Facebook Twitter

3 აპრილი, 2025 წელი,

საქმე №ას-302-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა.ნ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ყ–ია, გ.გ–ნი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი - 527კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5, წინამდებარე განჩინებაში შემდეგში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) გ.გ–ნისა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე ან პირველი მესაკუთრე) და ე.ყ–იას (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მეორე მესაკუთრე) სახელზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უძრავი ნივთი ა.ნ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, მფლობელი ან კასატორი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადაეცა.

3. სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება აღსრულებულია.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360.1 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მოპასუხის მიერ სადავო ქონებასთან მიმართებით განხორციელებულ თვითნებობის ფაქტზე შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 სამმართველოში 2022 წლის 15 ნოემბერს გამოძიება დაიწყო, რაზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

5. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კვლავ მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაშია.

6. უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით მფლობელის წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო ქონება მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადაეცა. ამავე გადაწყვეტილებით მესაკუთრეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მფლობელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 170-172-ე, 183.1 და 312-ე მუხლებიდან გამომდინარე მესაკუთრეთა სარჩელის წარმატებას განაპირობებდა.

10. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

10.1. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შინაარსი, მხოლოდ საცხოვრისზე სამართლებრივი უფლების ფორმალურად აღიარებით კი არ შემოიფარგლება, არამედ, სამართლებრივ ვალდებულებასაც გულისხმობს - მფლობელობის სტატუსის მიუხედავად დაცვის რელევანტური მექანიზმების გარეშე გამოსახლება აკრძალოს. მნიშვნელოვანია, რომ, გამოსახლების პროცედურები, ადამიანის ღირსების დაცვის პრინციპს შეესაბამებოდეს. ხსენებული პრინციპი გულისხმობს, გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას. ასეთი პირების სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუველყოფას ღირსების პრინციპი პრიორიტეტულად მიიჩნევს და მათი უსახლკარობის პრევენციის ელემენტსაც მოიცავს.

10.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მიუხედავად საქმეზე მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია, რამაც მხარის ინტერესების უგულებელყოფა და აშკარა დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რათა მხარეს შესაძლებლობა მიეცეს, ზემდგომი ინსტანციის მეშვეობით სასამართლო პროცესებში სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში თავისი დარღვეული უფლებები აღიდგინოს.

10.3. საკასაციო საჩივრით მოპასუხემ საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ იშუამდგომლა, რაც დავის მორიგებით დასრულებისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით დაასაბუთა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა). მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე,

ბ). მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და

გ). მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოსარჩელეები სადავო ქონების მესაკუთრეები არიან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

უძრავ ქონებაზე მოპასუხის მფლობელობის არსებობას ეს უკანასკნელი არ უარყოფს და გასაჩივრებული განჩინებითაც დამტკიცებულადაა ცნობილი, რის გამოც საკასაციო პალატისთვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

17. რაც შეეხება მფლობელის პრეტენზიებს, გასაჩივრებულ განჩინებაში მათ უარსაყოფად წარმოდგენილი არგუმენტაცია სრულადაა გასაზიარებელი, კერძოდ:

17.1. მართალია, საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გზით (რომელიც აღსრულებულია) იმავე მხარეებს შორის იგივე სადავო ქონება ერთხელ უკვე გამოთხოვილ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, ხოლო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია, რაც, ერთი შეხედვით, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) ამოქმედების წინაპირობებს ქმნის, თუმცა, მოცემული საკითხის შეფასებისას, შემდეგი გარემოებაა საყურადღებო:

სარჩელში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2022 წლის 15 სექტემბერს აღსრულების პოლიციის მიერ იძულებითი გამოსახლება დაინიშნა, რის შედეგადაც მოპასუხე გამოსახლებულ იქნა მოსარჩელეთა საკუთრებიდან და შესაბამისი სააღსრულებო ოქმი შედგა, ხოლო 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე შეიჭრა მოსარჩელეთა საკუთრებაში, გამყარებულია საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებით, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მიერ სადავო ქონებაში განხორციელებულ თვითნებობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 სამმართველოში 2022 წლის 15 ნოემბერს გამოძიება დაიწყო, რაზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ თავად მოპასუხის მოქმედების შედეგად ახალი ფაქტობრივი საფუძველი შეიქმნა, კერძოდ, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უძრავ ქონებას მოპასუხე კვლავ დაეუფლა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ წინამდებარე დავაზე სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ იკვეთებოდა.

17.2. იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი კანონით დადგენილი წესით მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და აღნიშნული დოკუმენტი ან საჯარო რეესტრის ჩანაწერი ძალადაკარგული ან გაუქმებული არ ყოფილა, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მის კანონიერებაზე იმსჯელოს.

17.3. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება მფლობელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი. აღნიშნული ვერ მიიჩნევა ისეთ შედავებად, რაც სადავო ქონებაზე კასატორის მფლობელობას გაამართლებდა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება).

აღნიშნული საკითხის სხვაგვარად შეფასება წინააღმდეგობაში მოვიდოდა „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის.

გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთებოდა მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სადავო ბინის მესაკუთრე მოსარჩელეები არიან და მოპასუხე უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ეს გარემოება მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელისგან გამოთხოვა მოითხოვოს.

17.4. თანხის გადახდის კუთხით მფლობელის მზაობაზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ, მითითებული საკითხის განხილვა მორიგების ჭრილშია შესაძლებელი, თუმცა, აღნიშნული, მხარეთა დისპოზიციური უფლებაა, რაც პროცესის ყველა ეტაპზეა დასაშვები. უფრო მეტიც, მხარეთა მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც შესაძლებელია. ამასთან, მორიგება, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას გულისხმობს, რის გამოც, სასამართლო, მოკლებულია შესაძლებლობას, მხარეებს მორიგება აიძულოს.

17.5. მხარეთა თხოვნის პირობებში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა, კერძოდ, სსსკ-ის 268.1 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა კანონშესაბამისად. გარდა ამისა, მითითებული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაქცია საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: იგივე უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ ერთხელ უკვე იყო მიღებული და აღსრულებული სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მესაკუთრის საკუთრების უფლებით სარგებლობის უფლების უფრო მეტი დროით დაყოვნება საკუთრების ინსტიტუტის ბუნებას შელახავდა და იმ არგუმენტით ვერ გამართლდებოდა, რომ, მოპასუხეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დავის გაგრძელება სურდა.

18. საკასაციო სამართლო კასატორს განუმარტავს, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

სსსკ-ის 408.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

კანონის ზემომითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408.3 მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქმე №2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.; საქმე #ას-133-2023, 28.04.2023წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ას-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეზე „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII)).

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა