საქმე №ას-1546-2023
23 იანვარი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,მ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ქ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი - მიუღებელი დივიდენდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ.ქ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს ,,მ–ა“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ, მიუღებელი დივიდენდის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,მ“-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2021 წლის მიუღებელი დივიდენდის სახით - 7125 ლარის გადახდა; მოპასუხე, შპს ,,მ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისი 2022 წლის გასაცემი დივიდენდის 30%-ის გადახდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ მე-2 პუნქტი და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხე შპს „მ“-ს მ.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის მიუღებელი დივიდენდი 10 800 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში (2020 წლის დივიდენდის ნაწილში) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო პალატამ მიუთითა „მეწარმეთა კანონის“ 145-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებზე და განმარტა, რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მომენტში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორია. დივიდენდი პარტნიორებზე უნდა განაწილდეს დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან წესდებით ან ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვეს. თუ დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ გადაწყვეტილებაში თარიღი მითითებული არ არის, დივიდენდის განაწილების თარიღად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი. დივიდენდი მის განაწილებამდე არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულება. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის მიერ მიკუთვნებული დივიდენდის ოდენობას და კომპანიის შემოსავლების, ასევე პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვს მისი წილის პროპორციულად მიღებული შემოსავლის განაწილებას.
4.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა დივიდენდის ოდენობის განსაზღვრასა და საერთო კრების გადაწყვეტილების დისკრეციასთან მიმართებით და განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კომპანიის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1500 აშშ დოლარს (საიჯარო ქირა), რაც მოიცავს მოგების გადასახადის - 15%-ს და დივიდენდის - 5%-ს, ჯამში 20%, რაც შეადგენს 300 აშშ დოლარს, შესაბამისად კომპანიის წმინდა მოგება ყოველთვიურად შეადგენს 1200 აშშ დოლარს, რაც არის ფაქტობრივად დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხა, რომლის 30% (მოსარჩელისათვის მისაკუთვნებელი თანხა) არის - 360 აშშ დოლარი, რაც ერთ წელზე შეადგენს - 4320 დოლარს (ეროვნულ ვალუტაში - 10 800 ლარი, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად დაანგარიშდა მინიმალური - 2.5 აშშ დოლარის კურსით).
4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კომპანიამ ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები სხვა დამატებითი ხარჯების არსებობასა და შესაბამისად, ნაკლები ოდენობით დივიდენდის განაწილებასთან მიმართებით, რაც გამორიცხავს პარტნიორთა თვითნებობას საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ კონკრეტული პარტნიორისათვის მისაცემი დივიდენდის ოდენობა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია კუთვნილი წილის პროპორციულ ოდენობასთან. მოპასუხეებს ასევე არ მიუთითებიათ სხვა პარტნიორთა მიერ კონკრეტული კალენდარული წლისათვის მიღებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც შესაძლოა შედარებულიყო მოსარჩელისათვის გასანაწილებელ დივიდენდის ოდენობასთან, შესაბამისად დაუშვებელია პარტნიორთა კრების თვითნებობა არათანაბრად (წილების პროპორციის დარღვევის პრინციპით) მოახდინოს მიღებული შემოსავლის მეწილეთა შორის განაწილება.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ–ამ’’, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
5.2 კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოცემის დროს გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ: მ.ქ–ი ითხოვდა მიუღებელი დივიდენდის სახით - 42 546,46 ლარი შპს „მ–აზე“ დაკისრებას, რაც მოიცავდა 2020, 2021 და 2022 წლების დივიდენდს. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია 2021 წლის დივიდენდი 7124,27 ლარის ოდენობით, რომლის გაცემაც პარტნიორთა კრების ოქმით შეჩერებული იყო, ხოლო მომჩივანს დივიდენდის ამ ოდენობაზე პრეტენზია არ განუცხადებია, არც დივიდენდის განაწილების შესახებ პარტნიორთა კრების ოქმი გაუსაჩივრებია, მაშინ, როცა ამ კრებას თავად მ.ქ–ი ესწრებოდა, რაც პირადად დაადასტურა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ძირითადად იხელმძღვანელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის N212127-21 გადაწყვეტილებითა და 2018 წლის 14 ნოემბრის შპს „მ–ას დამფუძნებელთა კრების ოქმით, რომლებიც არასწორად განმარტა და საკუთარი ინტერპრეტაციით შეაფასა, კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.3 პუნქტში მითითებული 2018 წლის 14 ნოემბრის შპს „მ–ას“ დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომელიც ითვალისწინებდა იჯარის ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლიდან 1500 აშშ დოლარის თითოეულ პარტნიორზე შესაბამისი წილის პროპორციულად განაწილებას, შპს „მ–ის” წესდების მე-12 მუხლით განსაზღვრული მოგების განაწილების წესის თანახმად: „თანხა, რომელიც მიიღება საზოგადოების შემოსავლიდან სახელმწიფო ბიუჯეტთან, ბანკთან და სხვა დაწესებულებებთან ანგარიშსწორებისათვის განკუთვნილი თანხების, აგრეთვე საზოგადოების ფონების შესაქმნელად და შესავსებად განკუთვნილი თანხების გამოკლებით, ნაწილდება პარტნიორთა შორის საწესდებო კაპიტალში მათი წილის პროპორციულად“.
5.3 კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, ჩვეულებრივი არითმეტიკული გამოანგარიშებით დაადგინა დივიდენდის ოდენობა, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევას.
5.4 კასატორის განმარტებით, საწარმოში მოგების განაწილების მიზნით უნდა არსებობდეს ორი კუმულატიური პირობა, კერძოდ, მოგება და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში მოგების არსებობა, უპირობოდ მისი დივიდენდის სახით განაწილებას არ გულისხმობს. დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე, ნება, რომელიც პარტნიორთა კრების ოქმის სახით დგება, რომელსაც პარტნიორები ხელს აწერენ და ამით ეთანხმებიან დივიდენდის ოდენობას, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალა. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილებაზე. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება კი უნდა შეასრულოს საზოგადოებამ. აღნიშნული საკითხი მართლაც პარტნიორთა კრების გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს წლიური მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შპს-ს პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც გულისხმობს დივიდენდის გაცემა-გაუცემლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო პალატის მითითებით, სასამართლო პარტნიორთა კრების დისკრეციის ფარგლებში შეიძლება შეიჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე უთითებს, კერძოდ, მოსარჩელე პარტნიორი სარჩელში უნდა უთითებდეს ისეთ გარემოებაზე, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედების, მოტყუების ან პირადი დაინტერესების ვარაუდის საფუძველს. სააპელაციო სასამართლო ისე შეიჭრა პარტნიორთა კრების უფლებამოსილებაში, ანუ შეცვალა დივიდენდის ოდენობა, რომ საკასაციო პალატის მიერ მითითებული ფაქტორები არ შეუმოწმებია, მაშინ, როცა მ.ქ–მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ესწრებოდა 29.09.2022წ. პარტნიორთა კრებას, რომელიც იხილავდა დივიდენდის განაწილების საკითხს და პრეტენზია არ გამოუთქვამს დივიდენდის ოდენობის თაობაზე.
5.5 სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების 3.2 პუნქტში უთითებს, რომ „სასამართლომ არასწორად განმარტა ის გარემოება, რომ ის არ შედის დივიდენდების ოდენობის განსაზღვრის დავაში. დივიდენდი არის კონკრეტულად დადგენილი თანხა, რომელიც გაიცემა დამფუძნებელ პარტნიორზე და თუ რაიმე სახის დაკავება უნდა მოხდეს აღნიშნული დივიდენდიდან, (მაგ. ხარჯების ნაწილში) ეს უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით, რაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია არითმეტიკულად გადაიანგარიშოს დივიდენდის ოდენობა და დააკისროს მოწინააღმდეგე მხარეს ანუ იმას ვისაც ევალება დივიდენდის გაცემა კონკრეტული პარტნიორისათვის“.
5.6 სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინტერპრეტაციით შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტება, პირადად გამოიანგარიშა დივიდენდის ოდენობა, იმ მოტივით, რომ შპს „მ–ას“ თითქოსდა არ წარუდგენია მტკიცებულება, მაშინ, როცა წარდგენილი იყო საბანკო ამონაწერი, სადაც სრულად არის ასახული ორგანიზაციის შემოსავალი და ხარჯები, აღნიშნულ დოკუმენტს ყურადღება არ მიაქცია და არითმეტიკულად გამოიანგარიშა ოდენობა, რაც დარღვევაა, რადგან შემოსავლებისა და მოგების განაწილება/დაბეგვრის საკითხს განსაზღვრავს „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, რომლის საფუძველზეც შესაბამისი სპეციალისტი - ბუღალტერი ახდენს ყველა გადასახადების გამოანგარიშებას, დეკლარირებას და წარდგენას. ამიტომ მარტო არითმეტიკული გაანგარიშებით არ ხდება გადასახადების ოდენობის განსაზღვრა, ფაქტობრივად სასამართლომ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
9.1 მოსარჩელე მ.ქ–ი არის მოპასუხე შპს ,,მ–ას’’ 30% წილის მესაკუთრე პარტნიორი.
9.1.2 2018 წლის 13 ნოემბერს შპს ,,მ–ასა’’ და სს ,,ლ.ბ–ს’’ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ათი კალენდარული წლის ვადით. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ–ამ’’ მოიჯარე სს ,,ლ.ბ–ს’’ დროებით სარგებლობაში გადასცა უძრავი ნივთი, რის სანაცვლოდ მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ყოველწლიურად გადაეხადა იჯარის თანხა, რომელიც პირველი კალენდარული წლისათვის შეადგენდა 3108 აშშ დოლარს, ხოლო შემდგომი წლებისათვის 3300 აშშ დოლარს.
9.1.3 იჯარის ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2018 წლის 14 ნოემბერს გაიმართა შპს ,,მ–ას’’ დამფუძნებელთა კრება, რომლითაც განისაზღვრა პარტნიორთა ყოველთვიური სარგებელი, კერძოდ იჯარის ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლიდან - 1500 აშშ დოლარიდან, თითოეული პარტნიორი კუთვნილი წილის პროპორციულად მიიღებდა შესაბამის თანხას.
9.1.4 მ.ქ–მა 2021 წლის 25 მაისს შპს ,,მ–ას’’ წინააღმდეგ აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა 2016-2020 წლებში მიუღებელ დივიდენდი.
9.1.5 2021 წლის 29 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე N2/12127-21) მ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე, შპს ,,მ–ას“ მოსარჩელე მ.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი დივიდენდის სახით 18737.60 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრის შემდეგ ასაღები თანხა).
9.1.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №2/12127-21 გადაწყვეტილების 3.1.5 პუნქტით დადგინდა, რომ „მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული შპს „მ–იდან“ მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 2020 წლის დივიდენდი 6590 ლარის ოდენობით“. აღნიშნული თავად მოსარჩელემ დაადასტურა 2021 წლის 13 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, ამ მოთხოვნის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
9.1.7 მ.ქ–ს არ მიუღია შპს ,,მ–ას“ მიერ 2021 წლის განაწილებული დივიდენდი, კომპანია არ უარყოფს, რომ 2021 წლის დივიდენდი, ანგარიშზე დევს, რომლის გაცემაც დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეჩერებულია, ვიდრე მ.ქ–ი არ წარადგენს 2016-2020 წლების შპს „მ–ას“ აუდიტორული შემოწმების აქტს. მ.ქ–ს ასევე არ აქვს მიღებული კომპანიისგან 2022წ. დივიდენდი.
9.1.8 2022 წლის 29 სექტემბრის პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად, მ.ქ–ის დივიდენდმა, 2021 წლის მონაცემებით შეადგინა 7124.27 ლარი, ხოლო 2022 წლის დივიდენდი შპს ,,მ–ას“ ჯერ არ გაუნაწილებია.
10. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხისთვის 2021 წლის დივიდენდის დაკისრების მართლზომიერების საკითხი. კერძოდ, არსებობს თუ არა მოპასუხე კომპანიაში განაწილებული დივიდენდის მოსარჩელისთვის შესაბამისი ოდენობით მიკუთვნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის დამოუკიდებლობის ზოგად პრინციპს და ყოველი კონკრეტული შემთხვევის რეგულირების მატერიალური საფუძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მითითებული კანონის მე-13 თავში მოცემულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მახასიათებელი სპეციალური წესები, ხოლო 127-ე მუხლით დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პარტნიორთა კრება წარმოადგენს საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელ უმთავრეს ინსტრუმენტს. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.
12. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დისპოზიციაზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სამეწარმეო საზოგადოების მოგების/ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე პარტნიორს უფლება აქვს, მიიღოს წლიური ან შუალედური დივიდენდი.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული საკითხი მოწესრიგდეს, აუცილებელია, პირველ რიგში, თავად დივიდენდის სამართლებრივი რეგულირებისა და დეფინიციის გაგება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დივიდენდი წარმოადგენს იურიდიული პირის ფინანსური მოგების ნაწილს, რომელზე უფლებაც მოპოვებულია ამ იურიდიულ პირში წილის ფლობით, შესაბამისად, მასზე „უფლება“ დაკავშირებულია პარტნიორის სტატუსთან. ამასთან, დივიდენდის მიღების უფლება რეალიზდება გარკვეული წინაპირობების დაცვით. „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. როდესაც მიიღება გადაწყვეტილება დივიდენდების განაწილებაზე, პირი აღიჭურვება კრედიტორული უფლებით, რაც საზოგადოების წინაშე პარტნიორის მოთხოვნის უფლებას განამტკიცებს (იხ. სუსგ. №ას-1063-1018-2014 08.04.2015წ.; №ას-907-2018, 27.11. 2020წ., ას-1352-2021, 18.03.2022წ.).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დივიდენდის გაცემის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როდესაც საწარმომ შეძლო მოგების მიღება. დივიდენდის მიღების უფლების განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს მიერ მოგების მიღებასა და შემდგომ პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრების საფუძველზე ამ მოგების დივიდენდის სახით გაცემაზე. აღნიშნული ორი წინაპირობა კუმულაციური ხასიათისაა და თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს დივიდენდის კანონიერად გაცემის შესაძლებლობას. თუმცა, ყველა შემთხვევაში აღნიშნული არ შეიძლება იქნეს მიჩნეული საწარმოს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებაში სასამართლოს მხრიდან ჩარევის ლეგიტიმურ საფუძვლად. ამდენად, წლიური შედეგების დამტკიცებისა თუ დივიდენდის განაწილების საკითხი საზოგადოების უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომელიც ფორმირდება საზოგადოების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით.
15. ზემოაღნიშნული პრაქტიკის სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ დივიდენდის მიღების უფლება უნდა იქნეს გამიჯნული დივიდენდის მოთხოვნის უფლებასთან, რომელიც გულისხმობს სამეურნეო წლის ფარგლებში საწარმოს უკვე დადგენილი კონკრეტული და მოგებიდან შესაბამისი ოდენობით კონკრეტული დივიდენდის მიღების უფლებას. ამ ორს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დივიდენდის მიღების უფლება წარმოიშობა მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორად გახდომის შემთხვევაში, რა დროსაც, დივიდენდის მოთხოვნის უფლება გულისხმობს კონკრეტული პერიოდისათვის საწარმოს მიერ განსაზღვრული საერთო მოგებიდან პარტნიორისთვის მისი კუთვნილი დივიდენდის მიღების შესაძლებლობას, რაც თავად საწარმოს მიერ საერთო მოგების დადგენისა და მისი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, თუ, ზოგადად, პარტნიორს აქვს წილის მიღების უფლება, მას ვერ ექნება წილის მოთხოვნის უფლება მანამ, სანამ თავად საწარმო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების მიღების შესახებ.
16. საქმეზე №ას-1141-2018, 30.11.2018წ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, „რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლება, დამოკიდებულია საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე დივიდენდის განაწილების შესახებ“. ამგვარად, საწარმოს მიერ დივიდენდის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, პარტნიორებს წარმოეშობათ საწარმოს მიმართ კრედიტორული მოთხოვნა მიიღონ შესაბამისი ოდენობის დივიდენდი. (იხ. სუსგ. Nას-1063-1018-2014, 08.04.2015; ას-75-408-09, 02.07.2009; ას-907-2018 27.11.2020).
17. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის, პირველი პუნქტის მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებას და მას პარტნიორებს წარუდგენს. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორებს დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებასთან ერთად წარუდგინოს განცხადება საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ეს საზოგადოება შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით პარტნიორები იღებენ ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების შესაბამის ან მისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ.
18. ამდენად, უდავოა, რომ, დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციაა, რაც გულისხმობს გასანაწილებელი მოგების ოდენობის განსაზღვრის დისკრეციასაც და ამ გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლო უნდა შეიჭრას, თუ უფლებამოსილ პირთა მხრიდან ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, პარტნიორის უფლებების განზრახ უგულებელყოფას ან დისკრეციის ბოროტად გამოყენებას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა (სკ-ის 50-ე მუხლი), რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ (იხ.სუსგ. საქმე №ას-1141-2018, 30.11.2018წ.).
19. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის, მე-3 პუნქტის მიხედვით დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მომენტში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორია.
20. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მ.ქ–ი არის მოპასუხე, შპს ,,მ–ას’’ დამფუძნებელი პარტნიორი და აღნიშნულ კომპანიაში გააჩნია 30% წილი. აღსანიშნავია, რომ საზოგადოება 2010 წლიდან, მიმდინარე მდგომარეობით აღნიშნულ საქმიანობას აღარ ახორციელებს და მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს საზოგადოების საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან მიღებული თანხა.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს 2022 წლის 29 სექტემბრის შპს „მ–ას“ მონაწილეთა კრების ოქმზე, რომლის მიხედვითაც მ.ქ–ს, როგორც შპს „მ–ას“ 30%-იანი წილის მესაკუთრეს, 2021 წლის დივიდენდი გაუნაწილდა 7124.278 ლარის ოდენობით. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კრების ოქმი მ.ქ–ის მიერ შედავებული არ ყოფილა.
22. საკასაციო პალატის დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც კომპანიის მართვის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით (შპს-ს პარტნიორთა კრების ოქმი) დივიდენდი უკვე განაწილებული და განსაზღვრულია, მოპასუხე ვალდებულია გასცეს პარტნიორზე შესაბამისი დივიდენდი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს 2021 წლის განაწილებული დივიდენდი 7124.27 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სადავო გარემოებებთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ საქმეზე არ დასტურდება კომპანიის მხრიდან, დივიდენდის განაწილებისას, უფლებამოსილების არამართლზომიერად გამოყენება, პარტნიორის უფლების განზრახი უგულებელყოფა ან დისკრეციის ბოროტად გამოყენება, რაც გაამართლებდა სასამართლოს მხრიდან პარტნიორთა გადაწყვეტილების დისკრეციაში შეჭრას. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოსარჩელე ესწრებოდა იმ პარტნიორთა კრებას, რომელმაც გადაწყვიტა სადავო წლიური დივიდენდის განაწილების საკითხი და მას არ გაუსაჩივრებია აღნიშნული გადაწყვეტილება.
23. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, 2020-2021-2022წწ. ფინანსური ანგარიშგების შესახებ აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია შპს „ბ.ა–ის“ მიერ შედგენილი დასკვნის საკასაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ახალი მტკიცებულებები. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2020-2021-2022წწ. ფინანსური ანგარიშგების შესახებ აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია შპს „ბ.ა–ის“ მიერ შედგენილი დასკვნა) მთლიანობაში „22“ ფურცლად (ს.ფ. 239-260) (იხ.სუსგ. საქმე №ას-29-2024, 07.11.2024წ).
24. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
26. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მოპასუხისათვის 2021 წლის დივიდენდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მ.ქ–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს ,,მ–ას“, მ.ქ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, 2021 წლის მიუღებელი დივიდენდის სახით, 7125 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი;
27. პროცესის ხარჯები:
სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურების მიზნით, შპს ,,მ–ას“, მ.ქ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 498,75 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ–ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს მოპასუხისათვის 2021 წლის დივიდენდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ,,მ–ას“, მ.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს, 2021 წლის მიუღებელი დივიდენდის სახით, 7125 ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. შპს ,,მ–ას“, მ.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 498,75 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი