საქმე №ას-196-2025
2 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.დ–ვა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „დამზღვევი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ.დ–ვის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“) მიმართ პირგასამტეხლოს - 4 750 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 950 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №926 ხელშეკრულება (CON210000470–00004) (შემდგომში - „ხელშეკრულება“). ხელშეკრულების ობიექტი არის შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების №1 დანართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - №2 დანართის შესაბამისად) მომსახურება, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული CON210000470 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით;
6.2. ხელშეკრულების №1 დანართის „დაზღვევის პირობების“ II ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. ამავე დანართის „დაზღვევის პირობების“ II ნაწილის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას სერვის-ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დაეკისრება სადაზღვევო კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;
6.3. ხელშეკრულების 11.5. პუნქტის თანახმად, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით;
6.4. 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაზიანდა დამზღვევის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „RENAULT SANDERO“ სახ. №....... (გამოშვების წელი 2019), ხოლო 2022 წლის 6 ოქტომბერს, მხარეებმა ხელი მოაწერეს ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმების №00011441/022 აქტს. 2022 წლის 6 ოქტომბრის სს „ფ.ა–ოს“ მიერ შედგა დეფექტური აქტი, რომლის თანახმად, სარემონტო სამუშაოების ფასმა შეადგინა 2 585 ლარი. 2022 წლის 6 ოქტომბრის №00011441/022 ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმების აქტის თანახმად, მზღვეველი ეთანხმება აღნიშნული აქტით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ფაქტს, რომლის შესაბამისად ზარალის ოდენობამ შეადგინა 2 585 ლარი;
6.5. 2023 წლის 2 მარტს სს „ფ.ა–ოს“, დამზღვევსა და მზღვეველს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა 2022 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნული ზარალის ოდენობამ შეადგინა 2 585 ლარი, შემთხვევა დარეგულირდა 2022 წლის 6 ოქტომბერს და ავტომობილის ჩაბარების თარიღია - 2023 წლის 23 თებერვალი;
6.6. 2022 წლის 1 დეკემბერს მზღვეველს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი №MIA42203384881, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ავტომანქანის შეკეთების მოთხოვნით. 2023 წლის 9 მარტს მოპასუხეს კვლავ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი №MIA823 00672319, რომლითაც სადაზღვევო კომპანიას წარედგინა მოთხოვნა - არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, დაკისრებული პირგასამტეხლოს - 4 750 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6.7. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 95 დღეს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 4750 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 4 750 ლარია, პალატა მხედველობაში იღებს რა, შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობას, ვალდებულების მოცულობას, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ფუნქციას, მიდის დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 950 ლარის ოდენობით, გონივრულია და სრულად შეესაბამება მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ- სამართლებრივ საფუძვლებს იძლეოდა.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით) გონივრულობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. მოპასუხემ კი, შეძლო სასამართლოსთვის შეექმნა ვარაუდი, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების წინაპირობები არსებობდა. იმისათვის, რათა კონკრეტული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს აუცილებელია მხარეებმა სასამართლოს დასაბუთებული და არა ზოგადი პოზიციები წარუდგინონ, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს საჩივარი და მხოლოდ ზოგადი მითითებები დაუდოს საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2021 წლის 23 დეკემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შემცირებული 5-ჯერ, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 950 ლარს.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
12.1. გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში. სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია, თუ რა კონკრეტული ფაქტები მიიღო მხედველობაში, როდესაც შეთანხმებული პირგასამტეხლო შეამცირა;
12.2. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, სადაზღვევო კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 4 750 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარს (95 x 50 = 4750). დამზღვევის მიერ ვალდებულება არ შესრულდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების დროულად შეკეთებას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხელშეკრულების შესრულება ემსახურებოდა სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობის ჯეროვან შესრულებას;
12.3. მოცემულ საქმეში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს თანხის ამდენად შემცირება, აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად შეიძლება იქნეს განხილული. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ექმნება იმის მოლოდინი, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება, რაც შემსყიდველს ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტს ართმევს. მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე შეთანხმდნენ ვადაგადაცილების თანმდევ შედეგებზე. შესაბამისად, ორმხრივი თანხმობის შედეგად გაიწერა ხელშეკრულებაში ვადაგადაცილებაზე ჯარიმა - 50 ლარი. აღნიშნული ოდენობა არის პროპორციული ყოველ დღეზე შესრულების ვადაგადაცილებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო 95 დღის განმავლობაში ვერ სარგებლობდა სადავო ავტომობილით, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიამ სწორედ ამ ვადის დაგვიანებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება არავითარ მსუსხავ შედეგს არ იქონიებს სადაზღვევო კომპანიისათვის, რომ ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება;
12.4. გასათვალისწინებელია ასევე, რომ მოცემულ საქმეში მხარეს წარმოადგენს არა ფიზიკური პირი არამედ, სააქციო საზოგადოება, რომელსაც დადგენილი პრაქტიკითა და სტანდარტით მოეთხოვება გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე, ფიზიკური პირისგან განსხვავებით.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, რამდენად მართლზომიერად განსაზღვრა ქვედა ინსტანციის სასამართლომ მოპასუხისათვის/სადაზღვევო კომპანიისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.
17. კასატორი დავობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნაკისრი ვალდებულება ვადაგადაცილებით შესრულდა, ხოლო მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელთანაც პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე მოხდა, არ არსებობს მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
19. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლებიდან გამომდინარეობს.
21. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016 წელი).
24. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე Nას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; Nას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 7 ივლისი, 2022 წელი).
28. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
29. წინამდებარე საქმის ფარგლებში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 95 დღეს. მხარეები ხელშეკრულების 11.5 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით.
30. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, თუმცა შესაფასებელია პირგასამტეხლოს განსაზღვრული ოდენობის მართლზომიერება.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).
32. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება არამართებულად მოხდა.
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (იხ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604-605).
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (იხ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი 2022 წელი; №ას-1206-2023, 17 ნოემბერი 2023 წელი).
35. სასამართლოსათვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოითხოვს იმგვარ დასაბუთებას, რომ კრედიტორს სიმბოლურად კი არ მიეკუთვნოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურება, არამედ - როგორც კონკრეტულ, ისე განზოგადებულ შემთხვევაში, მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა რეალურად - ფინანსური სახით შეუსრულებელი ვალდებულების გამო.
36. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა, როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, სააქციო საზოგადოების) მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.
37. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).
38. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი).
39. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული და შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა, სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (შდრ: სუსგ-ები: №ას-1499-2022, 24 იანვარი, 2023 წელი; №ას-1576-2022, 16 მარტი, 2023 წელი).
40. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
42. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (შდრ: სუსგ №ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021 წელი). რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამსუბუქოს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (იხილეთ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
43. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
44. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებელში არ მიუთითა კონკრეტულად რატომ იყო დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ( იხ. შესაგებელი).
45. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485-2024, 28 ივნისი, 2024 წ.). ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება მოხდა 95 დღით. მნიშვნელოვანია საკასაციო საჩივრის ფარგლებში მითითებული გარემოება, რომ სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების დროულად შეკეთებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ხელშეკრულების შესრულება ემსახურებოდა სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობის ჯეროვან შესრულებას.
46. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 950 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. ამიტომაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, კასატორის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
47. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის კონკრეტული გარემოებების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 4 750 ლარის 1/2-ს - 2 375 ლარს, რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას (იხ.: სუსგ №ას-303-2024, 22 ივლისი, 2024 წელი; №ას-504-2024, 4 ოქტომბერი 2024 წელი).
48. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2 375 ლარის გადახდა.
49. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5 000 ლარს, ხოლო 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 120.38 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სს „პ.დ–ვას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2 375 ლარის გადახდა;
5. სს „პ.დ–ვას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის – 120.38 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე