Facebook Twitter

საქმე №ას-545-2024 13 მარტი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – კ.ხ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავის ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე ან სააგენტო) სარჩელი კ.ხ–ვას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი (ქ. თბილისი, ........., #319 კორპუსის მიმდებარედ არსებული #........ საკადასტრო კოდის შესაბამისი უძრავი ნივთიდან 508 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული #2 და #3 შენობა-ნაგებობა) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 201-ე, 2321-ე, 168-ე, 170-172-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ სასამართლოს გზავნილი 2023 წლის 31 მარტს ჩაჰბარდა მოპასუხის დას - ე.ხ–ვას (პ/ნ ........) მოპასუხისათვის გადასაცემად (იხ. ს/ფ 102). სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა მოპასუხის მისამართზე მცხოვრებ მის ოჯახის წევრს. საჩივრის ავტორის (მოპასუხის) არგუმენტი, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი არ არის ქ. ფოთში და მისთვის განკუთვნილი სასამართლოს გზავნილი, მითითებულ მისამართზე, მოპასუხის დისათვის არ უნდა ჩაებარებინათ, სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლომ აღნიშნა, რომ გზავნილის ჩაბარების დროს მოპასუხის დას არ მიუთითებია გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოების თაობაზე. ის გარემოება, რომ უწყების ჩამბარებელმა დროულად არ აცნობა მოპასუხეს სარჩელის არსებობის ფაქტი, ასეთი მოცემულობის დადასტურების პირობებშიც კი, ვერ გახდება სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა ვერც ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს დავა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ გაშვების ნეგატიური შედეგები; ბ. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილოს სარჩელი, უნდა შემოწმდეს მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. კერძოდ, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

6. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა ყველა იმ ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა, რაც სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია. ამავე მუხლის საფუძველზე, დადგენილადაა მიჩნეული სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო უძრავი ქონება (ქ. თბილისი, ........., #319 კორპუსის მიმდებარედ არსებული #....... საკადასტრო კოდის შესაბამისი უძრავი ნივთიდან 508 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული #2 და #3 შენობა-ნაგებობა) რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების წარმოშობის საფუძველია ბრძანება N1/1-161, დამოწმების თარიღი 24/01/2018 (იხ. ს.ფ. 20-21), მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 168-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

7. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელანტმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, საპროცესო კანონდებლობით დადგენილი წესით, არ ჩაჰბარებია. აპელანტმა მიუთითა, რომ ის ცხოვრობს ქ. თბილისში, გზავნილი კი ჩაჰბარდა მოპასუხის დას ფოთში, რომელმაც სათანადო ყურადღება არ მიაქცია, თუ რა სახის დოკუმენტები ჩაიბარა ძმისთვის გადასაცემად.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს ორჯერ გაუგზავნა სარჩელი საქმეში მითითებულ მისამართებზე, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა 5 დღის ვადაში, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ჩაბარება, შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, .........., კორპუსი №407 / ქ. თბილისი, .........., კორპუსი №319-ის მიმდებარე (ავტო სახელოსნო)/ ქალაქი ფოთი, .......... (ყოფ. ..........). აღსანიშნავია, რომ ქ. ფოთი, ......... (ყოფ. .......), წარმოადგენს მოპასუხის რეგისტრაციის მისამართს. 2023 წლის 5 აპრილს სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს წერილით დგინდება, რომ სასამართლოს გზავნილი, 2023 წლის 31 მარტს ჩაჰბარდა მოპასუხის დას - ე.ხ–ვას, მოპასუხისთვის გადასაცემად. საყურადღებოა, რომ იმავე მისამართზე (ქ. ფოთი, .......... (ყოფ. ........)), 2023 წლის 7 ივლისს, მოპასუხის მეუღლეს, ნ.გ–ას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც ჩაჰბარდა. ამდენად, საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი არ არის ქ. ფოთი, სასამართლომ მართებულად არ გაიზირა. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საფოსტო დასტურში დაფიქსირებულია, რომ გზავნილის მიმღები, ადასტურებს კონკრეტულ მისამართზე მოპასუხის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენციის მიღების ფაქტს და არ აცხადებს, რომ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობს. მას უარი არ განუცხადებია სასამართლო გზავნილის ჩაბარების თაობაზე, პირიქით, გზავნილის ჩაბარებაზე ხელმოწერით დაადასტურა გზავნილის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ ადრესატისთვის შეტყობინების ვალდებულება. ამასთან, აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებას.

9. აპელანტის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. შესაბამისად, ის უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი იურიდიული ბუნებით, წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები), ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321-ე მუხლი) (შეად. სუსგ Nას-554-1474-2017, 29.06.2018 წ., Nას-356-338-2015, 03.06.2015 წ.). ამასთან, მოპასუხემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობაც ვერ დაასაბუთა. შესაბამისად, მოპასუხემ დაკარგა შესაძლებლობა, არსებითად ედავოს სასარჩელო მოთხოვნას, მაგრამ ეს გამოიწვია თავად მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობამ - შესაგებლის წარუდგენლობამ. ასეთ შემთხვევაში კი, კანონის საფუძველზე, დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებები, იურიდიულადაც ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

10. რაც შეეხება აპელანტის შუამდგომლობას სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ, იგი უსაფუძვლობის გამო, არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს, რადგან წარდგენილი სარჩელი ვერ დააბრკოლებს განსახილველი საქმის განხილვას. ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ Nას-624-591-2015, 22.07.2015 წ.). მართალია, სხვა სარჩელით, ადმინისტრაციულ საქმეზე მოპასუხე სადავოდ ხდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 აპრილის N661 განკარგულების, მოპასუხისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, კანონიერებას და მოითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულ საქმეებს შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რის გამოც შეუძლებელი იქნება წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა და გადაწყვეტა, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონისმიერი წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ხომ არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ნახსენები „შეუძლებლობა“ გულისხმობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლის დადგენა წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და პროცესუალურად შეუძლებელს ხდის საკითხის განხილვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის განხილვის „შეუძლებლობა“, რაც, თავის მხრივ, საქმის წარმოების შეჩერებას გამორიცხავს.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

11.2. კასატორის განმარტებით, მას სარჩელი არ ჩაჰბარებია, რის გამოც შესაგებლის წარდგენა ვერ შეძლო. მოპასუხეს დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.

11.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

11.4. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 28 ივნისს, კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და საქმის განხილვის გადადება იშუამდგომლა, რადგან სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას დადასტურდა სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.

11.5. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 23 დეკემბერს, კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და საქმის წარმოების შეჩერება იშუამდგომლა, სანამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ დასრულდებოდა ადმინისტრაციული დავის №ბს-927(კ-24) (კ. ხ–ას სარჩელისა გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე) განხილვა და ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში არ შევიდოდა სასამართლოს გადაწყვეტილება.

11.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმის №ას-545-2024 წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ №ბს-927(კ-24) საქმეზე (კ. ხ–ას სარჩელისა გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

11.7. საკასაციო სასამართლოს, 2025 წლის 24 თებერვალს, კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

11.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით განახლდა სამოქალაქო საქმის №ას-545-2024 წარმოება.

11.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მასში მოთავსებული მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის პრეტენზიების არსებითად განხილვის გზით მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე სავალდებულო სამართლებრივი მითითებებით.

12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულად არის მიჩნეული.

13. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის (წინამდებარე დავაზე კასატორი მხარის) სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესოსამართლებრივ წინაპირობებს ეხება. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო, ისევე, როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები, ასეთ შემთხვევაში ამოწმებენ, თუ რამდენად არის გამართლებული იურიდიულად მოსარჩელის მოთხოვნა.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას, როგორც მოპასუხეს, სარჩელი სათანადო წესით არ ჩაჰბარებია და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 7-8 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობაზე მიუთითებს და დამატებით აღნიშნავს:

14.1. სააგენტოს სარჩელში მოპასუხის ძირითად მისამართად მითითებულია: ქ. თბილისი, ..........; ხოლო ალტერნატიულ მისამართად მითითებულია: ქ. თბილისი, .........., #319 კორპუსის მიმდებარედ (ავტოსახელოსნო). სააგენტოს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოპასუხეს გაეგზავნა მისამართებზე: ქ. თბილისი, .........., კორპუსი 407 და ქ. თბილისი, ........, #319 კორპუსის მიმდებარედ (ავტოსახელოსნო). საფოსტო უკუგზავნილებზე მითითებულია, რომ მისამართებს აკლია ბინის ნომერი, რის გამოც გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. სასამართლო გზავნილი მეორედ გაიგზავნა იმავე მისამართებზე და ასევე, მისამართზე: ქ. ფოთი, .......... (ყოფილი ..........). სამივე საფოსტო გზავნილი ჩაუბარებელი სახით დაუბრუნდა სასამართლოს, თბილისის მისამართებზე გზავნილი ადრესატს არასრული მისამართის გამო არ ჩაჰბარდა, ხოლო ფოთის გზავნილზე მითითებულია - ორსართულიანი სახლი, ლითონის კარი, არ ჩაბარებულა;

14.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა 5 დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან, მოპასუხეს ჩააბაროს სასამართლოს გზავნილი შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ........., კორპუსი 407; ქ. თბილისი, ..........., #319 კორპუსის მიმდებარედ (ავტოსახელოსნო); ქ. ფოთი, .......... (ყოფილი ........);

14.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების უფროსის გ.ლ–ას 2023 წლის 31 მარტის პასუხით ირკვევა, რომ სასამართლოს გზავნილი მოპასუხისათვის გადასაცემად, 2023 წლის 31 მარტს, ჩაიბარა მისმა დამ - ე.ხ–ვამ (ს/ფ 101-103);

14.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-8 სამმართველოს უფროსის მოადგილის ზ.ი–ის პასუხით ირკვევა, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა, რადგან ზ/ა მისამართი დაუზუსტებელია;

14.5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სააგენტოს სარჩელი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაჰბარდა. სასამართლოსათვის ცნობილი მოპასუხის ფაქტობრივი მისამართი ზუსტი არ აღმოჩნდა, სადაც მას გზავნილი ჩაჰბარდებოდა. ამიტომ სასამართლომ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაავალა, მოპასუხის რეგისტრირებული მისამართის მიხედვით. შსს-ს თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რომ გზავნილი მოპასუხის დას ჩაჰბარდა, ამ უკანასკნელმა შსს-ს თანამშრომლის წინაშე ივალდებულა გზავნილის ძმისათვის - მოპასუხისათვის გადაცემა, რაც მართებულად იქნა მიჩნეული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად (სსსკ-ის 73.7-ე და 74.1-ე მუხლები).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში მისი მსჯელობისა და შეფასების სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებლობის შეფასება, რაც საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე მოსარჩელე სააგენტოს ვინდიკაციური სარჩელის იურიდიული გამართულობის (მოთხოვნის წინაპირობების) შემოწმებას მოითხოვს (შეადრ. სუსგ N ას-853-2019, 22.11.2024 წ.).

16. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის/აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებაზე ადმინისტრაციულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელემ/კასატორმა საკასაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის წარმოების შეჩერებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და შეჩერდა სამოქალაქო საქმის №ას-545-2024 წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ №ბს-927(კ-24) საქმეზე (კ. ხ–ვას სარჩელისა გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

17. საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვალს, კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასტურდება, რომ კ.ხ–ვას სარჩელი ადმინისტრაციულ დავაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებული განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით განახლდა სამოქალაქო საქმის №ას-545-2024 წარმოება.

19. წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის (კასატორის) წინააღმდეგ იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია, მოპასუხე კი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთს.

20. კასატორმა/მოპასუხემ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის №3/8975-16 გადაწყვეტილება, რომლითაც კ.ხ–ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის №542 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება (მე-12 საკითხი) კ.ხ–ვას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მოსარჩელის მიმართ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

21. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი: საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ქალაქ თბილისში, ........, №319 კორპუსის მიმდებარე 3308 კვ.მ მიწის ნაკვეთის კ.ხ–ვას (წინამდებარე სამოქალაქო დავის მოპასუხის) მიერ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადგენისას კომისიამ სათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა საქმის გარემოებები და არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის ორთოფოტოს მიხედვით ცხადი იყო, რომ შენობა - ნაგებობა, რომლის 2007 წლამდე კ.ხ–ვას მიერ თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტიც კომისიამ დაადგინა, მდებარეობდა ღობით შემოსაზღვრულ, ერთ სივრცედ აღქმად, 3308 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები და ღობე განაშენიანებული იყო 2005 წლამდე. ამდენად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციულ საქმეზე მოპასუხის- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პოზიცია კ.ხ–ვას მიერ, 2015 წლის 13 მაისის განცხადებით მითითებულ მიწის ნაკვეთზე მისი მფლობელობის ფაქტის მხოლოდ ნაწილობრივ დადგენასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის №3/8975-16 გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე მუხლი).

22. საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ერთობლივად გამოკვლევისა და შეჯერების გზით დასადგენია სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხის სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელად მიჩნევის გარემოებები დამატებით არის გამოსაკვლევი და დასადგენი, რადგან საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოპასუხის მოთხოვნით საქმის განხილვის შეჩერება დაუკავშირდა ადმინისტრაციული საქმის განხილვას, რომელიც უკვე დასრულდა, რაც წინამდებარე სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე ვერ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა, დადგენილია და სადავო არაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის/კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეზე - კ. ხ–ვას სარჩელისა გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დავის საგნის გათვალისწინებით, ასევე, სარჩელში მითითებული და ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებების ფორმალურ-სამართლებრივი შეფასება, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებს ემყარება, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესოსამართლებრივი საფუძვლების დასაბუთებულობის გამო, განსახილველ დავაზე მოპასუხე/კასატორ კახაბერ ხოიჭოლავას მფლობელობის მართლზომიერების საკითხი თავიდან უნდა იქნეს გამოკვლეული, რადგან, როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, საპროცესოსამართლებრივი მოწესრიგების გარდა, მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა - სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული გამართლებულობა უნდა შეფასდეს, რაც უძრავი ნივთის ვინდიცირების თაობაზე შეუძლებელი იქნება, თუკი არ დადგინდება მფლობელის არამართლზომიერება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, როგორც ფაქტების დამდგენმა სასამართლო ინსტანციამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმსჯელოს და დაადგინოს კ.ხ–ვას მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი(იხ. სუსგ N ას-853-2019, 26.07.2019წ.).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, ამიტომაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის სამართლებრივი შედეგები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გადაწყვეტილებისა. მხარეთა ეფექტიანი დაცვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასაც გულისხმობს. სსსკ-ის 234-ე მუხლის თანახმად, მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩამოყალიბება ხდება სამოტივაციო ნაწილის გარეშე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება საერთოდ არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას (იხ. დამატებით: მ.თოდუა, ზ.ძლიერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, თ. ხაჟომია, თ. თოდრია, ს. ჩხაიძე, ნ. კვანტალიანი, სასამართლო გადაწყვეტილების სტრუქტურა პირველ და მეორე ინსტანციაში, პრაქტიკული სახელმძღვანელო, GIZ, 2020, გვ.29.).

24. დასაბუთების აუცილებლობა თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც სასამართლოს მოპასუხის გამოუცხადებლობის (სსსკ-ის 230-ე მუხლი) ან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო (სსსკ-ის 2321-ე) გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიული თვალსაზრისით ამართლებენ თუ არა მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა კი, სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად მოძიებას მოიაზრებს. ამის შემდეგ კი სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტები, აკმაყოფილებენ თუ არა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა.

25. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე], იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, როგროც ერთ-ერთი მტკიცებულება, არ გამხდარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი წინამდებარე სამოქალაქო დავაზე სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული გამართლებულობის კუთხით, რადგან სამოქალაქო დავაზე სააპელაციო სამართალწარმოების დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ადმინისტრაციულ დავაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

27. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და, ზემოხსენებული სამართლებრივი მითითებების საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეზე დასრულებული საქმის იურიდიული შედეგის გათვალისწინებით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 412-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 257.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ხ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე