საქმე №ას-184-2025 27 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.ლ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ.ა.რ.ჰ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.ლ–ი“ (შემდეგ - მოპასუხე, მსესხებელი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც ა.მ.ა.რ.ჰ–ის (შემდეგ - მოსარჩელე, გამსესხებელი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 20 მარტის №2 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 93 756.25 აშშ დოლარის გადახდა (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით) დაეკისრა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 75 005 აშშ დოლარი და პროცენტი - 18 751.25 აშშ დოლარია; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 20 მარტის №3 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე დაეკისრა 117 343.75 აშშ დოლარის გადახდა (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით), საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 93 875 აშშ დოლარი, პროცენტი - 23 468.75 აშშ დოლარია, ხოლო 2022 წლის 20 მარტის №4 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 56 718.75 აშშ დოლარის გადახდა (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით), საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 45 375 აშშ დოლარი და პროცენტი - 11 343.75 აშშ დოლარია.
2. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები რეალურად არ მიუღია. სწორედ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ფულის გადაცემის ფაქტის დამტკიცება, რაც ამ უკანასკნელმა ვერ დაძლია. მხოლოდ ხელშეკრულების 1.6 პუნქტის ჩანაწერი (მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ სესხის თანხა უკვე გადაცემულია) არ არის საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების სხვა პუნქტები (იხ. 1.8, 1.9, 1.10 პუნქტები) ამ ფაქტს გამორიცხავს.
3. კასატორის განმარტებით, ის სამმხრივი აქტები, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, ნამდვილი არ არის. პირი, რომელიც მითითებულია აქტში, როგორც ფულის მიმღები, ოფიციალურად წერილობით ადასტურებს, რომ ხელმოწერა მისი არ არის და თანხა არ მიუღია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოცემულ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხისა და პროცენტის დაბრუნების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 625-ე (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) მუხლიდან გამომდინარეობს.
9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულებებში მითითებული თანხის მსესხებლისათვის გადაცემის ფაქტს.
10. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ.: სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ.; №ას-71-2023, 24.07.2023წ.; №ას-26-2024, 15.04.2024წ.). სესხის ხელშეკრულების ნადვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს (იხ. დამატებით: ზ.ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010წ, გვ. 345).
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან როგორც უკვე აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 623, ველი 3, www.gccc.ge; თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ. 361).
12. პალატის მითითებით, მართალია, სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე (იხ.: სუსგ №ას-26-2024, 15.04.2024წ.).
13. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
14. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2022 წლის 20 მარტს, მხარეებს შორის დაიდო ოთხი სესხის ხელშეკრულება (№1, №2, №3 და №4), რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 26 060 აშშ დოლარი, 45 375 აშშ დოლარი, 93 875 აშშ დოლარი და 75 005 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები გაიცა 9 თვის ვადით (გარდა პირველი ხელშეკრულებისა, რომლიც უკან უნდა დაბრუნებულიყო არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა) და უნდა დაბრუნებულიყო 2022 წლის 31 დეკემბრამდე. ამავე ხელშეკრულების 1.6 პუნქტის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ სესხის თანხა უკვე გადაცემულია (მოპასუხე მხარეს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია სესხის ხელშეკრულებებზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერის ფაქტი). ამავე სესხის ხელშეკრულებების 1.8 პუნქტის თანახმად, შუამავლი კომპანიის (გოლდენ ბონიან კომპანია ბიზნესსერვისებისათვის) მიერ თანხის მიღება ჩაითვლება გამსესხებლის მიერ თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულებად. საქმეში წარმოდგენილია სამმხრივი აქტებიც, რომლებიც გაფორმებულია, მოსარჩელეს (როგორც გამსესხებელს), მოპასუხეს (როგორც მსესხელესა) და გოლდენ ბონიან კომპანია ბიზნესსერვისებისათვის (როგორც აგენტს) შორის, რომელთა თანახმად, 2022 წლის 20 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე და ამავე ხელშეკრულების მიზნობრიობიდან გამომდინარე გამსესხებლის დავალებით თანხები გადაცემულია და მიღებულია „გ. ბ.კომპანია ბიზნესსერვისებისათვის“. ამავე აქტებით, მსესხებელმა ასევე დაადასტურა, რომ გამსესხებემა შეასრულა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის გადაცემის ვალდებულება.
15. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული სესხის ხელშეკრულებები და სამმხრივი აქტები ადასტურებს მსესხებლების მიერ სესხის მიღების ფაქტს, ვინაიდან მკაფიოდ არის მითითებული თანხების მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოპასუხეს, მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სსსკ-ის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარუდგენია ამ გარემოების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება. საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის სადავო სასესხო ურთიერთობის არსებობას საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ იგივე შინაარსი მქონე №1 სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი. დავას არ იწვევს ის, რომ 2022 წლის 20 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული №1 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი მოპასუხემ შეთანხმებისამებრ გადაიხადა და ამ სამართალურთიერთობის ფარლებშიც, მსგავსად, სადავო სესხის ხელშეკრულებებისა, გარიგების 1.6. პუნქტი ითვალისწინებდა დებულებას - „მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ სესხის თანხა უკვე გადაცემულია“. ასევე, სესხის თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდებოდა 2022 წლის 20 მარტს შედგენილი სამმხრივი აქტით, რომელიც შედგა სადავო აქტების შემდგენელი პირების მიერ და სადავო აქტების ანალოგიური შინაარსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2022 წლის 20 მარტის №2, №3 და №4 სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხის თანხები ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, შესაბამისად, ვინაიდან დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია 2022 წლის 20 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხა და სარგებელი, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
16. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულებების 1.8 (მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებელს შეუძლია თანხა მიიღოს მესამე პირის, შუამავალო კომპანიის საშუალებით საქართველო ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მხარეები აქვე თანხმდებიან, რომ შუამავალი კომპანიის მიერ თანხის მიღება ჩაითვლება გამსესხებლის მიერ თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულებად), 1.9 (მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებელს შეუძლია თანხა გადასცეს მსესხებელს როგორც პირადად, აგრეთვე, მესამე პირს, შუამავლის საშუალებით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე – მის ფარგლებს გარეთ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მხარეები აქვე თახმდებიან, რომ შუამავლის საშუალებით თანხის გადაცემა ჩაითვლება გამსესხებლის მიერ თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულებად) და 1.10 (ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ თანხის გაცემა/მიღება ჩაითვლება ვალდებულების საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებულად) პუნქტების იმგვარ განმარტებას, რომ ისინი გამორიცხავენ სესხის მსესხებლისათვის გადაცემას, დაუსაბუთებელია და რაიმე არსებით შედავებას არ ეფუძნება, მით უფრო, რომ სესხის ხელშეკრულებების დასკვნითი ნაწილის 2.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის თანხა უკვე მიღებული აქვს, გამსესხებლის ვალდებულება შესრულებულია და სესხზე გათვალისწინებული სარგებელი ირიცხება 2022 წლის 20 მარტიდან.
17. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას ვერ იქნება განხილული მსესხებლის არგუმენტიც, რომლის თანახმად, სესხის თანხების გადაცემის თაობაზე 2022 წლის 20 მარტს შედგენილი სამმხრივი აქტებზე „აგენტად“ წოდებული კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა ყალბია და მიუთითებს, რომ აღნიშნული შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მოწმეთა ჩვენებები კი არ წარმოადგენს სადავო გარემოების დამადასტურებელ იმგვარ მტკიცებულებებს, რაც საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს გადაწონიდა და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეზიარებინა კასატორის პოზიცია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ს.ლ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება 1738913786 /გადახდის თარიღი 07.02.2025), 70% - 5 600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა