Facebook Twitter

18 დეკემბერი 2024 წელი

№ას-1349-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ს. ,,ნ.ვ.დ–ვა’’

მოწინააღმდეგე მხარეები - ს.ფ–ძე, ხ.მ–ძე, ჯ.გ–ია

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება, ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ფ–ძემ, ხ.მ–ძემ და ჯ.გ–იამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. ,,ნ.ვ.დ–ვა’’-ს მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს.ფ–ძესა და ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა"-ს შორის დადებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის (მათ შორის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა) ხელშეკრულების No NV/ AUTO/RETAIL/2020-V6 4.5.32.2., 4.2.10.4. და 6.1.4. პუნქტები.

1.2. მოპასუხე ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა"-ს მოსარჩელე ს.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 1200 ა.შ.შ. დოლარის ანაზღაურება.

1.3. მოპასუხე ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა"-ს მოპასუხე ხ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის ღირებულების 3000 ა.შ.შ. დოლარის ანაზღაურება.

1.4. მოპასუხე ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა"-ს მოსარჩელე ჯ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 2900 ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“-ს ს.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხ.მ–ძის სასარგებლოდ - 3000 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარი და ჯ.გ–იას სასარგებლოდ - 2900 ლარი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 20 ნოემბერს 13:40 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარე ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“-ს წარმომადგენელი ე.ტ–ი სათანადო წესით იქნა გაფრთხილებული, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 24 ოქტომბრის აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ.

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 20 ნოემბერს 13:40 საათზე გამართულ საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სასამართლო სხდომასა და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნულ სხდომაზე აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.

5.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.2, 387.3, 230-ე, 233.1 მუხლებით. სააპელაციო პალატის შეფასებით, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რადგან: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით და აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, მხარის მიერ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

5.4. სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი გარემოებები:

5.4.1. 2021 წლის აგვისტოში ს.ს. ,,ნ.ვ.დ–ვა“-ს და ს.ფ–ძეს შორის დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის (მათ შორის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა) ხელშეკრულება NoNV/AUTO/RETAIL/2020-V6.

5.4.2. ს.ფ–ძის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 46 ა.შ.შ. დოლარით, სანაცვლოდ კი მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა.

5.4.3. 2021 წლის 03 სექტემბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ......... N20-ის მიმდებარედ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას, ს.ფ–ძის კუთვნილი ავტომობილი „ფორდი“, სარეგისტრაციო ნომრით ......, რომელსაც მართლზომიერად მართავდა შ.ც–ი, შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილს - ,,SUZUKI’’, სახელმწიფო ნომრით ........, რომელსაც მართავდა ხ.მ–ძე.

5.4.4. შ.ც–ი, ავტომანქანა „ფორდის“ მძღოლი, სარეგისტრაციო ნომრით ....., მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა.

5.4.5. ს.ფ–ძეს, როგორც ავტომანქანის მესაკუთრეს, ავტომობილის დაზიანებით 1200 ა.შ.შ. დოლარის ზიანი მიადგა.

5.4.6. ს.ფ–ძესა და ს.ს. ,,ნ.ვ.დ–ვა“-ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მესამე პირების მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მზღვეველს.

5.4.7. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხ.მ–ძეს 3000 ა.შ.შ. დოლარის ზიანი მიადგა.

5.4.8. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ჯ.გ–იას ავტომობილი, ზიანი შეადგენს - 2900 ლარს.

5.5. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დადასტურებულად მიჩნეულ მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს.ფ–ძის, ხ.მ–ძისა და ჯ.გ–იას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო, უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულიყო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა"-მ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით - საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

7.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის საფუძვლით, კერძოდ, საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ, ერთი მხრივ, მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის თარიღის ინფორმირებისას იყო შეუძლოდ და ვერ დაიმახსოვრა შეტყობინება, ხოლო, მეორე მხრივ, სხდომის დღეს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდიდა მის სხდომაზე გამოცხადებას.

7.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითებული მსჯელობა. პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 20 ნოემბერს, 13:40 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“-ს წარმომადგენელი ე.ტ–ი სათანადო წესით იქნა გაფრთხილებული. რაც შეეხება შეუძლოდ ყოფნის თაობაზე მის მითითებას, წარმოდგენილია 2023 წლის 28 დეკემბრის ცნობა, რითაც დასტურდება ვიზიტები ფსიქოლოგთან, მათ შორის 2023 წლის 24 ოქტომბერს 13:00 საათზეც. პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცნობა არ აკმაყოფილებდა წერილობითი დოკუმენტის ნამდვილობისათვის აუცილებელ რეკვიზიტებს (არ იყო ბეჭედდასმული, არ ირკვეოდა ქეთევან კიკნაძე ნამდვილად იყო თუ არა ფსიქოლოგი, ცნობა არ იყო გამცემი ორგანიზაციის სპეციალურ ბლანკზე დაბეჭდილი, არ შეიცავდა ოფიციალურ მონაცემებს). პალატამ 2024 წლის 25 მარტის სხდომა გადადო, რათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე მხარეს შეევსო მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორმა წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მან მაინც ვერ წარმოადგინა ფსიქოლოგის მიერ გაცემული, სათანადო რეკვიზიტების მქონე წერილობითი დოკუმენტი. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობის გაზიარების შემთხვევაშიც არ დასტურდებოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. კერძოდ, თუკი 2023 წლის 24 ოქტომბერს სასამართლო მოხელის მიერ შეტყობინების მიღებისას ე.ტ–ი იმყოფებოდა მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში, ვერ ახერხებდა შეტყობინების დამახსოვრება/მონიშვნას, მას შეეძლო, შეეწყვიტა საუბარი, მიეთითებინა სასამართლო მოხელისათვის, რომ არ შეეძლო საუბარი, ან ეთქვა, რომ კომპანიის მეორე წარმომადგენელს დაჰკავშირებოდნენ. ამით სასამართლო სხდომაზეც დაინტერესდა, თუმცა ე.ტ–მა განმარტა, რომ საერთოდ არ ახსოვს საუბრის შინაარსი.

7.3. პალატის განმარტებით, ვინაიდან ე.ტ–ს შეეძლო მეორე წარმომადგენლის - მ.მ–ის გაფრთხილება და არ დასტურდებოდა იმ გარემოების არსებობა, რაც ამ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას გამორიცხავდა (მაგალითად, არ დგინდებოდა, რომ ე.ტ–ს აქვს კონცენტრაციის დარღვევის პრობლემა ან ყურადღების დეფიციტი ან სხვა), არ დგინდებოდა არც წარმომადგენლის მიერ სათანადო წინდახედულების გამოჩენა - სასამართლო მოხელისათვის განემარტათ, რომ სხვა დროს ან სხვა წარმომადგენელს დაჰკავშირებოდა, მარტოოდენ მხარის ნათქვამი კი მის მიერ სხდომის თარიღის მონიშვნის შეუძლებლობის საპატიო მიზეზის არსებობას არ ადასტურებდა.

7.4. სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ცნობებში (ე.ტ–ის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობები; 2023 წლის 28 დეკემბრის ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ ე.ტ–ი 2023 წლის 20 ნოემბერს ოჯახის ექიმთან იმყოფებოდა; ე.ტ–ის მიმართ გამოცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლითაც დასტურდება, რომ 2023 წლის 6-9 დეკემბერი ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო) არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რაც მისი წარმომადგენლის 2023 წლის 20 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ არ შეიცავდა პირის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციას.

7.5. პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით დამატებით მიუთითა იურიდიული პირის მეტ პასუხისმგებლობაზე სასამართლო სხდომებზე წარმომადგენლის დასწრებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოპასუხეს, როგორც იურიდიულ პირს, რომელსაც ე.ტ–ის გარდა მეორე წარმომადგენელიც ჰყავდა და, საჩივრის ავტორისვე განმარტებით, კომპანიისათვის ცნობილი იყო მისი პირადი პრობლემის შესახებ, რის გამოც ხშირად უწევდა სამსახურიდან გათავისუფლება, ვერ შეძლო იმ ფაქტის სარწმუნოდ დადასტურება, რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან ეცნობებინა სასამართლოსათვის მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ობიექტური საპატიო მიზეზის თაობაზე.

7.8. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, დაუსწრებელი გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების სრული დაცვით იყო გამოტანილი და არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

8.1. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის ზეპირ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კასატორი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს, კერძოდ, 2023 წლის 20 ნოემბერს ე.ტ–ი ავად გახდა, რის გამოც მიეცა შინ მკურნალობისა და დაკვირვების რეკომენდაცია. 2023 წლის დეკემბერში კი, ვითარება გართულდა და 05 დეკემბრიდან ბიულეტენი გაიხსნა. შესაბამისად, 2023 წლის 20 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადება შეუძლებელი იყო.

8.2. კასატორი არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, კასატორის წარმომადგენელ ე.ტ–ს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით ეცნობა სხდომის თაობაზე. კასატორის განმარტებით, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტი, კერძოდ ე.ტ–ს, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არასრულწლოვან დაზე ზრუნვის მიზეზით, ხშირად უწევდა სამსახურიდან გათავისუფლება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა დამძიმდა. ის დადის ფსიქოლოგთან და სასამართლოს მიერ სხდომის თაობაზე შეტყობინების დღესაც - 2023 წლის 24 ოქტომბერს, 13:00-15:00 საათებში, იმყოფებოდა ფსიქოლოგთან და ვერ იხსენებს სასამართლოდან განხორციელებულ ზარს. სასამართლომ კი აღნიშნული აუდიოჩანაწერი არ მოიკვლია პროცესზე და მხოლოდ განმარტა, რომ ზარი ნამდვილად იყო განხორციელებული. ამასთან, კასატორის განმარტებით, როცა საკითხი დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობასთან და საქმეში წარმოდგენილია ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და საუბარია კასატორის წარმომადგენლის მხრიდან ქმედების შეუძლებლობაზე, სასამართლოს მითითება, რომ მას უნდა შეეწყვიტა საუბარი და გადაემისამართებინა სხვა წარმომადგენელთან, გაუმართლებელია და სასამართლოს მხრიდან არასწორ შეფასებასა და არაგულისხმიერებაზე მეტყველებს.

8.3. კასატორის მითითებით, ვინაიდან ის პროცესში მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის შეცდომამ არ უნდა ხელყოს უფლება სამართლიან სასამართლოზე. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველ ინსტანციაში დავა მის სასარგებლოდ დამთავრდა, მხარის გამოუცხადებლობა უპირობოდ არ უნდა ჩათვლილიყო იმ ფაქტის პრეზუმფციად, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი საქმისადმი. ამ ნაწილში სასამართლომ არ შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლის ქმედება შეფასებულიყო უპასუხისმგებლოდ.

8.4. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებებსაც, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე, იმ მიზეზით, რომ კასატორი კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი არ იმყოფებოდა საქართველოში, კასატორის სურვილი კი იყო განხილვა არ წარემართა იმ წარმომადგენელს, რომლის მონაწილეობითაც მიიღო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, სხდომის კვლავ გადადება რომ გახდა საჭირო, კასატორის შუამდგომლობა არც მაშინ არ გაითვალისწინა სასამართლომ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

12. მსგავსი პრინციპით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (სუსგ №ას-920-2019, 27.11.2019წ.).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №121-117-2016). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელების, მხარეთა მოქმედების/უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობის დონის ამაღლების დამატებით გარანტიას (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ.632).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-738-2019, 19.12.2019წ.).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

16. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამრიგად, „სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის №ას-652-2021 განჩინება). ამასთან, საგულისხმოა, რომ „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს“ (სუსგ. 09.12.2013 №ას-1037-991-2013). 17. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 20 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ნ.ვ.დ–ვა“. აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

18. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლებით, რომ მისი წარმომადგენელი საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ამასთან, იგი სასამართლოს სხდომაზე მიწვეული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორის მითითებით, კომპანიის წარმომადგენელი ვერ იხსენებს სატელეფონო შეტყობინებით მისთვის უწყების ჩაბარების ფაქტს.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

20. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან და მის შინაარსთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლითაც განმარტებულია საკანონმდებლო დანაწესი, რომ მხარის ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დოკუმენტით, რომელიც „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციას. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-749-749-2018, 23 იანვარი 2019 წელი; №ას-874-2019, 04 ივლისი, 2019 წელი).

21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარემ ვერ წარადგინა სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

22. ვინაიდან დავა უკავშირდება იურიდიული პირის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობით მხარისათვის არასასურველი შედეგის დადგომას, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე. (შდრ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018).

23. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას - 678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016).

24. აქვე პალატა ხაზს გაუსვამს იმ გარემოებასაც, რომ ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება. საკასაციო საჩივრის ავტორს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით (მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ სხვა წარმომადგენელიც ჰყავს კასატორს) ან ეცნობებინა სასამართლოსთვის მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო მიზეზის თაობაზე (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.). ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (სუსგ Nას-152-148-2016, 03.06.2016 წ.; სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ., სუსგ Nას-274-2021, 07.07.2021წ.).

25. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ კასატორი სათანადო წესით არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო მოხელე 2023 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელ ე.ტ–ს დაუკავშირდა და აცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 20 ნოემბერს 13:40 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ ტომი 2, ს.ფ. 54). აქტით დადგენილი ინფორმაციის ნამდვილობის გამაქარწყლებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდება დამსაქმებლის თანამშრომლის, ე.ტ–ის, განმარტება, რომ ვერ იხსენებს სასამართლო მოხელესთან საუბრის ფაქტს და, შესაბამისად, შეტყობინების შინაარსს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ შეიცავს ჯანმრთელობის იმგვარ პრობლემაზე მითითებას, რაც შეუძლებელს გახდიდა მოპასუხის ინფორმირებულობას.

26. რაც შეეხება სარჩელის იურიდიული დასაბუთებულობის ნაწილს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამ განჩინებაში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას სწორედ მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში დამტკიცებულად მიიჩნევა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, და თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ იკვლევს და არ აფასებს საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, არც მოპასუხის შესაგებელს. მოპასუხის გამოუცხადებლობა ქმნის პრეზუმფციას, რომ იგი სადავოდ არ ხდის (არ ედავება) სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სწორედ ეს ვარაუდი განაპირობებს იმას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა. 27. როგორც აღინიშნა, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ასევე ის, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული და, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319.1, 327.1, 327.2, 799.1 მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

28. აქვე სასამართლო უთითებს, რომ სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. თუ მოპასუხეს სურს შეჯიბრებითობის ფარგლებში დავის არსებით განხილვაში, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება, იგი (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად. იმისათვის, რომ სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საკმარისია, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას (სუსგ №ას-1834-2019, 27.04.2020წ.).

29. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

31. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. ,,ნ.ვ.დ–ვა’’-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილ