Facebook Twitter

19 დეკემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-1470 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.გ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - მ.ხ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.გ–ვა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან სააგენტო) წინააღმდეგ საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, მოსარჩელის მამა ოჯახთან ერთად 1960 წლიდან კეთილსინდისიერად ფლობდა სადავო ქონებას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ეს უფლება მან მემკვიდრეობით მიიღო. კასატორის მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების თვალსაზრისით, მთლიანობაში კასატორი ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო (დეტალურად იხ საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. თბილისში, ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება ან უძრავი ქონება) მდებარე უძრავი ქონება 1950 წლიდან ა.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის ცნობა-დახასიათება).

4.3.1. უძრავი ქონების მესაკუთრე - 1980 წლის 27 ივნისს, რუსეთის ფედერაციაში, ნოვოალექსანდროვსკის რაიონში - ქალაქი ნოვოალექსანდროვსკში გარდაიცვალა.

4.3.2. ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის (იხ. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის ინფორმაცია ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრიდან).

4.3.3. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ ცნობა მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდგომ გაიცემოდა, ვინაიდან, უძრავი ქონების მესაკუთრის გარდაცვალების მოწმობა არ წარდგენილა, ნოტარიუსთა პალატა არ იყო უფლებამოსილი ანდერძის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ინფორმაცია გაეცა.

4.3.4. მოსარჩელის 2021 წლის 17 მარტის მოთხოვნაზე, სტავროპოლის სანოტარო პალატის ნოვოალექსანდროვსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუსის 2021 წლის 30 მარტის პასუხიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ ნოტარიუსს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით კონფიდენციალური ინფორმაციას მიკუთვნებული ინფორმაციის გადაცემა სთხოვა. ამავე პასუხით მოსარჩელეს განემარტა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებზე გაიცემოდა რომლის სახელით/დავალებით განხორციელდა ეს ქმედება, ასევე სასამართლოს, ან სასამართლოს მოხელე-აღმასრულებელთა მოთხოვნით.

4.3.5. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ფაქტის კონსტატაციის შესახებ 2022 წლის 19 აპრილის ოქმის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრის ვებგვერდზე www.notary.ru სამკვიდრო საქმეების მონაცემთა ბაზაში ძიებისთვის შეყვანილი მონაცემებით - მამკვიდრებლის გვარი, სახელი, მამის სახელი, ინფორმაცია არ იძებნება.

4.3.6. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ....... ქუჩა ყოფილი ........ ქუჩაა (იხ. ,,ქალაქცნობის“ 2008 წლის 28 თებერვლის #38 ცბობა).

4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით უ.ჯ–ი ცოლ-შვილით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მამა ან მოსარგებლე) მითითებულ მისამართზე 1968 წლის 29 ოქტომბრიდან (იხ. საბინაო წიგნის ასლი), ხოლო მოსარჩელე 1974 წლიდანაა რეგისტრირებული.

4.5. ბუნებრივი გაზით მოქალაქეთა პირად საკუთრებაში მყოფი სახლების გაზმომსახურების ხელშეკრულების თანახმად, 1977 წლის 22 თებერვალს სადავო მისამართზე გაზმომსახურების შეთანხმება მოსარჩელის მამასთან გაფორმდა, ხოლო 1985 წლის 28 დეკემბერს სადავო უძრავ ქონებას საკვამურისა და სავენტილაციო არხების ტექნიკური დათვალიერება-შემოწმება ჩაუტარდა, სადაც სახლის მფლობელად ასევე მოსარჩელის მამა მიეთითა.

4.6. 1996 წლის მონაცემებით #1533335 სააბონენტო ბარათზე სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებულია ჯ. უ.შ, ხოლო 25.03.2008 წლამდე ჯ. უ.შ. 1996 წლამდე ინფორმაცია ხანდაზმულობის გამო არ იძებნება.

4.7. 1991 წელს სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემისას შევსებულ განცხადება-ანკეტაში მოსარჩელის მისამართად სადავო უძრავის ქონების ადგილსამყოფელია მითითებული (იხ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 10 ოქტომბრის ცნობა).

4.8. მოსარჩელე მუდმივ საცხოვრებლად დედასთან ერთად რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.

1994 წლის 1 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ.გ–თან, მეუღლეებმა რუსეთის ფედერაციაში იქორწინეს.

ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ მოსარჩელემ საკუთარ გვარად მეუღლის გვარი - „გ.“ აირჩია, შედეგად, მისი სახელია (სახელი და გვარი) - მ.გ–ვა.

მოსარჩელე მამის გარდაცვალებისას საქართველოში არ იმყოფებოდა.

4.9. მოსარჩელის მამა 2000 წლის 15 ივლის გარდაიცვალა.

4.10. მოსარჩელის მამას ჰყავდა კიდევ ორი შვილი - თ. და ი. ჯ–ები.

4.11. მოსარგებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მისმა შვილმა ი. ჯ–მა მიიღო.

4.11.1. მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით ორ თვეში, 2000 წლის 23 აგვისტოს, სადავო საცხოვრებელი სადგომი შინაურული ხელწერილის საფუძველზე, მოსარგებლის შვილისგან/ი. ჯ–სგან მესამე პირმა შეიძინა. ხელწერილში აღნიშნულია - „2000 წლის 23 აგვისტოს შევიძინე საცხ. სახლი ქ. თბილისში, ........ რს ფსრ-ს მოქალაქე ი. ჯ–საგან. სახლი არ არის დაკანონებული. ის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩამოვიდა ქ. თბილისში. სახლი შევიძინე 3000 აშშ.დ. მას ამ წუთებში ხელზე არ აქვს ის საჭირო საბუთები, რომელიც საჭიროა - მაგრამ აქვს თავის საცხ. ადგილზე რომელსაც 1 წლის შემდეგ ჩამოიტანს. ამიტომ ი. ჯ–ს გადავეცი 500 აშშდ, ხოლო როცა ჩამოვა 1 წლის შემდეგ ჩამომიტანს საბუთებს - თანხას გადავცემ მთლიანად“. ხელწერილს ხელს აწერს მ.ხ–ძე, ი. ჯ. და მოწმეები (იხ. ხელწერილი).

4.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით, სადავო სადგომში მესამე პირია რეგისტრირებული, სს „თ–ის“ ბრუნვის ისტორიის მიხედვითაც, აბონენტად მესამე პირი ფიქსირდება.

4.13. მოსარჩელემ ნოტარიუსს სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადაში მიღების, ფლობის ან მართვის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარუდგინა, შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ 2019 წლის 11 იანვრის N190027416 დადგენილებით, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ეთქვა უარი.

4.13.1. ი.დიული ფაქტის დადგენის შესახებ N2/2249-19 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, 2019 წლის 6 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელე მოსარგებლის შვილი და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა, რომელმაც გარდაცვლილი მამის სამკვიდრო სრულად მიიღო.

5. საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 (თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი); ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება) მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.

6. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

1.მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე;

2.მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული;

3.არც კანონით და არც ანდერძით მემეკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ.

7. სპეციალური კანონის 1-ლი მუხლის თანახმად კი, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

8. ამავე კანონის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში ,,მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსახილველი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი „რეგისტრაცია“ განიმარტება, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში.

დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე - მათ უფლებამონაცვლეებზე.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი ადგენს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

მოცემული კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობები ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არა მარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ - სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი.

სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობები დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად.

თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები - უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლის სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა განიკარგოს ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ისინი სამართლებრივად სწორად შეაფასა.

11. სსსკ-ის 4.1 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

12. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის ცნობა-დახასიათებით სადავო უძრავი ქონება ა.კ–ის საკუთრებაა; მოსარჩელე სპეციალური კანონის მიზნებიდან გამომდინარე სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის (მამკვიდრებლის) კანონისმიერი მემკვიდრეა; უძრავი ქონების მესაკუთრე გარდაცვლილია; სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე ჩანაწერი არ არის რეგისტრირებული, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა მაინც წარუმატებელია შემდეგი დასაბუთებიდან გამომდინარე:

12.1. დადაგენილია, რომ მოსარგებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მისმა შვილმა - ი. ჯ–მა მიიღო.

მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით ორ თვეში, 2000 წლის 23 აგვისტოს, სადავო საცხოვრებელი სადგომი შინაურული ხელწერილის საფუძველზე, მოსარგებლის შვილისგან/ი. ჯ.სგან მესამე პირმა შეიძინა (იხ. ხელშერილი).

ასევე დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომში მესამე პირი/შემძენია რეგისტრირებული, სს „თ–ის“ ბრუნვის ისტორიის მიხედვითაც, აბონენტადაც მესამე პირი ფიქსირდება.

ამდენად, მოსარგებლის შვილმა/ი. ჯ–მა ფაქტობრივი ფლობით მიღებულ სამკვიდრო ქონებაში შემავალი სადავო საცხოვრებელ სადგომზე მოთხოვნის უფლება მესამე პირს დაუთმო, შესაბამისად, ეს უკანასკნელი გახდა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის უფლებამონაცვლეც, რამაც სარჩელის წარმატებულობას საფუძველი გამოაცალა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანოტარო პალატიდან უძრავი ქონების მესაკუთრის სამკვიდრო ქონების შესახებ, სამემკვიდრეო საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 406-ე, 407.1 და 411-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, რომელიც არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, შუამდგომლობა არ გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან და იგი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. 2024 წლის 17 დეკემბერს საკასაციო სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა შუამდგომლობა მტკიცებულებებთან ერთად. სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულება, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.

17. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა