Facebook Twitter

საქმე №ას-90-2025 10 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.შ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე ქ.ქ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ.შ–იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.შ–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ........ მდებარე სს „თ.ბ–ის“ საკუთრებად რეგისტრირებული ბინა N20, საკადასტრო კოდი N.......... და ეს უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა სს „თ.ბ–ს.“ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.შ–იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ლ.შ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.შ–იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით ლ.შ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. აღნიშნული განჩინება და ლ.შ–იას საკასაციო საჩივარი გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე სს „თ.ბ–ს.“

სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა თ.ნ–მა საკასაციო შესაგებლით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ დღეის მდგომარეობით სადავო უძრავი ქონება აღარ წარმოადგენს სს „თ.ბ–ის“ საკუთრებას და იგი ამ დროისათვის ქ.ქ–იას საკუთრებაშია.

2025 წლის 2 აპრილს ლ.შ–იასა და ქ.ქ–იას წარმომადგენელმა მ.თ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ქეთევან ქებუარიას სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.

2025 წლის 3 აპრილს ქეთევან ქებუარიას წარმომადგენელმა მ.თ–ამ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სარჩელზე უარის თქმის გამო, ხოლო ლ.შ–ია დაეთანხმა ქ.ქ–იას შაუმდგომლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ქ.ქ–იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. (სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე; გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე).

საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლება მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის დასრულების შემდეგ მოსარჩელე სს „თ.ბ–მა“ გაასხვისა სადავო უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ ქ.თბილისში, .........., მე-8 სართულზე მდებარე ბინა 20, ბლოკი IV, საკადასტრო კოდი N........., დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ქ.ქ–იას საკუთრებას.

საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება საკმარისი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, ქ.ქ–ია ცნოს სს თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას იხელმძღვანელოს საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმითაც, რომელიც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის თავში მდებარეობს, თუმცა არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვისათვის დადგენილ წესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად განაცხადოს უარი თავის სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორ ლ.შ–იას სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე, 273, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ქ–იას შუამდგომლობა მისი სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობისა და სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას ქ.ქ–ია.

3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე ქ.ქ–იას სარჩელის გამო ლ.შ–იას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

5. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

6. კასატორ ლ.შ–იას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.თ–ას მიერ 2025 წლის 10 თებერვლის N5994 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარი.

7. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი