Facebook Twitter

30 იანვარი, 2025 წელი,

საქმე №ას-30-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები - ლ., ა. და დ.ა–ძეები

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „S.“ (შპს „ს–ი“)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აგვისტოსა და 5 ნოემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აგვისტოსა და იმავე წლის 5 ნოემბრის განჩინებებით, შპს „S.-ის“ წარმომადგენლის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. (პ/ნ ....), ა. (პ/ნ ......) და დ. (პ/ნ ......) ა–ეებს აეკრძალათ მათ თა.საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების:

· თბილისი, ......., საოფისე ფართი N1, სართული 2, 220 კვ.მ (ს/კ-ით # ...........);

· თბილისი, .........., კომერციული ფართი N1, სართული 1, 207.30 კვ.მ (ს/კ-ით # ..........);

· თბილისი, ........, საოფისე ფართი N2, სართული 2, 387,40 კვ.მ (ს/კ-ით ......);

· თბილისი, ........., სართული 2, ბინა N4 (1 ბლოკი) 100 კვ.მ. (ს/კ-ით #.........);

· თბილისი, ........., ნიშნული - 3.00, 258.13 კვ.მ (ს/კ-ით #..........

ასევე შპს „კ–ის“ (ს/ნ.......) 70%-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოწინააღმდეგე მხარეებმა, კერძოდ:

2.1. დ.ა–ძის/არასრულწლოვნის წარმომადგენლის მითითებით, იგი იმ ქონების 1/3 წილის მესაკუთრეა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ უზრუნველყოფის განჩინებით იმსჯელა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ქონების გარკვეული შეფასება არ არსებობდა ამ შეფასების ლეგიტიმურობისა და საბაზრო მონაცემებთან თანხვედრის სხვა მტკიცებულება, ვინაიდან, ქონების შეფასება მკვეთრად დაბალ ფასად არის წარმოდგენილი ვიდრე ის რეალურად შეიძლება ღირდეს. ამასთან, განმცხადებელმა შეცდომაში შეიყვა. სასამართლო თითქოს მოპასუხე აპირებდა ამ ქონების გასხვისებას, ვინაიდან, დ.ა–ძე არასრულწლოვანია და მისი ქონების განკარგვა მხოლოს სასამართლოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

2.2. ლ. და ა. ა–ების მითითებით კი, სასამართლომ ისე მიიღო სადავო განჩინებები, რომ არ შეუფასებია საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა ან მისი ნამდვილობა. მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს ინსტიტუციური არბიტრაჟი და ასევე არ არის მითითება კონკრეტულ არბიტრებზეც, სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია მამკვიდრებლის გარდაცვალების ფაქტის გავლენა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე და არ მიუთითებია კონკრეტულ მტკიცებულებებზე, გარდა აუდიტორული დასკვნისა, რომლის სანდოობაც საეჭვოა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

3.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დავის საგანთან მიმართებით იყო ადეკვატური და თა.ზომიერი. პალატის განმარტებით, საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს არ მიუთითებიათ ისეთი ხასიათის გარემოებაზე, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მართებულად მიიჩნია თუ არა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად.

6. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.1 მუხლით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ა.ზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე.

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განსაზღვროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას; ესე იგი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, უნდა იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.

9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

10. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელსა და დ.ა–ძეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით, გამსესხებელმა მსესხებლისთვის - 4 510.000 ევროს გადაცემის ვალდებულება იკისრა. შეანხმების თანახმად, დავა განსახილველად და გადასაწყვეტად გადაეცემოდა კვიპროსის საერთაშორისო არბიტრაჟს კვიპროსის კანონმდებლობის შესაბამისად. თანხა მსესხებელს 2018 წლის 31 იანვარს ჩაერიცხა (იხ. 07/12/2017, 18/12/2017 და 26/01/2018 საბანკო გადარიცხვები), რომელიც წლიური 0,8%-ით სრულად 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა დაფარულიყო.

10.1. განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის მეორე სესხის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა დ.ა–ძისთვის გადაეცა - 491 800 ევრო, 607,40 კვ.მ უძრავი ქონების შეძენის მიზნით, მდებარე: თბილისი, ........, მეორე სართული, საკადასტრო კოდის ნომერი .......... და .........

ხელშეკრულების 7.6 მუხლის მიხედვით სადავო საკითხების განხილვა კვიპროსის რესპუბლიკის არბიტრაჟის მიერ საერთაშორისო სავაჭრო არბიტრაჟის შესახებ 1987 წლის კანონის მიხედვით (კანონი #101/87) ინგლისურ ენაზე ჩატარდებოდა. თანხა მსესხებელს 27/02/2018 წლის 27 თებერვალს ჩაერიცხა (იხ. 27/02/2018 საბანკო გადარიცხვა). რომელიც წლიური 5%-ით სრულად 2023 წლის 28 თებერვლამდე უნდა დაფარულიყო.

10.2. დ.ა–ძემ/მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რამდენიმე შეხსენებისა და გადახდის მოთხოვნის მიუხედავად უგულებელყო.

11. მსესხებელი 2021 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა.

12. 2022 წლის 9 აგვისტოს ლ., ა. და დ.ა–ძეების სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და მათ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, გარდაცვლილის სამკვიდრო სრულად მიიღეს.

13. უდავოა, რომ კრედიტორმა/შპს „S.“/შპს „ს–-მა“ საბიტრაჟო სარჩელი აღძრა კვიპროსის რესპუბლიკის საერთაშორისო არბიტრაჟში საარბიტრაჟო მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით და საარბიტრაჟო მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული აკრძალვა უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამავდროულად, გამოყენებული ღონისძიება თავისი სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით (გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა) შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხეთა ინტერესებს და პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ადეკვატური ღონისძიებაა გამოყენებული, რომლის მეშვეობით არ არის დარღვეული მხარეთა უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი.

15. საჩივრის ავტორის დ.ა–ძის/არასრულწლოვნის წარმომადგენლის მტკიცებით, იგი იმ ქონების 1/3 წილის მესაკუთრეა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ უზრუნველყოფის განჩინებებით იმსჯელა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ქონების გარკვეული შეფასება არ არსებობდა ამ შეფასების ლეგიტიმურობისა და საბაზრო მონაცემებთან თანხვედრის სხვა მტკიცებულება; ვინაიდან, ქონების შეფასება მკვეთრად დაბალ ფასად არის წარმოდგენილი ვიდრე ის რეალურად შეიძლება ღირდეს.

ამასთან, განმცხადებელმა შეცდომაში შეიყვა. სასამართლო თითქოს მოპასუხე აპირებდა ამ ქონების გასხვისებას. დ.ა–ძე არასრულწლოვანია და მისი ქონების განკარგვა მხოლოს სასამართლოს თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომენტისთვის არ არსებობდა.

15.1. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის მითითებულ პრეტენზიას უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 183.2 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ამდენად, დაწესებული სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის ინტერესებს ემსახურება და მისი მიზანია დაცული იქნას ბავშვის საკუთრება არაკეთილსინდისიერი მშობლების, თუ სხვა კანონისმიერი წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ არასრულწლოვნის ქონებრივ ინტერესს საფრთხე არ ემუქრება და ამასთან გათვალისწინებულია მისი საუკეთესო ინტერესი, ანუ ფაქტობრივ გარემოებებსა და ბავშვის უფლებას შორის დაცულია სამართლიანი ბალანსი, შესაძლებელია არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე სასამართლო თანხმობის მიცემაც. აქედან გამომდინარე თვალნათელია, რომ ზემოაღნიშნული თანხმობის გაცემა შესაძლებელია და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე არასრულწლოვნის სახელზე რიცხული ქონების გასხვისების შედეგად ამ სუბიექტის მიმართ აღძრული მოთხოვნა შესაძლოა ვერც კი აღსრულდეს.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს არც ლ. და ა. ა–ების პრეტენზიას, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა, ასევე არ გამოკვლეულა მამკვიდრებლის გარდაცვალების ფაქტის გავლენა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე და სათა.დოდ არ განხილულა წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა აუდიტორული დასკვნისა, რომლის სანდოობაც საეჭვოა.

16.1. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორების ყურადღებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე მიაქცევს და განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

16.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის მტკიცების ტვირთი განმცხადებელს ეკისრებოდა, მან აღნიშნულს წარმატებით გაართვა თავი. საქმეში წარდგენილია უდიტორული დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ, საწინააღმდეგოს მტკიცება მოწინააღმდეგე მხარეებს ევალებოდათ, რომლებმაც ვერ შეძლეს დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებით რეალიზება და განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) სათა.დო ხასიათი გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირეს.

16.3. საჩივრის ავტორების პრეტენზია ეხება მამკვიდრებლის გარდაცვალების ფაქტის გავლენასაც საარბიტრაჟო შეთანხმებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თა.ხმად, ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წლის ნოემბერსა და 2018 წლის თებერვალში დადადებული სესხის ხელშეკრულებები არ შეიცავდა დათქმას, მხარის გარდაცვალების ან ლიკვიდაციისას საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმების თაობაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავის წარმოშობის შემთხვევაში, დავას განსახილველად გადასცემდნენ არბიტრაჟს და, რომ ხელშეკრულება დარეგულირდებოდა და დაექვემდებარებოდა საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ განხილვას კვიპროსში, კვიპროსის კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, მათი ეს პრეტენზაც დაუსაბუთებელია.

17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აგვისტოსა და იმავე წლის 5 ნოემბრის განჩინებები და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მათი გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობას, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ., ა. და დ.ა–ძეების საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აგვისტოსა და 2024 წლის 5 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე

გიზო უბილავა