საქმე №ა-7326-შ-175-2024
16 აპრილი, 2025 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერი-საწარმოო ცენტრი „ბ.ქ. და ფ.ქ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ფ–ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (N910/11115/22)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, ქ. კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (№910/11115/22) სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შპს „ს.ფ–ას“ (0172, საქართველო, თბილისი, ........, ს/კ .........) საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „ბ. ქ. და ფ. ქ–ის“ (03134, ქალაქი კიევი, .......(........) ქუჩა №17, ს/კ ......) სასარგებლოდ 10 423,40 (ათი ათას ოთხას ოცდასამი დოლარის და 40 ცენტის) აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი დავალიანების 65 623,76 (სამოცდახუთი ათას ექვსას ოცდასამი გრივნის 76 კაპიკის) უკრაინული გრივნის ოდენობის საურავის, 3 997,58 (სამიათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი გრივნისა და 58 კაპიკის) უკრაინული გრივნის ოდენობის წლიური 3% სარგებლისა და 6 762,00 (ექვსიათას შვიდას სამოცდაორი გრივნის 00 კაპიკის) უკრაინული გრივნის ოდენობის სასამართლო მოსაკრების გადახდა დაეკისრა.
2. 2024 წლის 25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერი-საწარმოო ცენტრი „ბ.ქ. და ფ.ქ–ამ“ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის, ქ. კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების (№910/11115/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
3. უკრაინის, ქ. კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 12 მარტს.
4. ქალაქ კიევის კომერციული სასამართლოს მოსამართლის 2024 წლის 29 ივლისის ცნობით, შპს „ს.ფ–ას“ მიმართ, საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „ბ.ქ. და ფ.ქ–ის“ მიერ წარდგენილი სარჩელით აღძრულ №910/11115/22 საქმეზე გამოტანილი ქალაქ კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. უკრაინის, ქ. კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (№910/11115/22) ირკვევა, რომ მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო.
6. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს.ფ–ა“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტირებულ იურიდიულ პირს (ს/კ: .......) (აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMvSTmnIXG9tx4yF6JZbiY[e33ahqLejMmSp21mJama]).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერი-საწარმოო ცენტრი „ბ. ქ. და ფ. ქ–ის“ შუამდგომლობა, უკრაინის, ქ. კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების (№910/11115/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება.
8. ზემოაღნიშნული განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით მოწინააღმდეგე მხარეს, გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ........... სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2025 წლის 7 მარტს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის უწყებით მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა, რომ შუამდგომლობის განხილვა დანიშნული იყო 2025 წლის 16 აპრილს, ასევე, განემარტა, რომ უწყების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული უწყება მხარემ ჩაიბარა 2025 წლის 26 მარტს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს არც პოზიცია წარმოუდგენია და არც საქმის ზეპირი განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერი-საწარმოო ცენტრი „ბ.ქ. და ფ.ქ–ის“ შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უკრაინის, ქ. კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების (N910/11115/22) ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ (ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა აღნიშნულ ხელშეკრულებას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების მეორე განყოფილება, მე-40-45-ე მუხლები აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხს. აღნიშნული ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. ხოლო 42-ე მუხლის თანახმად, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
16. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. რომლის მიხედვით, უცხოური აქტი აღქმულ უნდა იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010 წ., გვ.14.).
17. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში [სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას], ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში [გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს]. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების განხილვის ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ ხელშეკრულების 33-ე, მე-40-45-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერი-საწარმოო ცენტრი „ბ.ქ. და ფ. ქ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ქ.კიევის კომერციული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (N910/11115/22), რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შპს „ს.ფ–ას“ (0172, საქართველო, თბილისი, ........., ს/კ .........) საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი „ბ. ქ. და ფ. ქ–ის“ (03134, ქალაქი კიევი, ... (.......) ქუჩა №17, ს/კ .......) სასარგებლოდ 10 423,40 (ათი ათას ოთხას ოცდასამი დოლარის და 40 ცენტის) აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი დავალიანების 65 623,76 (სამოცდახუთი ათას ექვსას ოცდასამი გრივნის 76 კაპიკის) უკრაინული გრივნის ოდენობის საურავის, 3 997,58 (სამიათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი გრივნისა და 58 კაპიკის) უკრაინული გრივნის ოდენობის წლიური 3% სარგებლისა და 6 762,00 (ექვსიათას შვიდას სამოცდაორი გრივნის 00 კაპიკის) უკრაინული გრივნის ოდენობის სასამართლო მოსაკრების გადახდა დაეკისრა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე