საქმე №ას-1134-2024 24 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "გ–ი” (აპელანტი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 29 სექტემბერს სს „თ.ბ–სა” და მოპასუხე მ.მ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 7 000.00 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.50%-ით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 29.03%, კრედიტის ვადა - 1 457 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 25 რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლოს - 20 ლარის გადახდის ვალდებულება გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ისა). ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
2. საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს გადახდილი აქვს ჯამში 1559.29 ლარი, საიდანაც დაიფარა: ძირი თანხა - 574.15 ლარი, სარგებელი - 803.68 ლარი, პირგასამტეხლო - 31.46 ლარი, საკომისიო -150 ლარი.
3. 2023 წლის 26 ივლისისათვის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის პერიოდი) მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 37 333.96 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 6 425.85 ლარი, პროცენტი - 5 227.61 ლარი, პირგასამტეხლო - 25 680.50 ლარი. სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შემდგომ მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი 2017 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება 3 213.38 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 769.21 ლარი, პროცენტი - 444.17 ლარი.
4. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიური, დადგენილი გრაფიკით გადახდის შესახებ. მსესხებლის მიერ სულ ცოტა ორჯერ გადაცილებულია აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის დაფარვის ვადა. ვალდებულების შესრულების მიზნით მსესხებელს გადახდა აღარ განუხორციელებია 2018 წლის 05 აპრილიდან.
5. 2022 წლის 25 მარტს სს „თ.ბ–სა” და შპს „გ–ს” შორის გაფორმებული სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებით მოთხოვნის დამთმობმა
6. მოთხოვნის მიმღებს (მოსარჩელეს) საკუთრების უფლებით გადასცა მსესხებელ მ.მ–თან 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები.
7. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე მ.მ–ის მიმართ წარმოადგენს - მოპასუხეს 2017 წლის 29 სექტემბრის №1227866-9226073 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 2 769.21 ლარის, პროცენტის - 444.17 ლარის ანაზღაურება (მოსარჩელემ 06.02.2024 წლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა).
8. წარდგენილი შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “გ–ის” სარჩელი მ.მ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
9.2. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით, მოპასუხემ სადავო გადახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. მისი განმარტებით მოთხოვნა ხანდაზმულია ხანდაზმულობისათვის დადგენილი სამ წლიანი ვადის გასვლის გამო, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მსესხებელს არსებითად სადავო არ გაუხდია მასსა და სს „თ.ბ–ს” შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების, ისევე როგორც მის მიერ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისა და მოთხოვნილი ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია მხარეთა შორის როგორც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ხელშეკრულების, ისე მსესხებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რომლის შესაბამისადაც მას მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტი წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებას, სასამართლო უპირველესად მსჯელობს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე.
9.3. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 144-ე, 130-ე მუხლებზე, განმარტა ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი და მიზანი, მისი ათვლის მომენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის დენის საკითხის განსაზღვრისას უპირველესად უნდა განისაზღვროს ვალდებულება თავისი ხასიათით წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის დროსაც, გრაფიკის თითოეულ თვეზე დამოუკიდებლად ვრცელდება ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, თუ იმ პირობებში როდესაც მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ გადახდა საერთოდ არ განუხორციელებია, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის დენის საკითხი უნდა დაუკავშირდეს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის თარიღს - 2018 წლის 05 აპრილს.
9.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე, (საქმე №ბს-100(კ-20), სადაც ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენებაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებითვე განმარტებულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსი და მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, “პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებასა და „ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებას“ შორის ფორმალური ნიშნით მსგავსების გამო, მათი ურთიერთგამიჯვნა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია გარკვეულ სირთულესთან, თუმცა, გარიგების ამ ორი სახის გამიჯვნის თვალსაზრისით, გადამწყვეტი უნდა იყოს ის იმანენტური, კონსტიტუციური ნიშნები, რაც მახასიათებელია მხოლოდ “პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის” და რაც არ არის დამახასიათებელი „ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების” ინსტიტუტისთვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება სახეზეა მხოლოდ მაშინ და იმ პირობებში, თუ ეს ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში რეგულარულად თავიდან წარმოიშობა და ეს წარმოადგენს მოთხოვნის ბუნებას (მაგ: ქირავნობა, იჯარა, სარჩოს, ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ა.შ.). ვალდებულების სახეობა დამოკიდებულია ასევე მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ვალდებულების შესრულების დროით და იმ მომენტით, თუ რამდენი ვალდებულება უნდა შესრულდეს. ვალდებულების შესრულების რამდენი მომენტიც არსებობს, არსებობს იმდენივე ვალდებულება და შესაბამისად, წარმოიშობა იმდენივე მოთხოვნა, ამასთან, როგორც აღინიშნა, მოთხოვნა შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს მომავალში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ცალკეული/თითოეული შესრულების პერიოდული ქრონოლოგიური განმეორება არ არის მოთხოვნის ბუნების ნაწილი, პრინციპულია, რომ ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში თავიდან წარმოიშვას და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა არ იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ კრედიტორმა ერთიანად, წინსწრებით მოითხოვოს მოვალისაგან მომავალში შესასრულებელი ვალდებულებები, რა ნაწილშიც საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას. პერიოდულად (რეგულარულად) განმეორებად შესრულებაში მოიაზრება ისეთი შემთხვევები, რომლებიც გულისხმობს ცალკეული შესრულების რეგულარულ, პერიოდულ განმეორებადობას, რომელსაც საწყისი ეტაპიდანვე გააჩნია მოთხოვნის უფლება (BGH NJW2001, 1065, VersR 1957, 450, 451). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ერთიანი ვალდებულების მხოლოდ დროში განაწილვადებული შესრულება საკმარისი არ არის სამოქალაქო კოდექსის 142.2 მუხლის გამოყენებისთვის. იმისთვის, რომ მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 142.2 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის 3- წლიანი ვადის გამოყენება, აუცილებელია დადგინდეს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა მიეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას”. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ბანკსა და მსესხებელს შორის გრაფიკით შესასრულებელი ვალდებულების დროს, ვინაიდან ბანკი იტოვებს უფლებას, გადახდის გრაფიკის პირველივე დარღვევის შემთხვევაში მოითხოვოს თანხის სრული ოდენობით ანაზღაურება, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისგან განსხვავებით, სახეზეა ერთი ვალდებულება, რომელსაც ფიზიკური პირი იხდის ნაწილ-ნაწილ.
9.5. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაშიც მართალია მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა გრაფიკით გათვალისწინებული წესით, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, მან ხელშეკრულებით იკისრა სწორედ ერთი ვალდებულების შესრულება, რომელიც გრაფიკით გადანაწილდა დროის გარკვეულ მონაკვეთებში. ამდენად, მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას სასამართლო არ მიიჩნევს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად.
10. სააპელაციო საჩივარი
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, შპს “გ–ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “გ–ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შპს “გ–ის” სასარგებლოდ, 2017 წლის 29 სექტემბრის №1227866-9226073 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანებული: ძირი თანხის - 2769,21 ლარის და საპროცენტო სარგებლის - 444,17 ლარის, ჯამში - 3213,38 ლარის გადახდა.
12. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
12.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12.2. საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საბანკო კრედიტის ერთი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გრაფიკით ნაწილდება, საიდანაც იფარება როგორც ძირი, ისე პროცენტი. საკასაციო პალატას არაერთ დავაში განუმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა აითვლება ბოლო გადახდიდა, ანუ მოვალის მიერ ბოლოს გადახდილი თანხის შემდეგ გადასახდელი ვადიდან. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არ შეიძლება განიხილებოდეს პერიოდულ შესრულებად, რადგან ესაა ერთიანი ვალდებულება, რომელიც გრაფიკის მიხედვით ნაწილ-ნაწილ შესასრულებელი ვალდებულებაა. პერიოდული და ნაწილ-ნაწილ შესრულებული ვალდებულების შესახებ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ საქმეში Nბს-100(კ-20) უკვე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ეს ორი ინსტიტუტი განსხვავდება ერთმანეთისგან. აღნიშნულის შესახებ საკმაოდ კარგი დასაბუთება წარადგინა თავად პირველი ინსტანციის სასამართლომაც, რომელმაც გაიზიარა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება.
12.3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი) უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ერთმანეთისგან ცალსახად გამიჯნა მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ინსტიტუტი, შესაბამისად, ცალსახაა, რომ ხანდაზმულია სასარჩელო მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - კანონიერი.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის არსებითი შედავება მიმართულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რისი დასაბუთებაც გულისხმობს პერიოდული და ნაწილ-ნაწილ შესრულებული ვალდებულებს შორის არსებით განსხვავებებს, რაც თავისთავად ხანდაზმულობის ვადის ათვლის განსხვავებულ წესებს განსაზღვრავს. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
20. დადგენილია, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს სს „თ.ბ–სა’’ და მოპასუხე მ.მ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 7 000.00 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.50%-ით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 29.03%, კრედიტის ვადა - 1 457 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 25 რიცხვში. ასევე დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს გადახდილი აქვს ჯამში 1 559.29 ლარი, საიდანაც დაიფარა: ძირი თანხა - 574.15 ლარი, სარგებელი - 803.68 ლარი, პირგასამტეხლო - 31.46 ლარი, საკომისიო -150 ლარი. ვალდებულების შესრულების მიზნით მსესხებელს გადახდა აღარ განუხორციელებია 2018 წლის 05 აპრილიდან. წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 08 აგვისტოს. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხე მ.მ–ის დავალიანება 2020 წლის 08 აგვისტომდე პერიოდისათვის ხანდაზმულია, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და შეამცირა მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ადგენს სამწლიან ხანდაზმულობის ვადას, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებით - ექვს წლიანს. რაც შეეხება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სამ წლიან ხანდაზმულობას, ხოლო სსკ-ის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
22. სადავო საკითხის სწორად შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ხანდაზმულობის ინსტიტუტზე და აღნიშნავს, რომ „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი).
23. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ: 11.06.2012 , №ას-547-515-2012; 18.04.2024, №ას-42-2024).
25. საკასაციო პალატას არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში მიუთითებია, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების ისეთ ხანდაზმულობას, რომელიც აითვლება ვალდებულების თითოეული წილის შესრულების შესაბამისად ცალ-ცალკე. შესაბამისად, პერიოდულად, კონკრეტული დროით განსაზღვრული შუალედებით ვალდებულების შესრულება გულისხმობს ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებებზე ცალ-ცალკე ხანდაზმულობის ვადის დადგენას. (იხ. სუსგ Nას-1432 –1351- 2012, 2013 წლის 20 მაისის განჩინება Nას-1432-1351- 2012, სუს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება Nას-934-899-2016, სუს 2018 წლის 22 ივნისის განჩინება საქმე Nას-465-462-2018, სუს 2019 წლის 12 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-440-440-2018, სუს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-986-2019).
26. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლში პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობა სასესხო ხელშეკრულების ერთ-ერთ სახესხვაობას წარმოადგენს, სადაც აუცილებლად გათვალისწინებულია სარგებლის მიღების საფუძველი და ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს აუცილებლად წარმოადგენს კომერციული ბანკი, რომელიც ლიცენზირებულია გასცეს კრედიტი, შესაბამისად, დასახელებული ინსტიტუტი მხოლოდ ფულადი სახის სახელშეკრულებო ობიექტზე იდება მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით, რაც გულისხმობს საპროცენტო სარგებლის მიღების ინტერესს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-361-343- 2015, 14.12.2015).
28. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება მიმართულია ამ უკანასკნელის მიერ გამოყენებულ მოტივაციაზე, რომელიც ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებას (საქმე №ბს-100(კ-20). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებები, არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად. სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების შემდეგ ამონარიდზე მიუთითა: „საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ცალკეული/თითოეული შესრულების პერიოდული ქრონოლოგიური განმეორება არ არის მოთხოვნის ბუნების ნაწილი, პრინციპულია, რომ ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში თავიდან წარმოიშვას და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა არ იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ კრედიტორმა ერთიანად, წინსწრებით მოითხოვოს მოვალისაგან მომავალში შესასრულებელი ვალდებულებები... ბანკსა და მსესხებელს შორის გრაფიკით შესასრულებელი ვალდებულების დროს, ვინაიდან ბანკი იტოვებს უფლებას, გადახდის გრაფიკის პირველივე დარღვევის შემთხვევაში მოითხოვოს თანხის სრული ოდენობით ანაზღაურება, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისგან განსხვავებით, სახეზეა ერთი ვალდებულება, რომელსაც ფიზიკური პირი იხდის ნაწილ-ნაწილ.“ და სსკ-ის 873-ე მუხლთან (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) მიმართებით განმარტა, „რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის შეთანხმებულია სესხად მიღებული თანხის დაბრუნების გრაფიკი, ბანკს ვალდებულების სრულად შესრულების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა, თუ სახეზე არ გვაქვს მოვალის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ამასთან, სესხად გაცემული თანხის სრულად მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ე.წ. „მეორადი მოთხოვნების“ კატეგორიას, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია სახელშეკრულებო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტასთან. შესაბამისად, დგინდება, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების პროცესში, ბანკს, როგორც კრედიტორს, არ აქვს უფლება, რომ მოვალეს გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სრულად მოსთხოვოს. აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენს ამ სამართალურთიერთობის ნაწილს. ამასთან, კანონით (სსკ-ის 873-ე მუხლი) იმპერატიულად დადგენილი წესის მიხედვით, ბანკს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება არა პირველივე დარღვევიდან, არამედ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ზედიზედ, მინიმუმ ორჯერ გადაცილების შემთხვევაში წარმოეშობა.“ აღნიშნულ დასაბუთებას საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და მიუთითებს, რომ დასახელებულ ნორმაში მომხმარებელთა, როგორც კომერციულ ბანკთან შედარებით სუსტი მხარის უფლებების ერთგვარი დაბალანსების მიზნით განსაზღვრული კანონისმიერი, იმპერატიული შეზღუდვებია მოცემული, რაც კომერციულ ბანკს ავალდებულებს დაიცვას შესაბამისი სახის საფეხურები ხელშეკრულების შეწყვეტამდე. ასეთი სავალდებულო მოთხოვნებია შემდეგი: 1) სახელშეკრულებო სუბიექტები: კომერციული ბანკი და ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი; 2) ხელშეკრულების ტიპი: კრედიტის ხელშეკრულება; 3) კრედიტის პირობები: ნაწილ-ნაწილ თანხის დაბრუნების ვალდებულება; 4) კრედიტის ამღების მიერ ვალდებულების ზედიზედ მინიმუმ ორჯერ გადაცილება; 5) დამატებითი ორ კვირიანი ვადის მიცემა ვალდებულების შესრულებისთვის. თუ კი ყველა ეს კრიტერიუმი კუმულაციურად იქნება დაცული, ბანკი მხოლოდ ამ დროს ხდება უფლებამოსილი შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გაცემული თანხა სრულად. შესაბამისად, ცალსახაა, ბანკი ვერ დაიტოვებს გადახდის გრაფიკის პირველივე დარღვევის შემთხვევაში თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების უფლებას, რადგან ასეთი პირობა დასახელებული იმპერატიული ნორმის უარყოფაა, რაც მისი ბათილობის საფუძველია.
29. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმა ცალსახად განსაზღვრავს მათ შორის, საკრედიტო ურთიერთობის ხასიათსაც. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების მთავარი მიზანი მდგომარეობს თანხის სასყიდლიანად გაცემასა და პროცენტის მიღებაში კონკრეტული, განსაზღვრული დროის შემდგომ. თუ კი მოვალე ვერ შეძლებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დროულ შესრულებას (როგორც განჩინების 28-ე მუხლშია მითითებული), ბანკს წარმოეშობა ხელშეკრულების მეორეული მოთხოვნების წაყენების უფლებამოსილება, რაც გულისხმობს თანხის სრულად მიღების მოთხოვნასაც, შესაბამისად, ცალსახაა, რომ თუ კი პირველადი მოთხოვნა ვერ მიღწევა, კრედიტორი გადადის მეორადი მოთხოვნის წაყენების რეჟიმში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, როდესაც სახეზეა სესხის დაბრუნების გრაფიკი, სესხად გაცემული თანხის სრულად მოთხოვნის უფლება არ წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებად უფლებას, აღნიშნული მოთხოვნა წარმოიშობა მხოლოდ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მას „მეორად მოთხოვნად“ აქცევს და უთანაბრებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც ვერ იქნება თავად ამ სამართალურთიერთობის ხასიათის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. შესაბამისად, ბანკის პირველად მოთხოვნას არ წარმოადგენს თანხის სრულად და ერთდროულად ანაზღაურება, არამედ, ბანკი უფლებამოსილია მხოლოდ პერიოდული, ვადამოსული ვალდებულების შესრულებაზე წარადგინოს მოთხოვნა, სწორედ ამიტომაა, რომ ხანდაზმულობის ვადა თითოეულ პერიოდულ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე უნდა იყოს განსაზღვრული.
30. ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე ცხადია, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის განსაზღვრა: სს „თ.ბ–სა“ და მ.მ–ს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის მიერ სესხის გრაფიკით გათვალისწინებული, ყოველთვიურად შესასრულებელი გადახდები წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლისთვისაც ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხდება სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, რადგან დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრამდე, კერძოდ 2023 წლის 08 აგვისტომდე სამი წლის მანძილზე სესხის გრაფიკით გათვალისწინებული 14 შენატანის ნაწილში, სარჩელი ვერ იქნება ხანდაზმული.
31. ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს, დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა, კერძოდ მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 05 აპრილს, რის შემდგომაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სესხის დასაფარად გადახდა აღარ მომხდარა. ასევე დადგენილია, რომ კრედიტორს სსკ- ის 873-ე მუხლით (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) მინიჭებული უფლებით არ უსარგებლია და საკრედიტო ხელშეკრულება შეწყდა მისი ვადის ამოწურვით 2021 წლის 26 სექტემბერს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებობს საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლიდან გამომდინარეც მოვალეს შესასრულებელი აქვს კრედიტად მიღებული თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება.
32. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მ.მ–ს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, რაც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გაზიარებული სასამართლოს მხრიდან და დადგინდა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოდან 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გათვალისწინებული გადახდების ნაწილში, სარჩელი ხანდაზმული არ არის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დასაბუთებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ და განსაზღვრავს, რომ სსსკ-ის 53-54-ე მუხლები განსაზღვრავს იმ ხარჯების მხარეზე გადანაწილების წესებს, რომელმაც წააგო დავა, კერძოდ, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და სსსკ-ის 245-ე მულის მე-5 ნაწილის, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დამატებითი გადაწვყეტილების გაუქმების საფუძველი.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 200 ლარის 70% - 140 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.მ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №479, გადახდის თარიღი 23.10.2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი