საქმე №ას-277-2024 28 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ქ–ვა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ქ–ვა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ფულადი ვალდებულების შესრულება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.ქ–ვამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ქ–ვას (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, კასატორი), ი. და მ.ბ–ეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ……… მდებარე 90.45 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (ს/კ ......), 59.40 კვ.მ სხვენის (ს/კ ........) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 16 მაისს გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება 34 685 აშშ დოლარად შეიძინა მოპასუხისაგან. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 16 მაისი, შესაბამისად, ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით. 2019 წლის 23 მაისს უძრავი ნივთები საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქონების გაფორმებისთანავე დაიწყო საცხოვრებელი ფართის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მაგრამ მოპასუხემ სამუშაოების საწარმოებლად ხელოსნები არ შეუშვა და, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ფართი არ გამოათავისუფლა. მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები შეასრულა, მოპასუხეს კი ნასყიდობის საგანი თავისუფალ მდგომარეობაში არ გადაუცია.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი მხარეთა შორის 2019 წლის 16 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით; დადგინდეს 2019 წლის 16 მაისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა თანხა და უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი სადავო უძრავი ნივთები; სესხის სახით აღებულ ვალდებულებაში მოპასუხეს გადახდილად ჩაეთვალოს 3960 აშშ დოლარი და 4190 ლარი; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს სადავო ქონების პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად 11 851 ლარისა და მიყენებული ზიანის - 6000 ლარის ანაზღაურება, შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა;
5. მხარემ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი სესხის - 34 685 აშშ დოლარის ერთი წლის განმავლობაში დაბრუნების გარანტიის სახით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დახმარების მიზნით, მოსარჩელე დამატებით სადავო ბინაში ჩაატარებდა რემონტს, რათა მოპასუხეს იგი გაექირავებინა და მოსარჩელეს ვალი დაეფარა. მოსარჩელემ დაიწყო ბინის რემონტი, მაგრამ შემდგომ მიატოვა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მოპასუხე. ნასყიდობის ფასი სადავო ფართის რეალური ღირებულების შეუსაბამოა.
6. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების მიხედვით, გამოსყიდვის ვადის გასვლამდე მოსარჩელეს ფართი არ უნდა გადასცემოდა. გამოსყიდვის ვადა 2020 წლის 16 მაისს გავიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2019 წლის 16 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით სადავო უძრავ ქონებაზე, დადგინდა მხარეთა შორის 2019 წლის 16 მაისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა თანხა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება, მოპასუხეს სესხის სახით აღებულ ვალდებულებაში გადახდილად ჩაეთვალა 3960 აშშ დოლარი და 4190 ლარი, შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 16 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენის ნაწილში დაექვემდებარა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ სესხის სახით აღებული ვალდებულებიდან 3960 აშშ დოლარის ჩათვლის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოპასუხემ - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა მოპასუხისათვის სესხის სახით აღებულ ვალდებულებაში 3960 აშშ დოლარის გადახდილად ჩათვლის ნაწილში და სესხის სახით აღებული ვალდებულებიდან 3960 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდილად ჩათვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა. 2019 წლის 23 მაისამდე მოპასუხეს საკუთრებაში ერიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, რაც დატვირთული იყო იპოთეკით, სესხის ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად. მისი სასესხო ვალდებულება შეადგენდა 38 000 აშშ დოლარს. მოპასუხემ სესხის გადახდა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ მოახერხა.
11. 2019 წლის 28 თებერვალს მოსარჩელემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 94 000 ლარი, რომლითაც, მოპასუხესთან წინასწარი შეთანხმებით, სრულად გადაიხადა დის სასესხო დავალიანება. შედეგად, უძრავი ქონება იპოთეკისაგან გათავისუფლდა. მოსარჩელის მიერ ნასესხები 94000 ლარი უნდა გადაეხადა მოპასუხეს, რა მიზნითაც მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 4190 ლარი - სესხის ძირი თანხა და სარგებელი, რაც დასტურდება შესაბამისი ქვითრებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მან, მოსარჩელის ნასესხები თანხის დაფარვის მიზნით, 4190 ლარის გარდა, გადაიხადა 3960 აშშ დოლარი. მოსარჩელემ დასახელებული ფაქტი კატეგორიულად უარყო.
12. მოდავე მხარეებისა და მოწმეთა განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოსარჩელის მიერ მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ორი ოთახის გარემონტებაზე, შემდგომი გაქირავების მიზნით. ქირის სახით მიღებული თანხით უნდა დაფარულიყო მოსარჩელის სახელზე არსებული კრედიტი.
13. დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაიწყო და შეასრულა კიდეც სარემონტო სამუშაოები, თუმცა საბოლოოდ დასრულება და ფართის გაქირავება ვერ შეძლო, მოპასუხის წინააღმდეგობის გამო.
14. 2019 წლის 16 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა ერთი წლით და გამოსყიდვის უფლება გამყიდველს (შეგებებული სარჩელის ავტორს) მიეცა 2020 წლის 16 მაისამდე, ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 34 685 აშშ დოლარით.
15. 2019 წლის 16 მაისის, გამოსყიდვის უფლებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ნივთები აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. ამასთან, დარეგისტრირდა მოპასუხის გამოსყიდვის უფლება. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეს ზემოხსენებულ ერთწლიან ვადაში უძრავი ქონება არ გამოუსყიდია.
16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის 2019 წლის 16 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ცნობილ იქნა ბათილად. დადგინდა მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი. გადაწყვეტილება ამ ნაწილში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ის შესულია კანონიერ ძალაში.
17. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში, მხარეები სადავოდ არ ხდიან პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას: 1) მხარეთა შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამავე ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად შეფასების ნაწილში; 2) მოსარჩელის მიერ სესხის სახით აღებულ ვალდებულებაში 4190 ლარის გადახდილად ჩათვლისა და 3) უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილებში შესულია კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავს სააპელაციო პალატის მიერ მის შეფასებას.
18. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მოპასუხის მიერ სესხის სახით აღებული ვალდებულებიდან 3960 აშშ დოლარის გადახდილად ჩათვლის ნაწილში. აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელეს, სადავო სესხის დაფარვის მიზნით, 3960 აშშ დოლარი არც საბანკო დაწესებულებისთვის და არც უშუალოდ მოსარჩელისათვის არ გადაუხდია. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
19. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს.
20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა თავის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი - მან ბანკიდან მიღებული სესხი გადასცა მოპასუხეს, მისივე სასესხო ვალდებულებების/დავალიანების დაფარვის მიზნით. მხარეთა შორის სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე იკისრა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, სესხის თანხის სადავო ნაწილის - 3960 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტის დადასტურება სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა.
21. აღნიშნული დასკვნისას სასამართლო დაეყრდნო სსკ-ის 429-ე მუხლს.
22. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ამდენად, მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია, მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია და მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.
23. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნას მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობით ფაქტობრივად მიყენებული ზიანისა და, საცხოვრებელი ფართის გაქირავების შეუძლებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებული სარჩელის ავტორს სურს, კერძოდ, მხარეთა ზეპირი გარიგებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა, სსკ-ის 394.1-ე, 408.1-ე, 409-ე და 411-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.
24. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით/ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და შედეგს შორის, ანუ, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია დადასტურდეს მოვალის მიერ კანონის დანაწესების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი გახდა.
25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მტკიცების ტვირთის დაძლევის მიზნით, შეგებებული სარჩელის ავტორი ვალდებული იყო, ისეთ გარემოებებზე მიეთითებინა, რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანსა და ზემოხსენებულ წინაპირობათა არსებობის ფონზე - მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებას.
26. მოცემული სასარჩელო მოთხოვნისა და საქმეში არსებული დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების სათანადოდ და სარწმუნოდ დადასტურება, რომ მხარეთა შეთანხმებით წარმოებული სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაყენა მის მიერ მითითებული ოდენობით ზიანი.
27. შეგებებული სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ დაიწყო და არ დაასრულა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები მოპასუხის საცხოვრებელ ფართში. ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა კი საჭიროებს 11 851 ლარის ოდენობით ხარჯს, რაც, შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ ზიანს.
28. შეგებებული სარჩელის ავტორმა წარადგინა სარემონტო სამუშაოების შესახებ შპს „ა–ის“ 2020 წლის 8 მაისის №04 დასკვნა, რომლის მიხედვით პირვანდელი მდგომარეობით აღსადგენად შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა განსაზღვრულია 11 851 ლარით და შპს „დ-ა–ის“ 2020 წლის 28 მაისის №02/1-25 დასკვნა, რომლის თანახმად მოპასუხის კუთვნილი 44.36 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საიჯარო ღირებულება თვეში შეადგენს 480 ლარს.
29. სააპელაციო პალატამ, მხოლოდ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაუსაბუთებლად მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად 11 851 ლარის და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
30. საქმეში არსებული მასალებით არ ირკვევა და არ დგინდება საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე და ამაზე არ მიუთითებს არც მოპასუხე, შესაბამისად, დაუსაბუთებელია შპს „ა–ის“ დასკვნა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად კონკრეტული ღირებულების განსაზღვრის შესახებ.
31. ამასთან, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი დასკვნები არ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტს. მოპასუხე მხარის მტკიცებით, მოსარჩელემ, მხარეთა შეთანხმებისამებრ, შეასრულა სამუშაოთა უმეტესი ნაწილი, თუმცა დასრულება ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მას დამ არ მისცა.
32. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ.ქ–ძის ჩვენებაზე, რომ ის არის მოდავე მხარეთა მეზობელი, ხელოსანი და სადავო ბინაში მოსარჩელის დაკვეთით ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, რაშიც ანაზღაურებას იღებდა მოსარჩელისაგან. რემონტი ვერ დამთავრდა, თუმცა რა მიზეზით, არ იცის. როდესაც რემონტი შეჩერდა, შესრულებული იყო სამუშაოების 80%. მოწმის სახით დაკითხული ნ.ქ–ვას ჩვენებით ირკვევა, რომ ის არის მოდავე მხარეების ბიძაშვილი. იცის, რომ მათ ჰქონდათ რემონტთან დაკავშირებით უთანხმოება. მოსარჩელემ ვერ დაამთავრა რემონტი, რის გამოც მას მიმართა დახმარებისათვის, რომ დალაპარაკებოდა მოპასუხეს. რემონტი შეჩერდა მოპასუხის მიზეზით. მოწმის სახით დაკითხული ლ.ქ–ვას ჩვენების თანახმად, ის არის მოდავე მხარეთა დედმამიშვილი. მოპასუხეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც მოსარჩელე დაჰპირდა დახმარებას და გამოიტანა ბანკიდან სესხი. მოსარჩელემ დაიწყო უძრავი ქონების რემონტი, თუმცა არ დაუმთავრებია, რადგან მოპასუხემ იგრძნო, რომ მოსარჩელეს სხვა მიზნები ამოძრავებდა.
33. ამდენად, როგორც მოსარჩელის განმარტებით, ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები მოსარჩელემ ვერ დაასრულა იმის გამო, რომ ამის საშუალება მას დამ არ მისცა. მხარეთა გარიგება სარემონტო სამუშაოების წარმოებისა და ფართის გაქირავების შესახებ დასრულდა მოპასუხის ინიციატივით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთობის დასრულება განპირობებული არ ყოფილა რაიმე პატივსადები მიზეზით, ან მოსარჩელის მხრიდან შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე პირობის დარღვევით. შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით კი, სარემონტო სამუშაოების დასრულებაზე უარი განაცხადა მოსარჩელემ, თუმცა ეს გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ზეპირი გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი გახდებოდა.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება იმგვარი ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძველი გახდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, არ დადგენილა მოწინააღმდეგე მხარის/მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვალდებულების ბრალეული დარღვევა, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და შედეგს შორის, რომლებიც ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისთვის უმთავრესი წინაპირობებია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
35. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორის მიერ სესხის სახით აღებული ვალდებულებიდან 3960 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდილად ჩათვლა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 11851 ლარისა და, ბინის გაუქირავებლობის გამო, მიყენებული ზიანის - 6000 ლარის ანაზღაურება, სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის დღიდან ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
36. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილი ფაქტები კი სამართლებრივად არასწორად შეაფასა. გაუგებარია, რატომ მიენიჭა უპირატესობა მოსარჩელის პოზიციას, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, რის გამო გაიზიარა მოსარჩელის რადიკალურად ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებები, ყოველგვარი ლოგიკური შეფასებისა და დასაბუთების გარეშე.
37. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე განსახილველ სარჩელში კატეგორიულად ადასტურებს, რომ სადავო ფართი მან შეისყიდა გამოსყიდვის უფლებით და მოითხოვა მათი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება, თუმცა სარჩელი აღძრა გამოსყიდვის უფლების ვადის დადგომამდე 5 თვით ადრე და მოითხოვა ბინის გამოთავისუფლება, როცა ასეთს ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით, არ ითვალისწინებდა.
38. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებში (რასაც კატეგორიულად ადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელე), 5 თვით ადრე ვადის დადგომამდე მოსარჩელე რატომ მოითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას და რომ არა შემორჩენილი გადახდის ქვითრები, სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებდა. მოსარჩელეს სურდა, დაესაკუთრებინა სადავო ბინა ან ეიძულებინა მოპასუხე, დაეთმო მისთვის კუთვნილი წილი სოფლის სახლში. აღნიშნულს ადასტურებს მხარეთა დავა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, სოფელში არსებულ საკუთრებაზე და მის მიერ 2019 წლის 28 თებერვალს მიღებული სესხის დანიშნულება, სადაც მითითებულია, რომ მან სესხი აიღო საცხოვრებელი ბინის შეძენის მიზნით.
39. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ სესხის ნაწილის გადახდის ფაქტზე მოსარჩელე არ მიუთითებდა, აღნიშნული სასამართლო პროცესზე დაადასტურა მოპასუხემ და საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა.
40. სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და არ უმსჯელია, მოპასუხეს, რომელმაც გამოსყიდვის უფლებით გაყიდა სადავო ფართი ან სესხისა და იპოთეკის ხელშკერულება გააფორმა მოსარჩელესთან, რატომ უნდა შეეჩერებინა სარემონტო სამუშაოები, როცა სარემონტო სამუშაოების დასრულება მას აძლევდა საშუალებას, ერთის ნაცვლად, გაექირავებინა ორი კეთილმოწყობილი ოთახი. იგი დაინტერესებული იყო, რომ შეთანხმებისამებრ რემონტი დროულად დამთავრებულიყო, რათა გაეუმჯობესებინა ფინანსური მდგომარეობა. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ მოპასუხე სადავო ფართს აქირავებდა, ამას არც მოსარჩელე არ უარყოფდა. მოსარჩელის მიერ რემონტის დაწყებიდან და ორ ოთახად გადაკეთების შემდეგ, სამუშაოების დასრულებამდე მხარეს შემოსავლის წყარო მოესპო. ამდენად, მოსარჩელის მოქმედების (მან რემონტი არ დაასრულა) შედეგად მოპასუხეს მატერიალური (მიუღებელი) ზიანი მიადგა, გაუგებარია, სხვა რა მტკიცებულებების წარდგენა იყო საჭირო. რაც შეეხება, ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თანხის - 11 851 ლარის ზიანის ანაზღაურებას, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში ყოვლად დაუსაბუთებელია.
41. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, ყოველგვარი ანალიზისა და შეფასების გარეშე, გაიზიარა მოსარჩელეს მითითება, რომ მან რემონტი არ დაასრულა დის წინააღმდეგობის გამო, მაგრამ არ გაარკვია და არ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა ეთქვა უარი მოპასუხეს რემონტის დასრულებაზე, როცა ასეთი მის ინტერესებში შედიოდა. სააპელაციო პალატამ არ დაასაბუთა, თუ რატომ გაიზიარა ნაწილობრივ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გამოიყენა შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, რითაც დაარღვია, არასწორად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების შინაარსი, ასევე, სსკ-ის 394-ე, 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლები და ცალმხრივად და მიკერძოებით ყველა საკითხი გადაწყვიტა მოსარჩელის სასარგებლოდ.
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
43. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი ფაქტები:
45. მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა. 2019 წლის 23 მაისამდე მოპასუხეს საკუთრებაში ერიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, რაც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული. მისი სასესხო ვალდებულება შეადგენდა 38 000 აშშ დოლარს. მოპასუხემ სესხის გადახდა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ მოახერხა.
46. 2019 წლის 28 თებერვალს მოსარჩელემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 94 000 ლარი, რომლითაც, მოპასუხესთან წინასწარი შეთანხმებით, სრულად გადაიხადა დის სასესხო დავალიანება. შედეგად, უძრავი ქონება იპოთეკისაგან გათავისუფლდა. მოსარჩელის მიერ ნასესხები 94000 ლარი უნდა გადაეხადა მოპასუხეს, რა მიზნითაც მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 4190 ლარი - სესხის ძირი თანხა და სარგებელი, რაც დასტურდება შესაბამისი ქვითრებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მან, მოსარჩელის ნასესხები თანხის დაფარვის მიზნით, 4190 ლარის გარდა, გადაიხადა 3960 აშშ დოლარი. მოსარჩელემ დასახელებული ფაქტი კატეგორიულად უარყო.
47. მოდავე მხარეებისა და მოწმეთა განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოსარჩელის მიერ მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ორი ოთახის გარემონტებაზე, შემდგომი გაქირავების მიზნით. ქირის სახით მიღებული თანხით უნდა დაფარულიყო მოსარჩელის სახელზე არსებული კრედიტი.
48. მოსარჩელემ დაიწყო და ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, თუმცა საბოლოოდ დასრულება და ფართის გაქირავება ვერ შეძლო, მოპასუხის წინააღმდეგობის გამო.
49. 2019 წლის 16 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის ვადად განისაზღვრა ერთი წლით და გამოსყიდვის უფლება გამყიდველს (შეგებებული სარჩელის ავტორს) მიეცა 2020 წლის 16 მაისამდე, ხელშეკრულების საგნის ღირებულება კი - 34 685 აშშ დოლარით.
50. 2019 წლის 16 მაისის, გამოსყიდვის უფლებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ნივთები აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. ამასთან, დარეგისტრირდა მოპასუხის გამოსყიდვის უფლება. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეს ზემოხსენებულ ერთწლიან ვადაში უძრავი ქონება არ გამოუსყიდია.
51. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის 2019 წლის 16 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ცნობილ იქნა ბათილად. დადგინდა მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი. გადაწყვეტილება ამ ნაწილში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
52. სსსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს რა გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის სადავო სესხის ანგარიშში 3960 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტის დადასტურება, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის კუთვნილი ფართის რემონტის დაუსრულებლობის გამო, უძრავი ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად 11851 ლარისა და მოპასუხის მიერ დასახელებული უძრავი ქონების გაქირავების შეუძლებლობით მიყენებული ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების კანონიერება.
53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
54. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებას.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ, შეწყვეტის მიზნით, ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 04 მარტი, 2019წ., პ.125.). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი).
56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია, მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას სსკ-ის 429-ე მუხლში მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს, უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები). სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
57. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამდენად, ფულადი ვალდებულების დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, რისი გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის შინაარსზე, ანუ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვებისა თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც, თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად, უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.
59. პალატა განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). სსკ-ის 429-ე მუხლის დანაწესი ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში, შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შესრულება ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ფულადი ვალდებულების შესრულებისას კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში, მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით) (შდრ: სუსგ №ას-334-2021, 05 ნოემბერი, 2021წ.).
60. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტეზიად ვერ შეაფასებს მოპასუხის მითითებას, რომ მან, მოსარჩელის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით, 3960 აშშ დოლარი გადაუხადა კრედიტორს, ვინაიდან მხარემ სსკ-ის 429-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული ფაქტი სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.
61. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება მოპასუხის პრეტენზია ვერც იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხემ მოითხოვა, მოსარჩელის მიერ სადავო ფართის სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, უძრავი ნივთის პირველი მდგომარეობის აღსადგენად თანხის ანაზღაურება.
62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული სახეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ანუ პასუხისმგებლობა გამოიხატება დამრღვევი მხარის ვალდებულებაში, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი ნატურით ან ფულადი სახით.
63. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში მაშინ, როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან.
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. სსკ-ის 394-ე მუხლი ვალდებულების დარღვევის სისტემის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის სისტემაში შემოაქვს განსხვავება შესრულების გვერდით და შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტებს შორის. ორივე მოთხოვნისათვის ეს ნორმა განსაზღვავს საერთო და სპეციალურ წინაპირობებს და ადგენს შესაბამის სამართლებრივ სანქციებს. ერთეული სპეციალური მოთხოვნის საფუძვლებს თუ არ ჩავთვლით, ეს ნორმა მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულებათა სრულ სპექტრს. შესრულების ნაცვლად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი სსკ-ის 394 II და III მუხლის დანაწესია იმ შემთხვევაში, როცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას წინ არ უსწრებს ხელშეკრულებიდან გასვლა (შდრ: გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 394-ე, ველი 1-2, თბილისი, 2019 წელი).
65. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორია კრედიტორის მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით კრედიტორი შეიძლება ითხოვდეს ზიანის ანაზღაურებას შესრულებასთან ერთად ან ზიანის ანაზღაურებას შესრულების ნაცვლად. პირველ შემთხვევაში, კრედიტორი ინარჩუნებს შესრულების მოთხოვნის უფლებას; მეორე შემთხვევაში კი, შესრულებას ზიანის ანაზღაურება ანაცვლებს. იმის გამიჯვნას, თუ რომელი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს კრედიტორი, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან შესრულების გვერდით ზიანი (სსკ-ის 394 I მუხლის საფუძველზე), ხოლო შესრულების სანაცვლოდ ზიანი მხოლოდ დამატებითი წინაპირობების დაცვით ანაზღაურდება. გამიჯვნა უნდა მოხდეს ზიანის გამოსწორებადობის კრიტერიუმის მიხედვით. თუ არსებობს ზიანი, რომელიც საბოლოოა და დამატებითი ვადის ან დამატებითი შესრულების შემთხვევაშიც არ გამოსწორდება, ასეთი ზიანი პირდაპირ უნდა ანაზღაურდეს. სსკ-ის მე-400-ე, 404-ე და 391-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის გარდა, ყველა სხვა ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შესრულების გვერდით ხდება (გულისხმიერების ვალდებულების დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი), 394 I მუხლის საფუძველზე დამატებითი წინაპირობების გარეშე ანაზღაურდება. შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, კრედიტორი უარს ამბობს მიუღებელ შესრულებაზე და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 394 I მუხლი დამოუკიდებელი და თვითკმარი მოთხოვნის საფუძველია შესრულების გვერდით ზიანის ანაზღაურებისას (გარდა ვადის გადაცილებისა). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი.
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
68. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ანუ ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (შდრ: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).
69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება (იხ.: სუსგ №ას-667-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი).
70. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ (რომელიც, ამავდროულად, მოპასუხის ძმაა) ნებაყოფლობით იკისრა სადავო ფართის გარემონტება, რათა გაუმჯობესებულ მდგომარეობაში მოყვანილი უძრავი ნივთი უკეთეს ფასად გაქირავებულიყო და მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არსებული სესხი დაეფარა.
71. ასევე დადგენილია და არცერთი მხარე არ უარყოფს, რომ მოსარჩელემ სარემონტო სამუშაოები დაიწყო და გარკვეულ სტადიამდე მიიყვანა (მოწმის სახით დაკითხული ხელოსნის განმარტებით, შესრულდა სამუშაოთა 80%). მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, თუ რა მიზეზით ვერ დაასრულა სამუშაოები.
72. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის შესაბამისადაც აღნიშნული საკითხის გამოსარკვევად მიეთითა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მხარეთა დედმამიშვილმა და ბიძაშვილმა დაადასტურეს, რომ სარემონტო სამუშაოები შეწყდა მოპასუხის მოთხოვნით. ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, მოპასუხე ეჭვობდა, რომ სადავო ფართის მიმართ ძმას ფარული მოტივები ამოძრავებდა. ნიშანდობლივია, რომ საკასაციო საჩივარში მოპასუხემ მოსარჩელის მხრიდან უძრავი ნივთის გარემონტების სურვილი სადავო ფართის მისაკუთრების განზრახვას დაუკავშირა.
73. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ძმის/მოსარჩელის ქმედებაში რაიმე მართლსაწინააღმდეგო შინაარსის არსებობა ვერ დაადასტურა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მოპასუხემ სადავო ფართის რემონტი, მოსარჩელის მხრიდან გამოხატული წინააღმდეგობის გამო, ვერ დაასრულა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ხარჯის ანაზღაურებაზე უსაფუძვლოა. ამავდროულად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხემ კუთვნილი ფართის პირვანდელი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება ვერ წარადგინა.
74. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობის მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.
75. იმ პირობებში, როდესაც უარყოფილ იქნა სასარჩელო მოთხოვნა ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ და დადგენილად ჩაითვალა, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავი ნივთის რემონტის დაუსრულებლობაში ბრალი არ მიუძღვის, თავისთავად იურიდიული საფუძველი ეცლება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას აღნიშნული ფართის გაქირავების შეუძლებლობის გამო, მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე.
76. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
77. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
78. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
79. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
80. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
81. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 02.04.2024 წელს გადახდილი 2325,55 ლარის 70% – 1627,88 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ქ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ე.ქ–ვას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 02.04.2024 წელს №21236621528 საგადახდო დავალებით გადახდილი 2325,55 ლარის 70% – 1627,88 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა