საქმე №ა-6659-შ-159-2024 3 აპრილი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ა–ნა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.რ–ნი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადსკის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადსკის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ა.ა–ნას (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ტ.რ–ნის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა მოპასუხის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს და, 2025 წლის 3 მარტს, პოლიციის მეშვეობით, პირადად ჩაჰბარდა.
6. მოწინააღმდეგ მხარემ საკასაციო სასამართლოს, 2025 წლის 6 მარტს, მოსაზრებით მომართა, თუმცა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა არ მოუთხოვია.
7. მოპასუხის განმარტებით, იგი მშობლის ვალდებულებას ასრულებს, არასრულწლოვან შვილს ყოველთვიურად ურიცხავს თანხას - 500 აშშ დოლარს, აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ ფულადი გზავნილების ამონაწერი წარმოადგინა. მოპასუხე, ასევე, თანხას ურიცხავს მის ყოფილ მეუღლეს, რომლისგანაც კიდევ ერთი შვილი ჰყავს; ასევე თანხას ურიცხავს ყოფილი მეუღლის მამასაც.
8. მოპასუხე საკასაციო სასამართლოსგან ითხოვს იმის გათვალისწინებას, რომ იგი საქართველოში ქირით ცხოვრობს, არის უკრაინის მოქალაქე და არ არღვევს მშობლის ვალდებულებას შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის თვალსაზრისით; ასევე, ის უკრაინაში ჩადის პერიოდულად არასრულწლოვანი შვილის მოსანახულებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის (შემდეგში: ჰააგის კონვენცია), საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მას ჯეროვანი წესით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, დრო და ადგილი, დაუსწრებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია, პასუხი სარჩელზე არ წარუდგენია.
10. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა სპეციალური კანონის 68.5-ე “უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო” და 70-ე „1.სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“ მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).
11. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე (შეად. სუსგ-ებს: Nა-3940-შ-91-2020 27.04.2021 წ.; N ა-2568-შ-65-2021 28.09. 2021 წ.; N ა-3272-შ-78-2020 20 .12.2021 წ.; N ა-6353-შ-177-2021 29.03.2022 წ.; N ა-6227-შ-169-2021 7.07.2022 წ.; N ა-3386-შ-91-2021 19.07.2022 წ.; N ა-3832-შ-99-2024 27.09.2024წ.; N ა-4940-შ-132-2024 31.10.2024 წ.; Nა-2120-შ-51-2024 14.03.2025წ.).
12. საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 15 დეკემბერს ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ზემოხსენებული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. მითითებული კონვენციის მე-5 თავით მოწესრიგებულია იმ გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხები, რომლებიც მიღებულია სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ალიმენტის გადახდის ვალდებულებასთან მიმართებით.
13. ჰააგის 2007 წლის კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად ხელშემკვრელი სახელმწიფო ცნობს და აღასრულებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას („გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო“), თუ ა) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა მოპასუხის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს; ბ) მოპასუხე აშკარად ეთანხმება იურისდიქციის განხორციელებას, ან პირველივე შესაძლებლობისთანავე იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში; გ) სამართალწარმოების/საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა კრედიტორის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს; დ) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა იმ ბავშვის ჩვეულ ადგილსამყოფელს, რომლის სასარგებლოდაც არის საალიმენტო ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილება გამოტანილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ცხოვრობდა ბავშვთან ერთად იმავე სახელმწიფოში და უზრუნველყოფდა ბავშვის რჩენას; ე) იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო წერილობითი შეთანხმება, გარდა ბავშვის რჩენის ვალდებულების საკითხთან დაკავშირებული დავებისა; ან ვ) გადაწყვეტილება მიიღო იმ ორგანომ, რომელიც ახორციელებდა იურისდიქციას პირადი სტატუსის/ქორწინების სტატუსის ან მშობლის პასუხისმგებლობის საკითხზე, თუკი ეს იურისდიქცია არ ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობას.
14. ჰააგის კონვენციის 22-ე მუხლით მოწესრიგებულია გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საკითხი. მოხმობილი ნორმის თანახმად გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება მიღებულ იქნეს უარყოფითი გადაწყვეტილება თუ: ა) ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება აშკარად ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს საჯარო წესრიგს; ბ) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპროცესო მოქმედებების დარღვევის ფონზე, მათ შორის საპროცესო მოქმედებების მიმართ არაკეთილსინდისიერი მიდგომით; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის იგივე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით მიმდინარეობს საქმის განხილვა თხოვნის მიმღებ სახელმწიფო ორგანოში და ამ სახელმწიფოში საქმისწარმოების პროცესი დაწყებულია უფრო ადრე ვიდრე თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოში; დ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთსა და იმავე მხარეებს შორის იგივე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით არის მიღებული თხოვნის მიმღებ ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში და იმ პირობით, რომ ეს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ცნობისა და აღსრულების პირობებს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში; ე) მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე ან იგი არ იყო წარმოდგენილი იმ სხდომაზე, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - i) როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შეტყობინებას საქმისწარმოების შესახებ, მოპასუხეს კი არ ჰქონდა მიღებული სათანადო შეტყობინება საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე და არ მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა; ან ii) როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმისწარმოების შესახებ შეტყობინების გაკეთებას, მოპასუხე არ იყო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ და არ ჰქონდა მისი გაპროტესტების ან გასაჩივრების შესაძლებლობა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე; ან ვ) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მე-18 მუხლის დარღვევით.
15. უკრაინასთან ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.
16. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
17. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
18. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია ზემოხსენებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში, კერძოდ: სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას და ასევე, სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია (შეად. სუსგ-ებს: N ა-4421-შ-136-2019, 2.03.2020წ.; ა-3666-შ-83-2020 , 24.12.2020წ.; N ა-4302-შ-102-2020, 22.03.2021 წ.;Nას-1060-შ-27-2020, 30.03.21 წ.; N ა-3655-შ-100-2021, 25. 11. 2021 წ.; N ა- 3272-შ-78-2020 20.12.2021 წ.; N ა-2633-შ-68-2021 28.12. 2021 წ.; N ა-2679-შ-76-2022 , 28.06.2022წ.; N ა- 1522-შ-44-2022, 28.11.2022წ.; N ა-4547-შ-116-2022, 2.12.2022წ.; ა-6418-შ-156-2022, 22.06.2023წ.; N ა-3821-შ-96-2023, 10.10.2023წ.; N ა-1509-შ-39-2023, 11.10.2023წ.; N ა-4954-შ-149-2023, 15.02.2024 წ.;N ა-4675-შ-135-2023, 23.07.2024 წ., N ა-6282-შ-188-2023, 23.07.2024წ.; N ა-4622-შ-119-2024, 26.02.2025წ.; N ა-2120-შ-51-2024, 14.03.2024წ; N ა-7383-შ-177-2024, 28.02.2025 წ.; Nა-254-შ-10-2025 28 .02,2025 წ.;).
19. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე, თუმცა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა არ მოუთხოვია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის როგორც ჰააგის 2007 წლის კონვენციით, ისე ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების 44-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის პრეტენზიები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით მოიცავს არა იმ დამაბრკოლებელ გარემოებებზე მითითებას და შესატყვის მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას გამორიცხავდეს, არამედ წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ უკვე განხილული და გადაწყვეტილი დავის წინააღმდეგ არსებითად შედავებას დადგენილი ალიმენტის ოდენობის, მოპასუხის (მამის) სხვა ვალდებულებების თაობაზე, რაც ალიმენტვალდებულ პირს შეეძლო გასაჩივრების შესაბამისი საპროცესო ეტაპების მიხედვით სადავო გაეხადა უკრაინაში.
22. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
23. revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ-ები: N ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.; N ა-1060-შ-27-2020, 30.03.2021წ.; N ა-5063-შ-2023, 29.03.2024წ.; N ა-4114-შ-125-2023, 30.04.2024წ.; N ა-2120-შ-51-2024, 14.03.2024წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ-ები: N ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017 წ.; N ა-1060-შ-27-2020, 30.03.2021წ.; N ა-5063-შ-2023, 29.03.2024წ.; N ა-4114-შ-125-2023, 30.04.2024წ.; N ა-2120-შ-51-2024, 14.03.2024წ.).
24. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულების, ჰააგის კონვენციისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების 40-45 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით, ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის 20-22 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ნას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადსკის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ა–ნას სარჩელი ტ.რ–ნის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; ტ.რ–ნის ა.ა–ნას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა ტ.რ–ნის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე