Facebook Twitter

საქმე №ას-757-2023 27 ივნისი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ-ჯ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. შპს „ლ-ჯ–იამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - შპს „უ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხისთვის 7 351 370.08 ლარის, პირგასამტეხლოს 2 201 758.94 ლარის, თანხის გადახდის ვადაგადაცილებისთვის 7 351 370.08 ლარის 0.1% 2021 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იურიდიული მომსახურების ხარჯის 4 500 აშშ დოლარისა და ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის 23 385.75 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სადავოდ არ გახადა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

3.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის 7 123 625.41 ლარის, პირდაპირი ზიანის 85 381.43 ლარისა და მორალური ზიანის 1 000 000 ლარის დაკისრება.

4. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

4.1. მოსარჩელემ, შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოთხოვნა არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი თანხა 7 351 370.08 ლარი, პირგასამტეხლო 220 175.89 ლარი, დასარიცხი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7 351 370.08 ლარის 0.01%-ის ოდენობით, 2021 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს აგრეთვე დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის 4500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა. და ექსპერტიზის მომსახურების ხარჯი 23 385.75 ლარი. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. მოპასუხე საწარმოს სააპელაციო საჩივარი

6.1. მოპასუხემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, განისაზღვრა თანამშრომლობის პირობები, მათ შორის მოსარჩელის მიერ მოპასუხე საწარმოსთვის მიწოდებული საწვავის ღირებულების გადახდის პირობები (ტ.1,ს.ფ. 36-39).

7.3. მოპასუხე საწარმოს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაუგროვდა 5 039 983.64 ლარის დავალიანება, რომელიც დადასტურებულია 2020 წლის 22 იანვარს გაფორმებული შედარების აქტით (ტ.1,ს.ფ. 46).

7.4. მოსარჩელემ, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 20 ივლისამდე მოპასუხეს მიაწოდა 76 007 251.44 ლარის ღირებულების საწვავი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47- 65; 66-300, იხ. ტ. 2, ს.ფ. 1-161). მოპასუხისთვის მოსარჩელისგან მიღებული საწვავისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 7 351 370.08 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც წარმოადგენს 2020 წლის 22 იანვარს გაფორმებული შედარების აქტით დაფიქსირებულ დავალიანებასა და 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 20 ივლისამდე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული საწვავის ღირებულების - 76 007 251,44 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) ჯამს გამოკლებული მოპასუხის მიერ გადახდილ თანხებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47-65, 75-300, ტ. 2, ს.ფ.1-163).

7.5. მოსარჩელემ, არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ამასთან დავის გადაჭრას ეცადა შეთანხმებით (ტ.1,ს.ფ. 40, 42-44, ). მხარეთა შორის, 2012 წლის 30 მაისის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული შეთანხმებები შეწყდა ცალმხრივად 2021 წლის 20 ივლისიდან (ტ.2,ს.ფ. 164).

7.6. მოპასუხე საწარმო საქმიანობს მოსარჩელისგან იჯარით აღებულ ფართში (ტ.2,ს.ფ. 168-171).

7.7. მხარეთა შეთანხმებით, 2012 წლის 30 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს შეუძლია პირგასამტეხლო მოითხოვოს მოპასუხისგან.

7.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მოპასუხისთვის მიწოდებული საწვავის ღირებულება და გადახდის პირობები.

7.9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის მიწოდება, ამასთან დასტურდებოდა, რომ მიწოდებული საქონლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია და დავალიანება შეადგენდა 7 351 370.08 ლარს.

7.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ მართლზომიერად შეწყვიტა ყველა ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული შეთანხმებები. მოპასუხის დავალიანება, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რაც ვალდებულების დარღვევის პირობებში მოსარჩელისთვის ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერი საფუძველი იყო.

7.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებიდან გასვლის წესი დაიცვა, კერძოდ, მოპასუხეს არაერთხელ შეატყობინა წერილობით, ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუ იგი არ დაფარავდა დავალიანებას.

