Facebook Twitter

საქმე №ას-314-2022 23 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.09.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.02.2021 წლის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.09.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე/მოსარგებლედ მითითებულია ნ.ყ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესაკუთრე“). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით ირკვევა, რომ 28.09.2017 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული სისტემური ნუმერაციის შედეგად უძრავი ნივთის მისამართი: ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდით: #........, ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ..........

3.2. მესაკუთრე გარდაიცვალა 21.02.2001 წელს.

3.3. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დგინდება, რომ 01.05.2008 წელს ნოტარიუს ნ. ს–ძის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. ხოლო, ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, არ მოიძებნა ჩანაწერი 21.02.2001 წელს გარდაცვლილი მესაკუთრის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

3.4. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებაა – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას.

3.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის წერილობითი საბუთი, რაც მესაკუთრის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარჩელის სასარგებლოდ გაყიდვას და ამ უკანასკნელისგან ნასყიდობის ფასის მიღების ფაქტს დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ მან სადავო საცხოვრებელ სადგომზე უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვა, შესაბამისად, სასამართლო გამოიკვლევს, განხორციელებულია თუ არა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადებულად მისაჩნევად კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ქცევის წესზე, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

3.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 24.09.2020 წლის საინფორმაციო ბარათის მიხედვით მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილია - ,,თბილისი მისამართის გარეშე’’. რეგისტრაციის თარიღი - 23.09.2020 წელი. ამავე დოკუმენტის თანახმად, მოსარჩელე 06.02.1996 წელს დ. თიანეთში, ......... დარეგისტრირდა, სადაც მისი რეგისტრაცია 29.06.2018 წელს გაუქმდა. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, მოსარჩელის ფაქტობრივი მისამართია: თბილისი, ......... მიმდებარედ დაურეგისტრირებელი სახლი. გარდა იმისა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მისამართზე მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტი არ დგინდება, საქმის მასალებით სარწმუნოდ არც მესაკუთრისთვის გარკვეული საფასურის გადახდის ფაქტი მტკიცდება. მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ე.ბ–ძემ 1996 წელს მოსარჩელის მიერ მისთვის უძრავი ქონების ღირებულების ანგარიშში 7 000 აშშ დოლარის გადახდაზე მიუთითა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის გაყიდვა წარმოადგენდა რა მისი და მესაკუთრის ერთობლივ სურვილს, მოსარჩელისგან მიღებული თანხა ორივე მათგანმა აიღო. უფრო მეტიც, მოწმემ განმარტა, რომ 1999 წელს მესაკუთრემ სადავო საცხოვრებელი სადგომის განკარგვის მიზნით მის სახელზე მინდობილობა გააფორმა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მარწმუნებლის სახელით მოსარჩელესთან გარიგება არ გაუფორმებია. მეტიც, 2008 წელს, მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, სადავო საცხოვრებელი სადგომის, როგორც სამკვიდროს მიღებას თავად შეეცადა, რაზეც უარი ეთქვა. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების მესაკუთრემ მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო საცხოვრებელი სადგომის განკარგვის სურვილი მართლაც გამოავლინა, ე.ბ–ძის საშუალებით სადგომის ღირებულების ანგარიშში გარკვეული ანაზღაურებაც მიიღო და ამ მოვლენიდან რამდენიმე წლის შემდეგ (როგორც მოწმემ აღნიშნა 1999 წელს) უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე გაფორმების მიზნით შესაბამისი მინდობილობაც გააფორმა, გაუგებარია, სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა საბოლოოდ რატომ არ განხორციელდა ან/და რატომ არ მოხდა სადავო საცხოვრებელი სახლის მისამართზე მოსარჩელის რეგისტრაცია.

3.7. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ მოსარჩელის ცნობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა, რომ მან მესაკუთრეს გარკვეული თანხა გადაუხადა. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დამტკიცდა, რომ მოსარჩელე მესაკუთრის ნებართვით საცხოვრებელ სადგომს დაეუფლა და მასში დარეგისტრირდა, შესაბამისად, მხოლოდ 2007-2011 წლების კომუნალური გადასახადის ქვითრები არ ქმნის საკმარის საფუძველს საცხოვრებელ სადგომზე მოსარჩელის მოსარგებლედ მისაჩნევად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი (თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი)) და მე-2 (ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება) პუნქტები. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე; მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული; არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონის 1.1 მუხლი).

10. სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში, ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულსამართლებრივ დანაწესზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები (შდრ. სუსგ №ას-1193-1138-2013, 31.03.2015წ; №ას-1303-2018, 07.03.2019წ.).

11. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

12. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის საცხოვრებელ სადგომის მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება ან სადგომზე უფლების მოპოვების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უნდა შეფასდეს, განხორციელებულია თუ არა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადებულად მისაჩნევად კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

13. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

14. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც (სუსგ №ას-1115-1072-2016, 17.02.2017წ.).

15. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ მოსარჩელის აღიარების საფუძველს არ იძლევა. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მისამართზე მოსარჩელე რეგისტრირებული არ არის; მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა ვერც მესაკუთრისთვის თანხის გადახდის ფაქტი. საქმის მასალებით არ დგინდება არც ის გარემოება, რომ მოსარჩელე მესაკუთრის ნებართვით საცხოვრებელ სადგომს დაეუფლა და მასში დარეგისტრირდა, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხოლოდ 2007-2011 წლების კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები არ ქმნის სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ მოსარჩელის აღიარების საკმარის საფუძველს (შდრ. სუსგ Nას-448-2021, 13.04.2022წ.; სუსგ Nას-1763-2019, 21.02.2020წ., სუსგ Nას-19-2019, 25.06.2019 წ.). სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით აღძრული სარჩელი .

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია