Facebook Twitter

12 დეკემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-554 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - შპს „კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ი–ი“ (მოსარჩელე)

II კასატორი - შპს „ე.ი–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „კ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, 1-ლი აპელანტი, 1-ლი კასატორი, შემკვეთი ან მსესხებელი) და შპს „ე.ი–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე II აპელანტი, II კასატორი, მენარდე ან მსესხებელი) საკასაციო პრეტენზიებით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 70 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (პუნქტი 3); მიუღებელი შემოსავლის სახით - 1 318,869 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა; მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ - 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სახელდობრ:

1.1. პირველი და მეორე კასატორის მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და დაუსაბუთებელი სამართლებრივი დასკვნების თვალსაზრისით (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივრები).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისისა და 19 ივლისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2015 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის ბათუმში, ......... დაწყებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის გაგრძელების თაობაზე, ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა. რომელიც შემკვეთის სახელით ზ.ც–ძის, ხოლო მენარდის სახელით ჰ.ე–ის მიერაა ხელმოწერილი (იხ. მინდობილობა). წარმომადგენლის/დირექტორის უფლებამოსილების ნაკლის/ხარვეზის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.

4.3.1. საამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 25 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო.

4.3.2. მენარდეს, საკუთარი ხარჯებითა და მასალით, უნდა შეესრულებინა შემკვეთის დავალება - ბათუმში, ......... მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობა, კერძოდ, გაეგრძელებინა საამშენებლო სამუშაოები შემკვეთის მიერ წარმოდგენილი და ბათუმის მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, ექსპლუატაციაში სახლის გასაშვებად მზა მდგომარეობამდე (იხ. შეთანხმების 1.1-1.3 მუხლები).

4.3.3. შემკვეთმა იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ, შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმებით, მენარდეს წინასწარ საკუთრებაში გადასცემდა ბათუმში, ....... ქუჩა 33-ში მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების 60%-ს (იხ. შეთანხმების 1.4. მუხლი).

4.3.4. თავის მხრივ მენარდემ იკისრა ვალდებულება შემკვეთს, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, მშენებლობის განახლებიდან სამი თვის ვადით, მიზნობრივად სესხის სახით გადასცემოდა - 70000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, შემდეგი ვალდებულებების მოსაგვარებლად: დამკვეთს არა უგვიანეს 15 კალენდარულ დღეში უნდა უზრუნველეყო ბათუმში ....... 33-ში მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი კომპლექსის ს/კ-ით #......., 60%-ზე რიცხული ყადაღების მოხსნა და გამოთავისუფლება (იხ. შეთანხმების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

4.3.5. მენარდემ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მიღების მომენტიდან (რომელიც მოპასუხეს უნდა მიეღო) სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ ვალდებულება იკისრა (იხ. შეთანხმების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

4.4. 2015 წლის 18 ივნისის „ნარდობის ხელშეკრულება“, რეალურად შერეული (სესხისა და ნარდობის) გარიგებაა, რომლითაც ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებთან ერთად (რომელთა შეუსრულებლობა მხარეთა შორის არ არის სადავო), მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის კონტრაჰენტებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესი დადგინდა.

4.5. მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით - 70 000 აშშ დოლარი სარგებლის (პროცენტის) გარეშე გადასცა (იხ. 2015 წლის 18 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი), შესაბამისად, გამსესხებელი უპროცენტოდ გაცემული სესხიდან ვერც სარგებელს ვერ მიიღებდა.

4.6. მშენებლობის განუახლებლობის გამო (მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების 60% დამკვეთს, საამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, მენარდისთვის არ გადაუცია), ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა (მშენებლობა არ დაწყებულა), შესაბამისად, არც სესხის დაბრუნების ვადა არ განსაზღვრულა.

4.7. შეთანხმების გაფორმებიდან სარჩელის აღძვრამდე/2017 წლის 6 თებერვლამდე, დაახლოებით 1 წელი და 8 თვე გავიდა.

4.8. მოპასუხეს მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, სადავო თანხა არ დაუბრუნებია.

5. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული შერეული ტიპის ხელშეკრულება (სსკ-ის 430-ე მუხლი) ერთის მხრივ მოიცავდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის გაგრძელებისა (629-ე 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. 3. ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) და მეორეს მხრივ თანხის გადაცემის ნაწილში - სესხზე შეთანხმების (სსკ-ის 623-ე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სსკ-ის 626-ე მუხლის დანაწესით თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. 2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე) პირობებს;

6. სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება.

ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

7. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ). სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ).

8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ/გამსესხებელმა მსესხებელს/მოპასუხეს ხელშეკრულების საგანი - 70 000 აშშ დოლარი სარგებლის (პროცენტის) გარეშე გადასცა (იხ. 2015 წლის 18 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მითითება - თანხის გასესხების შემთხვევაში აუდიტის დასკვნით დადგენილი სარგებლის მიღების შესახებ, უსაფუძვლო იყო და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში მართებულად იქნა უარყოფილი.

8.1. ასევე დადგენილია სესხი მშენებლობის განახლებიდან სამი თვით გაიცა. მოპასუხემ კი, დაარღვია შეთანხმებული პირობა (უძრავი ქონების გადაცემის შესახებ) და არერთი მოთხოვნის მიუხედავად თანხა არ დააბრუნა, ამდენად, სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

9. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 411-ე მუხლის დანაწესს, რომლითაც: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინსწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს/მენარდეს ნარდობის საგანზე სამუშაოები არ შეუსრულებია/მშენებლობა არ განუახლებია, რაც კასატორის სასარგებლოდ - 1 318 869 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლო ხასიათს ცალსახად ადასტურებს.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, აქედან გამომდინარე პალატა მიმოიხილავს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

12. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 000 ლარის (საგადახდო დავალება #145, გადახდის თარიღი 08.05.2024წ) და 4 000 ლარის (საგადახდო დავალება #552, გადახდის თარიღი 08.07.2024წ), ჯამურად 8 000 ლარის, 70% - 5 600 ლარი; II კასატორს უნდა დაუბრუნდეს ლ. ქ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #21823882340, გადახდის თარიღი 13.05.2024წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „კ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 000 ლარის (საგადახდო დავალება #145, გადახდის თარიღი 08.05.2024წ) და 4 000 ლარის (საგადახდო დავალება #552, გადახდის თარიღი 08.07.2024წ), ჯამურად 8 000 ლარის, 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. შპს „ე.ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. შპს „ე.ი–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს ლ.ქ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #21823882340, გადახდის თარიღი 13.05.2024წ), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა