27 მარტი, 2025 წელი,
საქმე №ას-134 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვ. კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - რ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. (ვ.) კ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მოპასუხის მოთხოვნის უარყოფა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ვ. (ვ.) კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე იმავე სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინება და საქმე, პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენის ეტაპიდან განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, სახელდობრ:
1.1. კასატორის მიერ ვრცლად არის წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლებრივი შეფასების უსწორობის თვალსაზრისით. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა წარდგენილი იქნა სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საპატიო მიზეზის გარეშე იქნა დაშვებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რადგან აღნიშნული ცნობის წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც იყო შესაძლებელი (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
4.4. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.
4.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4.6. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, მისამართზე არყოფნის გამო ვერ ჩაჰბარდა.
საბოლოოდ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები საჯარო შეტყობინების გზით ჩაჰბარდა. მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოუმართავს სასამართლოსთვის.
4.7. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ აცნობა სასამართლოს, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
4.8. მოპასუხემ საჩივარი წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
4.9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4.10. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
4.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
4.12. სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული მტკიცებულებების მიხედვით, მიიჩნია, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ ადრესატი/მოპასუხე რუსეთში ცხოვრობდა, რომლის ადგილსამყოფელის დასადგენად ზომები არ მიღებულა, შესაბამისად, საჯარო შეტყობინების გავრცელებამდე სასამართლოს არ ამოუწურავს მოპასუხის მისამართის იდენტიფიცირების შესაძლებლობა.
რაც შეეხებოდა საჯარო შეტყობინებას, იგი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალებაა, რომელსაც სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ ამოწურულია მხარის ინფორმირების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლით გათვალისწინებული ყველა რესურსი, მათ შორის ის ვალდებულებაც, რომ დოკუმენტები მხარეს ეგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ იმავე ან სხვა მისამართზე ორჯერ მაინც.
მოცემულ შემთხვევაში, კი პირველი ინსტანციის სასამართლო საჯარო შეტყობინებას ამ ვალდებულების შესრულების გარეშე მიმართავდა, რაც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ ჩათვალა.
4.13. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სასამართლო უწყების ჩაუბარებლობის ხარვეზი გამეორებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების ეტაპზეც, სადაც კურიერი ამჯერად ღებულობდა ახალ პასუხს, რომ ადრესატი გადასული იყო საცხოვრებლად რუსთავში (შესაძლოა აქ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და უნდა დაეწერა რუსეთი). აღსანიშნავია ისიც, რომ სსკ-ის 73-ე მუხლით დადგენილი წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ადრესატს ორჯერ არ გაეგზავნა და პირველივე უარყოფითი შედეგის მიღებისთანავე სასამართლომ მიიღო განჩინება საჯარო შეტყობინების გავრცელების თაობაზე.
4.14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 241-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, რათა მოპასუხეს განსაზღვროდა პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა.
5. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია თუ რამდენად მართებულად გააუქმა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, კერძოდ, არსებობდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან საქმის განხილვისათვის დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
6. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას.
აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06.03.17 ).
7. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო იმ საფუძვლით, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს საჯარო შეტყობინების გზით ჩაჰბარდა, თუმცა ამ უკანასკნელს შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, სახეზე იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები.
8. სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
10. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233.1 მუხლში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
12. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
13. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა (შდრ. სუსგ №ას-1492-1412-2017, 28.02.2018წ; №ას-975-2019, 05.06.2020წ; №ას-1318-2020, 25.06.2021წ; №ას-1203-2019, 30.07.2021წ; №ას-479-2023, 24.07.2023წ.). როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (Dombo Beheer B.V. v. The Netherlands, №14448/88, 27.10.1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“ (Bellet v. France, №23805/94, 04.12.1995წ., §38). კონვენცია მიზნად ისახავს იმ უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], №36760/06, 17.01.2012წ., §231) (სუსგ №ას-1469-1389-2017, 21.06.2018წ.).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება.
კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (Bartaia v. Georgia, №10978/06, 26.07.2018წ. (საბოლოო გახდა 26.10.2018წ.), §34) (შდრ. სუსგ №ას-28-2021, 12.03.2021წ; №ას-1751-2018, 01.06.2020წ.).
საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA), №30459/13, 17.01.2017წ., სუსგ №ას-1154-2021, 23.02.2022წ., პუნ.28).
15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელის და თანდართული მასალების შინაარსი საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა, კერძოდ, გზავნილი ვებ გვერდზე და სასამართლოს თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა, რომელიც ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა განთავსებიდან მეშვიდე დღეს.
16. ასევე დადასტურებულია, რომ სასაზღვრო პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით, მოპასუხემ საქართველოს ტერიტორია 2012 წლის 1 იანვარს დატოვა და 2024 წლის 28 მაისს დაბრუნდა (იხ. სშს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა), შესაბამისად, ნათელია, რომ უწყების გაგზავნის, კურიერის ვიზიტისა (04.12.2012წ; 07.11.2012წ) და საჯარო შეტყობინების გავრცელების დროისთვის (14.11.2012წ) იგი საქართველოში არ იმყოფებოდა და გზავნილის ჩაბარებას ვერც პირადად და ვერც საჯარო შეტყობინების გაცნობის გზით ვერ შეძლებდა.
17. დადგენილია რომ, მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, იმავდროულად არც სასამართლოსათვის მიუმართავს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
18. დადგენილია, ისიც რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
19. ასევე დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ადრესატს ორჯერ არ გაეგზავნა და გაგზავნიდან პირველივე უარყოფითი შედეგის მიღებისთანავე სასამართლომ მიიღო განჩინება საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, ისე - მისი გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვის პროცესში, სახელმძღვანელო და ერთგვარი ინდიკატორი უნდა ყოფილიყო ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობდა. კერძოდ, უკუგზავნილებში არაორაზროვნადაა აღნიშნული, რომ „მოპასუხე საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა“, შესაბამისად, მოპასუხე გზავნილს ვერც პირადად ვერ ჩაიბარებდა და ვერც საჯარო შეტყობინებას ვერ გაეცნობოდა რაც ამავე სახით მოპასუხე მხარესთან კომუნიცირებას აცლის სამართლებრივ საფუძველს.
21. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით კანონიერად გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინება და საქმე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან განსახილველად, პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო ნორმების დაცვით დაუბრუნდა.
22. კასატორი მტკიცებულების სახით მოპასუხის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის დაშვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებასაც ასაჩივრებდა და უთითებდა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ არსებობდა.
22.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პრეტენზიას უარყოფს და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. სსკ-ის 380.2 მუხლი), თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შდრ. სუსგ. საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; Nას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).
22.2. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახალი ფაქტების/მტკიცებულებების საქმეზე დაშვება შეფასების გონივრულ სტანდარტზეა დამოკიდებული და სასამართლო ამ საკითხს წყვეტს იმ გარემოების გამორიცხვით, რომ მხარეს ჰქონდა თუ არა მათი ქვემდგომ სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივი შესაძლებლობა. თავის მხრივ, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა ის კრიტერიუმები, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საპროცესოსამართლებრივი ურთიერთობისათვის საპატიო მიზეზად. ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
22.3. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოება, რომელიც მის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთას/დატოვებას ადასტურებდა, საქმეში დაცული მტკიცებულებების მიხედვით პირველ ინსტანციაშივე იყო ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ პასპორტის ასლს, რომელშიც კასატორის მიერ შედავებული მტკიცებულების იდენტური ხასიათის ინფორმაციაა გადმოცემული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შინაარსობრივი დატვირთვის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული მტკიცებულება ახალი გარემოების შემცველ დოკუმენტად ვერ განიხილება და მითუმეტეს დასახელებული დოკუმენტის დაშვება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო წინაპირობებს ვერ წარმოქმნის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 380-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განიკარგა მართლზომიერად.
23. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლითაც, ამასთან ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვ. კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა