საქმე №ას-678-2024
28 თებერვალი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“,) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „ბ“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“,) მიმართ, პირგასამტეხლოს 9 999.95 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 2 000 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უნიფორმების საბოლოო მიწოდება დაგვიანებულია, ვალდებულების შესრულება მაინც ხორციელდებოდა პერმანენტულად. შესაბამისად, დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ბ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ბ–ს“ დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 5 000 ლარის გადახდა; შპს „ბ–ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის სახით 90 ლარის გადახდა.
3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 28.07.2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ბ–“-ს შორის გაფორმდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N107, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოსარჩელისათვის, მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმა. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 199 999 ლარი. პროდუქტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად;
4.2.2 ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10 % ოდენობით.
4.3 განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ხარისხზე, კერძოდ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ შპს „ბ“-ს 2021 წლის 28 ივლისის ხელშეკრულებიდან ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2 ეტაპად, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. პირველი მოთხოვნა მოპასუხეს წარედგინა 2021 წლის 28 ივლისს და შესაბამისად, მისი შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2021 წლის 27 აგვისტო. თუმცა, ვალდებულება შპს „ბ“-ს მიერ შესრულდა 2021 წლის 22 სექტემბერს (26 დღის დაგვიანებით). მეორე წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს წარედგინა 2021 წლის 6 სექტემბერს, შესაბამისად, მისი შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა - 2021 წლის 6 ოქტომბერი. საქმის მასალებით იკვეთება, რომ საბოლოოდ ვალდებულება შესრულდა 2021 წლის 30 ოქტომბერს (24 დღის დაგვიანებით).
4.4 აღნიშნული მონაცემებიდან დგინდება, რომ მიმწოდებელს ნასყიდობის საგნის უმრავლესი ნაწილი, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, არ აქვს მიწოდებული. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მისაწოდებელ საქონელს წარმოადგენდა მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმა. შესაბამისად, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციებისა და სპეციფიკის, ასევე ნასყიდობის ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი და რაც მთავარია დროული შესრულების მიმართ არსებობდა მნიშვნელოვანი ინტერესი, რაც თავის მხრივ აისახება მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე. მეორეს მხრივ პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბოლოოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა შეასრულა სრულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე პოზიცია, შესრულების ვადის გადაცილების შედეგად დამდგარი ზიანის, ან მიღებული შესრულების ნაკლოვანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის პროდუქცია სრულად, თუმცა ვადაგადაცილებით.
4.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით და მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, - 5 000 ლარის ოდენობით, შეესაბამება ვალდებულების დარღვევის ხასიათსა და ხარისხს და არ არსებობს მისი კიდევ უფრო გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, სასამართლო ცალსახად დაეყრდნო მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თაობაზე ისე, რომ მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 28 ივლისს მხარებს შორის გაფორმებული, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებდა კონკრეტულ ვალდებულებებს.
11. 28.07.2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ბ“-ს შორის გაფორმდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N107, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოსარჩელისათვის, მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმა. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 199 999 ლარი. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10 % ოდენობით.
12. უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან 2021 წლის 28 ივლისს გაფორმებული N107 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2 ეტაპად, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. პირველი მოთხოვნა მოპასუხეს წარედგინა, 2021 წლის 28 ივლისს და შესაბამისად, მისი შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2021 წლის 27 აგვისტო. თუმცა, ვალდებულება შპს „ბ“-ს მიერ შესრულდა 2021 წლის 22 სექტემბერს (26 დღის დაგვიანებით). მეორე წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს წარედგინა, 2021 წლის 6 სექტემბერს, შესაბამისად, მისი შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა - 2021 წლის 6 ოქტომბერი. საქმის მასალებით იკვეთება, რომ საბოლოოდ ვალდებულება შესრულდა 2021 წლის 30 ოქტომბერს (24 დღის დაგვიანებით).
13. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ-ებს: N ას-1079-2019, 30.09.2019წ.; N ას-672-2021 23.09.2021წ.; Nას-1194.2022, 8.06.2023წ.; N ას-480-2023 20.09.2023წ.; N ას-328-2023, 20.06.2023წ.; N ას-553-2023 28.09.2023წ.).
15. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ (სუსგ. N ას-237-2019, 17.05.2019წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობა. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10 % ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამცირა და განსაზღვრა 5000 ლარით. ხოლო სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს: N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
20. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;
22. ამგვარად, საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.
23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ძირითად აქცენტს აკეთებს მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დადასტურებული ჰქონდა თანხმობა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულის გამო, კრედიტორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას.
24. კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო პალატა განმარტავს - სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა შეასრულა ვადაგადაცილებით, მაგრამ სრულად. კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე პოზიცია, შესრულების ვადის გადაცილების შედეგად დამდგარი ზიანის, ან მიღებული შესრულების ნაკლოვანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრული ოდენობა 5000 ლარი, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და საპირწონეა და გონივრულ ოდენობამდეა შემცირებული.
25. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია, როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრული ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი