13 მარტი, 2025 წელი,
საქმე №ას-1259-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ა. და ნ. ს–ები (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ.ბ.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - საწესდებო კაპიტალის წილის მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. და ნ. ს–ები (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, აპელანტები ან კასატორები), ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სს „ვ.ბ.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან საზოგადოება) წინააღმდეგ საწესდებო კაპიტალის წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორების მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით. კასატორების მტკიცებით, მ.ს–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი ან მოსარჩელეების დედა) სოლიდური მოცულობის შენატანი უცხოურ ვალუტაში განახორციელა, რომლის შედეგად 18% და 18 ხმის უფლება მიიღო, თუმცა საბოლოოდ თანხა კუპონში აისახა რაც მხარის საკუთრების უფლების დარღვევას წარმოადგენს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ყოფილი სსრ კავშირის შემნახველი ბანკის ბაზაზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო-კომერციული „შემნახველი ბანკი’’ შეიქმნა (იხ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 15 ნოემბრის N856 დადგენილება), რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1992 წლის 31 ივლისს დაარეგისტრირა.
4.3.1. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო-კომერციული „შემნახველი ბანკი’’, „საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად’’გარდაიქმნა (იხ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 მარტის N85 ბრძანებულება).
4.3.2. შპს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკი „ა.ქ.ბ–ად’’ გარდაიქმნა (იხ.1994 წლის 12 ივლისის საერთო კრების გადაწყვეტილება), რომელიც ეროვნულმა ბანკმა 1994 წლის 10 აგვისტოს დაარეგისტრირა.
4.3.3. „ს–კი’’, „ი–კი’’ და ს.კ.ბ–ი „ა.ქ.ბ–კი’’ ერთმანეთს შეერწყა (იხ. საქართველოს რესპუბლიკის სააქციო კომერციული ბანკების - „ს–ის’’, „ი–ის’’ და საპაიო კომერციულ ბანკი „ა.ქ. ბ–ის’’ 1995 წლის 7 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილება და 1995 წლის 21 მარტის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის N71 ბრძანებულება) და სააქციო საზოგადოება „გ.ქ.ბ–ი" შეიქმნა. რომელიც თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 19 მაისს 03/5-1 ნომრით დარეგისტრირდა.
4.3.4. მოპასუხე ზემოთ მითითებული ბანკების სამართალმემკვიდრეა (იხ.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 დეკემბრის N100 ბრძანება).
4.4. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 25 მარტის N85 ბრძანებულებით, მიღებული იქნა საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის წინადადება მისი საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნის შესახებ.
4.4.1. დადგინდა, რომ შემნახველი ბანკი სპეციალიზებული საპაიო ბანკია, რომელიც მოსახლეობის ფულადი სახსრების მოზიდვის, მათი განთავსებისა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა ოპერაციებს ახორციელებდა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მისი მონაწილეობის საპაიო წილი იმ ძირითადი საშუალებების ღირებულებით და სხვა აქტივებით განისაზღვრა, რომლებიც საზოგადოების შექმნის მომენტისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ბალანსზე ირიცხებოდა, ფასების კოეფიციენტის გათვალისწინებით.
ამავე ბრძანებულებით დადგინდა, რომ საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები, საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეები შეიძლება გამხდარიყვნენ ნებაყოფლობით.
საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები ნებაყოფლობით, შეიძლება გამხდარიყვნენ საქართველოს სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის შრომითი კოლექტივის წევრებიც, აგრეთვე იურიდიული პირები, რომლებიც ამავე დროს იყვნენ ბანკის კლიენტები.
საპაიო კომერციული ბანკი, საქართვლოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკისა და მისი დაწესებულებების სამართალმემკვიდრე გახდა. ყოფილი სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ბალანსზე რიცხული აქტივები და პასივები 1994 წლის მონაცემებით, ახლად დაფუძნებულ საპაიო შემნახველ ბანკს გადაეცა. საქართველოს რეპუბლიკის ეროვნულ ბანკს დაევალა ახლად დაფუძნებული საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის რეგისტრაცია უზრუნველეყო და საბანკო ოპერაციების/მათ შორის უცხოურ ვალუტაში წარმოებაზე ლიცენზიები გაეცა.
4.5. შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ 1994 წლის 12 ივლისის დამფუძნებელთა კრებას, ბანკის დამფუძნებლები და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, ჯამურად - 376 კაცი ესწრებოდა, ხმების საერთო რაოდენობამ - 734846 შეადგინა.
დამტკიცდა შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ წესდება (იხ. შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ დამფუძნებელთა საერთო კრების 1994 წლის 12 ივლისის დადგენილება), რომლის მიხედვით:
ბანკი შეიქმნა დამფუძნებელთა ხელშეკრულების საფუძველზე, „საქართველოს რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ’’ კანონისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 მარტის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის რეორგანიზაციის შედეგად.
დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, მათ შორის აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროები; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეები; ბანკის თანამშრომლები; იურიდიული პირები.
დადგინდა, რომ ბანკი საპაიო შენატანების ხარჯზე იქმნებოდა და საწესდებო კაპიტალის ფორმირებაში უპირატესობა იმ მეანაბრეებს ენიჭებოდათ, რომლებსაც ანაბარი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკში 1993 წლის 1 აპრილამდე ჰქონდათ გახსნილი.
საქმიანობის მიზანს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ფულადი სახსრების მოზიდვა წარმოადგენდა, მათი განთავსება დაბრუნებადობის, ფასიანობის და ვადიანობის პირობით მეანაბრეების, კლიენტებისა და ბანკის ინტერესების სასარგებლოდ.
საწესდებო კაპიტალი ბანკის დამფუძნებელთა მიერ შემოტანილი სახსრების (პაი) ხარჯზე იქმნებოდა და 700000000000 კუპონს შეადგენდა. საწესდებო კაპიტალის ზრდა დამფუძნებლებთან შეთანხმებით დამატებითი საპაიო შენატანით, ახალი მეპაიეების მოზიდვის საშუალებით, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გავრცელებითა და წლიური მოგებიდან შესაბამისი ანარიცხებით ხდებოდა.
ბანკს შეეძლო საბანკო ოპერაციები ჩაეტარებინა როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზიით. დამფუძნებელს უფლება ჰქონდა საწესდებო ფონდში შეტანილი წილის პროპორციული ხმის უფლებით მონაწილეობა მიეღო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც დამფუძნებლების საერთო კრებაზე განიხილებოდა.
შპს საპაიო კომერციული ბანკი „ა.ქ.ბ–ის’’ 1994 წლის 20 აპრილი - 12 ივლისის დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე დამფუძნებელთა ხელმოწერები დანართის სახით შესრულდა, რომლიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელმოწერით, ხელშეკრულების დანართზე დაფუძნების დღისათვის საპაიო წილის შეტანისა და საწესდებო ფონდში თანხის გადარიცხვის ფაქტი დასტურდებოდა.
4.6. საქართველოს კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეთა სოციალური დაცვის მიზნით, მოქალაქეთა ანაბრების გაუფასურების ნაწილობრივი კომპენსაციისთვის საპაიო - კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში, სახელმწიფო წილის ნახევარი თანხა მეანაბრეებზე გადანაწილდა (იხ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის N181 ბრძანებულება).
თანხა იმ მეანაბრეებზე გადანაწილდა, რომლებიც 1993 წლის 1 აპრილის მონაცემებით და ბრძანებულების მიღების დროს, მეანაბრეები იყვნენ და ნებაყოფლობით, საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის დამფუძნებლები გახდებოდნენ. განაწილების პრინციპს შემნახველი ბანკის ხელმძღვანელობა განსაზღვრავდა.
საქართველოს კომერციულ შემნახველ ბანკს, სახელმწიფო ქონების ღირებულება - 1994 წლის 1 იანვრის მონაცემებით უნდა განესაზღვრა, ხოლო მეანაბრეთა საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეებად გაწევრიანება - 1994 წლის 1 ივლისისათვის უნდა დასრულებულიყო.
4.7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 6 ივლისის N426 დადგენილებით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის N181 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული ბანკის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების ოდენობა - 161245942.3 კუპონით, საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების წილი - 80622971150 კუპონით განისაზღვრა. დადგინდა მისი თანაბრად გადანაწილება იმ მეანაბრეებზე, რომლებიც გახდნენ საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები.
4.8. ერთი მეპაიის მიერ სხვადასხვა ბანკიდან საწესდებო ფონდში ჩარიცხულ საპაიო თანხას, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულების თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს წილი ემატებოდა, რომლიც მეპაიის მოწმობაში აისახებოდა (იხ.შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ საპაიო ფონდში ჩარიცხული თანხების ოპერაციებისა და მეპაიეებზე მეპაიის მოწმობის გაცემის წესის მე-5 პუნქტი). გაანგარიშების თანახმად, სახელმწიფოს წილი თითოეულ მეპაიეზე - 600000 კუპონით დადგინდა. სახელმწიფოს ფონდში ჩარიცხული ყოველი 600000 კუპონი, მეპაიეს 1 ხმის მიღების უფლებას აძლევდა. ჩარიცხულ თანხას სახელმწიფოს წილით განსაზღვრული თანხა ემატებოდა და მათი ჯამი სახელმწიფოს წილით დადგენილ თანხაზე იყოფოდა, შემდეგ კი, რიცხვების დამრგვალების მათემატიკური პრინციპი მოქმედებდა.
ამავე წესის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბანკის თანამშრომლებზე, რომლებსაც 10 მილიონამდე თანხის საწესდებო ფონდში ჩარიცხვის უფლება მიეცათ, სახელმწიფოს წილი არ განაწილდებოდა. სახელმწიფოს წილი მათზე ნაწილდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1993 წლის 1 აპრილამდე ანაბარზე გააჩნდათ თანხა და ითვლებოდნენ მეანაბრე- მეპაიედ.
თანამშრომელ მეპაიეებზე, რომლებმაც 10 მილიონამდე ნებადართული და ანაბარზე არსებული თანხები ჩარიცხეს სახელმწიფო ფონდში, მხოლოდ ერთი მოწმობა გაიცემოდა და მასში ხდებოდა აღნიშნული თანხების, მათ შორის, სახელმწიფოს წილის, გაერთიანება. თუ ბანკის თანამშრომელი იყო მეანაბრე და ანაბრიდან საწესდებო ფონდში განხორციელებული იყო ანაბრის თანხის ჩარიცხვა, თანხას ემატებოდა სახელმწიფოს წილით განსაზღვრული თანხა და საწესდებო ფონდში ჩასარიცხი ნებადართული 10 მილიონამდე კუპონი, ხოლო მათი ჯამი იყოფოდა სახელმწიფოს წილით დადგენილ თანხაზე. შემდეგ, კი მოქმედებდა რიცხვების დამრგვალების მათემატიკური პრინციპი. მეპაიეთა სიების დაზუსტების შემდეგ, თითოეულ მეპაიეზე სახელმწიფო წილი - 730561 კუპონამდე გაიზარდა.
4.9. მოსარჩელეების დედა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის, თელავის განყოფილების თანამშრომელი იყო.
1994 წლის 26 აპრილს, მამკვიდრებელმა ბანკის მეპაიედ გახდომის სურვილით, განცხადებით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკს, 1971 წლის 2 დეკემბერს გაცემული მეანაბრის N6868 წიგნაკი წარადგინა და ანაბრის ნაშთზე არსებული თანხიდან - 11700 კუპონის საქართველოს საპაიო კომერციულ შემნახველი ბანკის საწესდებო ფონდში, მის სახელზე გადარიცხვა ითხოვა.
მამკვიდრებელმა, როგორც შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ დამფუძნებელმა, სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 მარტის ბრძანებულების საფუძველზე იკისრა ვალდებულება, გაცხადებული საპაიო წილი - 10000000 კუპონი, საიდანაც შეტანილი იყო 3000000 კუპონი, შეეტანა ბანკის საწესდებო ფონდში 1994 წლის 1 აგვისტომდე. რაც შესაბამის განცხადებასა და ბანკის დაფუძნების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა.
4.10. მამკვიდრებელმა საპაიო შენატანი სრულად კუპონებში შეიტანა.
1995 წლის 12 ივნისის მონაცემებით, მამკვიდრებლის საპაიო თანხა - 10611700 კუპონს შეადგენდა, რომელიც მეპაიის მიერ შეტანილ - 10011700 კუპონსა და სახელმწიფოს მიერ დარიცხულ 600000 კუპონს შეადგენდა, ხმათა რაოდენობა შეადგენდა - თვრამეტს (საპაიო-კომერციული ბანკი „ა.ქ.ბ–ის’’ N5500025 მოწმობა).
საბოლოოდ, მამკვიდრებლის საპაიო თანხამ - 10742261 კუპონი შეადგინა, საიდანაც - 10011700 კუპონი მეპაიის შეტანილია, ხოლო - 730561 კუპონი, სახელმწიფოს მიერ დარიცხული თანხაა, რაც - 19.43 აშშ დოლარია.
4.11. „ი–ის’’ აქციონერთა საბჭოს თავმჯდომარემ, „ს–ის’’ პრეზიდენტმა და ა.ქ.ბ–ის’’ პრეზიდენტმა სს „გ.ქ.ბ–ის’’ რეგისტრაციაში გატარების მიზნით, 1995 წლის 16 მაისს განცხადებით მიმართეს თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს.
„გ.ქ.ბ–ის’’ 1995 წლის 19 მაისის წესდების 5.1. პუნქტის შესაბამისად, საწესდებო კაპიტალი - 6000000 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც შევსებული კაპიტალი იყო - 3010550 აშშ დოლარი, ფულადი სახით - 1382971 აშშ დოლარი, არაფულადი შენატანი - 1627577 აშშ დოლარი.
სს „გ.ქ.ბ–ის’’ საწესდებო კაპიტალში შპს საპაიო კომერციული ბანკი „ა.ქ.ბ–ის’’ შენატანმა - 356449 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ქონებრივი ნაწილი იყო -169922 აშშ დოლარი და თანხობრივი ნაწილი - 186527 აშშ დოლარი.
რეგისტრაციის დროისათვის, „გ.ქ.ბ–ში“ საპაიო-კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ წილი, შევსებული კაპიტალის - 11.84 პროცენტს შეადგენდა.
4.12. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა სს „გ.ქ.ბ–ის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ბანკის საწესდებო კაპიტალის ფორმირებისათვის აცნობა, რომ 1994 წლის 6 ივლისის (ქონების შეფასების დრო) მონაცემებით 1 აშშ დოლარი 102300 კუპონს შეადგენდა, რის საფუძველზეც, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების ღირებულება - 1576206.66 აშშ დოლარია, სახელმწიფოს წილი საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში - 788103.33 აშშ დოლარია, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიე-მეანაბრეთა შორის განაწილებას ექვემდებარებოდა - 788103.33 აშშ დოლარი.
4.13. მამკვიდრებელი 2000 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოსარჩელეებმა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა - შვილებმა - სამკვიდრო მიიღეს ფაქტობრივი ფლობით. მათ 2010 წლის 30 მარტს მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
4.14. 2010 წლის 30 მარტს მოსარჩელეების სახელებზე გაიცა #100293287 ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაში შემავალ აქტივებსა და პასივებზე.
4.15. ბენეფიციარი მესაკუთრე ა.ს–ის (მემკვიდრის) სახელზე 2010 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით ირიცხებოდა სს „ვ.ბ.ჯ–იას’’ შემდეგი ფასიანი ქაღალდები: კლასი - ჩვეულებრივი, ნომინალური ღირებულება 1 ლარი, რაოდენობა - 59, პროცენტული წილი საწესდებო კაპიტალში - 0.000040 (იხ.ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, სს „კავკასრეესტრის’’ N9799 აქციათა რეესტრიდან ამონაწერი).
4.16. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, სს „კ–ის’’ N03406 ამონაწერით, 2019 წლის 30 მაისისისთვის, ბენეფიციარი მესაკუთრე ა.ს–ის სახელზე ირიცხებოდა სს „ვ.ბ.ჯ–იას’’ შემდეგი ფასიანი ქაღალდები: კლასი - ჩვეულებრივი, ნომინალური ღირებულება 1 ლარი, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა - 59, პროცენტული წილი კაპიტალში 0.000028, პროცენტული წილი განთავსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობიდან 0.000028.
4.17. 1999 წლიდან 2004 წლამდე, მამკვიდრებელზე, ხელზე გასაცემი დივიდენდის სახით დარიცხულია - 6.42 ლარი, ხოლო 2011-2012 წლებში - 4.66 ლარი; მის საანაბრე ანგარიშზე N19455 ირიცხება 0.07 ლარი.
4.18. მამკვიდრებლის საპაიო მოწმობაში მითითებული 18 ხმა, შპს საპაიო კომერციული ბანკი „ა.ქ.ბ–ის’’ საწესდებო კაპიტალის 18% არ შეესაბამება, შესაბამისად, ამ ნაწილში სამკვიდრო აქტივია ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრირებული აქციათა ოდენობა - სს ,,ვ.ბ.ჯ–იას’’ 59 აქცია.
4.19. მოსარჩელეების, როგორც მემკვიდრეების, სამკვიდრო წილი არ შეიცავს მოთხოვნის უფლებას, შპს საპაიო კომერციული ბანკი ა.ქ.ბ–ის’’ საწესდებო კაპიტალის 18%-ის პროპორციულ აქციათა რაოდენობაზე სს ,,ვ.ბ.ჯ–იაში“.
5. სსკ-ის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ადგენს, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
6. სსკ-ი 1997 წლის 25 ნოემბერს ამოქმედდა. დადგენილია, რომ მამკვიდრებელმა ბანკის მეპაიედ გახდომის სურვილი, 1994 წლის 26 აპრილს გამოთქვა, შესაბამისად, ურთიერთობა წარმოიშვა ახალი სსკ-ის ამოქმედებამდე. ამასთან, მხარეები მოქმედი სსკ-ის გამოყენებაზე არ შეთანხმებულან. ამდენად, საწესდებო კაპიტალის წილის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებული საკითხები სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი, 1964 წლის რედაქციის სსკ-ის შესაბამისი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.
7. საწესდებო კაპიტალის წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობა 1964 წლის რედაქციის სსკ-ის მე-4 (სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა გარიგებებისგან, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, აგრეთვე გარიგებებისგან, რომლებიც თუმცა არაა გათვალისწინებული კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას), მე-6 (სამოქალაქო უფლებების დაცვა ხორციელდება დადგენილი წესით სასამართლოს, არბიტრაჟის ან სამედიატორო სასამართლოს მიერ შემდეგი საშუალებებით: ამ უფლების აღიარებით; უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენით და უფლების დამრღვევი მოქმედების აღკვეთით; ვალდებულების ნატურით შესრულების მისჯით; სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტით ან შეცვლით; უფლების დამრღვევი პირისათვის ზარალის გადახდევინებით, ხოლო კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს (ჯარიმის, საურავის) გადახდევინებით, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით), 22-ე (იურიდიული პირი არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, შეუძლია თავისი სახელით მოიპოვოს ქონებრივი უფლებები ან პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობანი, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში არბიტრაჟში ან სამედიატორო სასამართლოში), 41-ე (გარიგება არის მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა მოქმედება, მიმართული სამოქალაქო უფლებათა ან მოვალეობათა წარმოშობის, შეცვლის ან მოსპობისათვის. გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი და ორმხრივი ან მრავალმხრივი (ხელშეკრულებები)), 153-ე (ვალდებულების ძალით ერთი პირი (მოვალე) ვალდებულია შეასრულოს მეორე პირის (კრედიტორის) სასარგებლოდ რაიმე მოქმედება (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაუხადოს ფული და სხვა) ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მისი მოვალეობის შესრულება) 154-ე (ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან ამ კოდექსის მე-4 მუხლში აღნიშნული სხვა საფუძვლით), 156-ე (ხელშეკრულება ითვლება დადებულად, როდესაც მისი ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება იმ ფორმით, რაც დაწესებულია ამ შემთხვევისათვის), და 165-ე (ვალდებულებები უნდა სრულდებოდეს ჯეროვნად და დაწესებულ ვადაზე, კანონის, დაგეგმვის აქტის, თუ ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო როცა ასეთი მოთხოვნები არ არსებობს, ჩვეულებრივი მოთხოვნების შესაბამისად) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.
8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „ვ.ბ.ჯ–ია“ შპს საპაიო კომერციული ბანკი „ა.ქ.ბ–ის’’ სამართალმემკვიდრე, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, სს „გ.ქ.ბ–ის’’ დამფუძნებელია. რეგისტრაციისას „გ.ქ.ბ–ში“ საპაიო-კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ წილი, შევსებული კაპიტალის - 11.84 პროცენტს შეადგენდა.
9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „საქართველოს რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (მიღებულია 1991 წლის 2 აგვისტოს, ძალადაკარგულია 23.02.1196 წ.)1-ლ მუხლზე, რომლის მიხედვით, ბანკი წარმოადგენს კომერციული დაწესებულებას იურიდიული პირის სტატუსით, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოზიდვისა და თავისი სახელით მათი განთავსების მიზნით, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის პირობით. ბანკები იქმნება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ნებისმიერი ფორმით. ამავე კანონის მესამე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კომერციული ბანკების საბანკო სისტემა მოიცავდა კომერციულ ბანკებს, რომელთა საქმიანობას არეგულირებს ეს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, კომერციული ბანკი ფუნქციონირებს მისი დამფუძნებლის საერთო კრებაზე დამტკიცებული წესდების საფუძველზე. კომერციული ბანკის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს: ა) ბანკის დასახელება და ადგილსამყოფელი (საფოსტო მისამართი); ბ) ბანკის მიერ შესასრულებელი სხვა ოპერაციები; გ) ბანკის საწესდებო ფონდის მოცულობა და სხვა ფონდები, მათი შექმნის წესი წყაროს მითითებით; დ) სამართლებრივი მდგომარეობა იმის მითითებით, რომ ბანკი იურიდიულ პირს წარმოადგენს; ე) დებულება ბანკის მმართველობის ორგანოების, მათი შექმნის, ფუნქციონირებისა და სტრუქტურის, საბანკო საქმიანობის კონტროლის შესახებ; ვ) ბანკის საქმიანობის შეწყვეტის წესი.
10. ამავე კანონის 6.1 მუხლით, კომერციული ბანკები იღებენ და განათავსებენ ფულად ანაბრებს, იზიდავენ და გასცემენ კრედიტებს, კლიენტებისა და ბანკ - კორესპონდენტების დავალებით ახორციელებენ ანგარიშსწორებასა და მათ საკასო მომსახურებას. კომერციული ბანკები საბანკო ოპერაციებს ახორციელებდნენ, როგორც ეროვნული ფულადი ერთეულით, ისე უცხოური ვალუტით. ამავე მუხლის მერე პუნქტის მიხედვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელონ ოპერაციები უცხოური ვალუტით მოხმობილი კანონის 14.2 მუხლით, კომერციულ ბანკს რეგისტრაციის მომენტიდან ენიჭება იურიდიული პირის სტატუსი.
11. ამავე კანონის“ 8.1 მუხლის მიხედვით კი, კომერციული ბანკის დამფუძნებლები, აქციონერები (მონაწილეები) შეიძლება იყვნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. სახელმწიფო ხელისუფლების ყველა დონის ორგანო და მათი აღმასრულებელი ქვედანაყოფები, როგოც წესი, არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის დამფუძნებლები. თითოეული მონაწილის წილი არ უნდა აღემატებოდეს საწესდებო კაპიტალის 35% (მუხლი ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით). ამავე კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, მოსახლეობის ანაბრების მიღების უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკს. ბანკები დამოუკიდებლად აწესებენ მოსახლეობისაგან ანაბრების მიღების ოპერაციების პირობებს, ხოლო 32-ე მუხლით, მეანაბრეები შეიძლება იყვნენ რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხოეთის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები.
12. დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 25 მარტის N85 ბრძანებულებით, მიღებული იქნა საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის წინადადება მისი საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნის შესახებ რომელიც ეროვნულმა ბანკმა 1994 წლის 10 აგვისტოს დაარეგისტრირა. ამავე ბრძანებულებით დადგინდა, რომ საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები, საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეები შეიძლება გამხდარიყვნენ ნებაყოფლობით. საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები ნებაყოფლობით, შეიძლება გამხდარიყვნენ საქართველოს სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის შრომითი კოლექტივის წევრებიც, აგრეთვე იურიდიული პირები, რომლებიც ამავე დროს იყვნენ ბანკის კლიენტები.
13. დადგენილია, რომ შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ 1994 წლის 12 ივლისის დამფუძნებელთა კრებას, ბანკის დამფუძნებლები და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, ჯამურად - 376 კაცი ესწრებოდა, ხმების საერთო რაოდენობამ - 734846 შეადგინა. დამტკიცდა შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ წესდება (იხ. შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ დამფუძნებელთა საერთო კრების 1994 წლის 12 ივლისის დადგენილება), რომლის მიხედვით, დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, მათ შორის აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროები; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეები; ბანკის თანამშრომლები; იურიდიული პირები.
დადგინდა, რომ ბანკი საპაიო შენატანების ხარჯზე იქმნებოდა და საწესდებო კაპიტალის ფორმირებაში უპირატესობა იმ მეანაბრეებს ენიჭებოდათ, რომლებსაც ანაბარი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკში 1993 წლის 1 აპრილამდე ჰქონდათ გახსნილი.
საქმიანობის მიზანს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ფულადი სახსრების მოზიდვა წარმოადგენდა, მათი განთავსება დაბრუნებადობის, ფასიანობის და ვადიანობის პირობით მეანაბრეების, კლიენტებისა და ბანკის ინტერესების სასარგებლოდ.
საწესდებო კაპიტალი ბანკის დამფუძნებელთა მიერ შემოტანილი სახსრების (პაი) ხარჯზე იქმნებოდა და 700000000000 კუპონს შეადგენდა. საწესდებო კაპიტალის ზრდა დამფუძნებლებთან შეთანხმებით დამატებითი საპაიო შენატანით, ახალი მეპაიეების მოზიდვის საშუალებით, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გავრცელებითა და წლიური მოგებიდან შესაბამისი ანარიცხებით ხდებოდა.
ბანკს შეეძლო საბანკო ოპერაციები ჩაეტარებინა როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზიით.
14. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მამკვიდრებელი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის, თელავის განყოფილების თანამშრომელი იყო. 1994 წლის 26 აპრილს, მამკვიდრებელმა ბანკის მეპაიედ გახდომის სურვილით, განცხადებით მიმართა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკს, 1971 წლის 2 დეკემბერს გაცემული მეანაბრის N6868 წიგნაკი წარადგინა და ანაბრის ნაშთზე არსებული თანხიდან - 11700 კუპონის საქართველოს საპაიო კომერციულ შემნახველი ბანკის საწესდებო ფონდში, მის სახელზე გადარიცხვა ითხოვა.
მამკვიდრებელმა, როგორც შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ დამფუძნებელმა, სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 25 მარტის ბრძანებულების საფუძველზე იკისრა ვალდებულება, გაცხადებული საპაიო წილი - 10000000 კუპონი, საიდანაც შეტანილი იყო 3000000 კუპონი, შეეტანა ბანკის საწესდებო ფონდში 1994 წლის 1 აგვისტომდე. რაც შესაბამის განცხადებასა და ბანკის დაფუძნების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა.
15. დადგენილია, რომ მამკვიდრებელმა საპაიო შენატანი სრულად კუპონებში შეიტანა, კერძოდ, 1995 წლის 12 ივნისის მონაცემებით, მამკვიდრებლის საპაიო თანხა - 10611700 კუპონს შეადგენდა, რომელიც მეპაიის მიერ შეტანილ - 10011700 კუპონსა და სახელმწიფოს მიერ დარიცხულ 600000 კუპონს შეადგენდა, ხმათა რაოდენობით - 18 (საპაიო-კომერციული ბანკი „ა.ქ.ბ–ის’’ N5500025 მოწმობა).
საბოლოოდ, მამკვიდრებლის საპაიო თანხამ - 10742261 კუპონი შეადგინა, საიდანაც - 10011700 კუპონი მეპაიის შეტანილი, ხოლო - 730561 კუპონი, სახელმწიფოს მიერ დარიცხული თანხაა, რაც - 19.43 აშშ დოლარია. მამკვიდრებლის მიერ საკუარ ანაბარზე გარდა კუპონისა, სხვა სახის ვალუტის შეტანის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარდგენილა.
16. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1993 წლის 3 აგვისტოდან ყველა სახის გადახდები, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო, განხორციელებულიყო მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონებში (იხ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 1993 წლის 24 ივლისის N575 დადგენილება). საბანკო დაწესებულებებს დაევალათ 1993 წლის 3 აგვისტოდან იურიდიულ და ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული ნაშთები გადაეყვანათ მანეთიდან ეროვნული ბანკის კუპონზე, შეფარდებით 1:1, ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობის მიუხედავად. ამავე წესით უნდა გადასულიყო დავალიანებათა ნაშთები, ბანკის აქტივები და პასივები. ამავე დადგენილებით აიკრძალა უცხოური ვალუტით, მათ შორის რუსული მანეთებით ვაჭრობა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე და ამგვარი ქმედება გაუთანაბრდა მოქმედი კანონმდებლობით სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
17. 1964 წლის სსკ-ის 132-ე მუხლით, განსაზღვრულია იმ საგნების ნუსხა, რომელთა შეძენა შესაძლებელი იყო სპეციალური ნებართვით, მათ შორის, იყო უცხოური ვალუტა, რომლის შეძენაც შეიძლება მომხდარიყო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
18. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მამკვიდრებელს შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის“ საწესდებო კაპიტალში მის მიერ განხორციელებული შენატანის - 10742261 კუპონის შესაბამისად 18 ხმა ერგებოდა. თუმცა, სადავოა მეპაიისათვის მინიჭებული 18 ხმა, არის თუ არა ამავე ბანკის საწესდებო კაპიტალის 18 %-ის ექვივალენტი.
19. დადგენილია, რომ შპს საპაიო კომერციული ბანკის „ა.ქ.ბ–ის’’ 1994 წლის 12 ივლისის დამფუძნებელთა კრებას, ბანკის დამფუძნებლები და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, ჯამურად - 376 კაცი ესწრებოდა, ხმების საერთო რაოდენობამ - 734846 შეადგინა და ეს თანაფარდობა ერთი ხმის, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტლის 1%-თან გათანაბრებას გამორიცხავდა.
ამდენად საკსაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მივიღებდით მოცემულობას, რომ კრებას ესწრებოდა აქციონერთა 734646%, რაც როგორც არითმეტიკულად (1 მთელი =100%), ისე სამართლებრივად დაუშვებელია, რადგან საწარმოში წილობრივი გადანაწილება შეუძლებელის 100%-ს აღემატებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო, მამკვიდრებლის მიერ შენატანის უცხოურ ვალუტაში განხორციელების დასადასტურებლად, სხვა მეანაბრის საპაიო მოწმობაში მითითებული ხმათა რაოდენობის არსებობის გაზიარების უარყოფის ნაწილშიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დასაბუთებულად მიიჩნევს.
პალატა აღნიშნავს, რომ სხვა პირის საპაიო შენატანის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი მოსარჩელის მიერ ანაბარზე შეტანილი თანხის ვალუტის დადგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა; ამავდროულად მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა მამკვიდრებლის ანაბარზე არსებული ნაშთის კუპონში კონვერტაციის კანონიერება, არამედ, საპაიო მოწმობაში მითითებული, მისი, როგორც მეპაიის, 18 ხმის შესაბამისობა შპს საპაიო კომერციული ბანკი „ა.ქ.ბ–ის“ საწესდებო კაპიტალის 18 პროცენტთან, შესაბამისად, კასატორთა ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
21. ამდენად, მართალია, მოსარჩელეები მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები/შვილები არიან, თუმცა უფლება მემკვიდრეებზე იმ სახით გადადის, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა, შესაბამისად, ვინაიდან მამკვიდრებლის მიერ საწესდებო კაპიტლის 18%-ის ტოლფასი საპაიო შენატანის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად და საკასაციო პალატა მიმოიხილავს კასატორთა მხოლოდ ძირითად პრეტენზიებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
23. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. და ნ. ს–ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა