Facebook Twitter

საქმე №ას-1534-2024 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ხ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ყ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა (ძირითად სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1.1. ე.ხ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კასატორი“) სარჩელი ა.ყ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1.1. დადგინდა, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - დუშეთის მუნიციპალიტეტი, ქალაქი დუშეთი, ...., ს/კ ......) ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, მიეცეს აუცილებელი გზის მოწყობის და სარგებლობის უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 287 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მდებარე - დუშეთი, ......., ს/კ ......) ნაწილზე, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 ნოემბრის N008116821 დასკვნაში პირველ ვარიანტად არის მითითებული (იხ. ექსპერტიზის №008116821 დასკვნა დანართი №1; იხ. 19.04.2022 წლის წერილი №5002494822);

1.1.2. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ .......) ნაწილზე მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში რიცხული ანდა სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ხელშეშლის აკრძალვის ნაწილში;

1.2. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ აეკრძალოს შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლა, კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ავტოფარეხად გამოყენება და შეგებებული სარჩელით მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ანდა სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ნაკვეთში (მდებარე - დუშეთი, ......, ს/კ ......) პარკირება/პარკინგი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ყ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შეიცვალა მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი (წინამდებარე განჩინების 1.1.1 ქვეპუნქტი) და მე-3 პუნქტი) და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე დუშეთი, ....., ს/კ №......., საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე;

3.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე დუშეთი, ........., ს/კ №........, საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის სახელზე;

3.3. მოსარჩელის წარმომადგენლის გ.ს–ის დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა დასკვნა (№008116821) შემდეგ საკითხზე: ...... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს გააჩნია თუ არა დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან; დამოუკიდებელი მისასვლელის არქონის პირობებში (ფეხით მისასვლელი და საავტომობილო გზა), რა იქნებოდა საკუთრებამდე მისასვლელი ალტერნატივა; ერთზე მეტი ალტერნატივის პირობებში, რომელი ვარიანტი იქნება უპირატესი ნაკლები დანახარჯების გაწევის თვალსაზრისით; ....... საკადასტრო კოდის მქონე მიწაზე არსებულ შენობის კედლიდან რა მანძილის დაშორებით გადის მომიჯნავე ...... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის წითელი ხაზი:

3.3.1. ექსპერტის №008116821 დასკვნის თანახმად, ქ.დუშეთი, ........ მდებარე მოსარჩელის მიწის ნაკვეთის, მის გარშემო არსებული საჯარო გზების და შენობების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ........ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია ორი მიმართულებიდან. პირველი ვარიანტით, მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა (საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირი) შესაძლებელია მოეწყოს მერაბ კოსტავას ქუჩიდან ........ მიწის ნაკვეთის გავლით, ხოლო მეორე ვარიანტით, მოსარჩელის ....... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა (საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირი) შესაძლებელია მოეწყოს ....... ქუჩიდან ...... მიწის ნაკვეთის გავლით (აღნიშნული მიმართულებები დანართი N1-ზე ლურჯი და მწვანე ფერის ისრებით არის ნაჩვენები);

3.3.2. დანართი N1-ზე ნაჩვენები ორი ვარიანტიდან ტექნიკური თვალსაზრისით გზის მოწყობა შესაძლებელია ორივე მიმართულებიდან, ხოლო, რაც შეეხება გზის მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აღნიშნულის დადგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედგება გზის მოწყობის პროექტი;

3.3.3. დანართი N1-ზე მოცემული ვარიანტებით გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილი იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებული იქნება ადგილზე. ასევე, საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილი იქნას გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან;

3.3.4. საჯარო რეესტრში დაცული რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ №...... და №....... მიწის ნაკვეთს შორის რეგისტრირებული საზღვარი გადის №........ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №01 შენობა-ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელზე. შესაბამისად, №....... მიწის ნაკვეთის ჩრდილო- დასავლეთით საზღვარი (წითელი ხაზი) გადის №........ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის სამხრეთ-დასავლეთ კედელზე (იხ.დანართი №1);

3.4. ექსპერტის №008116821 დასკვნის თანახმად, ექსპერტის მიერ ადგილზე მოხდა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება, ასევე, დათვალიერდა ნაკვეთის გარშემო არსებული მეზობელი მიწის ნაკვეთები, საჯარო გზები და რელიეფი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ №....... მიწის ნაკვეთს დღეისათვის არ გააჩნია საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან ისე, რომ აღნიშნულმა გზამ არ გაიაროს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე, საავტომობილო გზა შესაძლოა მოეწყოს ორი მხრიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ორი ალტერნატივიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ერთ-ერთი გულისხმობს მოპასუხის საკუთრებაში არსებული №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზის მოწყობას (იხ. დანართ №1-ზე მწვანე ფერით ნაჩვენები მიმართულება). მოსარჩელის წარმომადგენელმა მის მიერ არჩეულ ვარიანტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ ვარიანტში მითითებულ ნაკვეთზე ფაქტობრივად უკვე ათწლეულებია არსებობს მისასვლელი გზა და, ამასთან, ნაკლები დანახარჯების გაწევის თვალსაზრისით უპირატესია პირველი ვარიანტი, აქვს პირდაპირი კავშირი საჯარო გზასთან, კომუნიკაციებთან და კვეთს მხოლოდ ერთი მესაკუთრის კუთვნილ ფართს, მაშინ როდესაც აღმაშენებლის ქუჩიდან არსებული ალტერნატივის გათვალისწინების შემთხვევაში, საჯარო გზამ უნდა გადაკვეთოს რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ფართი. სარჩელის საპირისპიროდ, მოპასუხე განმარტავდა, რომ მისი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ოპტიმალურ ვარიანტს მოსარჩელის სასარგებლოდ აუცილებელი გზის დასადგენად და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უსამართლოდ შეიზღუდებოდა მისი საკუთრების უფლება. ერთ-ერთ არგუმენტად მოპასუხე მოიშველიებდა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ მას აღნიშნული უძრავი ქონება ესაჭიროება საცხოვრებლად და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურიდან გააჩნია მშენებლობის ნებართვა. დამტკიცებული მშენებლობის პროექტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში კი მოსარჩელისთვის გზის გამოყოფა მის კუთვნილ ფართზე შეუძლებელი იქნება ფართის სიმცირის გამო, ვინაიდან საკუთრებით სარგებლობას ვეღარ შეძლებს.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, სსკ-ის 180-ე მუხლით და განმარტა, რომ აუცილებელი გზა არ შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში დადგინდეს, ასეთ დროს სახეზე უნდა იყოს მიწის ნაკვეთის არაჯეროვანი კავშირი სხვადასხვა კომუნიკაციებთან, მაგრამ იგი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის ტერიტორიასთან ან კომუნიკაციასთან კავშირს, არამედ გარკვეულ, კანონით განსაზღვრულ კომუნიკაციებთან და რაც მთავარია, ეს დაკავშირება უნდა გამომდინარეობდეს აუცილებლობიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთისათვის, გარდა მითითებული გზისა, ნაკლებად უნდა არსებობდეს სხვა ალტერნატივა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, გამოკვეთილი უნდა იყოს ამ გზის გამოყენების უპირატესობა სხვებთან შედარებით. კერძოდ, აუცილებელი გზის დადგენით, რაც შესაძლებელია ნაკლებად უნდა შეიზღუდოს სხვა მიწის მესაკუთრის უფლებები, მოთხოვნილი გზა ყველაზე მოხერხებული უნდა იყოს და ყველაზე მეტად უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ამ კონკრეტული მიზნით გზის გამოყენებას. მიწის ნაკვეთის უკეთ გამოყენების მიზნით მხარეებმა შეიძლება დაადგინონ სერვიტუტიც, მაგრამ განსხვავებით სერვიტუტისაგან, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამომდინარეობს არა მხარეთა შეთანხმებიდან, არამედ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებიდან, რომ იმ მიწის მესაკუთრემ, რომელზეც გადის აუცილებელი გზა, უნდა ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აუცილებელი გზის მოსაწყობად აუცილებელი ღონისძიებები და გზის ექსპლუატაციის შედეგები. ასევე, აუცილებელი გზის დადგენა ხდება მაშინ, როდესაც ერთ მიწის ნაკვეთს სხვადასხვა კომუნიკაციებთან კავშირი არ გააჩნია.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის შედავების მიხედვით, მოსარჩელეს საშუალება აქვს, სხვა მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან მისასვლელი გზა და ამისათვის მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გზად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად თმენის ვალდებულების გამომრიცხველ გარემოებაზე მიუთითა. მისი მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის №008116821 დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ნაკვეთს აქვს ალტერნატიული კავშირი საჯარო გზასთან ........... ქუჩის მხრიდან.

7. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 ნოემბრის N008116821 დასკვნასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 29 მაისის N003543323 დასკვნაზე.

8. პალატის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 ნოემბრის N008116821 დასკვნის მიხედვით, დუშეთში, ....... მდებარე მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გარშემო არსებული საჯარო გზების და შენობების შესწავლის შედეგად დადგინა, რომ N ........ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია ორი მიმართულებიდან. პირველი ვარიანტით, მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა (საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირი) შესაძლებელია მოეწყოს ....... ქუჩიდან ......... მიწის ნაკვეთის გავლით, ხოლო მეორე ვარიანტით, მოსარჩელის ....... მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა (საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირი) შესაძლებელია მოეწყოს ......... ქუჩიდან ......... მიწის ნაკვეთის გავლით (აღნიშნული მიმართულებები დანართ N1-ზე ლურჯი და მწვანე ფერის ისრებით არის ნაჩვენები). დანართ N1-ზე ნაჩვენები ორი ვარიანტიდან ტექნიკური თვალსაზრისით გზის მოწყობა შესაძლებელია ორივე მიმართულებიდან, ხოლო, რაც შეეხება გზის მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აღნიშნულის დადგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედგება გზის მოწყობის პროექტი. დანართი N1-ზე მოცემული ვარიანტებით გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილი იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებული იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, მოხვევის რადიუსის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე, საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მიწის სამუშაოების, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები და ა.შ). აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილი იქნას გზის მოწყობის პროექტი და მიღებული იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემული ექსპერტიზის დასკვნა, მტკიცებულების სახით, წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელზე თანდართულ მასალად.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2023 წლის 29 მაისის N003543323 ექსპერტიზის მეორე დასკვნა წარმოადგინა მოპასუხემ. მითითებული დასკვნის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის შენობა-ნაგებობისა და ეზოს რეკონსტრუქცია განხორციელდება ი.მ. „გ.ს–ძის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ეზოში მოსაწყობ კიბეებსა და რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვარს შორის დარჩება 1.8 მეტრის სიგანის გასასვლელი, რაც შეუძლებელს ხდის აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მოწყობას მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის, მის გარშემო არსებული საჯარო გზების და შენობების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია ორი მიმართულებიდან. კერძოდ: პირველი ვარიანტით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს ....... ქუჩიდან ....... მიწის ნაკვეთის გავლით; მეორე ვარიანტით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს ....... ქუჩიდან ...... მიწის ნაკვეთის გავლით. ექსპერტის მითითებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ......... ქუჩა 21-ში მდებარე ს.კ ......... მიწის ნაკვეთზე დღეისათვის განთავსებულია სხვადასხვა ტიპის არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები. აღნიშნული მიწის ნაკვეთი სამი მხრიდან (ჩრდილო-დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი) შემოღობილია მყარი მიჯნით (ღობით და შენობა-ნაგებობით), ხოლო ....... ქუჩის მხრიდან (სამხრეთ-დასავლეთით) აღნიშნულ მიწის ნაკვეთს გააჩნია ორი შესასვლელი სივრცე საავტომობილო და საფეხმავლო გადაადგილებისათვის. ........ მიწის ნაკვეთზე დღეისათვის მოწყობილია მოხრეშილი საავტომობილო გზა, რომლითაც შესაძლებელია ტერიტორიაზე განთავსებულ სხვადასხვა შენობამდე მისვლა.

10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ორივე ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა შესაძლებელია ორი მიმართულებიდან. კერძოდ: პირველი ვარიანტით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს ....... ქუჩიდან ......... მიწის ნაკვეთის გავლით; მეორე ვარიანტით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს ........ ქუჩიდან ....... მიწის ნაკვეთის გავლით. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელით მოთხოვნილი მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელისათვის საჯარო გზასთან ერთადერთ და უალტერნატივო კავშირს არ წარმოადგენს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე გეგმავს თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე შენობა-ნაგებობისა და ეზოს რეკონსტრუქციას, ამასთან, შედგენილია რეკონსტრუქციის პროექტი. ასევე, საქმეში წარმოდგენილია უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან აღნიშნული პროექტის შეთანხმების შესახებ მტკიცებულებები. პალატამ მიუთითა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 ივნისის მიმართვაზე, რომელიც მიემართება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, საიდანაც დგინდება, რომ სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე განხილული იქნა და დადებითად შეფასდა ქალაქ დუშეთში, ......... მდებარე, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (......) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების საკითხი.

11. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ექსპერტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ........ ქუჩა 21-ში მდებარე ს.კ ....... მიწის ნაკვეთზე დღეისათვის განთავსებულია სხვადასხვა ტიპის არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები. აღნიშნული მიწის ნაკვეთი სამი მხრიდან (ჩრდილო-დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი) შემოღობილია მყარი მიჯნით (ღობით და შენობა-ნაგებობით), ხოლო ........... ქუჩის მხრიდან (სამხრეთ-დასავლეთით) აღნიშნულ მიწის ნაკვეთს გააჩნია ორი შესასვლელი სივრცე საავტომობილო და საფეხმავლო გადაადგილებისათვის. ....... მიწის ნაკვეთზე დღეისათვის მოწყობილია მოხრეშილი საავტომობილო გზა, რომლითაც შესაძლებელია ტერიტორიაზე განთავსებულ სხვადასხვა შენობამდე მისვლა.

12. პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სამშენებლო ნორმებისა და წესების „სნ და წ 2.017.01-89“ პუნქტი N6, ცხრილი 8-ის მიხედვით ქალაქში არსებული მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზების (გასასვლელების) სიგანე უნდა იყოს 3.0 მეტრი (ტროტუარის გარეშე), ხოლო საფეხმავლო გზების მინიმალური სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 0,75 მეტრი, მოპასუხის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმებული პროექტის განხორციელების შემდეგ, ეზოში მოსაწყობ კიბეებსა და რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვარს შორის დარჩება 1.8 მეტრის სიგანის გასასვლელი, რაც შეუძლებელს ხდის აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მოწყობას მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად.

13. პალატის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერებით იკვეთება ისეთი გარემოება, როდესაც მიწის ნაკვეთი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის დადგენას, არ წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო საშუალებას, რათა მოსარჩელემ შეძლოს აუცილებელი საავტომობილო გზით სარგებლობა, მეტიც, პალატის შეფასებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 ივნისის დასკვნით შეთავაზებული მეორე ვარიანტის მიხედვით, ........... ქუჩის მხრიდან, უკვე მოხრეშილი საავტომობილო გზა ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს წარმოადგენს აუცილებელი გზის მოწყობის თვალსაზრისით. პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი სიტუაციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განზრახული აქვს ეზოსა და შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, რაც შეთანხმებული აქვს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მისი დავალდებულება მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის დადგენის შესახებ წარმოადგენს მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულებას, იმ პირობებში, როდესაც არსებობს ალტერნატიული გზის მოწყობის შესაძლებლობა, რაც ნაკლებად შეზღუდავს მესაკუთრეს.

14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნია 287.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მესაკუთრე გეგმავს შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას. აუცილებელი გზის სიგანე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უნდა იყოს 3.0 მეტრი. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გზის მოწყობის პროექტი, შესაბამისად, ამ ეტაპზე ზუსტად შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ მიწის ნაკვეთის რა რაოდენობის ფართი უნდა დაიტვირთოს უფლებრივად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის (საფეხმავლო და საავტომობილო) მოწყობის შემთხვევაში, მოპასუხის მიწის ნაკვეთის სულ მცირე 1/4 ნაწილი დაიტვირთება უფლებრივად ისე, რომ მესაკუთრე ვერ შეძლებს მის სხვაგვარ გამოყენებას, მით უფრო შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას. მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობა მიზანშეწონილი არ არის იმ ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გზის მოწყობა შესაძლებელია ......... ქუჩის მხრიდან №....... მიწის ნაკვეთის (ფართით 3356.00 კვ.მ.) გავლით.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

16. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

16.1. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის მითითება, რომ იგი საკუთარ მიწის ნაკვეთს შეძენის დღიდან უკავშირდებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მეშვეობით, რომელიც იმჟამად საერთო სარგებლობის გზას წარმოადგენდა და არავის სახელზე არ იყო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული. შესაბამისად, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია საფუძვლიანად მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელეს თითქოს შეუძლია სხვა მეზობლებსაც მოსთხოვოს აუცილებელი გზის დადგენა, რადგან პირის გადამისამართება სხვადასხვა მეზობელზე და სხვადასხვა ალტერნატიულ გზაზე გამოიწვევს მოსარჩელის კანონიერი ინტერესების შელახვას;

16.2. მოსარჩელის სახლს ქვემოთ არსებულ სარდაფში ჩასასვლელი ერთადერთი კარი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთიდან ჩადის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მოუსპო ამ დამხმარე სათავსოებით სარგებლობის შესაძლებლობაც;

16.3. სასამართლომ მოსარჩელეს არასწორად დააკისრა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ორ ალტერნატივას შორის ოპტიმალურ გზას საკუთარ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ №008116821 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: ......., ჰყავს ათი თანამესაკუთრე და ამასთან, ამ ქუჩის მხრიდან მოსარჩელეს არასოდეს უსარგებლია. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ცნობის სახით წარმოდგენილი და გამოქვეყნებული, შპს „ს.ფ–ის“ 2023 წლის 10 ნოემბრის წერილის თანახმად, „ს.ფ–ა“ წინააღმდეგია, რომ მოსარჩელემ ისარგებლოს მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, როგორც მისასვლელი გზით, ფეხით და ავტომობილით გადასაადგილებლად და ასევე წინააღმდეგია, რომ ნაკვეთებს შორის მოხდეს ჭიშკრის მოწყობა. სს „ს–ის“ 2023 წლის 15 ნოემბრის წერილის თანახმად, ეს უკანასკნელიც წინააღმდეგია, რომ მოსარჩელემ ისარგებლოს მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გავლით, როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით და არც ნაკვეთებს შორის ჭიშკრის მოწყობას უჭერს მხარს;

16.4. სასამართლოს მიერ მოსარჩელის ერთგვარად გადამისამართება აღმაშენებლის ქუჩის მხარეს, წარმოადგენს საქმის გაუმართლებელ გადაწყვეტას და მიმართულია არათუ დავის მოგვარებისაკენ, არამედ დაუსრულებელი, არაპროგნოზირებადი და მეტიც, უპერსპექტივო დავის წამოწყებისაკენ ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის თანამესაკუთრეებთან;

16.5. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სატელიტური რუკის მეშვეობით (საკადასტრო მონაცემების მითითებით), პროცესზე დაათვალიერა სადავო ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად შენიშნა და მოსარჩელემაც მიუთითა №........ საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არსებობის შესახებ, გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ თითქოს ამ მიწაზე ამჟამად განთავსებულია სხვადასხვა ტიპის არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები. ფაქტის ასეთი უხეში დამახინჯება ემსახურება ობიექტური მოცემულობის გადაფარვის მცდელობას, მიუთითებს სასამართლოს ტენდენციურობაზე და იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა მტკიცებულებები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად;

16.6. სასამართლო გზის ოპტიმალურ ვარიანტზე მსჯელობისას განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს №.......... მიწის ფართობზე - 3356 კვ.მ.-ზე. სასამართლოს ასევე უნდა მიეთითებინა ისიც, რომ №........ ნაკვეთს ჰყავს რამდენიმე თანამესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის: სს „ს–სა“, სს „ს–ი“, სს „ტ–ი“, შპს „ს.ფ–ა“;

16.7. მოპასუხე გამუდმებით აპელირებდა, რომ თითქოს მოსარჩელემ თვითნებურად ჩაკეტა აღმაშენებლის მხრიდან არსებული ჭიშკარი იმის გამო, რომ ეზოში საცურაო აუზი ჰქონდა. რეალურად, არათუ ჭიშკრისა და აუზის, არამედ მათი ოდესმე არსებობის კვალიც არ დადასტურებულა არც ადგილზე დათვალიერებით და არც მოწმეთა განმარტებით. აღნიშნული გარემოებაც სასამართლოს შეფასების მიღმა იქნა დატოვებული;

16.8. სააპელაციო სასამართლომ გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ, მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ რეალურად შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მიმართვა და პროექტის შეთანხმება მოხდა მას შემდეგ, რაც სასამართლოში დავა წამოიწყო მოსარჩელემ. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არც ის ირკვევა, რომ პროექტი აუცილებლად მოცემული ფორმით უნდა განხორციელდეს და მასში ცვლილების შეტანა დაუშვებელია. შესაბამისად, ხელოვნურად, სახელდახელოდ შეთანხმებული პროექტი სასამართლომ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების შეცვლის ერთ-ერთ წინაპირობად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენაზე უარის თქმის კანონიერება.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით [სსკ-ის 170.1. მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას]. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

23. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.; სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი). ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1901-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როცა აუცილებელ გზაზეა საუბარი, აქ, ცხადია, მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა არ იგულისხმება, მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 109; ასევე სუსგ საქმე №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007წ.).

24. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გზად გამოყენების აუცილებლობა არ იყო სახეზე. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმის დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად უალტერნატივოდ ესაჭიროებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].

27. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა №008116821, რომლის შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი როგორც საფეხმავლო, ასევე, საავტომობილო გზა შესაძლოა მოეწყოს ორი მხრიდან. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად აუცილებელ გზად არ განიხილება მაინცდამაინც მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ჯეროვანი სარგებლობისათვის ერთადერთი ობიექტური შესაძლებლობა არ არის.

28. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 29 მაისის N003543323 ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის შენობა-ნაგებობისა და ეზოს რეკონსტრუქცია განხორციელდება ი.მ. „გ.ს–ძის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ეზოში მოსაწყობ კიბეებსა და რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვარს შორის დარჩება 1.8 მეტრის სიგანის გასასვლელი, რაც შეუძლებელს ხდის აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მოწყობას მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად.

29. კასატორის პრეტენზია, რომ იგი საკუთარ მიწის ნაკვეთს შეძენის დღიდან უკავშირდებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მეშვეობით და, რომ №008116821 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: ......, ჰყავს ათი თანამესაკუთრე, ვერ გამოდგება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენების დასადასტურებლად. სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობია 287 კვ.მ., ხოლო ........... ქუჩის მხრიდან №....... მიწის ნაკვეთის ფართობი 3356.00 კვ.მ-ს შეადგენს, რომელზეც დღეისათვის მოწყობილია მოხრეშილი საავტომობილო გზა, რაც დამატებით ადასტურებს იმას, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა გამოიწვევს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულებას, ალტერნატიულ ვარიანტთან შედარებით, და საკუთრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.

30. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარდგენილი დასკვნების საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უალტერნატივოდ გამოყენების აუცილებლობა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად არ დასტურდება, ხოლო კასატორს წარმოდგენილი არ აქვს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ე.ხ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს გ.ბ–ძის მიერ (პ/ნ: ......) 2024 წლის 19 დეკემბერს №25128299459 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე