Facebook Twitter

საქმე №ას-1500-2024 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ჯ–ვა, მ.ზ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.გ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის - ლ.გ–ის (შემდგომში - „პირველი მამკვიდრებელი“) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ½ წილის მესაკუთრედ; მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის - დ.გ–ის (შემდგომში - „მეორე მამკვიდრებელი“) დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ½ წილის მესაკუთრედ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2013 წლის 01 აპრილს გარდაიცვალა პირველი მამკვიდრებელი და გაიხსნა სამკვიდრო;

2.2. მოსარჩელესთან ერთად პირველი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა პირველი მამკვიდრებლის მეუღლე (მოსარჩელის მამა) მეორე მამკვიდრებელი, რომელზედაც გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/4 წილზე;

2.3. 2016 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს - გ.გ–ს პირველი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 3/4 წილზე ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით;

2.4. 2016 წლის 22 თებერვალს ნოტარიუსმა - გ.გ–მა გამოსცა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე პირველი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 3/4 წილზე;

2.5. 2015 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა - მეორე მამკვიდრებელი და გაიხსნა სამკვიდრო;

2.6. მეორე მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი კუთვნილი ქონების (ს.კ. ......) ½ წილი საჩუქრად გადასცა თავის შვილს - მ.ზ–ს (გ–ი) (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“);

2.7. 2016 წლის 27 იანვარს ნოტარიუსმა გ.გ–მა პირველ მოპასუხეზე გასცა სამკვიდრო მოწმობა N......

2.8. მეორე მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე;

2.9. 2016 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს - გ.გ–ს მეორე მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სრულად ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით;

2.10. 2016 წლის 19 თებერვალს ნოტარიუსმა გ.გ–მა გასცა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მეორე მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სრულად;

2.11. მეორე მამკვიდრებლის მესამე შვილმა - ნ.ჯ–ვამ (ქორწინებამდე გვარი გ–ი) (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსთან წარადგინა 03.04.2017 წელს, რომლითაც მოითხოვა მამის - მეორე მამკვიდრებლის სამკვიდროდან წილი (რომელშიც შედის ასევე დედის - პირველი მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან მიღებული სამკვიდროც);

2.12. პირველი მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მისაღებად განცხადება წარდგენილი აქვს მხოლოდ მამკვიდრებლის ერთ პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს - მოსარჩელეს, რომელიც ასევე ფაქტობრივი ფლობითაც დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას;

2.13. სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებს (მოპასუხეებს) თავისი უფლების რეალიზება მიეღოთ სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით და ვადებში არ მოუხდენიათ;

2.14. მეორე მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მისაღებად განცხადება წარდგენილი აქვს მამკვიდრებლის ორ პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილებს - მოსარჩელეს და პირველ მოპასუხეს. ამასთანავე, მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობითაც დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მამკვიდრებლის მესამე შვილს - მეორე მოპასუხეს მამის სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.

3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეების მიერ პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების შესახებ გარემოება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან 2013 წლის 01 აპრილს გარდაცვლილი პირველი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები (შვილები). პირველი მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მამკვიდრებლის მეუღლე მეორე მამკვიდრებელი (გაცემულია სამკვიდრო მოწმობა ¼ წილზე) და მოსარჩელე, პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც ასევე კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა განცხადება სამკვიდროს მისაღებად. 2015 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა მეორე მამკვიდრებელი და გაიხსნა სამკვიდრო.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ იყო გამხდარი მეორე მამკვიდრებლის წილზე მემკვიდრეთა უფლება, არამედ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა მემკვიდრეთა მიერ პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღების ფაქტი. მოპასუხეების შეფასებით, სასამართლომ არასწორად ცნო მოსარჩელე პირველი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ წილის მესაკუთრედ, ვინაიდან სამკვიდრო ასევე მიიღეს მათ, ფაქტობრივი დაუფლებით გზით. მოპასუხეთა შეფასებით, აღნიშნულს ადასტურებს ფულადი გზავნილები (იხ. ტ.1, ს.ფ. 122, ტ.2, ს.ფ. 140) ანუ მათ მიერ საზღვარგარეთიდან მშობლებისათვის გამოგზავნილი თანხები, ასევე, ის ფაქტი, რომ მათი კუთვნილი ნივთები განთავსებული იყო სამკვიდრო ქონებაში (მშობლების სახლში) და დღესაც იქ არის, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს 2022 წლის 06 ოქტომბრის სხდომაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 416-423). მოპასუხეები ასევე მიუთითებენ საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს 01.09.2016წ. ცნობაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა, რომ ხელს არ შეუშლიდა პირველ მოპასუხეს და მისი ოჯახის წევრებს საცხოვრებელ სახლში მისვლასა და სარგებლობაში (ტ.1, ს.ფ. 90, ს.ფ. 123).

5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მითითებული ცნობა და არგუმენტი, რომ მოპასუხეებს ხელი ეშლებოდათ სადავო ქონებით სარგებლობაში, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეები, წლებია, იმყოფებიან ემიგრაციაში. მეორე მოპასუხე აპელირებს იმის შესახებ, რომ მან სამკვიდროს მიღების პროცედურებთან დაკავშირებით გააფორმა მინდობილობა ადვოკატთან, თუმცა ამ უკანასკნელმა დაგვიანებით მიმართა ნოტარიუსს. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ აღნიშნული ფაქტი დაკავშირებულია მამის სამკვიდროს მიღების პროცედურასთან, განსახილველ შემთხვევაში კი, სადავოდ არის გამხდარი დედის - პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი, რის გამოც ზემოაღნიშნული არგუმენტი პალატამ არ გაიზიარა (იხ. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.04.2024წ. სხდომის ოქმი). რაც შეეხება შვილების, ამ შემთხვევაში მოპასუხეების, მიერ მშობლების სახელზე შესრულებულ ფულად გზავნილებს, მხოლოდ მითითებული გარემოება თავისთავად ვერ გახდება სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი, ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული თანხით ხდებოდა რემონტისა და სხვა ქონების მოვლასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით და შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა. პალატამ ასევე არ გაიზიარა ნივთების განთავსების ფაქტი, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამ ნივთების განთავსების მიზანს სწორედ სამკვიდროს ფაქტობრივი გზით დაუფლება წარმოადგენდა. შვილების მიერ მშობლების სახლში ნივთების განთავსება, მით უმეტეს, ჯერ კიდევ მათ სიცოცხლეში, პალატის შეფასებით, არ ადასტურებს სადავო ფაქტობრივი გარემოების (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლება) არსებობას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეები დედის გარდაცვალების შემდეგ შეუდგნენ მისი ნივთების ფლობას ან განახორციელეს ისეთი მოქმედებები (გადასახადების გადახდა, ქონების მართვა და მოვლა-პატრონობა), რაც სამკვიდროს თავისად მიჩნევაზე მიუთითებდა.

6. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტები, რომ მოპასუხეებმა დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს და აღნიშნული განახორციელეს კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, პირველი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ½ წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების იურიდიული ინტერესი მოპასუხეებს არ გააჩნდათ.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

8. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

8.1. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ ყველა გარემოება, რომელიც ადასტურებდა მოპასუხეების სააპელაციო მოთხოვნას, არ გაიზიარა მათ სასარგებლოდ, არამედ ჩათვალა, რომ ეს არ იყო მოპასუხეების მიერ დედის - პირველი მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება. დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს არა ერთი მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში და ფაქტობრივად ემიგრანტების გამოგზავნილი ფულადი სახსრები ავსებს და ამოძრავებს საქართველოს ეკონომიკას. შეუძლებელია უთხრა მოქალაქეს, რომ შენი გამოგზავნილი თანხები იხარჯებოდა არა სამკვიდროს მოსავლელად, არამედ - სხვა საჭიროებისათვის. მოპასუხეები მშობლებს უზრუნველყოფდნენ ფინანსურად, ისინი ინახავდნენ ქონებასაც. მოპასუხეები უგზავნიდნენ ფულად გზავნილებს მშობლებს, ასევე ძმას - მოსარჩელესაც. პირველი მოპასუხის მხრიდან ხდებოდა ბანკით ფულის დარიცხვა, უმეტესად კი, გზავნილების განხორციელება ნათესავებზე და ისინი უზრუნველყოფდნენ მშობლებისათვის თანხის გადაცემას (მადლიერების ნიშნად, მამამ თავისი წილის 1/2 სიცოცხლეში აჩუქა პირველ მოპასუხეს). ასევეა მეორე მოპასუხის შემთხვევაშიც. მეორე მოპასუხის საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ ის თანხას ურიცხავდა დედას - პირველ მამკვიდრებელს, მამას - მეორე მამკვიდრებელს, ძმას - მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული გარემოებები და სრულიად დაუსაბუთებლად დაადგინა, რომ ეს იყო მხოლოდ გზავნილები. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ აღნიშნული გზავნილები არ ემსახურებოდა ქონების მოვლა-პატრონობას. მოპასუხეების მშობლებს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა მოსარჩელესთან, რომელიც ძალადობდა მშობლებზე. მშობლებს უწევდათ პატრულის გამოძახება, ვერ იმეტებდნენ არა ერთხელ ნასამართლევ შვილს და აღნიშნული მთავრდებოდა მხოლოდ პატრულის გამოძახებით. შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გამოძახებები 10 წლის ხანდაზმულობით ინახება და მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას გაეცათ ინფორმაცია. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ ნოტარიუსთან წარადგინა სალაროს წიგნაკები, რომლებსაც ისე დაეუფლა, რომ არაფერი იცოდნენ მშობლებმა და დებმა. ნოტარიუსის დადგენილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ითხოვდა დედის - პირველი მამკვიდრებლის სამკვიდროდან 3/4 წილს და ასევე სრულად მამის - მეორე მამკვიდრებლის ქონებას. სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არ შეაფასა;

8.2. სასამართლო პროცესზე თავად მოსარჩელე აღიარებს, რომ სადავო ქონებაში, მშობლების სახლში ორივე დას აქვს ნივთები (ტომი 1, საქმის ფურცელი 422, 6 ოქტომბრის სხდომის ოქმის ჩანაწერი 59 კბ.). სასამართლოს შეფასებით, ეს არის მხოლოდ ნივთები და არ ნიშნავს, რომ სამკვიდრო ქონებას დაუფლებულები არიან ფაქტობრივი ფლობით. სასამართლომ ყოველ ჯერზე ყველა საქმეში უნდა შეაფასოს გარემოებები ინდივიდუალურად ამ საქმესთან მიმართებით. ორივე კასატორს აქვს სხვა ქონებაც, მშობლების სახლში აქვთ საკუთარი ნივთები და ამ სახლის ნაწილი დაკეტილი აქვთ. აღნიშნული არაერთხელ ითქვა სასამართლო პროცესზე და აღიარებს მოსარჩელე, თუმცა, სასამართლო მაინც თვლის, რომ აღნიშნული არ არის ფაქტობრივი დაუფლება. კასატორები არიან საზღვარგარეთ, ფინანსურად სრულად უზრუნველყოფდნენ მშობლებს, უზრუნველყოფდნენ ქონების გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, აქვთ დაკეტილი ქონების ნაწილი, სადავო ქონებაში არის მათი ნივთები და მაინც არ არიან დაუფლებულები სამკვიდროს. მოსარჩელემ წარადგინა სალაროს წიგნაკი და გადახდის ქვითრები. გაუგებარია, როგორ ამტკიცებს სასამართლო, რომ მეორე მოპასუხის გამოგზავნილი თანხით არ მოხდა მისი გადახდა;

8.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა, სადაც სასამართლო დავის საგანს გასცდა და მიიჩნევს, რომ მოპასუხეები არ დაეუფლნენ სამკვიდროს, როდესაც დავის საგანი არის სამკვიდროს ½ ნაწილი. მოსამართლე კი მიუთითებს, რომ მოპასუხეებს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღიათ სამკვიდრო და არ აზუსტებს, რომ არ მიუღიათ სამკვიდროს მხოლოდ ½ წილი, მოპასუხეებს აქვთ სამართლებრივი უფლება მიმართონ სასამართლოს და დაადგინონ იურიდიული ფაქტი, ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდროს მიღების თაობაზე. სასამართლო არ აზუსტებს, რომ დავის საგანი იყო სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი და მხოლოდ ამ ფარგლებში უნდა ემსჯელა მას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხეთა მიერ დედის - პირველი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების საკითხი.

14. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი [სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები]. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან [სსკ-ის 1424-ე მუხლი].

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება (იხ. სუსგ საქმე №ას-851-800-2010, 16 თებერვალი, 2011 წელი). სამკვიდროს მიღების უფლების განხორციელება შეიძლება მოხდეს, როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე კონკლუდენტური (ფაქტობრივი) მოქმედებებით, კერძოდ, როცა მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე. ორივე ხერხით სამკვიდროს მიღება ერთი და იმავე შედეგის წარმომქმნელია და იურიდიულად რომელიმე მათგანს პრიორიტეტული მნიშვნელობა არ ენიჭება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სანოტარო ორგანოში მიმართვას ადასტურებს წერილობითი განცხადება. რაც შეეხება სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას, იგი მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ნებისმიერი ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ საქმე №ას-595-822-08, 4 ნოემბერი, 2008 წელი).

16. სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდა, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება ასევე გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებში, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისთვის (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება (იხ. სუსგ საქმე №ას-1092-2020, 22 იანვარი, 2021 წელი).

17. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში, მემკვიდრეს ეკისრება აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად [თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს].

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად არ მიიჩნია მოპასუხეების მიერ დედის - პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების შესახებ გარემოება, ხოლო კასატორებს არ წარმოუდგენიათ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კვალიფიციური შედავება. კერძოდ, სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხეებს არ მიუთითებიათ ისეთ რელევანტურ და სათანადო მტკიცებულებაზე, რომელიც კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში სამკვიდრო ქონებაზე მათ ბატონობას - ფაქტობრივ ფლობას დაადასტურებდა.

19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხეების მიერ მშობლების სახელზე შესრულებული ფულადი გზავნილები თავისთავად არ ადასტურებს სამკვიდროს მიღებას, ხოლო აღნიშნული თანხით ქონების მოვლასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე კასატორები არ უთითებენ. რაც შეეხება მოპასუხეთა კუთვნილი ნივთების სამკვიდრო ქონებაში (მშობლების სახლში) განთავსების ფაქტს, აღნიშნული გარემოებით არ დასტურდება, რომ ამ ნივთების განთავსების მიზანს სამკვიდროს ფაქტობრივი გზით დაუფლება წარმოადგენდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა მათი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლეს მათ მიერ დედის დანაშთი სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში ფაქტობრივად დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადასტურება, რის გამოც მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირველი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე ½ წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, თითოეულს ცალ-ცალკე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 830 ლარის 70% – 581 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ჯ–ვასა და მ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ნ.ჯ–ვას (პ/ნ: ………) დაუბრუნდეს ლ.თ–ძის მიერ (პ/ნ: ..........) 2024 წლის 16 დეკემბერს №4981 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 830 ლარის 70% – 581 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორს მ.ზ–ს (პ/ნ: …….) დაუბრუნდეს ლ.თ–ძის მიერ (პ/ნ: .......) 2024 წლის 16 დეკემბერს №8984 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 830 ლარის 70% – 581 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე