21 ოქტომბერი 2024 წელი
№ას-1379-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ი.გ–ია, მ.გ–ია, ე.ჯ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.მ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ი.გ–იასა და ნოტარიუს ე.ჯ–ძის მიმართ და მოითხოვა:
1.1. ქმედუუნარო პირის - ა.კ–ძის მიერ 2014 წლის 16 აპრილს მ.გ–იას სახელზე ნოტარიუს ე.ჯ–ძის სანოტარო აქტის საფუძველზე გაცემული №140375988 მინდობილობის ბათილად ცნობა და ამ მინდობილობის თანახმად იმავე ნოტარიუსთან გაფორმებული 2014 წლის 16 აპრილის ნასყიდობის №140376001 ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლითაც, ა.კ–ძის მინდობილმა პირმა, მ.გ–იამ, ა.კ–ძის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ........ მდებარე უძრავი ქონება ი.გ–იას მიჰყიდა.
1.2. ქ. ბათუმში, .......... მდებარე უძრავი ქონების ა.კ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონების ჩამონათვალში შეტანა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, ი.გ–იასა და ნოტარიუს ე.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, რომლითაც ეს უკანასკნელები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმებას მოითხოვდნენ, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით - მ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა.კ–ძის მიერ მ.გ–იას სახელზე 2014 წლის 16 აპრილს ნოტარიუს ე.ჯ–ძის სანოტარო აქტის საფუძველზე გაცემული №140375988 მინდობილობა და ამ მინდობილობის მიხედვით, იმავე ნოტარიუსის მიერ გაფორმებული 2014 წლის 16 აპრილის №140376001 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა.კ–ძის მინდობილმა პირმა მ.გ–იამ ა.კ–ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ბათუმში, ........) მიჰყიდა ი.გ–იას. ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის მონაცემებში და ქ. ბათუმში, ........ მდებარე სადავო უძრავი ქონება (ს/კ N.........) კვლავ აღირიცხა 2015 წლის 16 აპრილს გარდაცვლილი ა.კ–ძის სახელზე და შეტანილი იქნა ა.კ–ძის სამკვიდრო მასაში.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი.გ–იამ, მ.გ–იამ და ე.ჯ–ძემ (ნოტარიუსმა), მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.მ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:
9.1. მ.გ–ია და ი.გ–ია არიან და-ძმა.
9.2. 1978 წლის 30 სექტემბრიდან მ.მ–ძე და ა.კ–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2002 წლიდან ა.კ–ძე ცხოვრობდა საფრანგეთში, ქალაქ კაენში და გადიოდა მკურნალობის კურსს.
9.3. ა.კ–ძე გარდაიცვალა 2015 წლის 16 იანვარს, საფრანგეთში, ქალაქ კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ღვიძლის დაავადებით.
9.4. ა.კ–ძის საკუთრებად ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ......... მდებარე უძრავი ქონება.
9.5. 2014 წლის 16 აპრილს, ნოტარიუს ე.ჯ–ძის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ე.წ. „სკაიპის“) საშუალებით დამოწმდა №140375938 მინდობილობა, რომლის თანახმად, საფრანგეთში, ქალაქ კაენში მყოფმა ა.კ–ძემ გასცა მინდობილობა მ.გ–იას სახელზე, საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ........) განკარგვის უფლებით.
9.6. ამის შემდგომ, იმავე დღეს, ნოტარიუს ე.ჯ–ძის მიერ გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რომელიც დაიდო ა.კ–ძის მინდობილ პირს - მ.გ–იასა და ი.გ–იას მინდობილ პირს - მ.ც–ძეს შორის, რომლის თანახმად, ა.კ–ძის მინდობილმა პირმა, მ.გ–იამ, ა.კ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ. ბათუმში, .....) მიჰყიდა ი.გ–იას 50 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი 50000 აშშ დოლარი მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების გაფორმებამდე.
9.7. ა.კ–ძის გარდაცვალების შემდგომ, მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა: მეუღლე - მ.მ–ძემ და შვილმა - ი.კ–ძემ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დაცვით მიმართეს სანოტარო ბიუროს და მოითხოვეს სამკვიდრო ქონება, შესაბამისად, გაცემული იქნა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა. მ.მ–ძემ სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენის შემდგომ შეიტყო, რომ სამკვიდრო მასაში აღარ შედიოდა ა.კ–ძის სახელზე რიცხული ზემოხსენებული უძრავი ქონება.
9.8. კაენის ცენტრალურ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაცული ა.კ–ძის სამედიცინო „დოსიეს“ თანახმად:
- ა.კ–ძის მკურნალი ექიმი იყო დოქტორი ა. პ–ი;
- 13.01.2015წ. ჰოსპიტალში მომართვის მიზეზი: კომა (გლაზგოს შკალით 6 ბალი);
- მორიგე ექიმის მიერ ჰემატოლოგიურ განყოფილებაში აღინიშნა მონაცემები ავადმყოფობის ისტორიიდან, რომ ის წლების განმავლობაში იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ მათი ჰოსპიტლის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში და მონაწილეობდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტში, რომელიც ვერ განხორციელდა ავადმყოფის სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითების გამო, რაც დასტურდებოდა მისი ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში ხშირი ჰოსპოტალიზაციით;
- დიაგნოზით - ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი;
- ამჟამად მისი ჰოსპიტალიზაციის მოტივი იყო კომა, გლაზგოს შკალით 6 ბალი, რაც განვითარდა ხანგრძლივად მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით. უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, მიერთებული იყო სასუნთქ აპარატზე;
- პაციენტი მათ ჰოსპიტალში 16.01.2015 წელს გარდაიცვალა დიაგნოზით - ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი. მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, რაც ამ ეტაპზე (ანუ სამედიცინო დოსიეს გაცემის დროისათვის) გამოვლინდა სასიცოცხლო ორგანოების მწვავე უკმარისობითა და ცნობიერების სრული დაკარგვით (ტომი 1, ს.ფ 87-88).
9.9. 2015 წლის 15 ოქტომბრის შ.პ.ს. „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ი“-ს მიერ გაცემული ა.კ–ძის სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №25 დასკვნის თანახმად:
- სამედიცინო ისტორია (ანამნეზი) მიაწოდა ა.კ–ძის მეუღლემ - მ.მ–ძემ, დამატებითი ინფორმაცია მიღებული იქნა („სკაიპით“ გასაუბრებით) საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მოქალაქეების: რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძისაგან, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ ა.კ–ძესთან სიცოცხლის ბოლო წლებში, აგრეთვე, გამოყენებული იქნა მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია - კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან გაცემული სამედიცინო დოსიეს №1500323 დუბლიკატი;
- მ.მ–ძის, რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძის განმარტებებით, ა.კ–ძე დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას. მას ჰქონდა ფიზიკური და ფ.ჯ. პრობლებები;
- სამედიცინო დოსიეს თანახმად, ა.კ–ძემ 13.01.2015 წელს მიმართა ჰოსპიტალს, მიზეზი იყო კომა. მორიგე ექიმის მიერ ჰემატოლოგიურ განყოფილებაში აღინიშნა მონაცემები ავადმყოფობის ისტორიიდან, რომ ის წლების მანძილზე იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ მათი ჰოსპიტლის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში და მონაწილეობდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტში, რომელიც ვერ განხორციელდა ავადმყოფის სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითების გამო, რაც დასტურდებოდა მისი ჰეპატოლოგიურ განყოფილებაში ხშირი ჰოსპოტალიზაციით, დიაგნოზით - ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი. შემდგომში, მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა კომა, რაც განვითარდა ხანგრძლივად მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით. უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, მიერთებული იყო სასუნთქ აპარატზე. პაციენტი მათ ჰოსპიტალში 16.01.2015 წელს გარდაიცვალა დიაგნოზით - ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი. გარდაცვალების მიზეზი გახდა ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, რაც გამოვლინდა სასიცოცხლო ორგანოების მწვავე უკმარისობითა და ცნობიერების სრული დაკარგვით;
- კომისიამ დაასკვნა, რომ აწ. გარდაცვლილ ა.კ–ძეს სიცოცხლის ბოლო 2-3 წლის განმავლობაში (რომელიც 2014 წლის აპრილსაც მოიცავდა) აღენიშნებოდა ქრონიკული ფსიქიკური დაავადება - დემენცია ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისა და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად განვითარებული. ამაზე მიუთითებდა ანამნეზი - მრავალი (30-35) წლის განმავლობაში ნარკოტიკების ინტენსიური მოხმარება, ხანგრძლივად მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ჰეპათოლოგიურ განყოფილებაში წლების განმავლობაში დაკვირვების ქვეშ ყოფნა და ხშირი ჰოსპიტალიზაცია „ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი“ დიაგნოზით. ამავე ჰოსპიტალში ხანგრძლივი დაკვირვებისას, დაფიქსირებული ,,სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითება“ (რის გამოც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ვერ მოხერხდა), აგრეთვე, ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოვლენილი და გარშემომყოფების მიერ დაფიქსირებული მზარდი და შეუქცევადი ფსიქიკური დარღვევები: ადგილსა და გარემოში დეზორიენტაცია, კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, მეტყველების გაძნელება და ლექსიკური მარაგის შემცირება, არაადეკვატური და გაურკვეველი შინაარსის გამონათქვამები, ცნობიერების დაბინდვის ეპიზოდები, ემოციური ლაბილობა და აფექტის შეუკავებლობა, აპათიურობის ფონზე დროდადრო ფსიქომოტორული აღგზნება და უმოტივო აგრესიის გამოვლენა, პროგრესირებადი პიროვნული დეგრადაცია და სოციალური ქცევის მკვეთრი გაუარესება, უსუსურობა, თავის მოვლისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების დაკარგვა;
- აწ. გარდაცვლილ ა.კ–ძეს 2014 წლის 16 აპრილს იურიდიული დოკუმენტის გაფორმების დღეს, თავისი ფსიქიკური მონაცემებით, არ შეეძლო შეეგნო, საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა, განეგო იგი (კომისიის თავმჯდომარე - შ.პ.ს. ,,ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ი“-ს ექსპერტიზის მიმართულების ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - თ.ხ–ვა, ექსპერტ-ფსიქიატრი ა.ბ–ი, ექსპერტ-ფსიქიატრი, მომხსენებელი შ.ბ–ი (ტომი 1, ს/ფ 69-76).
9.10. ზემოთ მითითებული - 15.10.2015 წლის №25 დასკვნის შემდგენმა, ა.ბ–მა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მათ მიერ დასკვნა გაიცა აწ გარდაცვლილი ა.კ–ძის მეუღლის მ.მ–ძის მიმართვის საფუძველზე. დასკვნა დაეყრდნო კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიერ 13.01.2015 წელს გაცემულ სამედიცინო „დოსიეს“ და ,,სკაიპის“ საშუალებით რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძის მიცემულ განმარტებებს და სწორედ ამ მტკიცებულებათა საფუძველზე გამოიცა. დემენცია ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას. მას აქვს ქრონიკული, უწყვეტი მიმდინარეობა და შეუქცევადი ხასიათი. ამ შემთხვევაში ღვიძლის დაავადებამ გამოიწვია დემენცია. აღნიშნული დაავადება ა.კ–ძეს დაეწყო 2012 წლიდან, რაც დადგინდა რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძის განმარტებებით, ხოლო 2014 წლიდან უკვე ხშირად დადიოდა კლინიკაში. დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებს და დაახლოებით ერთ წელში ყალიბდება. დასკვნის გამცემი პირის - ა.ბ–ის განმარტებით, რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძის განმარტებების გარეშე გაუჭირდებოდათ მსგავსი დასკვნის გამოტანა (27.09.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმი 14:41-15:40 სთ.);
9.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიკითხა შ.პ.ს. ,,ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ი“-ს მიერ 15.10.2015 წელს გაცემული №25 დასკვნის შემდგენი მეორე პირიც - შ.ბ–ი, რომელმაც განმარტა, რომ არის ფსიქიატრი. მას ექსპერტ-ფსიქიატრის ლიცენზია არა აქვს და არც არასოდეს ჰქონია. მას მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიერ 13.01.2015 წელს გაცემული ა. კ–ძის სამედიცინო „დოსიე“ არ მისცემდა მსგავსი დასკვნის საშუალებას. ის საჭიროებდა გამყარებას, რაც განმტკიცდა კიდეც მისი ახლობლების - რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძის განმარტებებით. ა.კ–ძის სამედიცინო დოსიე შეიცავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა არასაკმარისს მსგავსი დასკვნის გასაცემად. სამედიცინო დოსიესთან ერთად წარმოდგენილი, რომ ყოფილიყო საქმეში არსებული მკურნალი ექიმის ცნობები, ვერანაირ დასკვნას ვერ გასცემდნენ, რადგან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას შეიცავს. ამასთან, შ.ბ–მა განმარტა, რომ კომისიის თავმჯდომარე თ.ხ–ვა გარდაცვლილია (27.09.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15:42-16:20 სთ.);
9.12. საქმეში წარმოდგენილია დოქტორ ა.პ–ის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდა, რომ ,,ბატონ ა.კ–ძეს არ აღენიშნებოდა ფსიქიატრიული დაავადება და მას არ ჩაუტარებია მკურნალობა ფსიქიატრიული დაავადებისათვის 2009 წელს, მის გარდაცვალებამდე“ (ტომი 2, ს.ფ 24).
9.13. საქმეში წარმოდგენილი კაენის სპეციალიზებული საავადმყოფოს ცენტრის დოქტორ კ.ჰ–ის მიერ გაცემული ცნობით დადასტურდა, რომ „მასთან მკურნალობის შედეგად ბატონ ა.კ–ძეს არავითარი ფსიქიატრიული დაავადება არ აღენიშნებოდა“ (ტომი 2, ს.ფ 21);
9.14. საქმეში წარმოდგენილი ჰეპატო-გასტრო-ენტეროლოგიის საავადმყოფოს პრაქტიკოსი - მ.ა–ის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დადასტურდა, რომ ბატონი ა.კ–ძე, დაბადებული 03.12.1956 წელს, გარდაიცვალა 16.01.2015 წელს ღვიძლის დაავადებით. მას არ აღენიშნებოდა ფსიქიატრიული პათოლოგია (ტომი 2, ს.ფ 27).
9.15. საქმეში წარმოდგენილი კანცეროლოგიისა და ორგანოთა მედიცინის განყოფილების - ჰეპატო-გასტრო-ენტეროლოგიისა და ნუტრიციის თერაპიული და დიაგნოსტიკური ენდოსკოპიის საავადმყოფოს ექიმის - ჟ.პ.ტ–ის მიერ გაცემული ცნობით, დადასტურდა, რომ ,,ბატონი ა.კ–ძე, დაბადებული 03.12.1956 წელს, გარდაიცვალა 16.01.2015 წელს ჰეპატიური დაავადების გამო. მას არ გამოუვლენია ფსიქიკური პათოლოგია“ (ტომი 2, ს.ფ 114).
9.16. 2016 წლის 15 აგვისტოს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, დ.მ–ძის მიერ გაცემული დასკვნით დადგენილი იყო, რომ სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის, რაც გულისხმობდა წარსულში (დროის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში) აწ გარდაცვლილი პირის ფსიქიკური მდგომარეობის ცალსახად და კატეგორიულად დადგენას, აუცილებელია სხვადასხვა დოკუმენტის არსებობა: 1) აწ გარდაცვლილი პირის აღრიცხვიანობის შესახებ ცნობა ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან და, დადებით შემთხვევაში, ამბულატორიული ბარათის ასლი; 2) მოცემულ პირზე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (როგორც ფსიქიატრიული, ისე სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებიდან); 3) გარდაცვლილის გამონათქვამების, ქცევის მოდელის, მოქმედებების შესახებ იმ პირთა დეტალური გამოკითხვის ოქმები ან ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი ახსნა-განმარტებები, რომლებიც უშუალოდ და მჭიდროდ ურთიერთობდნენ აწ გარდაცვლილ გამოსაკვლევ პირთან დამნიშვნელის მიერ მითითებული დროის შუალედში; 4) იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზას უნდა ემსჯელა კონკრეტულად მითითებული პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომელიმე სამოქალაქო აქტის განხორციელებისას, აუცილებელი იყო, ზემოაღნიშნული სამოქალაქო აქტის გაფორმებაში მონაწილე და სამოქალაქო აქტის გაფორმებისას დამსწრე პირთა დეტალური გამოკითხვა იმავე (გარდაცვლილის გამონათქვამების, ქცევის მოდელის, მოქმედებების) კუთხით და ამ გამოკითხვის ოქმების ან ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი ახსნა-განმარტებების წარმოდგენა (სამოქალაქო აქტის გაფორმებისას მონაწილე ნოტარიუსის ჩათვლით). ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, შესაძლებელი იყო, დანიშნულიყო სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა (ტომი 2, ს.ფ 143-144). აღნიშნულ წერილში მითითებული გარემოებები დ. მ–ძემ დაადასტურა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით და დამატებით აღნიშნა, რომ ცალსახა და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მოგვცემდა კატეგორიულ დასკვნას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული ექსპერტიზა ყველაზე რთულია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, საკმარისი არ იყო ექსპერტიზისთვის და მსგავსი დასკვნის გასაცემად. საქმეში არსებული ჩანაწერიდან ა.კ–ძეს მწვავე ფსიქიკური აშლილობა არ ემჩნეოდა (05.04.2021წ. სხდომის ოქმი, 16:45-17:02სთ).
9.17. 2016 წლის 21 ივლისის ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ა.ტ–ძის მიერ გაცემული დასკვნით დადასტურდა, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლებელია, ექსპერტიზა და განცხადებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა (ტომი 2, ს.ფ 142). ამ დასკვნაში მითითებული გარემოებები ა.ტ–ძემ დაადასტურა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაში და დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო ექსპერტიზისთვის და მსგავსი დასკვნის გასაცემად. ამასთან, განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ენცეპალოფათია ვერ გახდებოდა ფსიქიკური დარღვევის საფუძველი (05.04.2021წ. სხდომის ოქმი, 15:53-16:43სთ).
9.18. 2018 წლის 29 ივნისის ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ა.ტ–ძის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, 12.05.2018 წლის დადგენილებით დანიშნული იყო სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა აწ გარდაცვლილი ა.კ–ძის მიმართ. წარმოდგენილი მასალების (მოწმეთა ჩვენებები და ახსნა-განმარტებები, აწ.გარდაცვლილის მკურნალი ექიმების მიერ გაცემული ცნობები, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებული სანოტარო მოქმედების ვიდეო-ჩანაწერი, სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, შეუძლებელი იყო, ექსპერტიზა და დადგენილებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ამ მასალებიდან მოპოვებული ინფორმაცია არ იძლეოდა საშუალებას, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიყო, 2014 წლის 16 აპრილს, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას აწ.გარდაცვლილი ა.კ–ძის ფსიქიკური მდგომარეობა (იხ. ტომი 3, ს.ფ 86).
9.19. 2020 წლის 09 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული იქნა აწ გარდაცვლილი ა.კ–ძის შვილი მამია კ–ძე, რომელმაც განმარტა, რომ ,,მ. კ–ძე 10 წელი ცხოვრობდა მამასთან ერთად, 2002 წლიდან 2011 წლამდე. მამამისმა სახლი მისთვის თანხის გადაცემის მიზნით გაყიდა და გაყიდვის შემდეგ კიდევაც გადასცა მას აღებული თანხის ნაწილი. სახლის გაყიდვა იყო მამის გადაწყვეტილება. მას ერჩივნა, რომ ეს ბინა ეყიდა ი.გ–იას. ყველამ იცოდა ამის შესახებ. მამამისს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, მანქანების შეკეთებაზე მუშაობდა. გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე იყო მხოლოდ ცუდად და ხშირად იმყოფებოდა საავადმყოფოში. ბოლო 4 დღე იყო კომატოზურ მდგომარეობაში. ფსიქიკური მდგომარეობა მას კარგი ჰქონდა, აბსოლუტურად ყველაფერი ახსოვდა. ყოფით მოთხოვნილებებსაც თვითონ იკმაყოფილებდა. გარდაცვალებამდე 2-3 კვირით ადრე მამა ახორციელებდა ფულად ოპერაციებს - ფულის ბანკიდან გატანასა და გადარიცხვებს, ანუ თავის ბიზნესს თვითონ უძღვებოდა და აგვარებდა საქმეებს. მამამისი იცნობდა რ.ვ–ას, ეს უკანასკნელი მისი კლასელი იყო. რ.ვ–ას მამა თანხით დაეხმარა. რ.ვ–ა მათ სახლში, სადაც მამამისიც ცხოვრობდა, არ მოდიოდა, რადგან თანხა არ დაუბრუნა მამამისს და ამის გამო მამა მასზე ნაწყენი იყო. რ.ვ–ას ბოლო 4 წლის განმავლობაში არ უნახავს ა.კ–ძე. იგი მამამისისგან დაახლოებით 5-6 კილომეტრში ცხოვრობდა. მამის მიცემული ფულით დაიწყო მან სამშენებლო ბიზნესი. 2003 წელს მამას დაუდგინდა ც ჰეპატიტი, 2004 წელს კი ცეროზის საწყისი ფორმები. ის საფრანგეთში მამასთან ერთად წავიდა, მაშინ როდესაც იყო 18 წლის. ამ ხნის განმავლობაში, მამამისი ფსიქიატრთან არასდროს ყოფილა, რადგან არ იყო ფსიქიკურად დაავადებული. მამამისს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა არ ჰქონია. ურთიერთობა ჰქონდა თავის მეორე შვილთან“ (09.11.2020. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:00-15-52სთ.);
9.20. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში წარმოდგენილი კლინიკა „გ–ის“ ინფექციონისტის ბ.ე–ძის მიერ გაცემული დასკვნა (იხ. ტომი მე-2, ს/ფ 74) ამოირიცხა საქმის მასალებიდან, რის გამოც მოცემული დავის გადაწყვეტისას, საპელაციო პალატამ მითითებული დოკუმენტი ვერ შეაფასა („გ–ის“ ინფექციონისტის ბ.ე–ძის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული იყო, რომ ,,2016 წლის 18 მარტს, გაეცნო აწ გარდაცვლილი ა.კ–ძის საფრანგეთიდან, ქ.კაენის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოგზავნილ სამედიცინო ისტორიას და ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის მიერ ჩატარებული სიკვდილის შემდგომი ფსიქიატრიული ექსპერტიზის მასალებს; ფრანგი ჰეპატო-გასტროენტეროლოგის, ა.კ–ძის მკურნალი ექიმის ჯ.ა–ის დიაგნოზია: ქრონიკული "ც" ჰეპატიტი, დეკომპენსირებული ასციტური ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ექიმი ჯ.ა–ნი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში აღნიშნულ სტაციონარში პაციენტის რეგულარული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი შემოვიდა ტერმინალურ სტადიაში კომაში (გლაზგოს შკალით 6 ბალი) რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო და პაციენტი გარდაიცვალა. მის მიერ შესწავლილი სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, სამედიცინო ლიტერატურაზე და პირად სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ა.კ–ძის დაავადების ვირუსული "ც" ჰეპატიტის გართულებები დეკომპენსირებული ციროზი და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, აგრეთვე, ტოქსიკური ნივთიერებების მეტადონისა და ნარკოტიკების რეგულარულად, ხანგრძლივად მიღებამ გამოიწვია პაციენტის ნეირო-ფსიქიკური სტატუსის პროგრესირებადი მოშლა და დემენციის - ჭკუასუსტობის ჩამოყალიბება, რაც დასტურდებოდა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით. ამ გარემოებების საფუძველზე, დემენციის განვითარება ა.კ–ძის სიცოცხლის ბოლო მინიმუმ ორ წელიწადში უალტერნატივო და გარდაუვალი იყო“).
9.21. საქმეში წარმოდგენილი მითითებული მტკიცებულებების, მათ შორის - 2014 წლის 16 აპრილს ნოტარიუს ე.ჯ–ძის მიერ ტექნიკური საშუალების, ,,სკაიპის“ მეშვეობით, ა.კ–ძის მიერ მ.გ–იას სახელზე გაცემული №140375988 მინდობილობის აუდიო და ვიდეო ჩანაწერის მოსმენისა და კადრების ყურადღებით ნახვის შედეგად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილ ა.კ–ძეს ამ მინდობილობის გაცემის დროს - 16.04.2014 წელს, შეეძლო გარემოებათა და შექმნილი რეალური ვითარების სწორად აღქმა, მინდობილობაში გამოხატული ნება შეესაბამებოდა მის სურვილს და ნამდვილი იყო.
9.22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის განხილვისას თავდაპირველად შესაფასებელი იყო, ა.კ–ძის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა.
9.23. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ ნებისმიერი გარიგების დადება ეფუძნება კანონის ფარგლებში მხარეთა ნების ავტონომიასა და ამა თუ იმ გარიგების დადების თაობაზე მხარის ინფორმირებულ, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას. პიროვნების ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები კი, როგორიც ფსიქიკური აშლილობაა, სწორედ გარიგების დადების მიმართ პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას აყენებს ეჭვქვეშ, შესაბამისად, კანონმდებელმა ამ ვითარებაში მყოფი პირის მიერ დადებული გარიგება ბათილ სამართლებრივ ურთიერთობათა წრეს მიაკუთვნა. ამ საფუძვლით გარიგების ბათილობისას სარგებლის მიმღები კონტრაჰენტის ინტერესების დაცვის კუთხით, უპირობოდ აუცილებელია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდეს გარიგების დადებისას, პირის ფსიქიკური აშლილობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგების აღქმასა და შესაბამისი შედეგის მიმართ მისი ნების ნამდვილობას. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის საკვანძო საკითხი იყო - ა.კ–ძის ნების გამოვლენის ნამდვილობის გამოკვლევა დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით.
9.24. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ მითითებული გარემოებების სათანადოდ დადასტურება და იმის დამტკიცება, რომ ა.კ–ძეს მინდობილობის გაცემის დროს - 16.04.2014 წელს არ შეეძლო, შეეგნო საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა ან ეხელმძღვანელა მისთვის, შესაბამისად, მას არ შეეძლო გარემოებათა და რეალური ვითარების სწორად აღქმა, რაც გამორიცხავდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. თუმცა, მოსარჩელემ ამ გარემოების დადასტურება ვერ შეძლო სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებით.
9.25. მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა კლინიკა ,,გ–ის“ ინფექციონისტის, მედიცინის აკადემიური დოქტორის - ბ. ე–ის მიერ გაცემული დასკვნა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, ამოირიცხა საქმის მასალებიდან, რის გამოც მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ ის ვერ შეაფასა.
9.26. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა შ.პ.ს. ,,ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ მიერ ა.კ–ძის სიკვდილის შემდგომ გაცემული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №25 დასკვნა, თუმცა იგი ძირითადად ეყრდნობა და გამყარებულია მოსარჩელე - მ.მ–გან და მასთან დაახლოებული პირებისგან - რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძისგან მიღებულ განმარტებებს (აწ გარდაცვლილი ა.კ–ძის შვილის ჩვენებით დადგინდა, რომ რ.ვ–ა და ლ.ნ–ძე ა.კ–ძის საცხოვრებლისგან მოშორებით ცხოვრობდნენ, მათ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ა.კ–ძესთან ურთიერთობა არ ჰქონიათ კონფლიქტის გამო). აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი №25 დასკვნა ვერ მიიჩნეოდა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებად მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. აღნიშული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან შედარებით საკმაოდ სუსტად გამოიყურება, რომელსაც სასამართლო ვერ დააყრდნობდა გადაწყვეტილებას, თუ ეს იქნებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული, ხოლო სხვა სარწმუნო და უფრო რელევანტური მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
9.27. კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიერ გაცემული სამედიცინო ,,დოსიეს“ თანახმად, აწ გარდაცვლილი ა.კ–ძის დიაგნოზი იყო ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი. პაციენტი გარდაიცვალა მათ ჰოსპიტალში 16.01.2015 წელს დიაგნოზით - ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი. მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა. ამასთან, მისი მკურნალი ექიმი იყო დოქტორი ა.პიკერი, რომლის მიერ გაცემული ცნობის თანახმადაც, იგი ადასტურებდა, რომ ბატონ ა.კ–ძეს არ აღენიშნებოდა ფსიქიატრიული დაავადება და არ უმკურნალია ფსიქიატრიული დაავადებისათვის გარდაცვალებამდე. საქმეში წარმოდგენილი ექიმის ცნობების თანახმადაც, მათთან მკურნალობის შედეგად ბატონ ა.კ–ძეს არავითარი ფსიქიატრიული დაავადება არ აღენიშნებოდა.
9.28. ამასთან, აღსანიშნავი იყო, ა.კ–ძის შვილის - მამია კ–ძის განმარტება, რომლის თანახმად, მამამისს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა და არც ფსიქოლოგთან დადიოდა. მამამისი სიცოცხლის ბოლომდე თავადვე სათანადოდ უძღვებოდა საქმეებს, ასრულებდა საბანკო ოპერაციებს, იყო ადეკვატური და შეეძლო საკუთარი მოქმედებების გაცნობიერება, მხოლოდ გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე იყო ცუდად და ხშირად იყო საავადმყოფოში, რადგან დაავადებული იყო ციროზით და "ც" ჰეპატიტით. ის ბოლო 4 დღე იყო კომაში. ასევე დადგენილი იყო, რომ სადავო მინდობილობა გაფორმდა 16.04.2014 წელს, ა.კ–ძე კი, გარდაიცვალა 16.01.2015 წელს.
9.29. მოცემული დავის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი ექსპერტის წერილითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომებზე მათ მიერ მიცემული განმარტებების თანახმად, დადგინდა, რომ ა.კ–ძის სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, რის გამოც ვერ მოხერხდა ექსპერტიზა და მსგავსი დასკვნის გაცემა. ცალსახა და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მოგვცემდა კატეგორიულ დასკვნას, საქმეში წარმოდგენილი არ იყო, ხოლო საქმეში არსებული ჩანაწერიდან ა.კ–ძეს მწვავე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა. ამასთან, ექსპერტის განმარტებით, ენცეფალოპათია, რითაც დაავადებული იყო ა.კ–ძე, ვერ გახდებოდა ფსიქიკური დაავადების საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან მოპოვებული ინფორმაცია არ იძლეოდა საშუალებას, რომ ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიყო 2014 წლის 16 აპრილს, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას აწ.გარდაცვლილი ა.კ–ძის ფსიქიკური მდგომარეობა.
9.30. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ ა.კ–ძეს მინდობილობის გაცემის დროს - 16.04.2014 წელს, არ შეეძლო გარემოებათა და რეალური ვითარების სწორად აღქმა, რაც გამორიცხავდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ არ ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულყოფილაად და ობიექტურად არ შეაფასა. სათანადოდ არ იქნა გაანალიზებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პირდაპირ ასახავს, რომ ა.კ–ძეს არ გააჩნდა იმგვარი ნება, რაც მინდობილობაშია ასახული.
10.2. სასამართლომ მსჯელობა განავითარა მხოლოდ შეურაცხადობის საკითხზე და არ გამოიკვლია ა.კ–ძის ფსიქიკური მდგომარეობა დროებითი მოშლილობის კონტექსტში, მაშინ, როდესაც, საფრანგეთიდან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია პირდაპირ მიუთითებს დროებით ფსიქიკურ მოშლილობაზე.
10.3. ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისას, გადამწყვეტი არ არის დიაგნოზის ფორმა, არამედ – მისი გავლენა პირის ნების ფორმირებაზე. კასატორის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, დადასტურებულია, რომ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია და ხანგრძლივი ნარკომანია ა.კ–ძის შემთხვევაში განაპირობებდა ფსიქიკურ მოშლილობას, რაც სავალდებულოდ საჭიროებდა სასამართლოს უფრო სიღრმისეულ შეფასებას.
10.4. ვიდეოჩანაწერში ა.კ–ძე არადამაჯერებლად მეტყველებს, საკუთარ თავს ასახელებს მინდობილობის მიმღებად, უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე, ხოლო ნოტარიუსი მის ნათქვამზე არ რეაგირებს. ჩანაწერში ასევე ჩანს უძრავი ქონების მყიდველი, რომელიც აქტიურად ერთვება პროცესში და ზეწოლის ნიშნები იკვეთება. ეს ჩანაწერი კიდევ მეტად ამყარებს ფსიქიკური მდგომარეობის პრობლემატურობას და ნოტარიუსის პროფესიული გადაცდომის ნიშნებს.
10.5. ექსპერტმა აკაკი ტ–ძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ენცეფალოპათია, ციროზი და "ც" ჰეპატიტი დროთა განმავლობაში ფსიქიკურ მოშლილობას იწვევს. მიუხედავად ამისა, მან მოიმიზეზა სამედიცინო დოკუმენტაციის სიმწირე, რაც კასატორის აზრით, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან საქმეში იყო წარმოდგენილი ვრცელი დოკუმენტაცია საფრანგეთიდან.
10.6. საფრანგეთიდან წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით დადასტურდა, რომ ა.კ–ძე წლების განმავლობაში იმყოფებოდა ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისა და ენცეფალოპათიის მკურნალობის ქვეშ. ეს დოკუმენტაცია ასევე ასახავდა დაავადების პროგრესირებად და შეუქცევად ხასიათს.
10.7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ კასატორი ამტკიცებდა დროებით ფსიქიკურ მოშლილობას და არა შეურაცხადობას. არასწორად იქნა გაგებული და შეფასებული ექსპერტიზის დასკვნები, რომელთაგან არცერთი არ გამორიცხავდა ფსიქიკურ მოშლილობას.
10.8. ფსიქიატრიული პათოლოგიის არქონის შესახებ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ ა.კ–ძეს ფსიქიატრიული მკურნალობა არ ჩატარებია, თუმცა ეს არ გამორიცხავს დროებით ფსიქიკურ მოშლილობას – რაზეც მუდმივად აპელირებდა კასატორი.
10.9. ექსპერტმა აკაკი ტ–ძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ენცეფალოპათია ვერ გახდებოდა ფსიქიკური მოშლილობის საფუძველი, თუმცა შემდგომში, კასატორის ახალი შუამდგომლობის პასუხად, წერილობით დადასტურა, რომ აღნიშნული დიაგნოზი და ნარკომანია იწვევს ფსიქიკურ მოშლილობას. ეს წინააღმდეგობრივი განმარტება, არ შეფასებულა.
10.10. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, თითქოს მინდობილობით გამოხატული ნება იყო ნამდვილი. ვიდეოჩანაწერში ა.კ–ძე ცალსახად ამბობს, რომ ქონების ი.გ–იასთვის მიყიდვა არ სურს, მისი საუბარი ურთიერთსაწინააღმდეგოა და მიანიშნებს ნებელობით გაურკვევლობაზე, რაც არ შეესაბამება ნამდვილი ნების გამოხატვას.
10.11. კასატორი შუამდგომლობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ საოქმო განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც 2021 წლის 22 აპრილის ექპსერტიზის დასკვნის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის შესახებ კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. კასატორის განმარტებით, ეს დასკვნა მომზადდა იმ ახალი გარემოების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ექსპერტის მიერ მიცემული სასამართლო ცრუ ჩვენების შემდგომ. კასატორის განმარტებით, ხსენებული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ სააპელაციო სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა, ა.ტ–ძემ, იცრუა, როდესაც განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ვერ გახდებოდა ფსიქიკური დარღვევის საფუძველი. ექსპერტის ეს ჩვენება იყო ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც წარმოშვა ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამ მტკიცებულების დაგვიანებით მოპოვების საპატიო მიზეზი გამოვლინდა და კასატორი პროცესუალურად უფლებამოსილი იყო, ის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია(შედავება). 13. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (ს.უ.ს.გ. №ას-251-2018, 08.02.2022 წ.).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (ს.უ.ს.გ. №ას-362-2021, 25.06.2021წ; №ას-661-2021, 20.04.2022წ; №ას-311-2022, 01.11.2022).
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას (ს.უ.ს.გ. №ას-811-2021. 07.10.2021; №ას-705-2022 03.11.2022წ.)
16. მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნას წარმოადგენს მინდობილობისა და მის საფუძველზე დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მარწმუნებელს მინდობილობის გაცემის დროს ჰქონდა დროებითი ფსიქიკური მოშლილობა, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან გაცნობიერებული ნების გამოხატვის შესაძლებლობას.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 58.2 მუხლი არ არის იმპერატიული ხასიათის, თუმცა სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, ცდილობს ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს განხორციელებული ნების გამოვლენის გათანაბრებას ქმედუუნარო პირის მიერ განხორციელებულ ნების გამოვლენასთან. ნორმის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ ცნობიერების დაკარგვა ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც არ იწვევს პირის აღიარებას ქმედუუნაროდ და დროებით ხასიათს ატარებს. ცნობიერების დაკარგვა, აღიარებული შეხედულების თანახმად, არ ნიშნავს ცნობიერების სრულად დაკარგვას, რადგან სრულად დაკარგვის დროს შეუძლებელია ნების გამოვლენაზე საუბარი, არამედ ცნობიერების ისეთ მდგომარეობას, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ფსიქიკური მოშლილობა გულისხმობს ფსიქიკური ანომალიის არსებობას, რომლის დროსაც გადამწყვეტია არა ამ ფსიქიკური ანომალიის სიძლიერე, არამედ ნების ჩამოყალიბებაზე გავლენის ფაქტორი. დროებითი ფსიქიკური მოშლილობის გამომწვევის მიზეზები შეიძლება იყოს ალკოჰოლი, მედიკა მენტები და ნარკოტიკიც. რადგან ნორმაში საუბარია ბათილად გამოცხადების შესაძლებლობაზე, გასარკვევია, თუ რა პირობებში შეიძლება გარიგება იყოს ნამდვილი. ასეთ პირობებს კანონი არ შეიცავს. ამიტომ ნორმის გამოყენება მოსამართლის შეხედულებაზეა დამოკიდებული.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანია, ჰქონდა თუ არა ა.კ–ძეს სადავო მინდობილობის გაცემის დროს დროებითი ფსიქიკური აშლილობა, რის საფუძველზეც, უნდა განისაზღვროს შეეძლო თუ არა მას მოქმედების შინაარსისა და შედეგების გააზრება და გაცნობიერებული ნების გამოვლენა.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
19.1. ა. კ–ძე 2002 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, ქალაქ კაენში და მკურნალობდა კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც 2015 წლის 16 იანვარს, ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
19.2. კაენის ცენტრალურ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაცული ა.კ–ძის სამედიცინო „დოსიეს“ თანახმად, მისი დიაგნოზი იყო ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი. იგი წლების განმავლობაში იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ ჰოსპიტლის ჰემატოლოგიურ განყოფილებაში და მონაწილეობდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტში, რომელიც ავადმყოფის სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითების გამო ვერ განხორციელდა.
19.3. შ.პ.ს. „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ი“-ს მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ა. კ–ძის სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №25 დასკვნის თანახმად, აწ გარდაცვლილ ა.კ–ძეს სიცოცხლის ბოლო 2-3 წლის განმავლობაში (რომელიც 2014 წლის აპრილის პერიოდსაც მოიცავდა) აღენიშნებოდა ქრონიკული ფსიქიკური დაავადება - დემენცია ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისა და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად განვითარებული. აღნიშნულზე მიუთითებდა ანამნეზური მონაცემები: მრავალი (30-35) წლის განმავლობაში ნარკოტიკების ინტენსიური მოხმარება; ხანგრძლივად მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა; კაენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ჰეპათოლოგიურ განყოფილებაში წლების განმავლობაში დაკვირვების ქვეშ ყოფნა და ხშირი ჰოსპიტალიზაცია „ღვიძლისმიერი ენცეპათოლოგია, ციროზი, "ც" ჰეპატიტი“ დიაგნოზით. ამავე ჰოსპიტალში ხანგრძლივი დაკვირვებისას დაფიქსირებული ,,სასიცოცხლო და გონებრივი ფუნქციების შეუქცევადად დაქვეითება“ (რის გამოც, ვერ განხორციელდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია); აგრეთვე, ბოლო 2 წელში გამოვლენილი და გარშემომყოფების მიერ დაფიქსირებული მზარდი და შეუქცევადი ფსიქიკური დარღვევები: ადგილსა და გარემოში დეზორიენტაცია, კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, მეტყველების გაძნელება და ლექსიკური მარაგის შემცირება, არაადეკვატური და გაურკვეველი შინაარსის გამონათქვამები, ცნობიერების დაბინდვის ეპიზოდები, ემოციური ლაბილობა და აფექტის შეუკავებლობა, აპათიურობის ფონზე დროდადრო ფსიქომოტორული აღგზნება და უმოტივო აგრესიის გამოვლენა, პროგრესირებადი პიროვნული დეგრადაცია და სოციალური ქცევის მკვეთრი გაუარესება, უსუსურობა, თავის მოვლისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების დაკარგვა; აწ გარდაცვლილ ა. კ–ძეს 2014 წლის 16 აპრილს იურიდიული დოკუმენტის გაფორმების დღეს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, განეგო იგი. აღნიშნული დასკვნა დაემყარა კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიერ 13.01.2015 წელს გაცემულ სამედიცინო „დოსიეს“ და ა.კ–ძის და მოსარჩელის ნაცნობების: რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძის განმარტებებს.
19.4. ექსპერტ-ფსიქიატრი ა.ბ–ის განმარტებით, დემენცია არის შეძენილი ჭკუასუსტობა, აქვს ქრონიკული, უწყვეტი მიმდინარეობა და შეუქცევადი ხასიათი. ა.კ–ძის შემთხვევაში დემენცია გამოიწვია ღვიძლის დაავადებამ.
19.5. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ა.ტ–ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ენცეფალოპათია ვერ გახდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში ა.კ–ძის ფსიქიკური დარღვევის საფუძველი (05.04.2021წ. სხდომის ოქმი, 15:53-16:43სთ).
20. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიჩნია ა.კ–ძის მხრიდან გამოვლენილი ნება ნამდვილად, რომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია, ასევე, სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და გარემოებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნები.
21. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 16 აპრილის სანოტარო მოქმედების – მინდობილობის გაცემის პროცესის აუდიოვიზუალური ჩანაწერი, რომელიც ჩატარდა ტექნიკური საშუალების, "სკაიპის" მეშვეობით. ჩანაწერის ანალიზისას იკვეთება რიგი გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ა.კ–ძის ნების ნამდვილობის დასადგენად. საკასაციო პალატის განსჯით, ვიდეოჩანაწერი მინდობილობის გაცემის პროცესიდან წარმოადგენს მნიშვნელოვან უშუალო მტკიცებულებას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ა. კ–ძის რეალური ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად, გულდასმით არ გამოიკვლია და არ შეაფასა სანოტარო მოქმედების ხსენებულ ვიდეო ჩანაწერში ასახული ა.კ–ძის ქცევა და პასუხები, სახელდობრ:
უძრავი ქონების პოტენციური მყიდველი - ი.გ–ია, ა. კ–ძის გვერდით იმყოფება და კარნახობს ამ უკანასკნელს გარიგების პირობებს; ა. კ–ძე ჩანაწერში ამბობს, რომ მინდობილობას აძლევს ა.კ–ძეს; კითხვაზე თანახმაა თუ არ უძრავი ქონება გაიყიდოს ი.გ–იაზე, ა.კ–ძე პასუხობს, რომ არაა თანახმა. ეს გარემოებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მათზე აპელირებდა. ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საჭიროებს სათანადო შეფასებას არა მხოლოდ ფორმალური თანმდევი მონაცემების, არამედ - სუბიექტის ქცევითი პროფილის, საუბრის შინაარსისა და გარემოს საფუძველზე, რაც სასამართლოს შეუძლია განახორციელოს მტკიცებულებების თავისუფალი შეფასების პრინციპის შესაბამისად.
ჩანაწერით არ იკვეთება, რომ ა. კ–ძე ფლობდა სიტუაციის სრულ აღქმას, რასაც კანონი მოითხოვს ნების ნამდვილობის დასამტკიცებლად. ფორმალური თანხმობა ნოტარიუსის შეკითხვებზე არ გამორიცხავს რეალურ გონებრივ დაბნეულობას, რაც ჩანაწერით აშკარად იკვეთება. სასამართლოს უფლება და ვალდებულებაა, ტექნიკური ჩანაწერიდან მიღებული შთაბეჭდილება გამოიყენოს როგორც დამატებითი მტკიცებულება ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, სამედიცინო ექსპერტიზა არ იძლევა ერთმნიშვნელოვან დასკვნას.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია კაენის ცენტრალურ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაცული ა.კ–ძის სამედიცინო „დოსიე“ და არ შეაფასა აღნიშნული დოსიეს ჩანაწერი, რომ ა.კ–ძეს მკურნალობის პროცესში გონებრივი ფუნქცია შეუქცევადად დაუქვეითდა, რის გამოც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ვერ ჩაუტარდა.
23. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ერთი მოწმის - მამია კ–ძის ჩვენების საფუძველზე არ გაიზიარა შ.პ.ს. „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2015 წლის 15 ოქტომბრის №25 დასკვნა იმ საფუძვლით, რომ იგი ეყრდნობა კასატორისა და მასთან დაახლოებული პირების განმარტებებს, თუმცა დასკვნა ეფუძნება ასევე სამედიცინო დოკუმენტაციას, მათ შორის - კაენის კლინიკის „დოსიეს“, რომლითაც დგინდება, რომ ა. კ–ძეს გონებრივი ფუნქცია შეუქცევადად დაუქვეითდა.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიჩნია რ.ვ–ასა და ლ.ნ–ძის ექსპერტისთვის მიცემული განმარტებები მცდარად, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია მათი შინაარსი და არც სხვა მტკიცებულებებთან (სამედიცინო დოსიე და ვიდეო ჩანაწერი) ერთობლივად არ შეუფასებია.
25. საკასაციო პალატის განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია ექსპერტ-ფსიქიატრ ა.ბ–ის განმარტებაც, რომლის მიხედვით, ა.კ–ძეს ჰქონდა ღვიძლის დაავადებით გამოწვეული დემენცია (შეძენილი ჭკუასუსტობა), რომელსაც აქვს ქრონიკული, უწყვეტი მიმდინარეობა და შეუქცევადი ხასიათი.
26. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაეყრდნო ძირითადად იმ დასკვნას, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა ა.კ–ძის შეურაცხადობა გარიგების დადების მომენტში. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ შეურაცხადობა წარმოადგენს პიროვნების მუდმივ, ქრონიკულ ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც სრულად გამორიცხავს სამართლებრივ ქმედუნარიანობას. ამის საპირისპიროდ, დროებითი ფსიქიკური მოშლილობა შეიძლება იყოს გარდამავალი, პროვოცირებული სხვადასხვა სამედიცინო თუ ფსიქოგენური ფაქტორით, მათ შორის - მძიმე ფიზიკური დაავადებით (მაგალითად, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია), მედიკამენტური ინტოქსიკაციით, ნარკოტიკების ზემოქმედებით, ფსიქოორგანული სინდრომით და სხვა. სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს ფსიქიკური აშლილობის ქრონიკულ ან დროებით ხასიათს – მნიშვნელოვანია, კონკრეტული გარიგების დადების მომენტში შეეძლო თუ არა პირს გაეცნობიერებინა საკუთარი ქმედების მნიშვნელობა და განეჭვრიტა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.
27. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ როდესაც პირის მდგომარეობის უშუალო დაკვირვება შეუძლებელია (მაგ. სიკვდილის შემდგომ), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. “moral certainty” პრინციპის გამოყენება. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობით ისეთი ხარისხის შინაგანი რწმენის ფორმირებას, რომელიც ქმნის გონივრულ და ობიექტურად დასაბუთებულ საფუძველს დასკვნისათვის, მაშინაც კი, როდესაც, უშუალო მტკიცებულება მიუწვდომელია. შესაბამისად, სასამართლომ მოცემულ საქმეში უნდა შეაფასოს მტკიცებულებები არა ცალკეულად, არამედ - მთლიანად, კონტექსტურად და ერთმანეთთან კავშირში, რათა დადგინდეს ა.კ–ძის ფსიქიკური მდგომარეობა სადავო მინდობილობის გაცემის მომენტში.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იკვეთება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, ამასთან, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატა საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები. წინამდებარე განჩინებაში ასახული მსჯელობების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, ხელახლა უნდა შეაფასოს იყო თუ არა ა.კ–ძის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი სადავო მინდობილობის გაცემისას და, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი შეფასების საფუძველზე მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება.
29. კასატორის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს ის საოქმო განჩინებაც, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, გამოვლინდა თუ არა ახალი გარემოება ექსპერტის ჩვენების სახით, რაც საფუძველს მისცემდა მოსარჩელეს საქმის განხილვის კონკრეტულ სტადიაზე სასამართლოსთვის ახალი მტკიცებულება წარედგინა.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი