საქმე №ას-219-2025 28 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.ე–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ე–ი (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ნ.ს–ვას (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ...... (ს/კ ........) და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.
2. კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე პროცესის დაწყებამდე იყო მისული სასამართლოს კანცელარიაში. მან ჩააბარა განცხადება პროცესის გადადების თაობაზე, ვინაიდან წარმომადგენელი ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას. ამასთან, მოპასუხე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აუხსნა, რომ აბარებდა სასამართლოში სხდომის გადადების თაობაზე განცხადებას. მოსამართლის თანაშემწემ კი მიუგო, რომ გაითვალისწინებდნენ მის მიერ წარდგენილ განცხადებას.
3. წარმომადგენლის მითითებით, მან მოპასუხეს ურჩია, რომ დასწრებოდა სხდომას და გადადებაზე შუამდგომლობა დაეყენებინა საქმის განხილვისას, თუმცა მან ვერ გაიგო კარგად წარმომადგენლის ნათქვამი და სასამართლოში მისული სხდომის დარბაზში არ შევიდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
8.1 მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომელსაც მოპასუხე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.
8.2 მცდელობის მიუხედავად, რადგან ფოსტამ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ვერ ჩააბარა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, მოპასუხეს სარჩელი თავისი დოკუმენტებით ჩაჰბარდა საჯარო შეტყობინებით. მას შესაგებელი 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარედგინა.
8.3 2023 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს (მოსარჩელეს).
8.4 2024 წლის 25 იანვარს მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
8.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმისწარმოება განახლდა.
8.6 სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა 2024 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე დანიშნა.
8.7 მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე მიწვეული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
8.8 მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის კანცელარიას სასამართლო სხდომის დღეს - 2024 წლის 23 სექტემბერს, 10:55 საათზე ჩააბარა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ მისი ადვოკატი დაკავებული იყო.
8.9 მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოპასუხის შუამდგომლობას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე იშუამდგომლა.
8.10 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით, სხდომის გადადების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და სარჩელი დააკმაყოფილა.
9. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას შეეხება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ.: სუსგ №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-1508-2023, 31.01.2024წ.). თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; №ას-563-2023, 20.07.2023წ.; №ას-1405-2024, 26.12.2024წ.).
11. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებზე და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
15. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ.: სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ; №ას-484-2023, 16.05.2023წ; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.
17. საკასაციო პალატა კასატორისათვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომის დღეს - 2024 წლის 23 სექტემბერს „დაკავებულობას“. არც სხდომის გადადების შესახებ განცხადებაში და არც სააპელაციო/საკასაციო საჩივრებშია მითითებული სხდომაზე გამოუცხადებლობის სათანადო მიზეზი (კონკრეტული საპატიო გარემოებები, თუ რატომ ვერ გამოცხადდა წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე). ამასთან, მოპასუხე მხარეს არც წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მით უფრო, როდესაც გადადების შესახებ განცხადების წარმოდგენიდან (2024 წლის 23 სექტემბერი) გასულია საკმაო დრო და ამ დროის განმავლობაში კასატორ მხარეს შეეძლო შესაბამისი მიზეზებისა და მტკიცებულებების დართვა განცხადებაში მოყვანილი გარემოების დასადასტურებლად, თუმცა მას, როგორც უკვე აღინიშნა, მითითებული გარემოება რაიმე მტკიცებულებით არ დაუდასტურებია, მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომ წარმომადგენელი საქმით დაკავებული იყო, პალატის შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებათ, შესაბამისად, მოპასუხემ აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია, რაც გამორიცხავს მოპასუხის გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
18. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც ის გარემოება ვერ დაადასტურა, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობასთან ერთად, არსებობდა თავად მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, მით უფრო, როდესაც თვითონ მხარე მიუთითებს, რომ სხდომის დღეს მისული იყო სასამართლოს კანცელარიაში. ამასთან, მითითება, რომ წარმომადგენელმა სხდომაზე დასწრება ურჩია და ვერ გაიგო მოპასუხემ, დაუსაბუთებელია და არ წარმოადგენს სსსკ-ის 215.3 განსაზღვრულ საპატიო მიზეზს.
19. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომლის თანახმად, განცხადების წარდგენის თაობაზე აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც უთხრა რომ გათვალისწინებული იქნებოდა მისი შუამდგომლობა, დაუსაბუთებელია, ჯერ ერთი იმ კუთხით, რომ კასატორის ზეპირსიტყვიერი მითითება არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას და იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა და, მეორეც, შუამდგომლობის თაობაზე სასამართლო მსჯელობს სხდომაზე და მის საფუძვლიანობას მოსამართლის თანაშემწე ვერ შეაფასებს.
20. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
22. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).
23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v Georgia N30459/13, 06/12/2016), მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა შეესწავლა ორი ძირითადი საკითხი: პირველი - გამოიჩინა თუ არა საქართველოს სახელმწიფომ საკმარისი გულმოდგინება ყველა საჭირო ზომის მიღებით, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის (განმცხადებლისათვის) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა მისთვის მშობლის უფლებების შესაძლო შეზღუდვას და ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა (განმცხადებელმა) განაცხადა თუ არა უარი საკუთარ უფლებაზე, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაეცვა თავი; და მეორე - უზრუნველყო თუ არა ეროვნულმა კანონმდებლობამ მომჩივანი (განმცხადებელი) შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით, რათა დაცული ყოფილიყო შეჯიბრებითობის პრინციპი ახალ სასამართლო სხდომაზე, როდესაც მან შეიტყო მის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ (§38). საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (Gakharia v Georgia N30459/13, 06.12.2016, § 49-51). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (იხ.: „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v Georgia/საჩივარი N10978/06, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქმეზე „ავოტინში ლატვიის წინააღმდეგ“, რომელშიც განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია იყო, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე მითითების არარსებობა, არ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ განმცხადებელი უნდა გაცნობოდა კვიპროსის სასამართლოებში შესაძლო განხილვის წესს. არ მოიპოვა რა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია, მან, თავისი უმოქმედობითა და მონდომების არარსებობით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ვითარების შექმნას, რომელზეც იგი ჩიოდა ევროპულ სასამართლოში და რომელიც შეეძლო აეცილებინა ზიანის გარეშე (CASE AVOTIŅŠ v. LATVIA, Application no. 17502/07, [დიდი პალატა], JUDGMENT, 2016 წლის 23 მაისი, §123-124) - (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, გია ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, ზურაბ ძლიერიშვილი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი II, გვ.255-257; თბილისი, 2023წ.)
24. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საქმისწარმოება, რომლის დავის საგანიც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაა, 2023 წლის 26 ივლისიდან მიმდინარეობს და ერთხელ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების პირობებში, რომელიც საჩივრით გაუქმდა, მხარეს მეტი წინდახედულობის გამოჩენა მართებდა, რათა დაუსაბუთებელი სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის წარდგენით მისთვის არასასურველი სამართლებრივი შედეგი არ მიღებულიყო. ამასთან, პროცესის გაჭიანურება თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს და არ უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-604-2020, 21.09.2021წ.; №ას-1078-998-2017, 25.11.2017წ.).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ე–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ე.ე–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 26069414771 /გადახდის თარიღი 24.02.2025), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა