Facebook Twitter

საქმე №ას-241-2025 4 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ვ.ფ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.პ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წელის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.ფ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ.პ–ისთვის 3700 ლარის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 თებერვლის განჩინებით დარჩა განუხილველად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 09 დეკემბრის სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა მოსარჩელე.

4. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 09 იანვარს დაიწყო და 2025 წლის 22 იანვარს ამოიწურა.

5. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 2025 წლის 27 იანვარს - გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდგომ წარადგინა.

6. ამასთან, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წელის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება (დასაბუთებული) მომზადდა და საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა კანონით დადგენილ ვადაში - 09.12.2024წ. მოსარჩელემ კი, გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 13.01.2025წ.-ს მიმართა და იმავე დღეს ჩაბარდა.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 369-ე, 2591, 60.2, 61.3, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში 2025 წლის 27 იანვარს გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას კერძო საჩივრის ავტორი იმ საფუძვლით ითხოვს, რომ გორის რაიონულ სასამართლოში 2024 წლის 09 დეკემბერს გამოცხადდა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა იყო 2025 წლის 08 იანვარი. მომდევნო დღიდან აითვლებოდა გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. მოსარჩელე გამოცხადდა სასამართლოში 2025 წლის 3 იანვარს, თუმცა, მას განუმარტეს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის N441 დადგენილებით 2025 წლის 03 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმეებად და დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლს უქმე დღეებში ვერ ჩაიბარებდა. მოსარჩელემ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 13 იანვარს ჩაიბარა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 14 იანვრიდან - ანუ მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან. ამ თარიღიდან ათვლის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ვადის დაცვით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით.

14. სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

17. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).

18. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014).

19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2024 წლის 09 დეკემბრის სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა მოსარჩელე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14- დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 09 იანვარს დაიწყო და 2025 წლის 22 იანვარს ამოიწურა. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 2025 წლის 27 იანვარს - გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდგომ, წარადგინა.

21. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2024 წლის N441 დადგენილებით 2025 წლის 03 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმეებად და დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 13 იანვარს ჩაიბარა, ვერ გაიზიარებს.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილებით უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ, პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის 03 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად. თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრების ვადის ათვლის მოწესრიგებაზე. განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 -დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 09 იანვარს დაიწყო და 2025 წლის 22 იანვარს ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე და მანამდე გამოცხადებულ უქმე დღეებთან სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაკავშირება საფუძველს მოკლებულია. (იხ., სუსგ Nას-1024-2024, 27 სექტემბერი, 2024წ. პ.16).

23. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ფ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე