¹ბს-1069-1019(კ-06) 12 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს “....” დირექტორის წარმომადგენელმა რ. გ-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და დღგ-ს თანხების ჩათვლა /იხ. ს.ფ. ტI. 6-7/.
რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “თერჯოლა ოილის” წარმომადგენლის რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. ტI. 234-237/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. ტI. 2440-242/.
საოლქო სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული ასსამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. ტI. 329-336/.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “....”, რომლითაც მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. ტI. 338-339/.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს “....” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხალახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. ტI. 366-375/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. ტII. 72-80/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაცო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. ტII. 89-91/.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. ტII. 95-96/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. ტII. 101-107/
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. ტII. 95-96/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად ვერ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.