7.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნასა და ხელშეკრულების მოსალოდნელ შეწყვეტას ეხებოდა 2020 წლის 26 ოქტომბრის, 2021 წლის 29 მარტისა და 2021 წლის 29 ივნისის წერილობითი გაფრთხილებები. 2011 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებაც მიმართული იყო მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებისაკენ, აღნიშნული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ მოსარჩელის მიზანი ხელშეკრულების უპირობოდ შეწყვეტა არ ყოფილა, პირიქით, მან არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმოებაზე. უფრო მეტიც, იგი ამ პერიოდის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებებს და ჩვეულ რეჟიმში აწვდიდა ნავთობპროდუქტებს. მოლაპარაკებათა უშედეგოდ დასრულების შემდეგ მოსარჩელე საბოლოოდ იძულებული გახდა, გამოეყენებინა თავისი უფლების დაცვის უკიდურესი საშუალება და ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა 2021 წლის 20 ივლისს.

7.13. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილ შეტყობინებებზე, რომლითაც მოპასუხე თითქოსდა ცდილობდა დაედასტურებინა მზაობა თანამშრომლობის ახალ პირობებზე და დავალიანების გადახდაზე, და განმარტა, რომ აღნიშნული საფუძველს მოკლებული იყო, რადგან მოპასუხის აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავდა მხოლოდ დროის გაჭიანურებას და არ მოიაზრებდა რეალურად თანამშრომლობისა და დავალიანების დაფარვის სურვილს. საბოლოოდ რამდენჯერმე მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, საწვავის მიწოდება.

7.14. სსკ-ის 369-ე მუხლი მხარეს აძლევს უფლებას, ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეწყვიტოს ხელშეკრულების მხარისათვის რაიმე მოქმედების შესრულება, თუ ეს მხარე არ ასრულებს შემხვედრ ნაკისრ ვალდებულებას. წინამდებარე მუხლის გამოყენებისთვის საკმარისია მხარეთა მიერ ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობაც. მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულება მოსარჩელისთვის ობიექტურად იყო მნიშვნელოვანი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (რომლის მოცულობაც ჯამურად რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს) მოსარჩელე მას გამოიყენებდა თავისი კომერციული მიზნებისთვის და მიიღებდა შემოსავალს, ასეთი დარღვევა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც უმნიშვნელო დარღვევა. ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვა შესაბამისი ზიანი - მოსარჩელემ ვერ მიიღო მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომლის მიღების იმედიც ხელშეკრულების საფუძველზე სამართლიანად გააჩნდა. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის არაერთ გაფრთხილებას არ მოჰყოლია შედეგი - ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სსკ-ის მე-400 მუხლის შესაბამისად, სახეზე იყო მოვალის - მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რაც სსკ-ის 405-ე მუხლის საფუძველზე ქმნიდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერ საფუძველს.

7.15. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე საწარმოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, მოპასუხე დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმებასაც ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ქვემდგომი ინსტანციის მიერ შემცირებული სახით დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

7.16. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხე საწარმოს შეგებებული სარჩელის მოთხოვნებზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა - ვალდებულების დარღვევა, ისევე როგორც არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ განცდილი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი.

7.17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მოთხოვნა პირდაპირი ზიანის ანაზღაურების სახით 85 381.43 ლარის მოთხოვნის თაობაზეც დაუსაბუთებელი იყო. დასახელებული თანხა მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი თანხების ჯამი იყო, რომლებმაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ მიმართეს.

7.18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა თუ რაში გამოიხატა სუბიექტური მხარე - ქმედების ჩადენა განზრახ ან გაუფრთხილებლობით და აგრეთვე ვერ დაასაბუთა, თუ რა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა მოსარჩელემ, რამაც ზიანი მიაყენა. საბოლოოდ, მოპასუხის მიერ წარდგენილი არცერთი გარემოება და მტკიცებულება არ მიუთითებდა, რომ მოთხოვნილი ზიანი მოსარჩელის ქმედებითაა გამოწვეული, შესაბამისად, დასაბუთებულია სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ არ არსებობს სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის დაკისრების საფუძვლები.

7.19. შეგებებული სარჩელის შემდეგი მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა 1 000 000 ლარის ოდენობით, კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, რაც ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ.

8. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინებით უსაფუძვლოდაა დადგენილი, რომ მოპასუხე კომპანიის დავალიანება 7 351 370.08 ლარს შეადგენდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დასახელებული ვალდებულების წარმოშობა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ გამოიწვია.

8.3. მოწინააღმდეგე მხარემ, ხელოვნურად შექმნა ისეთი პირობები, რამაც საწვავის ფასის ზრდა გამოიწვია, ხოლო ფასთა პოლიტიკის ცვლილების გათვალისწინებით მოპასუხე საწარმოს შეუმცირა ფასდაკლება, რამაც იმოქმედა მოპასუხის კონკურენტუნარიანობაზე და კორპორატიულ გაყიდვებზე.

8.4. კასატორის განმარტებით, ძირითადი ვალდებულების არარსებობის პირობებში, არ არსებობდა მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.

8.5. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ, არაკეთილსინდისიერი ქმედებებით არაქონებრივი ზიანიც მიაყენა, რამაც ასევე გარკვეული შემოსავლების მიღება გაურთულა, კერძოდ, ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც მოსარჩელე, კასატორი საწარმოს მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწეოდა. სტატიაში მოყვანილი ფაქტები არ წარმოადგენდა სიმართლეს და რაიმე მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

12. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრებოდა თანამშრომლობის პირობები, მათ შორის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საწვავის ღირებულების გადახდის პირობები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 36-39). კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება იყო დადებული (იხ. სსკ-ის 477-ე მუხლი). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შემკვეთს, ხელშეკრულების შესაბამისად მიეწოდა საქონელი, ხოლო, სანაცვლოდ მოპასუხე ვერ ადასტურებს შესაბამისი საფასურის გადახდის ფაქტს. მიწოდებული საქონლის, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე ვერ აქარწყლებს შესაბამისი მტკიცებულებებით დავალიანების არარსებობას, მოპასუხის დავალიანება 7 351 370.08( დღგ-ს თანხის გათვალისწინებით) ლარს შეადგენს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ 5 039 983.64 ლარის დავალიანების არსებობას ადასტურებს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შედარების აქტიც (ტ.1,ს.ფ. 46). ამდენად, მოსარჩელემ, დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი და დაადასტურა მოპასუხის ვალდებულების არსებობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტი, საგადასახადო-ანგარიშფაქტურები და საბუღალტრო ბარათი, სრულად ასახავს მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლისა და მის მიერვე გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას. მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მტკიცებულება, რომ მოსარჩელის წინაშე ვალდებულება შესრულებულია, ამდენად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასტურდება დავალიანების 7 351 370.08 ლარის (დღგ-ს თანხის გათვალისწინებით) არსებობა.

14. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, კასატორი სადავოდ არ ხდის მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 7 351 370,08 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტს, თუმცა, აპელირებს, რომ მოსარჩელე მხარის არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა, ფასთა პოლიტიკის ცვლილებამ, ქსელში საცალო ფასების მატებამ პირდაპირ იმოქმედა კასატორის კონკურენტუნარიანობაზე, გართულდა მისი ფინანსური მდგომარეობა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დავალიანების შექმნა.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

16. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი - მოპასუხემ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, 64).

18. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეს მის საფუძველზე წარმოეშვა ნაკისრი მოვალეობების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულება, ხოლო მოსარჩელეს კი აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ იკისრა მოპასუხისთვის საწვავის მიწოდება, ხოლო მოპასუხემ კი აიღო მისთვის მიწოდებული საწვავის ღირებულების გადახდის ვალდებულება შესაბამისი ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 30 დღის ვადაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედების ფაქტი. ასევე, მოსარჩელის კომერციულ გადაწყვეტილებათა განზრახვა, მხარისთვის მიეყენებინა ზიანი. ცალსახაა, რომ სახეზეა მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება, რომლის გასაქარწყლებლადაც მოპასუხემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დავალიანების დაგროვების საფუძვლად მოსარჩელის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა კასატორისთვის ზინის მიყენებას.

19. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მხრიდან სადავო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე, ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (ტ.1,ს.ფ. 42-44). დადგენილია, რომ მოსარჩელემ დავის გადაჭრა ურთიერთშეთანხმებითაც სცადა (ტ.1,ს.ფ. 40).

20. მოსარჩელემ, 2021 წლის 20 ივლისს მოპასუხესთან ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 30 მაისის ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული შეთანხმებები (ტ.2,ს.ფ. 164). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დავალიანების დაფარვისა და ხელშეკრულების მოსალოდნელ შეწყვეტას ეხებოდა 2020 წლის 26 ოქტომბრის, 2021 წლის 29 მარტისა და 2021 წლის 29 ივნისის წერილობითი გაფრთხილებები. აღნიშნული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ მოსარჩელის მიზანი ხელშეკრულების უპირობოდ შეწყვეტა არ ყოფილა, პირიქით, მან არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმოებაზე. უფრო მეტიც, იგი ამ პერიოდის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებებს და ჩვეულ რეჟიმში აწვდიდა მოპასუხეს ნავთობპროდუქტებს. მოლაპარაკებათა უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მოსარჩელე საბოლოოდ იძულებული გახდა, გამოეყენებინა თავისი უფლების დაცვის უკიდურესი საშუალება და ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა 2021 წლის 20 ივლისს.

21. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებები, რომლითაც მოპასუხე თითქოსდა ცდილობს დაადასტუროს მზაობა თანამშრომლობის ახალ პირობებზე და დავალიანების გადახდაზე არის საფუძველს მოკლებული, რადგან მოპასუხის აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავდა მხოლოდ დროის გაჭიანურებას და არ მოიაზრებდა რეალურად თანამშრომლობისა და დავალიანების დაფარვის სურვილს. საბოლოოდ რამდენჯერმე მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, საწვავის მიწოდება.

22. სსკ-ის 369-ე მუხლი მხარეს აძლევს უფლებას, ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეწყვიტოს ხელშეკრულების მხარისათვის რაიმე მოქმედების შესრულება, თუ ეს მხარე არ ასრულებს შემხვედრ ნაკისრ ვალდებულებას. წინამდებარე მუხლის გამოყენებისთვის საკმარისია მხარეთა მიერ ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობაც. მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულება მოსარჩელისთვის ობიექტურად იყო მნიშვნელოვანი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (რომლის მოცულობაც ჯამურად რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს) მოსარჩელე მას გამოიყენებდა თავისი კომერციული მიზნებისთვის და მიიღებდა შემოსავალს, ასეთი დარღვევა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც უმნიშვნელო დარღვევა. ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვა შესაბამისი ზიანი - მოსარჩელემ ვერ მიიღო მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომლის მიღების იმედიც ხელშეკრულების საფუძველზე სამართლიანად გააჩნდა. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის არაერთ გაფრთხილებას არ მოჰყოლია შედეგი - ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სსკ-ის მე-400 მუხლის შესაბამისად, სახეზე იყო მოვალის - მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რაც სსკ-ის 405-ე მუხლის საფუძველზე ქმნიდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერ საფუძველს.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, მხარეთა 2020 წლის 1 მაისის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლითაც ცვლილება შევიდა 2012 წლის 30 მაისის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 და 5.2 პუნქტებში და განისაზღვრა მიმწოდებლის უფლება გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოეთხოვა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების მე-10 დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%.

24. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

25. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, სსკ-ის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა, ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. სსკ-ი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

26. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული, ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“, „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ. №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918- 2016, 22.11.2016).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში დავალიანების ოდენობის, ვადაგადაცილებული დღეებისა და მხარეთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელე საწარმოს მოთხოვნილი (2 201 758.94 ლარი) პირგასამტეხლოს ათჯერ (220 175.89 ლარი) შემცირებას.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შემდეგი იყო: 1. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის (განაცდური მოგება) 7 123 625,41 ლარი. 2. მოსარჩელეს დაეკისროს პირდაპირი ზიანის 85 381.43 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება. 3. მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისროს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას 1 000 000 ლარი.

29. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: „სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-945-895-2015, 14. 03. 2016წ.; №ას-307-291-2011, 24.10.2011წ.; №ას-899-845-2012, 22.11.2012წ.)№ას-459-438-2015 (07.10.2015) §8.13; Nას-243-2021, 04.06.2021წ.).

30. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 მუხლის მიხედვით: „მიწოდებული საწვავის ღირებულება განისაზღვრება მხარეთა მიერ წინასწარ წერილობით/ან ზეპირი შეთანხმებით და აისახება ანგარიშფაქტურაში“. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, ფასდაკლების ოდენობა მხარეთა შორის შესაძლოა შეთანხმებულიყო ზეპირი ფორმით, თუმცა, ის აუცილებლად აისახებოდა ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში. ამასთან, 2020 წლის 1 მაისის შეთანხმებასთან ერთად მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების დანართი 1-ს, რომელშიც გაწერილი იყო ფასდაკლებათა ოდენობები ყოველი კონკრეტულ საწვავის სახეობაზე. აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს და დაეთანხმნენ ფასდაკლების პირობებს. გარდა ამისა, მოსარჩელე მოპასუხეს უწერდა ნავთობპროდუქტების სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, რომლებიც დადასტურებულია მოპასუხის მიერ. ანგარიშფაქტურებში თანხები უკვე არის ფასდაკლებით მითითებული. საგადასახადო ანგარიშფაქტურის ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადასტურებდა მოსარჩელის მიერ გამოწერილ ანგარიშფაქტურებს, იგულისხმებოდა, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას, რაც გულისხმობს იმ ფასზე თანხმობასაც, რა ფასიც მითითებულია ანგარიშფაქტურაში, შესაბამისად, მოპასუხისთვის მისაღები იყო ფასდაკლება და იგი თვლიდა, რომ თანამშრომლობის პირობები სრულად შეესაბამებოდა მათ კომერციულ ინტერესებს და იყო მომგებიანი.

31. გარდა აღნიშნულისა, თანდართული ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის ბარათი თვალნათლივ იტყობინება, რომ ფასდაკლების შემცირება დაიწყო ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს და გაგრძელდა 2018 წელს, რასაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათიც ადასტურებს. მიუხედავად ფასდაკლების შემცირებისა, 2018 წლის ბოლოსკენ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2017 წლის ბოლოს არსებულ დავალიანებასთან შედარებით შემცირდა, რაც კიდევ ერთხელ უთითებს და ადასტურებს, რომ შეთავაზებული ფასდაკლებული პირობები ობიექტურად არ იყო წამგებიანი მოპასუხისთვის. შესაბამისად, ფასდაკლების შემცირება არ წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის დავალიანების გადაუხდელობის საფუძველს, მით უმეტეს, რომ მოსარჩელეს ცალმხრივად ჰქონდა მინიჭებული ფასდაკლების ცვლილების უფლებამოსილება. მეტიც, 2019 წელს და 2020 წლის მაისის დასაწყისიდან ფასდაკლების ოდენობა საწვავის ზოგიერთ სახეობასთან მიმართებით - საშუალოზე მაღალი იყო 2018 წლის ფასდაკლებასთან შედარებით. ამდენად, მოსარჩელე მოპასუხეს კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას სთავაზობდა ამიტომ, მსჯელობა, რომ თითქოსდა გაუარესდა კასატორის ფინანსური მდგომარეობა შემცირებული ფასდაკლების გამო, ობიექტურ ჭეშმარიტებასაა მოკლებული.

32. ასევე, 2020 წლის განმავლობაში სამი ტიპის სახეობის საწვავთან მიმართებით მოსარჩელე უფრო მეტ ფასდაკლებას სთავაზობდა მოპასუხეს ვიდრე წინა წელს. ზემოთხსენებულის მიუხედავად კი, 2019-2020 წლების პერიოდში მოპასუხის დავალიანებამ დაიწყო ზრდა და 2020 წლის ბოლოსთვის შეადგინა 7 288 062.42 ლარი. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხის განმარტებით, 2019 წლიდან მოხდა ფასდაკლების შემცირება, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებით – ბარათში, 2018 წელს მიღებულმა მოგებამ შეადგინა 1 963 008.42 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე საკუთარ პოზიციას თავადვე ეწინააღმდეგება (ტ.2,ს.ფ.295).

33. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის თვითღირებულება არ განსაზღვრავს, აქ მონაწილეობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ბაზარი, კონკურენტები, კომპანიის მენეჯმენტის მიერ საოპერაციო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა და სხვ. ამიტომ, მოპასუხის მითითება, რომ მათ მიერვე დათანხმებულმა ფასდაკლებამ გამოიწვია მათი ეკონომიკური კრიზისი, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მოპასუხე კომპანიის მენეჯმენტს შეეძლო მოეხდინა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაცია. ამასთან, მოპასუხე სრულიად უსაფუძვლოდ უთითებს, რომ თითქოსდა წლიდან წლამდე მისი მოსალოდნელი მოგება უნდა ყოფილიყო 3 000 800.00 ლარი, ხოლო 2021 წლის 20 ივლისამდე 1 250 333.33 ლარი.

34. საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფდა მოპასუხეს ასეთი მოგების მიღებით. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის დაკავშირება მოსარჩელის მიერ მიწოდებული საწვავის ფასზე და ბიზნესში არსებული სხვა პროცესების გათვალისწინების გარეშე, არ არის მართებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების შეწყვეტამდე პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სწორედ მოპასუხის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობამ და რამდენიმე მილიონიანი დავალიანების არსებობამ გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტა. შესაბამისად, სახეზე არ არის მოსარჩელის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ვალდებულების დარღვევა, ისევე როგორც არ დასტურდება შედეგი - მოპასუხის მიერ განცდილი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ამ ზიანის შემადგენლობის ამ ორ ელემენტს შორის.

35. სსკ-ის 992-ე მუხლი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების დაკისრების საფუძველს. აღნიშნული მუხლის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ შესაბამისად, „პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი“ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, 2001, გვ. 381-382).

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, ზუსტად რაში გამოიხატა მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოპასუხე ასევე არ უთითებს, თუ რაში გამოიხატა სუბიექტური მხარე - ქმედების ჩადენა განზრახ ან გაუფრთხილებლობით და აგრეთვე ვერ ასაბუთებს, თუ რა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მიეწერება მოსარჩელეს, რამაც მისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვია. მოპასუხის მიერ წარდგენილი არცერთი გარემოება და მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ მის მიერ მოთხოვნილი ზიანი მოსარჩელის ქმედებითაა გამოწვეული, შესაბამისად, არ არსებობს სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის დაკისრების საფუძვლები.

37. მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის გარეშე შეუძლებელია დადგეს ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება. მოპასუხე ვერც ფაქტობრივად და ვერც სამართლებრივად ვერ ადასტურებს ზიანის ელემენტებს და სწორედ ამიტომ, არ არსებობს წინაპირობები სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე.

38. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულად არ დაკმაყოფილდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თავდაპირველი მოპასუხე შეგებებულ სარჩელში არ უთითებს, თუ როგორ დაითვალა ზიანის ოდენობა და რატომ არის მის მიერ მოთხოვნილი ოდენობა სწორი და სამართლიანი. ამავდროულად, სსკ-ის 394-ე მუხლი და ხელშეკრულების მე-4 მუხლი არ ქმნის სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა. პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საჭიროა დადგინდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ხოლო ამისათვის თავის მხრივ უნდა დადგინდეს თავად დარღვეული ვალდებულების შინაარსი, მოპასუხეს მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არც ზეპირ სხდომაზე არ გაუჟღერებია თუ კონკრეტულად რა ვალდებულება წარმოეშვა მოსარჩელეს და შემდგომ, როგორ დაარღვია იგი, რომ შედეგად მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ამავდროულად, არ დასტურდება, რომ მოპასუხეს რეალურად აქვს განცდილი ის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც იგი ითხოვს. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად კი ზიანი, ანუ შედეგი უკვე დამდგარი უნდა იყოს. მოპასუხის ქონება უკვე ხელყოფილი უნდა იყოს, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები პირდაპირი ზიანის სახით 85 381.43 ლარის (მხარის მითითებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს კომპანიის მიმართ იმ მომხმარებელთა მიერ მოთხოვნილი თანხების ჯამს, რომლებმაც მას მიმართეს) და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 1 000 000 ლარის ოდენობით, კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, არის უსაფუძვლო, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

40. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

41. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.~

42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

43. ზემოაღნიშნულიფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები ვერ აქარწყლებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და მის საფუძვლად მითითებულ მოტივებსა თუ დასაბუთებას, რის გამოც წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს, რის გამოც სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „უ–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.გ–ის (......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №17722964459, გადახდის თარიღი 05.07.2023) 2 400 ლარის 70% - 1 680 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე