საქმე №ას-227-2025 28 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.რ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დარჩა გ.რ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სააპელაციო საჩივარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის დავალდებულებაზე, სრულად შეესყიდა მოსარჩელის კუთვნილი სადავო მიწის ნაკვეთი და კომპენსაციის საბაზრო ღირებულებად განსაზღვრულიყო 17 260.28 ლარი.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
5. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
6. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
7. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 4%-ის, არანაკლებ 150 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან საკუთარი გადახდისუუნარობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა. ამავდროულად, მხარეს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველზე აპელანტმა ვერ მიუთითა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2024 წლის 11 დეკემბრის გზავნილით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეზე დართული რწმუნებულებით (იხ. ტომი 2, ს.ფ 30-31) და ჩაბარდა ადრესატს 2024 წლის 19 დეკემბერს (იხ. ტომი 2, ს.ფ 134).
9. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
11. უპირველესად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე.
12. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განმარტა, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით, ხოლო კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი არის ვალდებული გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების კანონიერება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის უფლება, კომპენსაციის სანაცვლოდ. მოსარჩელე არ ეთანხმება გადახდილი კომპენსაციის ოდენობას და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელით ითხოვს დამატებით თანხის გადახდას, რა შემთხვევაშიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი (იხ.: სუსგ №ას-909-2023, 15.03.2023წ.). ამასთან, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „მართალია, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა ხდება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-10 მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს უშუალოდ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს. ამდენად, ვინაიდან, მოცემული დავის საგანია საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხი და მისი კანონიერება, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის თანახმად, კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან” (იხ.: სუსგ №ბს-135 (კ-22), 15.04.2022წ.).
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მომჩივანის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ნაწილზე (599 კვ.მ-დან 145 კვ.მ პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთზე). გადაწყვეტილება აღსრულებულია და მესაკუთრეს ჩარიცხული აქვს საკომპენსაციო თანხა.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მოსარჩელისათვის ხარვეზის განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომ წინამდებარე დავის საგანს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების კანონიერება არ წარმოადგენს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, სრულად შეესყიდა ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის გარდა, მოსარჩელის კუთვნილი სადავო მიწის ნაკვეთი და კომპენსაციის საბაზრო ღირებულებად 17 260.28 ლარის განსაზღვრა. შესაბამისად, ზემოხსენებული კანონის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნა სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
14. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა საპატიო გარემოებაზე, რომლის გამოც სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემულ ვადაში ვერანაირი რეაგირება ვერ მოახდინა სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით. ასევე, მხარემ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების რაიმე სხვა წინაპირობაც ვერ დაასახელა.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.რ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა