბანკო სესხები დაფარა. ფაქტობრივად კი, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში მოპასუხე უშუალოდ მონაწილეობდა, ხოლო გამყიდველი - მოსარჩელე მონაწილეობდა წარმომადგენლის - კ.ლ–ას მეშვეობით, შესაბამისად, მოპასუხე ვერ იქნებოდა ჩაბმული მოსარჩელის ვალთან დაკავშირებით ბანკთან ანგარიშსწორებაში, როგორც ამას პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს და გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც;
11.2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2020 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარება და უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სასამართლომ 2020 წლის 23 დეკემბრის უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო და იგი მიიჩნია სესხის ხელშეკრულებად აქცესორული უფლების - იპოთეკის გარეშე, რომლის გარეშეც არ დაიდებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე სამართლებრივად უფრო საღად აზროვნებს, ვიდრე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო;
11.3. ზემოთ მითითებული გარემოებების გამო სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
11.4. მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე პრეტენზია საკუთარი წარმომადგენლის - კ.ლ–ას მიმართ, რომელმაც მიიღო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. მას პრეტენზია აქვს მყიდველის - მოპასუხის მიმართ, რომელიც მოქმედებდა კანონის შესაბამისად, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რომელიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში სსკ-ის 183.1 მუხლის შესაბამისად, გადაიხადა ნასყიდობის ფასი - 14600 აშშ დოლარი. მას კანონი არ დაურღვევია, საკუთარი უფლების რეალიზაცია მოახდინა ზემოთ მითითებული ნორმებისა და სსკ-ის 509-ე, 510-ე მუხლების შესაბამისად;
11.5. აუდიტის დასკვნაში მითითებული უძრავი ქონების ღირებულება (44 498 აშშ დოლარი) დადგენილია 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, მაგრამ რამდენს შეადგენდა ქონების ღირებულება 2020 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილია, რომ ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ფასით, რომელსაც იხდის მყიდველი ქონების შეძენისას;
11.6. გაუგებარია, სასამართლომ რატომ არ ცნო მხარეთა შორის გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სურდა კუთვნილი უძრავი ქონება გაეყიდა ან იპოთეკური სესხისთვის გამოეყენებინა;
11.7. სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულების გარეშე სესხის ხელშეკრულება არ დაიდებოდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
15. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ორთაბათუმში მდებარე, ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა [სსკ-ის 56-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)].
18. დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დროს ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
19. რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, საკასაციო პალატის განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ საქმე №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმე №ას-474-455-2016, 7 ივლისი, 2016 წელი).
20. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს (იხ. სუსგ საქმე №ას-84-84-2018, 22 ივლისი, 2020 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები დღემდე ფლობენ და სარგებლობენ სადავო უძრავი ქონებით და მოპასუხე არ დაუფლებია სადავო გარიგების საგანს. ნასყიდობის ხელშეკრულების დროს კი გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს. შესაბამისად, გარიგების დადებისას შემძენის ინტერესი ქონების დაუფლება და მისით სარგებლობაა [სსკ-ის 477-ე მუხლი]. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მოპასუხეს, სადავო გარიგების ჩათვლით, 2019-2020 წლებში დადებული აქვს რამდენიმე გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება მოპასუხის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენდა.
22. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გარიგებით განსაზღვრული ფასი - 14 600 აშშ დოლარი შეუსაბამო და არაგონივრულია ნივთის საბაზრო ფასთან შედარებით (აუდიტის დასკვნის თანახმად, უძრავი ნივთის ფასი 44 498 აშშ დოლარია), რაც დამატებით ადასტურებს, რომ გარიგებაში მითითებული ფასი არ წარმოადგენდა ნასყიდობის საზღაურს.
23. საკასაციო პალატა კასატორის იმ შედავებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 2020 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით ქონების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, მიუთითებს, რომ მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენის გზით გაებათილებინა აღნიშნული აუდიტის დასკვნით დადგენილი გარემოება, რაც მას არ გაუკეთებია.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებზე [ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა] და აღნიშნავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას ფიზიკურ პირებს შორის გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებოდა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში და საქმეზე დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგების დადებისას მხარეთა ნება მიმართული იყო სასესხო ურთიერთობის წარმოშობისაკენ, რომლის ფარგლებშიც იმ დროს და ამჟამადაც მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით, მხარეები შეზღუდული იყვნენ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთათ სადავო უძრავი ქონება და გამოსყიდვის უფლებით რეალურად გამსესხებელმა თავისი უფლების დაცვის მეტი გარანტიები შექმნა.
25. მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს, უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი გარემოებები ერთად ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სადავო ხელშეკრულება თვალთმაქცურია, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ მხარეთა რეალურ ნებას წარმოადგენდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადება.
26. საკასაციო სასამართლო კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც იგი ითხოვს სარჩელის უარყოფას, იმსჯელებს ასევე დაფარული გარიგების - სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვალთმაქცური გარიგებისას, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს (იხ. სუსგ საქმე №ას-1311-2023, 25 იანვარი, 2024 წელი). დაფარული გარიგების მიმართ გამოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები, ამიტომ დაფარული გარიგების ნამდვილობისათვის არ კმარა მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილობა. დაფარული გარიგება უნდა იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.56, ველი 20, გვ. 331). ამდენად, დაფარული გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს, როდესაც დაფარული (სესხის) გარიგება ნამდვილია.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულება ბათილია, როგორც თვალთმაქცური, თუმცა, არ არსებობს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების ურთიერთობის დადგენის სამართლებრივი საფუძვლები კანონთან მისი წინააღმდეგობის გამო. კერძოდ, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თანხის გაცემა მოხდა აშშ დოლარით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა შეადგენს 14 600 აშშ დოლარს.
29. 2020 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდა და ამჟამადაც ძალაშია სსკ-ის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.
30. 2020 წლის 23 დეკემბრის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 14600 აშშ დოლარად, რაც ხელშეკრულების დადების დღისთვის ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 47718,64 ლარს (1 აშშ დოლარი - 3,2684 ლარი) (იხ. ს.ფ. 29). ამდენად, უდავოა, რომ მსესხებლის მთლიანი ვალდებულება არ აღემატება 200 000 ლარს.
31. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სსკ-ის 61.1 მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
32. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ეწოდება ისეთ გარიგებას, რომელიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს (61 I). ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების და არც მესამე პირების მიმართ. გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ გადააქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება, ვერც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მოწონება ან სასამართლოს გადაწყვეტილება. კანონი არ ითვალისწინებს ბათილი გარიგების გამოსწორების შესაძლებლობას. ბათილი გარიგების ბათილად მიჩნევისათვის არ არის სავალდებულო რაიმე პროცედურის დაცვა: შეცილება, გარიგების ბათილობის მოთხოვნა ან სასამართლოს მიერ მისი მიჩნევა ბათილად, რადგან უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, გვ. 314).
33. განსახილველ შემთხვევაში 200 000 ლარამდე სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში, ხოლო მსესხებლის მთლიანი ვალდებულება არ აღემატება 200 000 ლარს, შესაბამისად, გამსესხებელი ვალდებული იყო სესხი ეროვნულ ვალუტაში - ლარში გაეცა, რის გამოც დაფარული (სესხის) გარიგება კანონსაწინააღმდეგო და ბათილია სსკ-ის 625.7 და 54-ე მუხლების საფუძველზე.
34. აქვე, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მას სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლებით მოწესრიგებული უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე აღძრული სარჩელის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს ბათილი გარიგებიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის დაბრუნება.
35. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
36. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების სესხის ხელშეკრულებად აღიარების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი მხარეთა შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ორთაბათუმში მდებარე, .......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე 2020 წლის 23 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების სესხის ხელშეკრულებად აღიარების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
38. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
39. განსახილველ შემთხვევაში კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ვერ დაეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომლისგანაც საკასაციო და სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გათავისუფლებული იყო კასატორი, აპელანტი (მოპასუხე) და არ არის გათავისუფლებული მოსარჩელე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მოპასუხის საკასაციო საჩივარი და ასევე სააპელაციო საჩივარიც (საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და დაკმაყოფილებული ნაწილის თანხობრივად განსაზღვრა მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია. ამავე დასაბუთებით, არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების საკითხის შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. კ.ს–ვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე 2020 წლის 23 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების სესხის ხელშეკრულებად აღიარების თაობაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ო.ფ–ვას სარჩელი, ო.ფ–ვასა და კ.ს–ვს შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...... მდებარე, .......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე 2020 წლის 23 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ო.ფ–ვასა და კ.ს–ვს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე